წავიდა... - კვირის პალიტრა

წავიდა...

"როცა მამა ომიდან დაბრუნდა, შინამდე ვერ მოაღწია, გზაში დაიჭირეს. პირველად კა-გე-ბეში შევხვდით ერთმანეთს. 10 წლის ვიყავი. ოთხ წელიწადს არ მენახა და ბუნდოვნად მახსოვდა... 45 წლისას გარდამეცვალა დედა და მაშინ ვიგრძენი, რომ დავობლდი... ჩემი ცოლი იყო ჩემი სულიერი დასაყრდენი, ისიც რომ წავიდა, დავრჩი მარტო... ახლა შვილებისთვის მე ვარ დასაყრდენი. ვიცოდი, რომ დედაჩემი წავიდოდა, ამას შეგუებული ვიყავი, ახლა ისინიც ეგუებიან, რომ მე წავალ..."

ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში წავიდა... რამდენი როლი, ინტერვიუ, ძარღვიანი სიტყვა, სიყვარულისა და ადამიანობის მაგალითი დაგვიტოვა სახსოვრად... ალბათ, ამიტომ, ნანა ჯორჯაძისა არ იყოს, მართლაც კახი კავსაძის ჭირისუფალი აღმოჩნდა ყველა. დიდი არტისტი 1-ლ მაისს მეუღლეს გვერდით დაკრძალეს.

"ელოდებოდა ბელასთან შეხვედრას და აი, წავიდა..."

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- კახი კავსაძე მაგალითი იყო იმისა, როგორ უნდა ამტკიცო ყოველ წუთში შენი მნიშვნელობა და პროფესიის სიყვარული, რომ საჭირო ხარ. მიშა თუმანიშვილს უთქვამს დიდი ხნის წინ, კახიმ ტყუილად აირჩია პროფესია, არტისტობა კახის საქმე არ არისო. მითხრა, სულ კომპლექსი მქონდა, თუმანიშვილმა რატომ თქვა ჩემზე ასეო. მერე, როდესაც უშუქობის დროს მიშა ქუჩაში იდგა, გავუჩერე და ჩავისვი მანქანაში, სად წაგიყვანო-მეთქი, მაშინ მითხრა, აი, შენნაირი არტისტი რომ მომცა ერთი-ორიო და გავაჩერე მანქანა, ახლა მოგინდათ ჩემნაირი არტისტი-მეთქი?..

რუსთავში გვქონდა "მოხუცი ჯამბაზების" გასტროლი. ბოლოს დიდი ბანკეტი გაიმართა, კახი თამადაა. გუბერნატორი, მერი, ყველა ესწრებოდა, კახიმ კი პირველ სადღეგრძელოდ თქვა, მოდი, ნიკა წულუკიძეს გაუმარჯოსო. არც მეგონა, თუ შემჩნეული ვყავდი. ის ადამიანებს სტატუსით არ ზომავდა, ფასეულობების სხვა საზომი ჰქონდა. ამიტომ კახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი იყო. რამდენი წყენა და გულისტკივილი ჰქონდა გადატანილი, მაგრამ არავისთან იმჩნევდა.

ისე გაწვალდა... ამღვრეული ჰქონდა თვალები. კახის რომ ვუყურებდი, გული მიკვდებოდა, ელოდებოდა ბელასთან შეხვედრას. აი, წავიდა და, ალბათ, შეხვდებიან და ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას...

ერთხელ მომიყვა: სამზარეულოში ვზივარ და ვამბობ, ბელა, ხომ ვიცი, აქა ხარ, რაღაცით გამაგებინე, მიმახვედრეო. ამის თქმა იყო და, მაგიდიდან წამოვიდა, წამოვიდა კოვზი და დავარდა დაბლაო. ვიგრძენი, რომ ბელა კვლავ ჩემთან იყოო. ეგეთი კაცი იყო, დიდი სიყვარული იცოდა...

ნიკუშ, ბიჭო, დამიძახებდა, თუ ხალხში ვიყავით, ბატონო ნიკოლოზ, ასე მომმართავდა ხოლმე, მნიშვნელობას მოგანიჭებდა, ეს მის თაობას ახასიათებდა... ქორწილში ასლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა, ბიჭო, ერთ დღესაც გაიღვიძებ და ეს შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება. ცხვირი ცოტა გრძელი ექნება, ყველა კაცს ეგ ერთი დღე უდგება ცხოვრებაში. აი, იქ უნდა ივაჟკაცო და იმ დღიდან უფრო ორმაგად შეიყვარო შენი ცოლი, აი, ეგ არის სიყვარულიო.

ალენ დელონი რომ ჩამოიყვანეს, ვუთხარი, წამო, კახო, ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთ-მეთქი. სირცხვილიაო. იმას უხაროდეს, რომ კახი კავსაძესთან გადაიღებს ფოტოს, შენ ჩვენი ალენ დელონიც ხარ და მარლონ ბრანდოც-მეთქი. მერე რომ მირეკავდა, მეუბნებოდა, ალენი ვარ, დელონიო...

ბოლოს დაბადების დღეზე ვნახე, როცა 85-ის გახდა, ტორტით მივედი, თვალები აენთო, მოვუყევი, გილოცავენ-მეთქი და თავში ამივარდებაო, გაიხუმრა. მაგარი ვინმე იყო, დიდი კაცი...

"მთელი საქართველო ჭირისუფალია"

ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი:

- მგონი, კახი ჩვეულებრივი არასდროს ყოფილა. ყველაფერში უჩვეულო იყო, კვიმატი და ძალიან ჯამბაზი. რაღაცნაირად ჩაითვალა, რომ კახი კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. არადა, იყო დრამატული პოტენციის მქონე და ძალიან მამაკაცური, კეთილშობილი თვისებების მატარებელი. ამიტომ მაყურებელს უყვარდა არა მარტო როგორც მსახიობი, არამედ - როგორც ადამიანი. ძალიან ახლობელი იყო ბევრისთვის. ამიტომაა, რომ კახის ჭირისუფალი აღმოჩნდა მთელი საქართველო.

ფაქიზი და დახვეწილი მსახიობი იყო. რამდენჯერ შემოუთავაზებია რაღაც ვერსია. მე მითქვამს, არ ვარგა-მეთქი, ან მას არ მოსწონდა ჩემი. ვილაპარაკებდით და მივდიოდით საერთო დასკვნამდე. ფილმი "ნეტავ იქ თეატრი არის?" ძალიან უყვარდა. ბოლოს რომ ვიყავი მის დაბადების დღეზე, მითხრა: იცი, რატომ გამოგვივიდა ეგ ფილმი, იმიტომ, რომ ერთ ჭკუაზე ვიყავითო. ეს არის არაჩვეულებრივი განსაზღვრება, ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი.

ბოლო დაბადების დღეზე ჩემი ფილმის ჯგუფის წევრებმა ძალით გამაგდეს და წავედი. ძალიან გაუხარდა. საერთოდ, ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო, მორიდებული, იმ დღეს კი საოცრად გულუხვი თავისი გრძნობების გამოხატვაში. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მერე კიდევ ერთხელ დამირეკა და მაშინაც უჩვეულო იყო მისგან ამდენი თბილი სიტყვა.

კეთილშობილი იყო ყველაფერში - გრძნობებში, თამაშში... ვერც წარმომედგინა, რომ კახი, რომელიც იყო ენერგიის, სიხალისის, ენაკვიმატობის, ხულიგნობის განსახიერება, ასე ტრაგიკული ბედის ყოფილა. ჯერ საბჭოთა კავშირის სისტემის ხორცსაკეპ მანქანაში მოექცა. როგორც ოკეანეს ირეკლავს მისი ერთი წვეთი, ასე შეიცავდა კახის ცხოვრება საბჭოთა კავშირის იმ 250 მილიონი კაცის ტკივილს, ჩაგვრას, შიშით სავსე ღამეებს, უსამართლობას, დედების სიმტკიცეს და მხნეობას.

დედებმა შეინარჩუნეს ეს ქვეყანა. ბავშვები მათ გამოზარდეს. ყველა ეს სიმწარე გამოიარა კახიმ. მახსოვს, ამბობდა, ერთი ფილა შოკოლადი ჩვენთვის აუჰ, დიდი სიმდიდრე იყოო. შიმშილსა და გაჭირვებაში იყო გაზრდილი, მაგრამ არ გაბოროტებულა. ყველაფერი ეს თავის თავში სიხარულად გარდაქმნა და ამიტომ იყო დიდი სიხარულის მომტანი მისი პიროვნებაც და შემოქმედებაც. ის, რომ მის ცხოვრებაში მამა აქტიურად არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი, დედამისის დამსახურებაა. დედამისმა შეინარჩუნა მამის ხსოვნა ოჯახში. სულ ეუბნებოდა, აბა, მამა რას იტყოდა, როგორ იმეცადინეთ, როგორ დაუკარითო... დაღუპული მამის შვილი მაინც სრულყოფილ ოჯახში ცხოვრობდა...

ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის საგარდერობოში მითხრა: ახლა ბაიკო დვალიშვილი შემხვდა, აკაკი ვასაძეზე ვუყვებოდი და მითხრა, რომ კვდებოდა, თურმე უკითხავს, ნეტავ იქ თეატრი არისო? ეს რომ მითხრა, მივხვდი, ეს იქნებოდა ჩვენი ფილმის სათაურიო.

"კახი პელე იყო ყველაფერში"

მიშა ჭიაურელი, რეჟისორი:

- კახეთში "სიყვარული ყველას უნდას" გადაღებისას ვამჩნევდი, რომ მუდამ რაღაც მცენარეულ წამლებს ეძებდა. "მე ვარ პელეს ნათლიას" გადაღებისას ბრაზილიაში, არგენტინასა და იტალიაში, ყოველდღიურ ჯამაგირს არაფრით ხარჯავდა, თურმე ბელასთვის წამლებს ყიდულობდა. კახი ბელასთვის ცხოვრობდა, მე ასეთი სიყვარული არ მინახავს, მარტო ბელა ახსოვდა...

ხშირად ვსტუმრობდით მიშა მესხს. ნოდარ ახალკაცთან ვმეგობრობდი და "დინამოს" ბაზაში ვთამაშობდი ვეტერანებთან, 1-2 კვირაში ერთხელ კახიც ახერხებდა - კარგად თამაშობდა, ტექნიკური იყო, ფეხბურთის დიდი მცოდნე და მოყვარული. პელე შეფასების კრიტერიუმი იყო ჩვენს თაობაში. თუ კარგ ფილმს ნახავდი, როგორიაო, რომ გკითხავდნენ, უპასუხებდი - პელეაო, ესე იგი, უმაღლესი დონის იყო. კახი ეგრე იყო ყველაფერში - თეატრში, საჭმელში, სასმელში... ერთხელაც თავში მომივიდა, მოდი, გადაგიღებ კინოში, ვითომ პელეს ნათლია ხარ-მეთქი. ლამის მოკვდა სიცილით. გადაღებაზე პელე რომ დაინახა, მომზადებული ჰქონდა ფრაზა, მე ვარ მამაშენის, დონ დიონის მეგობარი და შენი ნათლიაო, მაგრამ თავიდან დაავიწყდა ყველაფერი, მერე კი იცოცხლე....

სიკვდილი ადამიანის ცხოვრების შემაჯამებელიაო. ახლა მთელი მისი ცხოვრება შეჯამდება და გამოჩნდება, რა ცხოვრება აქვს გავლილი, რამდენი ტანჯვა, წვალება და მაინც სულ სხვისი დამხმარე იყო. სასწაული კაცი დავკარგეთ. ისეთი თბილი იყო, ბავშვის გული ჰქონდა.