ადგილი სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს - კვირის პალიტრა

ადგილი სადაც წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს

ამ ადგილას მთელი ქართლი მოინათლა

არცთუ დიდი ხნის წინ ისტორიკოსმა ეკა ჯაფოშვილმა და არქიტექტორმა გია პარკაიამ მცხეთაში მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ნათლობის ადგილი დაადგინეს, დაადგინეს უფლის კვართის ხელთამმპყრობლის, წმინდა ელიოზ მცხეთელისა და მისი დის, წმინდა სიდონიას სამოსახლო ადგილის მდებარეობა. ეს არის მცხეთის საქალაქო სივრცეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ის მონაკვეთი, რომელიც, ერთი მხრივ, მოქცეულია ძველ მოგვთა ხიდსა (პომპეუსის ხიდსა) და სამანქანო ახალ ხიდს შორის, სადაც შემდგომში წმინდა ნინომ ჯვარი აღმართა და მირიან მეფე და ნანა დედოფალი მონათლა.

წერილობითი წყაროებისა და საეკლესიო ტრადიციის თანახმად, მდინარე მტკვარი ქართველთა იორდანეა და სწორედ ამ ადგილიდან მტკვარ-არაგვის შესართავამდე  წმინდა მეფე მირიანის მოწოდებით მთელი ქართლი მოინათლა.

ადგილი, სადაც წმინდა ნინომ  მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა, რომელიც აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს(?!)

საქართველოში ამ ბოლო დროს ერთი უცნაურობა შეინიშნება: როგორც კი გამოჩნდება წმინდა ადგილი, რომელსაც მართლმადიდებელი ქართველისათვის დიდი ღირებულება აქვს, მავანთაგან მისი შებილწვა და აბუჩად აგდება საშურ საქმედ მიიჩნევა. იქ, სადაც 100000-მა ქართველმა მოწამემ სიცოცხლე ქრისტეს რჯულისათვის გაწირა, "ბუდაბარის" მშენებლობაა დაგეგმილი, ხოლო  მცხეთაში სწორედ ის ადგილი, სადაც წმინდა ნინომ  მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქე ოლიგარქს მიჰყიდა. ოლიგარქი აქ სასტუმროს თუ რესტორანს აშენებს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მცხეთის გამგეობას არაერთხელ მიმართა საპატრიარქომ, მაგრამ ამაოდ - ახლა იქ გამალებული მუშაობაა.

გია პარკაია, არქიტექტორი: "ზედმიწევნით გადავამოწმეთ ყველაფერი და ეჭვი არ არის, რომ სწორედ ამ ადგილას მონათლა წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ამ საკითხს ოთხი თვე განიხილავდნენ საპატრიარქოშიც და შედეგად ეს ადგილი წმინდა ადგილად იქნა მიჩნეული. ბუნებრივია, ეს ვაცნობეთ მცხეთის გამგეობას, მაგრამ ამაოდ, ჯიუტად აგრძელებენ მშენებლობას. პრეზიდენტსაც მივმართეთ, იქნებ სხვა ტერიტორია მიეცათ მესაკუთრისთვის, მაგრამ ვინ მოგისმინა.

საპატრიარქომაც რამდენჯერმე მიმართა გამგეობას წერილით.

ბოლოს, პროექტი რომ ვერ შეათანხმეს ვერც საპატრიარქოსა და ვერც ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, განაცხადეს, რუსეთის მოქალაქე ოლიგარქი სახლის რეკონსტრუქციას აკეთებსო! ყველა, მცხეთის მთავარი არქიტექტორით დაწყებული და გამგეობის წევრებითა და გამგებლით დამთავრებული, ბიზნესმენის ინტერესებს თავგამოდებით იცავს. რატომ, რისთვის? მცხეთა, სადაც უფლის კვართია დაფლული, მეორე იერუსალიმია. მისი სივრცული გარემო დატვირთულია ქრისტიანული საგანძურითა და სიწმინდეებით. მცხეთაში კაცობრიობის ორი უდიდესი განძი - უფლის კვართი და ელიას ხალენი ინახება.

მცხეთა თავად არის  ქალაქი-ტაძარი და ამ სივრცეში სწორედ ეს ადგილია ემბაზი, სადაც ნათლობის საიდუმლო აღესრულა პირველად. აქედან დაიწყო ქართველთა გაქრისტიანება და სწორედ ეს ემბაზი წაბილწეს. ჯანდაბას, ბატონო, შენ თუ ურწმუნო და ათეისტი ხარ, არც სხვის რწმენას სცემ პატივს, არც სიწმინდე გიღირს რამედ, არც საკუთარი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გაინტერესებს, იმას მაინც ხომ უნდა მიხვდე, რამხელა შემოსავლის მოტანა შეეძლო ამ ადგილს? რისთვის ჩადის ხალხი იერუსალიმში, მათ შორის - არაქრისტიანებიც? ქრისტიანული სიწმინდეების სანახავად ხომ? შეიძლება ემბაზში ჩააფურთხო?"

საქმე ის არის, რომ ჩვენმა ჩინოვნიკებმა არა მარტო ღვთის, არამედ კანონის წინაშეც გვარიანად შესცოდეს. ეს ადგილი მართლზომიერ მფლობელს, მცხეთის საპატიო მოქალაქეს, ეთერ მრევლიშვილს მაქინაციებით წაართვეს და აუქციონზე ფარულად მიჰყიდეს რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენ ომარ ფერცულიანს.

ეთერ მრევლიშვილი: "2009 წლის ივლისში მცხეთის მუნიციპალიტეტთან არსებულმა საკუთრების აღიარების კომისიამ მაცნობა, რომ მიწას, რომელიც გამგეობის აქტით მეკუთვნოდა, ვერ დავიკანონებდი, რადგან წყლის ფონდის საკუთრება ყოფილა. კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2008 წლის 14 მაისს მიიღო, მაგრამ მე რატომღაც 2009 წლის 16 ივლისს ჩამაბარეს. სამაგიეროდ, 2009 წლის 25 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეს ტერიტორია საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიტანა და აუქციონზე გაყიდა.

აუქციონი ისე ჩაატარა მცხეთის მუნიციპალიტეტმა, ომარ ფერცულიანის გარდა არავის გაუგია. განცხადება აუქციონის შესახებ ,,საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა. ამ გაზეთს მცხეთაში მხოლოდ ერთი ბუღალტერი იღებს".

ნიკა მჟავანაძე, ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი: "საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების ცენტრმა გააფრთხილა გამგებელი, რომ მცხეთის ამ მონაკვეთში რაიმეს დაგეგმვა, მოწყობა თუ აშენება საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად დაუშვებელი იყო, მოგვიანებით კი მცხეთის გამგებელს იმავე ცენტრის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა აბა ალავერდელმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიმართეს წერილით და ისევ უშედეგოდ.

მცხეთის მუნიციპალიტეტმა და მცხეთის მთავარმა არქიტექტორმა ვითომ ხერხს მიმართეს და მშენებლობა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციად, ღობისა და ეზოს კეთილმოწყობად მონათლეს. გამგებელმა განაცხადა, ომარ ფერცულიანს აქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შეთანხმებული პროექტიო, რაც მტკნარი სიცრუეა. აშკარაა, რომ სახლის რეკონსტრუქცია კი არა, მის გვერდით ახალ შენობას აშენებენ.

გარდა იმისა, რომ ომარ ფერცულიანი სახლს უნებართვოდ და უპროექტოდ აშენებს, მან თვითნებურად მოჭრა კლდეც, რაც კანონით საჯარო განხილვის გარეშე დაუშვებელია. ყოველივე ეს დაწვრილებით ვაცნობეთ მცხეთის პროკურატურას, მაგრამ ის ჯიუტად დუმს და თვალს ხუჭავს აშკარა სისხლის სამართლის დანაშაულზე".

თემურ აბაშიძე, მცხეთის გამგებელი (სტილი დაცულია): - კომისიამ გვამცნო, რომ ეს მიწა სახელმწიფო იყო, რის შემდეგაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვთხოვეთ, ჩვენთვის გადმოეცა საკუთრებაში. შემდეგ საკრებულოს ვთხოვეთ მიწის გაყიდვის ნებართვა და მივიღეთ კიდეც.

- თუ ეს ადგილი წყლის ფონდის საკუთრება იყო, აუქციონზე როგორ გაიტანეთ?

- საკუთრების აღიარების კომისიას არ ჰქონდა წყლის ფონდის მიწის საკუთრებაში გადაცემის უფლება, აი, როცა მიწა აუქციონზე იყიდება, პრობლემა არ არის წყლის ფონდის გასხვისება.

- საპატრიარქომ ხომ გაცნობათ, რომ ეს წმინდა ადგილად არის აღიარებული?

- აღიარება ასე არ ხდება... კი, ასეთი წერილი მივიღეთ, მერე რა?

- ეს არაფერს ნიშნავს?

- როგორ არ ნიშნავს, მაგრამ აღიარება და ვიღაცამ რომ დაამტკიცოს, რომ ეს წმინდა ადგილია, ასე არ არის(?!).

- ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საპატრიარქომაც რამდენჯერმე გამოგიგზავნეს წერილი, რომ ამ ადგილას საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად დაუშვებელია მშენებლობა...

- საპატრიარქომ გაგვაფრთხილა, საკითხი კომისიაზე გაიტანეს რამდენჯერმე და შეთანხმდა ყველაფერი.

- შეთანხმდა, ვისთან?

- ყველაფერი შეთანხმებულია (საპატრიარქოში განგვიმარტეს, რომ არაფერია შეთანხმებული. - ავტ.)... მშენებლობა ახლა შეჩერებულია, რაღაც სიმაღლეები დაირღვა და ამის გამო... შეჩერებულია (არადა იქ ახლა გამალებული მუშაობა მიმდინარეობს. - ავტ.)...

- რა შენდება?

- საცხოვრებელი სახლი.

- თუ სახლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს?

- პრინციპში რეკონსტრუქციაა, მაგ ადგილზე იყო ეს სახლი და გადაკეთდა მთლიანად.

ჩვენ დავუკავშირდით საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მამა ბესარიონ მენაბდეს: "რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც საქართველოს საპატრიარქომ უკვე ერთხელ თქვა და წერილობით დაასაბუთა? განა ეს ცოტაა?"

(ამ თემაზე სიუჟეტი იხ. www.palitraTV.ge-ზე)