"ჰაერი დამწვარი ძვლების სუნით არის გაჟღენთილი" - კვირის პალიტრა

"ჰაერი დამწვარი ძვლების სუნით არის გაჟღენთილი"

"ახლა შეიარაღებული ძალების იმედი გვაქვს. იქნებ შეძლონ წესრიგის დაცვა. ვითარებას ამძიმებს გარდაცვლილთა პირდაპირ ქუჩაში კრემაციაც"

ისააკ ხანანაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ქალაქ სურათში ინფექციური დაავადებებისა და ანთებათა პრევენციის კლინიკაში მუშაობს, იმ კოშმარზე გვიყვება, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა ინდოეთში "კოვიდის" მასობრივმა გავრცელებამ გამოიწვია.

- მას შემდეგ, რაც პანდემიასთან ბრძოლაში შეიარაღებული ძალები ჩართეს, შედარებით ამოვისუნთქეთ. ამას დაემატა ისიც, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკამ, ბრიტანეთმა და გერმანიამ პირველადი დახმარება გამოგზავნეს. ამოსუნთქვაში ვგულისხმობ იმას, რომ 24-საათიან ცვლაში 4-5 საათის განმავლობაში დასვენება შეგვიძლია. სამედიცინო დაწესებულებებში ყველაფრის, მათ შორის სიცოცხლისთვის აუცილებელი საშუალებების დეფიციტია. არა გვაქვს საკმარისი ჟანგბადის სასუნთქი აპარატები, არ გვყოფნის სამედიცინო პერსონალი, საწოლები, პირბადეები, სიცხის დამწევი პრეპარატები, ანტიბიოტიკები. ვირუსი უსწრაფესად ვრცელდება.

შესაძლოა პანდემია ოდესმე დასრულდეს, მაგრამ ეს სტრესი არასდროს გამივლის. ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მეორეა, პანდემიის შემდეგ ბევრად შემცირებული იქნება.

- ვიცით, რომ "კოვიდ-19"-მა მუტაცია განიცადა და რამდენიმე შტამი გავრცელდა. რა სიმპტომები ახასიათებს ინდოეთში გავრცელებულ ინფექციას? - ბევრნაირი გამოვლინება აქვს, მაგრამ უმეტესად მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ძალიან სწრაფად ხურავს სასუნთქ გზებსა და ფილტვებს. ზოგ შემთხვევაში სახსრებში მტვრევით გამოწვეული დისკომფორტი იმდენად მტკივნეულია, რომ ხალხი პირდაპირ მიწაზე წვება, რადგან ფეხზე დგომა უჭირთ.

- ვირუსი სამედიცინო პერსონალს შორისაც გავრცელდა? - რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ჩვენი განყოფილების უფროსი, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სულ ამბობდა, რომ მოსახლეობის დაუდევრობისა და მათი ცხოვრების პირობების გამო პანდემიის მასშტაბური გავრცელება გარდაუვალი იქნებოდა.

აქ ჰიგიენის წესებს უმრავლესობა არ იცავს. ამას დაემატა რელიგიური დღესასწაული. მარტში ინდოეთში დიდი რელიგიური ფესტივალი, კუმბჰა-მელა იმართება. ამ დროს ასიათასობით მოსახლე იკრიბება. ზეიმი რამდენიმე დღეს გრძელდება და ხალხი ერთმანეთთან ახლოს, მანქანებში ან პირდაპირ მიწაზე იძინებს.

ზოგიერთ პროვინციაში ხალხი ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, მდინარეში ბანაობენ და მასვე იყენებენ სასმელად. იქვე ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. უმრავლესობას სხვადასხვა ინფექციური დაავადება აქვს და ვირუსს სასათბურე პირობები შეექმნა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ხალხი მუდმივად მიგრირებს ერთი პროვინციიდან მეორეში. ამიტომ კლასტერის დადგენა შეუძლებელია.

პირბადეებს უმრავლესობა არ ატარებს, არც მიაჩნიათ აუცილებლად. ამ კატეგორიის გაკონტროლება შეუძლებელია. რომელი ერთი მიზეზი ჩამოვთვალო.

- ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობთ, რა ხდება იქ? - ალბათ, ასეთია ჯოჯოხეთი. აქ ჟანგბადის საჭიროების მქონე პაციენტთა რიგი საავადმყოფოს კართან იწყება და ქუჩის ბოლოს სრულდება. რამდენიმე დღის წინ მთელი ოჯახი შემოგვიყვანეს, დედ-მამა და სამი შვილი. ყველა უმძიმეს მდგომარეობაში. ოჯახის უფროსმა მითხრა, რომ ბავშვები გადამერჩინა, რადგან მასა და მის მეუღლეს ფილტვების 80%-ზე მეტი უკვე დახურული ჰქონდათ. ვუთხარი, რომ ერთი სასუნთქი აპარატი გვქონდა და ყველას ვერ გავუნაწილებდი. სანამ მე ვფიქრობდი, ჩემმა კოლეგამ გაგუდვის პირას მისულ გოგონას მოარგო ჟანგბადის აპარატი და ის გადარჩა, ოჯახის ოთხი წევრი კი დაიღუპა.

როცა კლინიკაში ადგილი არ გვყოფნის, დაავადებულებს სხვადასხვა ადგილას ვაწვენთ, საოპერაციო მაგიდებზეც კი. ერთხელ ერთმა ხანდაზმულმა კაცმა მთხოვა, გარეთ კოვიდიანი ჩემი შვილი იცდის, ის შემოიყვანეთ და ჩემს ადგილას დააწვინეთ, რადგან შესაძლოა ადგილი ვერ შეხვდესო, თავს წირავდა შვილის სიცოცხლისთვის.

- თუმცა რეგულაციებს მაინც არ იცავენ. - ბევრმა არც იცის, რა არის "კოვიდი", ვინც ქუჩაში ცხოვრობს, მოწყვეტილია საინფორმაციო საშუალებებს. ხშირად ექიმთან არც დადიან, მკურნალობის თავიანთი მეთოდები აქვთ, ხალხურ მედიცინას უფრო ენდობიან. უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარია. ბევრს დაბადების მოწმობაც არა აქვს. მყოლია პაციენტები, რომელთაც თავიანთი წლოვანება არ იცოდნენ და დოკუმენტაციის შევსებისას თავად ჩამიწერია მიახლოებით ასაკი, ვარაუდით, გარეგნობის მიხედვით...

- ხელისუფლება როგორ ებრძვის პანდემიას? - 25 შტატში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა, ოღონდ არა მგონია, ხალხი შეზღუდვებს დაემორჩილოს. ახლა შეიარაღებული ძალების იმედი გვაქვს. იქნებ შეძლონ წესრიგის დაცვა. ვითარებას ამძიმებს გარდაცვლილთა პირდაპირ ქუჩაში კრემაციაც. ვისაც ოჯახის წევრები დაეღუპა, კუსტარულ კრემატორიუმებთან სპეცსამოსში შეფუთულები რიგში დგანან. ჰაერი დამწვარი ძვლების სუნით არის გაჟღენთილი.

ინდოელებს ერთი კარგი თვისება აქვთ, არასდროს წუწუნებენ. შეუძლიათ დღედაღამ იმუშაონ, თვალმოუხუჭავად ფეხზე იდგნენ, მაგრამ მაინც გაამხნევონ განწირული პაციენტი, გაუღიმონ სასოწარკვეთილ ადამიანს, რომლის ოჯახის წევრი სიკვდილს ებრძვის. ასეთ დროს, მრცხვენია ვთქვა, რომ დავიღალე და მეც თავდახრილი ვმუშაობ.

ამერიკამ "ასტრაზენეკას" მილიონამდე დოზა მოგვაწოდა, თუმცა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ინფიცირებულია, აცრა უკვე დაგვიანებულია, თან შტამი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა, ბევრად მარტივად ვრცელდება, ვიდრე "კოვიდის" პირველადი ფორმა. თავდაპირველად, როცა პაციენტების ნაკადს ვეღარ ვუმკლავდებოდით, ვცადეთ შედარებით მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს სახლში ემკურნალათ, რასაკვირველია, მათ, ვისაც აქვთ სახლი, მაგრამ არ გამოვიდა - ინფიცირებული, თუ ფეხზე დგომა შეუძლია, არ დაიცავს რეკომენდაციებს, თვითიზოლაციაში არ გადავა, ქუჩაში ივლის და ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.