"საქართველოში რომ შემოვიდე, ამისთვის ბაქოში რატომ უნდა ჩავიდე?!"
10-05-2021
"საქართველოში რომ შემოვიდე, ამისთვის ბაქოში რატომ უნდა ჩავიდე?!"
"გალელი ქართველები ენგურზე გადმოდიოდნენ, ამ ამბავს რამდენიმე მათგანი კიდეც შეეწირა და მე როგორ მოვიქცე - ალაზანი­ გადმოვლახო?!"

საქართველოს ულამაზეს კუთხეს, ჰერეთს, უმძიმესი ბედი ხვდა წილად - ამ კუთხის შვილები მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდნენ, რომ ქართველობა არ დაეკარგათ, ათასი ჯურის გადამთიელს გადაურჩნენ, მაგრამ 1921 წელს ეს მხარე აზერბაიჯანს ისევ ქართველებმა გადაულოცეს! საინგილოში მცხოვრები ქართველები დღესაც ცდილობენ, სამშობლოსთან კავშირი არ გაწყვიტონ. ისინი საქართველოს ძირძველ კუთხეში ქართულ სულს დღემდე აცოცხლებენ. თავიანთ სატკივარზე ლაპარაკი
მაინცდამაინც არ უყვართ, მაგრამ ბოლო ხანებში ძალიან გაუჭირდათ. როგორც ამბობენ, ისინი საქართველოში ვეღარ ჩამოდიან. ამ პრობლემის შესახებ კახის რაიონის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვაცნობა, რომელმაც თავისი სახელი არ გაამხილა, მხოლოდ გვარი გვითხრა - ოთარაშვილი ვარ და ჩემი გვარით ძალიან ვამაყობო...

- ჰერეთში მცხოვრები ქართველები ძალიან ცუდ დღეში
აღმოვჩნდით. მეორე წელია, რაც საქართველოს მოვწყდით. ზოგჯერ მგონია, მარტო სამშობლოს კი არა, მთელ სამყაროს ვართ მოწყვეტილი!­ ადრე კახიდან თბილისში სამი სამარშრუტო ტაქსი დადიოდა, ბელაქნიდან და ზაქათალიდანაც იყო ტრანსპორტი, თბილისში 10 ლარად ჩამოვდიოდით, ახლა კი, მეორე წელია, საკუთარ დარდში ვიხრჩობით! იქნებ საქართველოს მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს, იქნებ როგორმე გაგვიხსნან საზღვარი ლაგოდეხში - სხვას არაფერს ვითხოვთ.

- ამის მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებია?
- დიახ, საზღვარი ჩაკეტილია და საინგილოს მოსახლეობა იძულებულია, ბაქოში ჩავიდეს, რომ იქიდან საქართველოში მოხვდეს. კახიდან ბაქომდე ტაქსი 300 ლარს ითხოვს. წარმოიდგინეთ, სტუდენტს, რომელიც თბილისში სწავლობს, რამდენი უჯდება მგზავრობა, ამას ემატება ტესტირების ფულიც. ზოგიერთ ოჯახს ორი-სამი სტუდენტი ჰყავს, თბილისში სწავლობენ და სახლში რომ დაბრუნდნენ, თბილისიდან ჯერ ბაქოში უნდა ჩავიდნენ და მერე იქიდან წამოვიდნენ საინგილოში.

მოკლედ, წასვლა-წამოსვლა 800-900 ლარი უჯდებათ. ბევრ ოჯახში ჰყავთ ავადმყოფი, რომელსაც ექიმი თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში ჰყავს და ეს ხალხიც ვერ მიდის ექიმთან. ბაქოში ჩვენ არავის ვიცნობთ, თბილისში კი ნათესავები გვყავს და რომ ჩამოვდივართ, მათთან ვრჩებით.
გული მაწუხებს, ექიმთან თბილისში დავდივარ, ახლა ბაქოში ვისთან წავიდე?

- დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც გალში­ იყო - გალელები ე.წ. საზღვარზე ვერ გადმოდიოდნენ და ენგურის გადმოცურვა უწევდათ...
- ძალიან მიხარია, რომ გალელ ქართველებს ეს შეზღუდვა მოუხსნეს - ტესტირებას უტარებენ და საზღვარზე უშვებენ. ხომ შეიძლება ჩვენც ასე შემოგვიშვან? მარტო ტესტები კი არა, ზოგიერთი­ აიცრა კიდეც იმ იმედით, რომ საქართველოში წამოვიდოდა. ვაქცინა მეც გავიკეთე და კოვიდპასპორტიც მაქვს. ხალხი მონატრებულია შვილებს, ახლობლებს, ნათესავებს.

ნუთუ საქართველოში ჩვენზე არავინ ფიქრობს, უფლება მოგვეცით, რომ საზღვარზე გადმოვიდეთ, საკუთარი მანქანები გვყავს, ან ერთმა სამარშრუტო ტაქსმა მაინც რომ იაროს. თუ თქვენი გაზეთი ამ საქმეში დაგვეხმარება, მთელი ჰერეთი თქვენი მადლობელი დარჩება! გალელი ქართველები ენგურზე გადმოდიოდნენ, ამ ამბავს რამდენიმე მათგანი კიდეც შეეწირა და მე როგორ მოვიქცე - ალაზანი­ გადმოვლახო?!

- მართალია, სახელი არ გაგვიმხილეთ,­ მაგრამ ის მაინც გვითხარით, როგორ ცხოვრობთ საინგილოში, რა გიჭირთ, რა გილხინთ?­
- ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონება თელავს უკავშირდება. იქ ვსწავლობდი, იქ ჩემი მოგვარეები - ოთარაშვილები ცხოვრობენ. ჩვენ ოთარაანთ ქვრივის შთამომავლები ვართ. ოთარაშვილები ბიძაშვილს მეძახდნენ, თავისთან მპატიჟებდნენ და საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა, ახლა კი, ნათესავები კი არა, ჩემი შვილი სტუდენტია და თვეობით ვერ ვნახულობ. ეს არის ჩვენი სატკივარი, თორემ ძველებურად ვართ - კახის რაიონში შვიდი ქართული სკოლაა. სკოლები აქაც დაკეტილია და ონლაინგაკვეთილები ტარდება. კოვიდის გამო რამდენიმე ადამიანი აქაც გარდაიცვალა.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს რწმენასა და ადათ-წესებს არ ვკარგავთ. ეკლესიაში დავდივართ, ქართველი მოძღვრები­ გვყავს­, ვლოცულობთ და სანთლებს ვანთებთ. აზერბაიჯანელებთან მეგობრულად ვცხოვრობთ, მაგრამ საქართველოსთან კავშირის გაწყვეტა არ გვინდა. მოგვენატრა ჩვენი საქართველო და ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც რომ შემოგვიშვათ, ამით დაშავდება რამე?!

P.S. ჯანდაცვისა და სოციალურ საკით­ხთა კომიტეტისა და საგარეო საქმეთა­ კომიტეტის წევრები ლადო კახაძე და მარიამ ლაშხი მზად არიან, ამ საკითხში­ ჩაერიონ.
"სამწუხაროდ, "კორონას" გამო საქართველოს საზღვრებზე მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ მე მოვალედ მივიჩნევ თავს, ეს საკითხი სათანადო სტრუქტურებს გავაცნო. პრობლემა საკოორდინაციო საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერი კი მეზობელ აზერბაიჯანთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მე მზად ვარ, ყველანაირად მხარში ამოვუდგე ისტორიული ჰერეთის მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ჩემსავით ფიქრობს", - ამბობს ლადო კახაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე
ჯუჯა
11 მაისი 2021 15:34
სამწუხაროთ ჰერეთელი ქართველების რაოდენობა დღითი დღე კლებულობს ჰერეთის მიწაზე, რომელიც დღეს აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. ბევრი ახალგაზრდა (მხედველობაში მყავს ისინი ვინც რელიგია და გვარ-სახელიშეიცვალეს) ლეკებზე და აზერბაიჯანელებზე ქორწინდება, გვარ-სახელი შეცვლილი აქვთ და ქართული ენაც ავიწყდებაც. ბევრმა არც კი იცის ქართული წარმომავლობა რომ აქვს.
ჭაჭაშვილი
11 მაისი 2021 14:39
საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ პოლიტიკურ ბუმმა ქვეყანა ქაოსმა მოიცვა, მთავრობიდან გაქცეული თუ გაძევებული კვლავ ებღაუჭება სკამის მოსაპოვებლად და ორი კაცი და ახალი პარტია იბადება. პრეზიდენტობის არჩევნებზე რამდენიმე ათეული კანდიდატებად რეგისტრირდებიან ამათ ან ვის უნდა მოსთხოვო დახმარება, მაგატ ფეხებზე ჰკიდიათ შენ ქართველი სად ცხოვრობ რა უფლებები გაგაჩნია. ადრეც მოვითხოვეთ რამდენიმე სფეროში /ჯანდაცვის, განათლების/ მოგვანიჭეთ უფლებები როგორც საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ. პასუხი ასეთი იყო თქვენ ვერ მოგანიჭებთ-ცხოვრობთ საზრვარგარეთ- აფერუმ ასეთი ამოწურავი პასუხისთვის......
ლელა
10 მაისი 2021 18:14
როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა!!! სასწრაფოდ აქაც იგივე ზომებია მისაღები,რაც აფხაზეთიდან გადმომსვლელებს აქვთ!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში?