ჩემი კახი კავსაძე... - კვირის პალიტრა

ჩემი კახი კავსაძე...

დიდი ადამიანების წასვლა ყველას გვაკლდება, ყველა ჩვენგანს ამ ადამიანის ჩვენეული ნაწილი გვიცარიელდება, თუმცა მათი სხივი არასოდეს კვდება. ისინი ხომ დიდები იმიტომაც არიან, რომ უდიდეს სინათლეს ასხივებენ, ერთ სხივს კი აუცილებლად შენთანაც გამოგზავნიან, რათა დროდადრო ცხოვრება გაგინათონ. მეც ასეთი კახი კავსაძე მყავდა, ჩემთვის განკუთვნილი სხივით, რომელმაც ერთ დღეს კინოსტუდიის ეზოში იმ ასაკში შემომანათა, როცა ჯერ კიდევ გვირილების ფურცლებს ვითვლიდი იმის გასარკვევად, არსებობდა თუ არა ნამდვილი სიყვარული, კახიმ კი ის თავისი მაგალითით დამანახა და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც სიყვარული მითი ჰგონია. კახიმ სიყვარულს მიუძღვნა ყველაფერი, იმის დასტურად, რომ ნამდვილი სიყვარული მაშინაც კი არსებობს, როცა საყვარელი ადამიანი შენ გვერდით აღარ არის და ეს იმედით, სითბოთი და სიცოცხლის წყურვილით გვავსებს.

მოკლედ, ერთ დღეს კინოსტუდია "ქართული ფილმის" ეზოში არხეინად ვიდექი. უცებ ეზოში მანქანა შემოვარდა, იქიდან კახი კავსაძე გადმოხტა, მერე ხელში ატატებული ქალი გადმოიყვანა და მასთან ერთად კიბეზე ავარდა. ხომ არ გაიკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ მას თავპირისმტვრევით გავედევნე?! ალბათ, არა, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე მოიქცეოდით, რომ გენახათ, როგორი იყო ქალი, რომელიც კახი კავსაძეს ასე უყვარდა. თუმცა მერე თვითონ გავოცდი საკუთარი სითამამით, რადგან ბატონ კახისთან მივედი და ვთხოვე, თქვენთან ინტერვიუზე ვოცნებობ და როდის მოვიდე-მეთქი. ალბათ, ჩემი სითამამით ცოტა გაოცებულმა, თბილად გამიღიმა, ძვირფასი ტვირთი ერთი ხელიდან მეორეში გადაიყვანა და მომაძახა, ოღონდაც მე და ჩემი ცოლი ფილმის ჩვენებაზე გაგვიშვი და როცა გინდა, მაშინ მობრძანდი, ბატონოო. ალბათ, ხელებსაც გამიშლიდა, როგორც სჩვეოდა, რომ შესძლებოდა, მე კი მეორე დღესვე მივადექი კავსაძეების სახლს, რომელიც სიყვარულით იყო სავსე. იმ დღეს ბევრი ვისაუბრეთ. დროდადრო ვამჩნევდი ბელა მირიანაშვილის თვალებში ჩაბუდებულ სევდას, რომელსაც ოსტატურად მალავდა.

როგორ დაიწყო მათი ამბავი? ამას ორივე სხვადასხვანაირად ჰყვებოდა. მათ ნაამბობზე ხან ცრემლი გერეოდა, ხანაც გულიანად იცინოდი. კახი ამბობდა, მეოთხე კურსზე ვიყავი, ჩემი ცოლის პირველივე დანახვამ მუხლი რომ მომკვეთა, ხელები ამიკანკალა და გული გამიჩერაო. ბელა ამბობდა, კახის სულ ვეუბნები, რომ უნდა დავშორდეთ, ცოლი უნდა მოიყვანოს, რადგან ჩვენ რომ ვცხოვრობთ, სამუდამოდ ასე ცხოვრება არ შეიძლებაო, კახი კი პასუხობდა, ხომ გითხარი, ვინმე შემირჩიე, მე სამაგისოდ არ მცალიაო... მათთან ფოტოს გადაღებისას თითები იმ სკამის საზურგეზე ჩამოვაწყვე, რომელზეც ბელა მირიანაშვილი 23 წლის განმავლობაში იჯდა... ბელა იმ დღიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, კახის კი თითქოს საზრუნავი მოაკლდა, მაგრამ მაინც "ვერ მოიცალა" ვინმეს შესარჩევად და ეს დიდი კაცი დარჩა ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლოდ, რომელიც მუდამ შეგახსენებს: "ნუ გეშინია, ერთგულება და სიყვარული მარადიულია და საიმედო. ის მაშინაც კი არსებობს, როცა შენი საყვარელი ადამიანი ცოცხალი აღარ არის".

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს მთელ საქართველოს დიდი არტისტის გარდაცვალებას და თანაუგრძნობს მის ოჯახს.