"სანამ ორივე მხარე არ ვაღიარებთ შეცდომებს, არაფერი შეიცვლება" - კვირის პალიტრა

"სანამ ორივე მხარე არ ვაღიარებთ შეცდომებს, არაფერი შეიცვლება"

"მარადონა ზამთარ-ზაფხულ წელზევით შიშველი დადიოდა, სულ სანაპიროზე იყო და ამიტომაც მუდმივად გარუჯული. არავინ იცოდა მისი ეროვნება, ყველა თავისიანად თვლიდა"

აფხაზეთის ომს მისი ოჯახის წევრები და ბედნიერი ბავშვობა შეეწირა. გავიდა დრო და საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ ბევრი რამისთვის სხვაგვარად შეეხედა. შორენა ლაშხია ახლა აფხაზების იმედია.

ლამაზი ბავშვობა და ომის "სუნი"

ათი წლის ვიყავი, აფხაზეთი რომ დავტოვეთ, მაგრამ ყველაფერი მახსოვს: სოხუმის ქუჩები, მეზობლები, კლასელები... კომაროვის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი. მახსოვს, სოხუმის კოლორიტები - "მარადონა" და "პელე". მარადონა ზამთარ-ზაფხულ წელზევით შიშველი დადიოდა, სულ სანაპიროზე იყო და ამიტომაც მუდმივად გარუჯული. არავინ იცოდა მისი ეროვნება, ყველა თავისიანად თვლიდა. ახლახან გარდაიცვალა. "პელეს" სულ სამხედრო ფორმა ეცვა, ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშებოდა. სოციალური განსხვავებები არ იგრძნობოდა, ძალიან მეგობრული გარემო იყო. ყველაფერში ქართველ-აფხაზთა უფროს თაობას მიუძღვის დანაშაული. მათ ჩვენ ბავშვობა წაგვართვეს.

ერთხელ, ომამდე, ჩვენი კლასის დამრიგებელმა, რომელიც აფხაზი, გვარად ძიაფშბა იყო, ბავშვებს გვითხრა, ქართველი ბავშვები უნდა დახოცოთ, რადგან ჩვენ მტრები ვართო. პატარები ვიყავით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მაგრამ მივხვდით, რომ რაღაც საშინელება გვითხრა. ერთი კლასელი გვყავდა, მეტრეველი, ძალიან გაბედული ბიჭი, პირველ მერხთან იჯდა, და გაბრაზებულმა მასწავლებელს წყლის გრაფინი გადააფშვნა თავზე. სკოლაში დიდი ამბავი ატყდა. დაიწყო გამოძიება, მაგრამ რომ გაირკვა, რას მოჰყვა მოსწავლის აგრესია, აფხაზი მასწავლებელი ჩვენი სადამრიგებლო კლასიდან მოხსნეს.

ჩვენი სკოლა ქართულ-რუსულენოვანი იყო. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გახდა ქართულენოვანი. ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, ჯარის ნაწილები შემოვიდნენ და სოხუმის ერთი მხარე გადაიკეტა. მამა სახლში მოვიდა, ფეხში იყო დაჭრილი და თქვა, ომი დაიწყოო... ჩვენი ქუჩის მამაკაცები შეიკრიბნენ, ბატალიონი უნდა შეიქმნას, სახლები რომ დავიცვათო. მაინც არ გვჯეროდა, რომ ომი დაიწყებოდა, უფრო სწორად, გაგრძელდებოდა, აფხაზებს მტრებად კი არა, ჩვენიანებად აღვიქვამდით. სექტემბრისთვის ვითარება დაიძაბა. როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობის ტრაგედიებზე ვსაუბრობთ, ის სტუდენტები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც სოხუმში ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ. მათ შორის ბევრს საფლავიც არა აქვს, რადგან სამშვიდობოს გამოსვლას კოდორის ხეობით ცდილობდნენ და საკენის გზაზე დაიღუპნენ.

სოხუმი დაეცა

ბევრჯერ ქართველი აფხაზის გადასარჩენად ყველაფერზე მიდიოდა და არც აფხაზები იხევდნენ უკან. ერთხელ მამაჩემთან მოვიდნენ აფხაზები და სთხოვეს, ჩვენი შვილი ომში დაიღუპა და ცხედრის პოვნაში დაგვეხმარეთო. ომის დროს მამამ ჩვენი აფხაზი მეზობლების ბავშვები მანქანით სამშვიდობოს გაიყვანა - საბარგული ტყვიებით დახვრიტა, რომ ბავშვებს ესუნთქათ, ზედ რაღაცები დააფარა, ვითომ რაღაც გადაჰქონდა და ისე გადაიყვანა.

სანამ სოხუმი დაეცემოდა, ქალაქს უკრაინული გემი მოადგა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა გაეყვანა. ჩვენ სხვებთან ერთად ვცდილობდით ხალხით სავსე გემზე ასვლას, კოკა, ჩემი უმცროსი ძმა მაშინ 2 წლის იყო. ბავშვი აიყვანეს, ჩვენ კი სახლში მოგვიწია დაბრუნებამ. არც მე ამიშვეს, რადგან დიდად ვითვლებოდი. კოკა გემზე სრულიად უცნობ ადამიანებთან აღმოჩნდა და მათ ფოთში წაიყვანეს. კოკას ჯიბეში ფურცელი ედო, სადაც მისი გვარ-სახელი და ასაკი ეწერა. ჩვენი კი სოხუმში ჩავრჩით და ორი თვის განმავლობაში მასზე არაფერი ვიცოდით.

alt

მამაკაცებისგან გვესმოდა, რომ აფხაზებს რუსები ეხმარებოდნენ, აფხაზები კი არა, რუსები გვიტევენო, ამბობდნენ. სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზები ეტაპობრივად შემოდიოდნენ ქალაქის ქუჩებში, ოღონდ ეშინოდათ, ჩასაფრებები არ ყოფილიყო და ავტომატის ჯერს გადაატარებდნენ სახლებზე.

"აფხაზებს ბავშვი ქართველი ეგონათ და დახვრიტეს"

ბიძაჩემი, ძირძველი აფხაზი, წებელდაში, ჩვენს მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა. ნიჭიერი და კეთილშობილი კაცი იყო. ხელში იარაღი არასდროს სჭერია, არც შეეძლო ვინმესთვის ტყვიის სროლა. ეზოში უამრავი ცხოველი ჰყავდა, მათ შორის ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მისი გაზრდილი გერმანული ნაგაზი, ჯულბარსა.

სოხუმის დაცემიდან მალევე აფხაზები სხვა მოხალისეებთან ერთად წებელდაში ავიდნენ, მათივე ენით რომ ვთქვათ, სოფლის "წმენდაზე"... ისინი პირველად ჩვენს ნათესავ ზურას დაუნახავს. არავინ იცის, მხოლოდ აფხაზები იყვნენ თუ ჩრდილოკავკასიელები, კაზაკები ან რუსები. ერთი სიტყვით, ზურამ ხელყუმბარით თავი აიფეთქა და მასთან ერთად რამდენიმე ბოევიკიც დაიღუპა. ამის შემდეგ სოფელში დარჩენილები წებელდის კინოთეატრის შენობაში დახვრიტეს. ქართველებთან ერთად დახოცეს ბერძნები, ესტონელები და სომხები.

alt

მოხალისე მეომრებს ენა არ ესმოდათ, დატყვევებულები როდესაც ეუბნებოდნენ, ქართველები არა ვართო, ეგონათ, იტყუებოდნენ. მოკლედ, კინოთეატრის შენობაში სხვებთან ერთად ბიძაჩემიც იყო, რომელსაც მეზობელი პატარა ბერძენი ბიჭი ჩაუხუტებია და თვალებზე ხელი აუფარებია, ის საშინელება რომ არ ენახა. მათ ბავშვიც ქართველი ეგონათ და დახვრიტეს. ბიძაჩემს არც მისი ერთგული მეგობარი ჯულბარსა მოშორებია, რომელიც თურმე პატრონს გააფთრებული იცავდა. ორივე დახვრიტეს. ის ცნობილი ფოტო წებელდაშია გადაღებული.

"ამ ომმა ჩემთვის ყველა ძვირფასი ადამიანი შეიწირა"

ჩემი უფროსი ძმა, გოჩა, იბრძოდა და მის შესახებ არაფერი ვიცოდით. სოხუმის დაცემიდან მეხუთე დღეს მოგვადგნენ, არც არაფერი უკითხავთ, მამა და ბებია ჭიშკართან დახვრიტეს. მე და დედა სომეხმა მეზობელმა შეგვიფარა. მერე მამას მეგობარმა აფხაზებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სვანეთის გზამდე მიგვაცილეს, სადაც სვანები დაგვხვდნენ ცხენებით.

როდესაც აფხაზეთი დავტოვე, მაშინ მივხვდი, რომ 10 წლის გოგომ მხოლოდ ბავშვობა კი არ დავკარგე, ერთბაშად დიდი გავხდი.

სამშვიდობოს გავედით თუ არა, მაშინვე ფოთისკენ გავეშურეთ. დედამ იცოდა, სად იყვნენ შეფარებული ის დევნილები, ვინც უკრაინულ გემს ფოთამდე გამოჰყვა. იმ ხნის განმავლობაში პატარა კოკას უცხო ადამიანები უვლიდნენ. შემდეგ გავიგეთ, რომ ჩემი უფროსი ძმა, გოჩა, ისე დაიღუპა, რომ საფლავი კი არა, მისი ცხედარიც არავის უნახავს. ამ ომმა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები შეიწირა... კოკას ძალიან პატარა ასაკში უამრავი რამის გადატანამ მოუწია. შემდეგ სულ ამბობდა, უკრაინამ სიცოცხლე მაჩუქა და ჩემთვის მეორე სამშობლოდ იქცაო. ამიტომ წავიდა უკრაინის ომში, იქაურ მოხალისეებს ინსტრუქტაჟს უტარებდა.

ერთხელ მითხრა, ის გემი ვიპოვე, სოხუმიდან ფოთამდე რომ ჩამიყვანა, მაშინვე ვიცანიო. არ მჯერა, ორი წლის ბავშვი როგორ დაიმახსოვრებდი-მეთქი, შეიძლება ჩემი გვარ-სახელი დამვიწყებოდა, ის გემი და მისი სახელი კი არასდროს დამავიწყდებაო.

საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა, მერე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ერაყისა და ავღანეთის მისიები მოიარა. 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა... უკრაინაში წასვლამდე ერთი წლით ადრე დედა სიმსივნით გარდაიცვალა. ჩემი ძმა კი 6 წლის წინ, მარიუპოლის ბრძოლებში დაიღუპა.

შეცდომები და სინანული...

მამას მეგობარს რაულ ერშბას ქართველი მეუღლე ჰყავდა, დალი ხვინგია. ვაჟი ომამდე გარდაეცვალათ. აფხაზეთში არეულობა რომ დაიწყო, რაული ქართველების მხარეს დადგა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან, გურამ გაბესკირიასა და ალექსანდრე ბერულავასთან ერთად დახვრიტეს.

ომიდან 10 წლის შემდეგ მისი მეუღლე მოსკოვში გარდაიცვალა, ქართულმა მხარემ სთხოვა აფხაზებს, შვილის გვერდით დასაფლავების უფლება მიეცათ. დათანხმდნენ, მაგრამ იქაური ნათესავები რუსეთისგან იმდენად იყვნენ შეშინებული, ერშბას მეუღლის ცხედრის სოხუმის სასაფლაომდე გაცილება ვერ გაბედეს. თუმცა შემდეგ ბევრჯერ ინანეს და ბოდიშსაც იხდიდნენ...

ჩემი ნათესავია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. დღემდე გვაქვს ურთიერთობა, მხოლოდ მასთან კი არა, უამრავ იქაურთან, მაგრამ ვფიქრობ, სანამ ორივე მხარე არ ვაღიარებთ შეცდომებს, არაფერი შეიცვლება. მათაც ვეუბნები, რომ უფროსმა თაობამ ბევრი შეცდომა დაუშვა, არც ჩვენს ბავშვობას გაუფრთხილდნენ და არც იმ მეგობრულ ურთიერთობას რომელსაც ენგურის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი მათი შვილები დღემდე ვინარჩუნებთ.

დაბრუნება წარსულში...

ომის შემდეგ საკუთარ სახლში პირველად 10 წლის შემდეგ ჩავედი. იქ სხვა ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ნებისმიერ დროს შემიძლია ჩასვლა, ვცდილობ, ხშირად არ ჩავიდე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გული არ მიმიწევს. ყოველთვის თბილად და სიყვარულით მხვდებიან, ომს არასდროს ახსენებენ. უამრავ აფხაზს დავხმარებივარ ქართული სამედიცინო მომსახურების მიღებაში. თუ რამე დასჭირდებათ, მაშინვე მირეკავენ. ასე იყო "კოვიდამდე" და ახლაც ასეა.

ამას წინათ ინტერნეტით ერთი აფხაზი ქალი დამიკავშირდა, ექიმთან ვიზიტი სჭირდებოდა და გავიგონე, ქმარმა როგორ უთხრა, რას შეაწუხეთ ეგ გოგო, ცხოვრება დაუნგრიეთ, ყველაფერი წაართვით და კიდევ მას აწუხებთო. ადამიანური ურთიერთობა დღემდე გრძელდება, მაგრამ თუ შეცდომებს არ გავიაზრებთ, წინსვლა არ გვექნება. თუ კონსტიტუციაში აფხაზური მეორე სახელმწიფო ენად გვიწერია, შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ.

ამას წინათ მე და ჩემი მეგობარი ჩავედით აფხაზეთში. ჩემს სახლშიც მივედი. ყავა რომ მოგვიდუღეს, მეგობარს ვუთხარი, ბებიაჩემის ნაქონი ჭურჭელია-მეთქი. დიასახლისმა მითხრა, ხშირად ჩამოდიო და, უცებ თავი ვერ შევიკავე, ეს თქვენ ხართ სტუმრად, მე ჩემს სახლში მოვედი-მეთქი. ჩემს მეგობარს ფერი ეცვალა, მაგრამ დიასახლისმა არ გაამწვავა, მართალი ხართო.

ერთხელ მკითხეს, იმ ხალხს როგორ ენდობიო. მე ჩემს ბავშვობას ვენდობი, ჩემს წარსულს, რომელიც იქ დავტოვე. მამა ჩვენს ეზოშია დასაფლავებული. აფხაზმა ახლობლებმა არაერთხელ მკითხეს, არ გინდა მისი ნეშტის გადასვენებაო? არა, ეს ჩემი სახლია, მამის ცხედარს თუ გადმოვასვენებ, ასე მგონია აფხაზეთში დაბრუნების იმედს დავემშვიდობები...