"რა რევოლუციონერობა აუტყდა ყველას? ამაზე გაცილებით უკეთესი სიტყვაა "ევოლუცია"
"რა რევოლუციონერობა აუტყდა ყველას? ამაზე გაცილებით უკეთესი სიტყვაა "ევოლუცია"
"რა რევოლუციონერობა აუტყდა ყველას? ამაზე გაცილებით უკეთესი სიტყვაა "ევოლუცია", ანუ თანდათანობითი განვითარება. ნუ ვჩქარობთ, რომაელების შეგონებისა არ იყოს, "იჩქარე ნელა". დავისახოთ მიზნები და ჯიუტად, პროფესიულად, თავდაჯერებით ვიაროთ მათკენ, ოღონდ ეს საერთო მიზნები უნდა იყოს. მარტო ნატო და ევროკავშირი არ შველის საქმეს, შენ თვითონ თუ არ გარდაისახე, სხვა ვერ გარდაგქმნის"

ამას წინათ სოციალურ ქსელში ლიტერატურული ფრაზები გაიხსენა, რომლებიც­ დღესაც აქტუალურია... ჩვენი ინტერვიუც, ძირითადად, უკვდავ ფრაზებზე ავაგეთ­ და არა მარტო ლიტერატურიდან. ახალ
რეალობას ახალი ფრაზებიც უხდებაო, ამბობს,­ მაგრამ რა ვუყოთ, თუკი დღემდე "ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენა-მჭევრი". ლიტ­ე­რ­ატორი არც იმედიანი ილიას "აწმყო თუ არა გვწყალობს,­ მომავალი ჩვენია"-ს­ უვლის გვერდს... ჩვენი სტუმარია ლიტერატორი, სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია­:

- ამას წინათ ვფიქრობდი
იმაზე, რომ მთელი ჩვენი ისტორია ადამიანებისა და ტერიტორიების დაკარგვის ისტორიაა. იშვიათად ყოფილა, როცა მძლავრად და უხიფათოდ ვგრძნობდით თავს. უფრო ხშირად მიზეზებს სხვებში ვეძებდით, მაგრამ საქართველოში ყოველთვის იყვნენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამჩნევდნენ, რა აფუჭებდა ჩვენს საქმეს და რატომ ვერ ვაღწევდით მიზანს, რომელიც ასე ახლოს ჩანს ხოლმე. ფრაზები, რომლებიც აქტუალურობას არ კარგავენ, სწორედ ნეგატიური თვალსაზრისით, ყოველთვის მახსოვს, მაგრამ დღეს ძალუმად გამახსენდა. ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ რა გვიშლის ხელს და რა გვიწყობს. ამიტომაც მოვიყვანე ყველა მნიშვნელოვანი მწერლის ფრაზა. მაგალითად, "ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენა-მჭევრი".

რა სევდიანი ამბავია, არა? აგერ, რუსთაველი ბრძენს მოიხმობს ქალის, კერძოდ, თინათინის სილამაზის აღსაწერად. რამდენი საუკუნე გადის და გურამიშვილი ლაპარაკობს, ბრძენს უნდა მოვუხმოთ, იქნებ ჩვენი გასაჭირი როგორმე აღწეროს, ეს ჩემი შესაძლებლობების მიღმააო. თითქოს არ მთავრდება ეს ამბავი, ჩვენი პრობლემა მუდმივად სჭარბობს ჩვენს სიხარულს და სულ ვიღაცა გვემუქრება, სულ დაულაგებლები ვართ, სულ უფსკრულის პირას ვთამაშობთ... ბოლო 200 წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, სულ ამ დღეში ვართ.

30 წელია, თავისუფალი ვართ, თითქოს ჩვენს ხელშია ჩვენი ბედი, ჩვენი მომავალიც და რა გავაკეთეთ ამასობაში? თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა მავანთა თვალში სიტყვა "თავისუფლებამ" მნიშვნელობა დაკარგოს და ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?

კი არ ვწუწუნებ და მოვთქვამ, ბევრ კარგ რაღაცასაც ვხედავ. ვხედავ, რომ ჩვენი საზოგადოება ვითარდება, მაგრამ ყველას გვინდა ტემპი უფრო სწრაფი იყოს, გვინდა ავირიდოთ ის შეცდომები, რასაც უხვად­ ვუშვებდით და ვუშვებთ სამი ათეული წლის განმავლობაში. რონალდ რეიგანმა თქვა: "როდესაც კუჭი გონებაზე იმარჯვებს, დემოკრატიის დღეები დათვლილია". ამას არ უნდა მივუახლოვდეთ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ფიქრი შეგვიძლია და წინმსწრებად ხომ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რას რა მოჰყვება? მაგალითად, სად არის ჩვენი საოცნებო განათლების სისტემა? - ასეთი დღეს არა გვაქვს. ნახეთ კვლევები, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ რომ ტარდება - სადაც ვიყავით, ყოველი 5 წლის შემდეგაც იქ ვართ. ეს ხომ იმაზე მიუთითებს, რომ კარგად არ ვაფასებთ იმას, რაც დავინახეთ? რომ ვხედავთ, ფაქტია, ვხედავთ და გვიკვირს, რომ თურმე წაკითხულის შინაარსი წესიერად ვერ გამოგვაქვს, თურმე 70 ქვეყანაში 63-ე ადგილზე ვყოფილვართ, ქართველი მასწავლებლები ერთადერთნი არიან მსოფლიოში, რომლებიც ამბობენ, რომ მათ პროფესიული განვითარება არ სჭირდებათ, ისედაც ბევრი იციან, მოსწავლეებს რომ ასწავლონ...

იგივეა ეკონომიკაში, იურიდიულ სისტემაში, ჯარში და ა.შ. ყველაფერი შედეგებით უნდა გავზომოთ. ჩვენ ხშირად გვიჭირს ყველაფრისთვის სახელის დარქმევა. უნდა შევისწავლოთ, ვინ ვართ, რანი ვართ, რა მინუსები და რა პლუსები გვაქვს, მით უმეტეს, როცა განათლების სისტემის აგებაზე ვფიქრობთ. ყველა ფრაზას თავისი დატვირთვა აქვს. დახეთ, ილიას ფრაზას: "აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია"... შეიძლება მარადიული აწმყო ჰქონდეს ამ ფრაზას? შეიძლება არასდროს აწმყო არ გწყალობდეს? შეიძლება სულ ეკვირინეს სინდრომით ცხოვრობდეს ქვეყანა?

- დავით კლდიაშვილის "ქამუშაძის გაჭირვება" ახსენეთ და, ადრე ისიც თქვით, კლდიაშვილი საქართველოში არასდროს ძველდება, საინტერესოა, ასეთი რა ჩაგვხედა სულში,­ რა დაინახა ასეთიო?
- რა დაინახა და, ის, რომ ქართველებს აწმყო გვაქვს მოსაძებნი. ეკვირინე რომ დაასეირნებს თავის რძალს და ეს რძალი უყურებს გაპარტახებულ გარემოს: ბოსტანში შეიყვანა და ნახა, არაფერი არ არის, ვენახში შეიყვანა და ნახა, რომ ყველაფერი­ წამხდარია, სადაც ღვინოს ინახავდნენ, ღვინის ნატამალი არ არის. ეს კიდევ აღფრთოვანებული ლაპარაკობს, რა კარგი იყო ყველაფერი შარშან და რა კარგი იქნება გაისად, წელს კი არაფერი არ არის. ასე ვართ, აწმყო დაგვეკარგა საქართველოში,­ არ ვქმნით აწმყოს ისე, როგორც მოგვეთხოვება და როგორც წესი და რიგია. ამას წინათ პოსტი დავდე იმაზე, თუ როგორ ჰგავს ორი სიტყვა ერთმანეთს: დაპირება­ და დაპურება. დაპირება პირთან არის დაკავშირებული, ადამიანის ორგანოსთან, რომელიც ლაპარაკობს, ასევე პიროვნებასთან არის დაკავშირებული, ის სულზე ზემოქმედებს, მომავალზე გელაპარაკება და შეიძლება ერთად რაღაც შექმნათ საერთო ძალისხმევით. მაგრამ როდესაც დაპირება ყალბია, მაშინ რაღაცას უნდა მიხვდეს ადამიანი. სამწუხაროდ, ადამიანები ისე არიან მოწყობილი, მაინცდამაინც ვერ ხვდებიან ხოლმე და ადვილად წამოეგებიან მომდევნო დაპირებებს, როგორც თევზი ანკესს.

ჩვენ თვითონ თუ არ შევქმენით ჩვენი­ მომავალი, ჩვენი საიდან იქნება, ის თავი­სით საიდან და რატომ მოვა, ვინ დაგვითმობს თავის მომავალს, ან ვინ მოგცემს ადგილს საკუთარ მომავალში, რომელიც თავისთვის შექმნა? ან ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა ასეთი მომავალი, რომელიც ჩვენივე შექმნილი არ იქნება? ჩვენ ჩვენს მომავალს არ ვქმნით სათანადოდ არც ინტენსივობით, არც პროფესიონალიზმით, არც ფიქრით და არც საქმით.

"სამანიშვილის დედინაცვლიდან" ფრაზას "მღუპავ, მამა?" (პლატონი რომ ეუბნება ბეკინა სამანიშვილს), იცით, როგორ ვუყურებ? თითქოს ჩვენი მომდევნო თაობა­ ჩვენ გვეუბნებოდეს: "მღუპავ, მამა, რას შვრები?" ახალი თაობა ისე არ უნდა გავზარდოთ, მაინცდამაინც ჩვენ დაგვემსგავსოს, თან ასეც უნდა მოვიქცეთ, იმიტომ, რომ ეს საქართველოა და სიახლეთა ძიებაში ის არ უნდა გაქრეს. რად მინდა განვითარება, თუ საქართველო აღარ დარჩება? მე ამ ქვეყანასა და ქართველებთან ერთად მინდა განვითარება. მე არ ვიზიარებ ერაზმ როტერდამელის აზრს, რომელიც ამბობს: "ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც ჩემი ბიბლიოთეკაა", ანუ სადაც ფიქრია და მე ვარო. ჩემს სამშობლოში ჩემს ქართველებთან, ჩემს წინაპრებთან, მოსწავლეებთან ერთად მინდა, მათთან, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იმ ბავშვებთან ერთად მინდა, ვინც ჯერაც არ დაბადებულან.

- რომელ ისტორიულ ეპოქასთან შეგვიძლია გავავლოთ პარალელი, დღევანდელობასთან ბევრი საერთო­ რომ აქვს...
- როდესაც საკუთარ თავს ვსწავლობთ, ლიტერატურასაც და უპირველესად ისტორიას ვსწავლობთ. არის ერთი გამორჩეული ჟამთააღმწერელი, მე-14 საუკუნის ისტორიკოსი, რომლის არც სახელი ვიცით, არც გვარი და მან დაწერა ისტორია მონღოლთა შემოსვლიდან მონღოლების აქედან გაშვებამდე, ანუ ლაშა-გიორგიდან გიორგი ბრწყინვალემდე. ნახეთ, ის კაცი, როგორ აღწერს ჩვენს ისტორიას, სათავისოდ ცხოვრობენ ქართველები და არ ცხოვრობენ საქართველოსთვისო. ქართულ გრამატიკაში არსებობს სამგვარი ქცევა: საარვისო (ააშენა), სასხვისო (აუშენა) და სათავისო (აიშენა). მეშინია, საარვისო და სასხვისო ქცევა ჩვენი გრამატიკიდან თანდათანობით ამოსაღები არ გაგვიხდეს, ვინაიდან ადამიანები, სამწუხაროდ, მარტო სათავისოდ ცხოვრებას ეჩვევიან. მარტო "აიშენა" დარჩება, "აუშენაზე" ზედმეტია ლაპარაკი. გადახედეთ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებს, რა ხდებოდა 1921 წელს, როდესაც წითელი არმია აქ შემოვიდა და თბილისი დაიკავა.

ადამიანს წაკითხვა შეგეზარება, იმდენი ამაზრზენი საქციელია ჩამოთვლილი, რაც ქართველებმა მაშინ იკადრეს. დაკარგეს კიდეც ქართველებმა სამშობლო და სახელმწიფო. ისტორიაზე დიდი მასწავლებელი არ არსებობს. მერე მოდის ნიკო ლორთქიფანიძის "იყიდება საქართველო", რეზო ჭეიშვილის გენიალური მოთხრობა "მიწების განაწილება" - მწერალთა კავშირში სხდომაა და მწერლებისთვის დასამარხ მიწებს ანაწილებენ. გამორჩათ ერთი კაცი და ის ამბობს, "მე საერთოდ არ მმარხავთ?"­ აქტუალურია სულხან-საბას ფრაზა: "მე ვიყივლებ, შენ იყეფე და სოფელიც აშენდებაო". რამდენი ასეთი აღმშენებელი, რამდენი პოლიტიკოსი­ და საზოგადო­ მოღვაწე ვნახეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორ აშენებენ ქვეყანას... ნეტავ როგორ უნდა აშენდეს ამდენ ლაყბობაში, ტყუილ დაპირებასა და სისულელეში?..

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ვაჯობოთ საკუთარ წარსულს?
- საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ან ყველა ერთად გავიმარჯვებთ, ან ყველანი ერთად დავმარცხდებით. ჩვენ დიდი ხანია გვჭირდება გამაერთიანებელი იდეა, ან იდეათა სისტემა. როგორც არჩილ ჯორჯაძე იტყოდა, "საერთო ნიადაგის თეორიაა შესაქმნელი". ეს საერთო ნიადაგი დღესაც საპოვნელი გვაქვს, რაღაცამ ხომ უნდა გაგვაერთიანოს? უნდა ემსახურო საქმეს და ამაზე უწინარეს ემსახურო ქვეყანას, ესაა ღირსების საფუძველი და არა ის, კაცს ემსახურო და სარგებელი ნახო.

- "საარსებო მინიმუმის გარდა, არსებობს ზნეობრივი მინიმუმიცო", რომ ამბობთ, რამდენია ის, საარსებო მინიმუმზე დაბალი თუ მაღალი?
- ზნეობრივი მინიმუმი პატიოსან გულზე გადის. შენ არასდროს უნდა იკადრო სარგებლის ნახვა სხვის უბედურებაზე ან გაცამტვერებაზე. ადამიანებმა თეორიულად ეს იციან, მაგრამ, როგორც ჩანს, პრაქტიკულად ძნელია ამის გაკეთება. ყველას თავი კი მოსწონს, მაგრამ... ფრაზა გამახსენდა "ალუდა ქეთელაურიდან": "ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი". დამთავრებული ამბავია. ეს არის წაგება, წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. როდესაც შენ ამბობ, რომ მე ერთი ვარ, რომელსაც ჭეშმარიტება მიპყრიაო, ასეთი ფიქრით, დამოკიდებულებით და ქცევით წააგებ სამყაროსთან, მერე ჯაყოსავით მოგექცევა წუთისოფელი.

- პოლიტიკოსი, პირველ რიგში, სასარგებლო შეთანხმების ხელოვნებაა და არა უშედეგო სიჯიუტის. ნამდვილი პოლიტიკოსი პრობლემებს კი არ უნდა ქმნიდეს, არამედ აგვარებდესო, ალბათ, ეს საქართველოში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გათქმევინათ...
- ერთხელ ვუდი ალენმა თქვა, თუ გსურთ ღმერთი გააცინოთ, მოუყევით მას თქვენი გეგმების შესახებო. პოლიტიკოსს უნდა ახსოვდეს, რომ დღეს ხარ და 10 წლის მერე აღარავის ემახსოვრები, თუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ გააკეთე. მაგალითად, ჩერჩილი და რეიგანი ემახსოვრებათ ვიღაცებს, უინტერესო ადამიანები­ კი დაავიწყდებათ. შენი გეგმები თუ ხალხის გეგმად არ იქცა, ისე ამ გეგმებს არ უწერია შესრულება. ადამიანები გვერდით უნდა დაიყენოთ პატიოსნების, გულწრფელობისა და გონიერების ნიშნით და სიტყვა "პატიოსნება" არ უნდა დაამსგავსო სიტყვა "იდიოტიზმს", რისი საშიშროების წინაშეც დღემდე ვდგავართ. ვიცით ადამიანები, 30 წელი რომ არიან პოლიტიკაში, მაგრამ რა დიდება მოუტანეს ქვეყანას, ამას მათივე გარდა, ვერავინ ამჩნევს... პოლონეთის პირველი პირი ლეხ ვალენსა სვამს კითხვას: "როგორი უნდა იყოს მომავლის რევოლუციონერი?" და თვითონვე პასუხობს: "ის საერთოდ არ უნდა იყოს". ეს უმნიშვნელოვანესი ფრაზაა.

- ქართული პოლიტიკა სულ რევოლუციურ ტალღაზეა და ამასთან, ხსნას მუდმივად სხვაში, ერთ კაცში ვეძებთ...
- დიახ, ასეთია ქართული პოლიტიკა. რა რევოლუციონერობა აუტყდა ყველას? ამაზე გაცილებით უკეთესი სიტყვაა "ევოლუცია", ანუ თანდათანობითი განვითარება. ნუ ვჩქარობთ, რომაელების შეგონებისა არ იყოს, "იჩქარე ნელა". დავისახოთ მიზნები და ჯიუტად, პროფესიულად, თავდაჯერებით ვიაროთ მათკენ, ოღონდ ეს საერთო მიზნები უნდა იყოს. მარტო ნატო და ევროკავშირი არ შველის საქმეს, შენ თვითონ თუ არ გარდაისახე, სხვა ვერ გარდაგქმნის. ამას ნატოელებიც მიგვანიშნებენ და ევროკავშირელებიც, მოემზადეთ კარგად და შემდეგ მიგიღებთო. არა ვართ ჯერ მზად, ჩვენგან განსხვავებით, ისინი კარგად ხედავენ ამას.

ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი ფრაზაა: "უბედურია ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება". ჩვენ გვჭირდება წყნარი გმირები და არა ისეთი, რომლებსაც სიცოცხლის გაწირვა მოუწევთ. დიდება ყველას, ვინც ეს გააკეთა ბოლო წლებში, მაგრამ ხალხი, სახელმწიფო და საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი, უნდა ვხვდებოდეთ, რომ ვისაც გმირი სჭირდება, იმას თავგანწირვა სჭირდება, ხოლო ვისაც თავგანწირვა სჭირდება, იმას საქმე კარგად არა აქვს. ჩვენ, ქართველები, სულ სასწაულის მოლოდინში ვართ და ამას ყოველთვის ერთ ადამიანთან ვაკავშირებთ - აი, ის გვიშველის, ის გადაგვარჩენს, მესია მოვაო...

გახსოვთ, ებრაელებმა რა შეცდომაც დაუშვეს? როგორ დახვდნენ იესოს იერუსალიმში­ - ტანსაცმელს უფენდნენ და პალმის რტოებს, რამდენიმე დღეში კი ისევ ისინი­ გაჰკიოდნენ, ჯვარს აცვითო. ღვარძლითა­ და ბოროტი თვალებით შესცქეროდნენ მას, ვისაც მანამდე ოსანას უმღეროდნენ. რატომ? ის ეროვნული, ნაციონალური მხსნელი ეგონათ. როცა აღმოჩნდა, რომ მარტო ებრაელთა რომისგან განმათავისუფლებელი კი არა, მთელი სამყაროს განმათავისუფლებელი იყო, ამას ვერც მიხვდნენ, ვერ გაიგეს, არც სურდათ გაგება და ჯვარს აცვეს. ჩვენ ჩვენში უნდა ვეძებოთ სასწაულები, სხვასა და სხვებში კი არა. ამას სჭირდება პროფესიონალიზმი და როგორც მუშნი ამბობს, "ფანატიკური რწმენა". მოდი, აქედან "ფანატიკური" გამოვრიცხოთ და "რწმენა" დავიტოვოთ, იმიტომ, რომ უნდა გწამდეს იმ საქმის, რასაც აკეთებ.
bejani
10 მაისი 2021 08:46
სამწუხაროა, რომ ქართველებმა ასეთი ნიჭიერი და განათლებული ხალხის მოსმენა არ ვიცით! ჩვენ მხოლოდ "ნაცქოცების" "ურა პატრიოტიზმით" აღტკინებულ მოწოდებებს ვუსმენთ, რომლებიც შემდეგ მხოლოდ საკუთარი თავისთვის "აიშენას" პრინციპით მოქმედებენ და ქვეყან და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ!
ადამიანი
10 მაისი 2021 06:08
საინტერესო და დამაფიქრებელია, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა რომ გრეჩიხას და ჯაპანას უფრო ვუსმენთ ვიდრე გიას ნაირ ადამიანებს. აგერაა კომენტარების რაოდენობაც და შეადარეთ სერ ვასაძის პოლიტიკის კომენტარებს.
განათლებაააა.... !!!
ნია
10 მაისი 2021 03:48
ზოგჯერ მაინც დავუჯეროთ ხოლმე ასეთ კაცებს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები