"ღმერთმა დაიფაროს საქართველო იმი­სგან,­ რაც აქ ხდება..." - კვირის პალიტრა

"ღმერთმა დაიფაროს საქართველო იმი­სგან,­ რაც აქ ხდება..."

"ექიმები ტირიან და დაჩოქილები გვეხვეწებიან, აღარავინ მოიყვანოთო"

ნათელა საჯაია 26 წელია, ინდოეთში, დელიში ცხოვრობს, მეუღლე სირაჯ ამანსა და შვილ ომარ ამანთან ერთად. ქალბატონი ნათელა თარჯიმან-ფასილიტატორია და ცნობილ ფორტის ჰოსპიტალში მუშაობს. კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების სტატისტიკით ინდოეთი პირველ ადგილზეა, კრემაცია უკვე ქუჩებში მიმდინარეობს, წუთში ერთი ადამიანი იღუპება, საავადმყოფოებში ადგილი აღარ არის.

- შარშან უფრო ველოდი ასეთ მძიმე ვითარებას, მაგრამ დროულად ჩაკეტეს საზღვრებიც და ქალაქებიც, გააჩერეს ტრანსპორტი. არ შეგვშინებია, რომ დახლებიდან პროდუქტი გაქრებოდა - ინდოეთს კარგი მომარაგება აქვს, აქ წელიწადში სამჯერ იღებენ მოსავალს და არ ვართ იმპორტზე დამოკიდებული. შარშან 15 მარტიდან 106-დღიანი ლოკდაუნი გამოაცხადეს, ცოტა ხნის შედეგ კი სკოლებისა და უნივერსიტეტების გარდა ყველაფერი გახსნეს. ჩემი შვილი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და მარტის ბოლოს ბოლო გამოცდა ჰქონდა. წესებს იცავდა, მაგრამ გამოცდიდან რომ მოვიდა, მეორე დღეს დაეწყო ძლიერი ტკივილი, დაკარგა ყნოსვა და გემო. ძვლებში მამტვრევს, კანი მეწვის, თითოეული კუნთი მტკივაო, მეუბნებოდა. ეჭვიც არ შემპარვია, რომ კორონავირუსი ჰქონდა. სამი კვირა სავალდებულო კარანტინში იყო, ოთახიდანაც კი არ გამოსულა, რის წყალობითაც ჩემი მეუღლე და მული გადარჩნენ. მე ბოლო დრომდე მაინც დავდიოდი სამსახურში, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, ვიდეოზარით დავეხმარო პაციენტებს. ახლა აცხადებენ, რომ უკვე სახლებშიც უნდა გვეკეთოს პირბადე. გარეთ სავალდებულოა ორი, სახლში - ერთი.

- თქვენი აზრით, რამ გამოიწვია სიტუაციის ასე გართულება და რითი განსხვავდება ინდური შტამი სხვა შტამებისგან?

- როგორც გითხარით, რეგულაციებიც და კანონიც გამკაცრდა, მაგრამ აქ დიდ ქალაქებში უზარმაზარი ბაზრებია და შესაბამისად, ხალხმრავლობაც. საერთოდ, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა და ძნელია დაიცვა დისტანცია.

ეს არის ორმაგი მუტაციით გამოწვეული ახალი შტამი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის - ფილტვს ობობას ქსელივით მოეფინება ვირუსი, ჟანგბადის დონე ეცემა, ადამიანები ჰაერის უკმარისობით იხოცებიან. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ეს არის კოვიდი გაორმაგებული და გასამმაგებული მუტაციით.

ღმერთმა დაიფაროს საქართველო იმისგან, რაც აქ ხდება... ტესტების გაკეთებასაც ვეღარ ასწრებენ - სამ დღეშია პასუხი და გვიანდება, ამიტომ როგორც კი სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაშინვე მიდიან საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების მანქანას ინდოეთში მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ მძიმე პაციენტები გადაიყვანოს. მხოლოდ მძღოლი მიდის გამოძახებაზე, ექიმისა და ექთანის გარეშე. იქ მიყვანილებს შენობაში არ უშვებენ, ელოდებიან, როდის გათავისუფლდება ადგილი, რომ ახალი პაციენტი დააწვინონ. ჟანგბადის აპარატებიც აღარ აქვთ. უჰაერობით მარტო ჩვენთან დღეში 20-25 კაცი კვდება. ექიმები ტირიან და დაჩოქილები გვეხვეწებიან, აღარავინ მოიყვანოთო. მე ყოველდღე ვუყურებ ამ კადრებს და ზოგჯერ მგონია, ეს სინამდვილე არ არის.

ჩემი ერთი პაციენტი, 20 წლის ახალგაზრდა კაცი, დიალიზზეა. შვიდი წლის წინ თირკმელი გადაუნერგეს და ერთი კვირის წინ ცოცხალ-მკვდარი ჩამოიყვანეს დელიში. ეს ბიჭი უნდა დამეწვინა საავადმყოფოში, თორემ მოკვდებოდა, მაგრამ ტესტი არ ჰქონდა ჩატარებული და არ იღებდნენ. მის მკურნალ ექიმს ვუთხარი, დაგიჩოქებთ, ოღონდ დაეხმარეთ-მეთქი. გაუკეთეს სწრაფი ტესტი, გადაიყვანეს დიალიზის ცენტრში და სიკვდილს გადავარჩინეთ. ისე ცუდად იყო, ვეღარც ლაპარაკობდა, თვალებით ითხოვდა შველას...

- თქვენ შესახებ მომიყევით - როდის ჩახვედით ინდოეთში და როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები?

- გურიაში დავიბადე, ვსწავლობდი თბილისში, მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში ვიოლინოს სპეციალობით. პირველ კლასში ვიყავი, როდესაც დეიდამ რაღაც ფილმი მაჩვენა რაჯ კაპურის მონაწილეობით. ძალიან მომეწონა და ამის შემდეგ შემიყვარდა ინდოეთი. ინდოელებს ვბაძავდი - ტანზე ზეწარს ვიხვევდი, შუბლს ვიხატავდი, ხელით ვჭამდი... მოსკოვში, ინდოეთის საელჩოსთან არსებულ კულტურულ ცენტრში, ინდურ კლასიკურ ცეკვებს ვსწავლობდი. ძალიან მომწონდა ინდური ინსტრუმენტის, სიტარის ხმა და ხშირად ვუსმენდი, როდესაც მასწავლებელი უკრავდა. შემამჩნია და შემომთავაზა, რომ უფასოდ მასწავლიდა. ერთხელ ვუთხარი, ნეტავ, ისე არ მოვკვდე, ინდოეთის მიწაზე არ დავდგა ფეხი-მეთქი. ყველაფერს გავაკეთებ მაგ ოცნების ასახდენადო. მართლაც, თვითონაც მომცა რეკომენდაცია, ელჩსაც დააწერინა, აპლიკაციაც შემავსებინა და მალე ერთ-ერთი ინსტიტუტიდან მოწვევა მომივიდა, მაგრამ ვერც იმ წელს და ვერც მეორე წელს თანხის უქონლობის გამო ვერ ჩავედი. სამი წლის შემდეგ, უკრაინიდან ინდოეთის ელჩი ჩამოვიდა. ეს რომ გავიგე, სარი ჩავიცვი და მივედი, ვითომ ინდოელი ვიყავი. შევხვდი, ვესაუბრე და ისიც ვუთხარი, როგორ მიყვარდა მისი ქვეყანა. საბუთები რომ გაგიმზადოთ, ბილეთს იყიდითო? - მკითხა. იმ დროს რთული იყო ფულის შოვნა, მაგრამ მეზობელმა გამიმართა ხელი - პასპორტიც გავაკეთე, ვიზაც ავიღე და ასე მოვხვდი ჩემს საოცნებო ქვეყანაში. სასწავლებელი დელიში იყო.

ინდოეთი ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორიც წარმომედგინა. 49-50 გრადუსი სიცხე იყო, რომ ჩამოვედი. როდესაც თვითმფრინავს ტრაპი მოადგეს და სახელურს ხელი მოვკიდე, თითქოს დენმა დამარტყა, ისეთი ცხელი იყო. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი, ტემპერატურის გამო გული ამიჩქარდა. თვითმფრინავი დაიცალა, მე კი სტიუარდესებს ვთხოვდი, უკან წავეყვანე...

- როგორ დაოჯახდით, ვინ არიან თქვენი მეუღლე, შვილი?

- მეუღლე სირაჯ ამანი ინდოელია. დამთავრებული აქვს იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. ცნობილი ჟურნალისტი იყო. ინდირა განდის შვილმა, რაჯივ განდიმ ერთხელ 14 საუკეთესო ჟურნალისტის სხდომა გამართა და მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც. ძალიან ნიჭიერი ადამიანია, წერს ლექსებს, არაერთი ლექსი მოუძღვნია ჩემთვისაც. რვა ენა იცის, მათ შორის - რუსული და ქართულიც. ოჯახში ხშირად ვსაუბრობთ ქართულად. გარდა ამისა, უძლიერესი ასტროლოგია.

ინდოეთში რომ ჩამოვედი, თან ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. ერთმანეთი სწორედ სამსახურში გავიცანით და დავმეგობრდით, მერე კი დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. ერთი სახალისო ამბავი გამახსენდა იმ პერიოდიდან. მაშინ ინგლისური კარგად არ ვიცოდი, რა თქმა უნდა - არც ინდური. ერთხელ სირაჯმა ლანჩზე დამპატიჟა. ოფიციანტმა მენიუ რომ მომაწოდა, რისი სახელწოდებაც ვიცოდი, იმის შეკვეთა მოვინდომე. შემწვარი ქათამი იყო და ვიფიქრე, ნახევარ ულუფას ვეტყვი-მეთქი. მივაწოდე მენიუ და ვეუბნები, ნახევარი სამზარეულო მინდა-მეთქი. სირაჯს გაეცინა, ეტყობა, ძალიან მშიერი ხარ, ნახევარი სამზარეულო რომ შეუკვეთეო.

- როგორ მიიღეს ინდოელებმა უცხოელი რძალი?

- უცხოელს კი არა, ინდოელ რძლებსაც ვერ ეგუებიან, მით უმეტეს, როცა მათ შვილებს ცოლები სიყვარულით მოჰყავთ. იშვიათად, რომ აქ სიყვარულით დაქორწინდნენ, ძირითადად, მშობლები არჩევენ საცოლე-საქმროს. ყურადღებას აქცევენ კასტებს - ვინ რომელი სოციალური ფენიდან არის. ეს ამბავი რომ ვიცოდი, სირაჯს ვუთხარი, ვიდრე შენი მშობლების თანხმობა არ გვექნება, არ გამოგყვები-მეთქი. გასაცნობად რომ მივედით, მამამთილმა, რომელიც კარგი მხატვარი და ასტროლოგი გახლდათ, სამი რამ მიწინასწარმეტყველა: შენი ქორწინების რიცხვი იქნება 6 ან იმ ციფრების ჯამი, რომელიც ექვსის ტოლია, პირველ შვილს დაკარგავ და დიდი ხიფათი გელისო. თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც ასე მოხდა... გათხოვებამდე მამამთილს სამი პირობა წავუყენე, რა შემთხვევაში გავხდებოდი მათი რძალი: პასპორტს არ გამოვცვლიდი და კვლავ საქართველოს მოქალაქედ დავრჩებოდი; ჩავიცვამდი როგორც ევროპულად, ასევე ინდურად და ვიცხოვრებდით ცალკე. ამხელა სახლი გვაქვს, თუ გინდა, ბოლო სართულზე ადი და იქ იცხოვრეო, მითხრა. მერე შევთანხმდით, რომ პირველი სამი-ოთხი თვე მათთან ერთად ვიცხოვრებდით და მერე გადავიდოდით ცალკე. მართლაც ასე გავაკეთეთ. გვყავს ერთი ბიჭი, ომარი, რომელმაც ოთხი ენა იცის: ქართული, რუსული, ინდური და ინგლისური. მუშაობს მამამისთან - ჩემს მეუღლეს კერძო ავიაკომპანია აქვს. გარდა ამისა, ომარი კარგად მღერის, ქართულ "ანა-ბანაში" ორჯერ იყო მიწვეული. ძალიან უყვარს საქართველო. მოვნათლე კიდეც, ქრისტიანია.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- რუსულენოვანი ქვეყნებიდან მიკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც ინდოეთში სამკურნალოდ, საოპერაციოდ თუ გამოსაკვლევად სურთ ჩამოსვლა. მიგზავნიან დიაგნოზს, რომელსაც ვაჩვენებ ექიმებს და მერე ყველა ინფორმაციას, მათ შორის - თანხებთან დაკავშირებითაც, ვაცნობ პაციენტებს. მათ სამედიცინო ვიზის მიღებაში ვეხმარები. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საავადმყოფოებში გეგმური ოპერაციები გადადებულია.

ბავშვებშიც ბევრი შემთხვევა დადასტურდა, იმატა მათი გარდაცვალების შემთხვევებმაც. ვაქცინაცია დეკემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა უკვე 18 წლის ასაკიდანაც დაიწყეს აცრა. ინდოეთს თავისი ვაქცინა აქვს - "კოვიდშილი", მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ორივე დოზის გაკეთების შემდეგაც დაინფიცირდნენ, ამიტომაც ვაქცინაციას მაინცდამაინც არ ენდობიან.

თუმცა ახლა ისიც სანატრელი გახდა. ბოლო პერიოდში "სპუტნიკი" შემოიტანეს, გვეხმარებიან ამერიკა, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები. მინდა ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს პანდემია იმისთვის არის, რომ ჩვენი წინანდელი ცხოვრება დავაფასოთ. აბა, რისთვის არის საჭირო ამხელა მსხვერპლი?!

ნინო ჯავახიშვილი