"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს: ღვთაებრივ ცეცხლზე თავმომწვარი სანთელი და მაცხოვრის ხელთუქმნელი სასწაულმოქმედი ანჩისხატი, პირი ღვთისა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი მკითხველს: ღვთაებრივ ცეცხლზე თავმომწვარი სანთელი და მაცხოვრის ხელთუქმნელი სასწაულმოქმედი ანჩისხატი, პირი ღვთისა

"მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი"

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს - დღეს, რომელიც ქრისტიანთათვის ზეიმთა ზეიმია!

"კვირის პალიტრა"კვლავაც არ არღვევსტრადიციას და მკითხველს ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს. ამჯერად მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს სთავაზობს საჩუქრად - თქვენს ოჯახებში შემობრძანდება ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე, პირი ღვთისა, სასწაულმოქმედი ანჩისხატი.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, პირი ღვთისა, ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდეა. ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნის ისტორია ასეთია: ედესის მეფე ავგაროზი უკურნებელი სენით იყო დაავადებული, მას გაეგონა იესო ნაზარეველის მიერ მოხდენილი სასწაულების შესახებ, სწამდა, რომ იესო იყო ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ სიტყვით შეეძლო მისი განკურნება. მან გააგზავნა მალემსრბოლი და მხატვარი იერუსალიმში, რათა მხატვარს დაეხატა იესოს სახე. შეხვდა მათ უფალი იერუსალიმში, მაგრამ მხატვარმა ვერ შეძლო მისი სახის დახატვა. მაშინ, უფალმა გამოართვა მხატვარს ტილო, დაიდო სახეზე და მეყსეულად გამოიხატა ტილოზე სახე უფლისა. მისცა ხატი მათ და წარავლინა ავგაროზთან...

კეცის მაცხოვარი

საღამოს ისინი ქალაქ იერაპოლის მახლობლად მივიდნენ და ერთი მეკეცის სახლში გაჩერდნენ. ხატი უფლისა მათ ორ კეცს შორის დამალეს. შუაღამისას ზეციდან ცეცხლის სვეტი გამოჩნდა და უფლის ხატს დაადგა. დილით, როცა უფლის ხატი კეცებიდან ამოაბრძანეს, სასწაული იხილეს - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კეცზე გადასულიყო. ეს სასწაული იერაპოლის გამგებელმა შეიტყო და კეცის ხატი თავის სასახლეში წააბრძანა. საოცარია, რომ უფლის განგებულებით, კეცის ხელთუქმნელმა ხატმაც, ანჩისხატის მსგავსად, საუკუნეების შემდეგ საქართველოში ინება დაბრძანება - მე-6 საუკუნეში კეცის ხელთუქმნელი ხატი მწვალებელ ნესტორიანთა ტაძარში იხილა ასურელმა მამამ, წმინდა ანტონმა და როცა იგი ასურელ მამებთან ერთად საქართველოსკენ გამოეშურა, კეცის ხელთუქმნელი ხატი თან წამოაბრძანა. ეს ხატი დღეს დაკარგულია.

რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, ანჩისხატს, ტილოზე გადასული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ჩააბრძანეს ედესაში და მეფე ავგაროზი მასთან შეხებისთანავე განიკურნა. ამ სასწაულით გაკვირვებულები მეფეცა და მისი ქალაქის მცხოვრებნიც უფალს ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ. ავგაროზი და მისი ცოლ-შვილი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს, მოციქულმა თადეოზმა წმიდა სამების სახელით მონათლა. მეფემ ტილო, რომელზეც მაცხოვრის სახე იყო აღბეჭდილი, ფიცარზე დააკვრევინა და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენებინა, რათა ყველას, ვინც ქალაქში შევიდოდა ან გამოვიდოდა, მისთვის თაყვანი ეცა.

ეს ხატი იქ ორასი წლის მანძილზე ესვენა, მას იმ დროიდან მოყოლებული, უამრავი სასწაული უკავშირდება.

სხვადასხვა დროს ხატი დაბრძანებული იყო კონსტანტინოპოლში, წმინდა სოფიას ტაძარში, მერე კი, VIII-IX საუკუნეებში, კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში. ანჩაში მეფიდან დაწყებული უკანასკნელი მდაბიორით დამთავრებული მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანსაცემად და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს, როცა თამარ მეფემ თურქები დაამარცხა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი შესწირა ეკლესიებს ხატების შესამკობად. მაშინ ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა მეფეს ხელთუქმნელი ხატის შემკობაც სთხოვა. თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა.

კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ (1453 წ.) ოსმალებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდა წინ, ქვეყნის სიღრმეში... ზედიზედ ნადგურდებოდა წინაპართა ჯაფით აშენებული ტაძრები და იქ დაცული სიმდიდრენი. მდგომარეობას ართულებდა ღალატიც ქართველთა მხრიდან, რომელნიც მდგომარეობის შესანარჩუნებლად მაჰმადიანდებოდნენ. თავზევით ძალა აღარ იყო და სამღვდელოება იძულებული გახდა ხატები და ჯვრები, საეკლესიო სამკაულები და წიგნები გამოერიდებინა, რათა ბარბაროსი დამპყრობლების გასაქელად არ ქცეულიყო. სწორედ ამ დროს გადმოასვენეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც ანჩიდან ახალციხეში, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში, იოთამ ამილახვრის ოჯახში მოხვდა. იოთამის ვაჟს, ღვთისმოყვარე გივი ამილახვარს, ხატის განახლებისთვის დიდად უზრუნია. 20 წლის შემდეგ ხატი ხელახლა შეუმკიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დომენტის ბრძანებით, რომელიც ვახტანგ მეექვსის ძმა იყო. პატრიარქ დომენტისავე ბრძანებით მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ამილახვართა ოჯახიდან თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა. ანჩისხატი გასაბჭოებამდე დაბრძანებული იყო ანჩისხატის ტაძარში. 1920-იანი წლებიდან კი ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში.

ამ ხატისთვის ქართველებს მრავალი საგალობელი შეუქმნიათ. ეს საგალობლები გვიდასტურებენ ჩვენი წინაპრების განსაკუთრებულ მოკრძალებას სასწაულმოქმედი ხატის მიმართ, რომელიც მოსავთა მისთა ანიჭებდა ცოდვათა შენდობას და დიდსა წყალობას. თუ რწმენით შევევედრებით, ანჩისხატი დღესაც შეგვეწევა ხილულსა თუ უხილავ მტრებთან ბრძოლაში.

როგორც წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი ბრძანებს, - როცა ათონის მთიდან ჩამობრძანდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, როცა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ხელოვნების მუზეუმიდან ანჩისხატის ეკლესიაში გადაბრძანდება, როცა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და ანტონ მარტოდმყოფელის მიერ ჩამობრძანებული მაცხოვრის კეცის ხელთუქმნელი ხატი გამოჩნდება, მაშინ გაბრწყინდება საქართველო!

ღმერთმა ინებოს, გაამთლიანოს და გააბრწყინოს ჩვენი სამშობლო!

"აღდგომის ძალით, ნურასოდეს მოაკლდება თითოეულ ადამიანს იმედი, რწმენა, სიმტკიცე და სიხარული"

მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები, რომლებიც საჩუქრად გადაეცემა მკითხველს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერი სწორედ იმ ეზოშია, სადაც საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყმაწვილობაში ცხოვრობდა. უწმინდესის მშობლიურ სახლში დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერი 2003 წლიდან მოქმედებს.

მკითხველი სანთლებთან ერთად საჩუქრად მიიღებს სასწაულმოქმედ ანჩისხატს. ეს არის კარედი ხატი, რომელსაც შეგიძლიათ გვერდები შემოუკეცოთ და სამლოცველო კუთხეში დააბრძანოთ.

ხატებიც და სანთლებიც სტამბა "კოლორში" კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა:

- ანჩისხატი ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული და მნიშვნელოვანი ხატია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხატი ერთნაირად მადლმოსილია. ნებისმიერი ხატით ვეთაყვანებით არა ხატს, როგორც მასალას, არამედ პატივს მივაგებთ იმას, ვინც მასზეა გამოსახული, იმ საღვთო რეალობას, იმ მაცხონებელ დიდებულებას და სასუფევლის მიწიერ ასახვას, მაგრამ ის ტრადიციაც, ისტორიაც, რომელიც ამ კონკრეტულ ხატს (და საზოგადოდ სხვადასხვა ხატს) შეიძლება ახლავდეს თან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვა ჰოლდინგ "პალიტრამედიის" მესვეურების მიმართ, რომლებმაც უკვე მერამდენე წელია ეს ერთგზის წამოწყებული კარგი ინიციატივა ტრადიციად აქციეს და სააღდგომო სანთლით და ხატით ულოცავენ თითოეულ ქართულ ოჯახს, მართლმორწმუნეებს, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

მინდა აღდგომის დღესასწაული მივულოცო თითოეულ ადამიანს, მორწმუნესაც და ურწმუნოსაც. ვუსურვო სრულიად საქართველოს, სრულიად მსოფლიოს სიმშვიდე, სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღე, ერთობა, ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და მართლაც ღვთის გზაზე, მაცხოვნებელ გზაზე, მსვლელობა.

როგორც მაცხოვარმა აღგვითქვა: "მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე და იმისათვის მოვედი ამსოფლად, რომ განბნეული ცხვრები შევკრიბო და იყოს ერთი სამწყსო და იყოს ერთი მწყემსი". და ნამდვილად, თუკი ვინმეს შეეფერება ეს მაღალი სახელი, რაც არის მამის, მოძღვრისა და მწყემსის, ეს არის თავად უფალი და მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და მისი აღდგომის სინათლით, აღდგომის ძალით, ნურასოდეს მოაკლდება თითოეულ ადამიანს იმედი, რწმენა, სიმტკიცე, სიხარული და ძალა ამ ცხოვრების ღირსეულად, მადლიანად და კეთილმსახურებით გასატარებლად.

თამარ მამაცაშვილი

ეკა სალაღაია