"მეუბნებოდნენ, რატომ ერევანში არ დარჩი, იქ ხომ უკეთ იქნებოდიო, სხვაგან როგორ ვიქნებოდი­ კარგად, როცა ჩემი სამშობლო საქართველოა"
12-05-2021
"მეუბნებოდნენ, რატომ ერევანში არ დარჩი, იქ ხომ უკეთ იქნებოდიო, სხვაგან როგორ ვიქნებოდი­ კარგად, როცა ჩემი სამშობლო საქართველოა"
"სულ ვამბობ ხოლმე, 21-ე საუკუნეში შეცდომით დავიბადე, მე-19 საუკუნეში უნდა დავბადებულიყავი-მეთქი. იქ იყო მეტი ენერგია. ჩემი თოჯინების ენერგიაც იქ არის - ძველ დროში. რაც უფრო ძველმანებით ვაწყობ თოჯინას, მასში მეტ ენერგიას ვამჩნევ. კი, ჩვენს ეპოქაშიც არის რაღაც საინტერესო, მაგრამ მათ სულიერება აკლია და შენ უნდა "აუნთო" ეს სხივი..."

"იყო და არა იყო რა. ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მეზღაპრე, რომელსაც ერთი ჩემოდანი ჰქონ
და. ეს მეზღაპრე დილაუთენია ადგებოდა, ჩააწყობდა ჩემოდანში ზღაპრულ თოჯინებს და მიდიოდა ბავშვებთან ზღაპრული ზღაპრების გასაცოცხლელად, რისთვისაც თავისი ჩემოდნიდან თოჯინებს ამოსხამდა ხოლმე, ცოტა უკვდავების წყალს დაალევინებდა და გააცოცხლებდა"­ - ჩემთვის ბავშვობისას ეს ზღაპარი ვინმეს­ რომ მოეყოლა, თვალები გამიფართოვდებოდა, სუნთქვა შემეკვრებოდა და გულის ფანცქალით დავუწყებდი ლოდინს იმ კეთილ მეზღაპრეს, რომელიც ჩემს ბავშვობაში არ არსებობდა, მაგრამ ახლა,
როცა ამას ვწერ, ის ნამდვილად არსებობს...

მარნეულის სოფელ შაუმიანში ცხოვრობს­ კაცი, რომელიც თოჯინებს აკეთებს, სოფელ-სოფელ დააქვს და ბავშვებისთვის უფასო სპექტაკლებს დგამს, თანაც, ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც აღვწერე - მოსიარულე ზღაპარი, უშველებელი ჩემოდნითა და კეთილი გულით.



არმენ ჰოვანისიანი:

- მგონი, დიდს მართლაც არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ხალხი მაინც მეუბნება, არმენ, რა კარგ საქმეს აკეთებო, მე კი ვპასუხობ, ეჰ, რანაირ დროში ვცხოვრობთ, როცა ერთ კეთილ საქმეს გააკეთებ და ათ ადამიანს უკვირს, არადა, სიკეთე რატომ უნდა გვიკვირდეს-მეთქი. არ ვიცი, ჩხუბი და შური უფრო რატომ მოგვწონს, მაგრამ მე ასეთი ვერასოდეს გავხდები, სხვა რამ მაინტერესებს - მინდა ადამიანები გავახარო, ბავშვებს ოცნებები ავუსრულო, რადგან ვიცი, ეს როგორი მნიშვნელოვანია.

მეც მქონდა ბავშვობაში ოცნებები, რომლებიც არ ამისრულდა. მაგალითად, ძალიან მინდოდა, თოჯინების თეატრი ერთხელ მაინც მენახა, მაგრამ ვერ ვნახე. რატომ? იმიტომ, რომ სოფელში თოჯინების თეატრი არ იყო, თბილისში კი ვერავინ წამიყვანა, არ იყო ამის საშუალება.

ისღა დამრჩენოდა, თავად დამეწყო­ თოჯინების კეთება, რომ მერე ჩემი თოჯინებით საკუთარი თავისთვის სპექტაკლები დამედგა. ჰოდა, დავიწყე... შინ რა ძველმანებიც გვქონდა, ვაგროვებდი, თოჯინებს ვაკეთებდი და სპექტაკლებსაც ვდგამდი. როდესაც შუქი არ გვქონდა, და ეს ძალიან ხშირად იყო, მაშინ კედელზე ვაცოცხლებდი­ სპექტაკლს თითების ჩრდილებით, ახლა კი თეატრი გავაკეთე, ოცნებები მეც ავისრულე და ბავშვებსაც ვუსრულებ.

მხატვრობის ნიჭიც აღმომაჩნდა. თოჯინების გარდა, ქანდაკებებსაც ვძერწავდი,­ თან ვხატავდი, მშობლებიც მეხმარებოდნენ­ - მამა იმით, რომ ჩემს საქმეში არ ერეოდა, დედა კი თოჯინების კაბებს მიკერავდა, რა თქმა უნდა, ჩემი დიზაინით. ის ახლაც კერავს ჩემი თოჯინებისთვის კაბებს.


- ახლაც ხატავთ?
- ერევანში დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი მხატვარ-დიზაინერის სპეციალობით, მაგრამ როგორც კი სწავლას მოვრჩი, მაშინვე შაუმიანში დავბრუნდი.

- ანუ ერთ-ერთ იმ სოფელში, სადაც მხატვრობითა და მით უფრო - თოჯინების თეატრით ცხოვრება შეუძლებელია.
- ამიტომაც ბევრს გაუკვირდა ჩემი დაბრუნება. მეუბნებოდნენ, რატომ ერევანში არ დარჩი, იქ ხომ უკეთ იქნებოდიო.­ შეთავაზებები იქ მართლაც მქონდა და გამოფენებსაც ვმართავდი, მაგრამ ვერ დავრჩი. არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა, არ შემეძლო...

- რატომ?
- იმიტომ, რომ სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. სამშობლო არის იქ, სადაც იბადები, იზრდები და თავს კარგად გრძნობ. სხვაგან როგორ ვიქნებოდი­ კარგად, როცა ჩემი სამშობლო საქართველოა, თბილისი კი ჩემი შთაგონების ქალაქია. სადაც უნდა ვიყო, სამშობლოსთან განშორების შეგრძნება რომ არ გამიჩნდეს, თან მუდამ ქართული მუსიკის­ ჩანაწერები მაქვს. როდესაც სომხეთში ვსწავლობდი, იქაც ჩემი პატარა საქართველო მოვიწყვე. ერევანში ფარაჯანოვის მუზეუმია. როგორც კი სამშობლო მომენატრებოდა, მაშინვე ამ მუზეუმში მივდიოდი - ფარაჯანოვსაც ხომ გაგიჟებით უყვარდა თბილისი. მე ქართული ენა მხოლოდ იმიტომ კი არ ვისწავლე, რომ ის ჩემი სახელმწიფო ენაა, არამედ იმიტომაც, რომ ეს იმ ქვეყნის კულტურის ენაა, რომელიც ჩემი სამშობლოა და ეს კულტურა არის ისეთი ღრმა, რომ ჩემი გული ორად გაყო: იქ ნახევარი ადგილი სომხურ კულტურას უჭირავს, ნახევარიც - ქართულს.


- სხვანაირი ცნობიერების გარეშე ქართულს ვერც ისწავლიდით - მარნეულის რაიონის სოფლებში თქვენი თაობის ხალხმა ხომ ქართული არ იცის...
- ეს მართალია, მაგრამ ახლა ჩვენთან უკვე იციან ბავშვებმა ქართული. 34 წლის ვარ და ჩემი თაობის მასწავლებლებმაც კი მხოლოდ ქართული ასოები იცოდნენ. რა ვქნათ, დრო იყო ასეთი... შაუმიანის სკოლაში მარტო რუსული და სომხური სექტორები იყო, ქართული სექტორი აქ მხოლოდ 2008 წელს გახსნეს. თავად როგორღა ვისწავლე ქართული ენა? კითხვა და ხელოვნება მიყვარს. შავ-თეთრ ტელევიზორში ქართულ ფილმებსა და მულტფილმებს თვალმოუშორებლად ვუყურებდი. მაგალითად, დღესაც ისევე ვგიჟდები "წუნასა და წრუწუნაზე", როგორც ბავშვობაში, ამიტომაც ჩემს თოჯინების თეატრში სპექტაკლადაც დავდგი. ერთი პერიოდი თბილისში, თუმანიანის კულტურის ცენტრში ვმუშაობდი, სოლოლაკში. შაუმიანიდან დილით გავდიოდი და ღამით ვბრუნდებოდი. გარდა ამისა, ქართულად ბევრს ვკითხულობ. ერთი ეგ არის, რომ ლაპარაკის პრაქტიკა ნაკლები მაქვს, ამიტომ ლაპარაკისას ხანდახან აზრის დალაგება­ მიჭირს.

სულ ვამბობ ხოლმე, 21-ე საუკუნეში შეცდომით დავიბადე, მე-19 საუკუნეში უნდა დავბადებულიყავი-მეთქი. იქ იყო მეტი ენერგია. ჩემი თოჯინების ენერგიაც იქ არის - ძველ დროში. რაც უფრო ძველმანებით ვაწყობ თოჯინას, მასში მეტ ენერგიას ვამჩნევ. ბავშვებსაც ძველი უფრო აინტერესებთ - ისინი ხომ საუკეთესოდ გრძნობენ ყველაფერს. კი, ჩვენს ეპოქაშიც არის რაღაც საინტერესო, მაგრამ მათ სულიერება აკლია და ამ დროს შენ უნდა "აუნთო"­ ეს სულიერების სხივი.

ამას დიდი ძალა სჭირდება, თუმცა ამ ძალის დახარჯვა ღირს. ამას წინათ მარნეულის ცენტრმა დაავადებული ბავშვებისთვის ონლაინსპექტაკლების გამართვა მთხოვა, რასაც გაოთხმაგებული ძალით ვაკეთებ - ბავშვებს ისედაც ორჯერ მეტი სიყვარული სჭირდებათ, ვიდრე დიდებს, თორემ გაგექცევიან, დაავადებულ ბავშვებს კი უფრო მეტი სიყვარული უნდათ. გამაოცეს აუტისტმა ბავშვებმა. ზოგიერთი­ საავადმყოფოშია და ყოველდღე წერილებს მწერენ - როდის გამოჩნდებიან კომპიუტერში შენი თოჯინებიო.

- სრულიად მარტო, დაუფინანსებლად დადიხართ სოფლიდან სოფელში თოჯინებიანი ჩემოდნით ხელში. ამას როგორ ახერხებთ?
- მაქვს ერთი დიდი ჩემოდანი.­ დილით­ ავდგები, ჩავაწყობ იმ თოჯინებს,­ რომლებიც ერთი რომელიმე სპექტაკლის გამართვას სჭირდება. თბილისში, "ქარ­თველ-სომეხთა" კავშირში, მეგობარი გოგონა მყავს და მას ვუთანხმებ, რომელ სოფელში გავმართო წარმოდგენა. მერე ჩემი მეგობარი ამ სოფელში რეკავს, მეზღაპრე მოდისო და ბავშვებიც მხვდებიან.

ხანდახან სოფლამდე მანქანით ვერ ავდივარ, რადგან გზა არ არის, ამიტომ მანქანიდან გადმოვდივარ და გზას ფეხით მივუყვები. მერე იქ რაც ხდება, ძნელი მოსაყოლია. ნახევარი საათი სპექტაკლი გრძელდება, ორსაათ-ნახევარი კი - ჩემი ბავშვებთან საუბარი და ფოტოების გადაღება. უნდა ნახოთ, რა ემოციაა! რაც შეეხება დაფინანსებას, სამ პატარა თეატრთან მაქვს ხელშეკრულება, როგორც მხატვარს. როგორც კი მცირე თანხას მომცემენ, მაშინვე სპექტაკლების გასამართავად მივდივარ.


- ბავშვობაში ჩემს სოფელში რომ დამენახა, როგორ მოუყვება კაცი აღმართს ჩემოდანში ჩატეული თეატრით, ალბათ, სიხარულისაგან გავგიჟდებოდი.
- მეც დიდხანს ველოდი­ ასეთ კაცს სოფელში, მაგრამ არ მოვიდა და ამიტომ ახლა სხვა ბავშვებისთვის ეს კაცი მე ვარ. ეს ბავშვები შეიძლება ისე გაიზარდონ, რომ თოჯინების თეატრი ვერასოდეს ნახონ, ამით კი ბევრი რამ დააკლდებათ, უპირველესად - ადამიანობა.

სპექტაკლებს ჩემს დაწერილ ზღაპრებზე ვდგამ. Pპირველად სომხურად ვდგამდი, რადგან ეს ჩემი ბავშვობის ენაა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, ისეთი მუსიკალური სპექტაკლები შემექმნა, სადაც სიტყვები არ იქნებოდა და ყველა ეროვნების ბავშვი გაიგებდა.

ზღაპარი ყველას სჭირდება, დიდებსაც კი - ისინი ხომ ყოველდღე კარგავენ თავიანთ ზღაპრებს, რადგან ცხოვრებას­ ვერ უძლებენ, საკუთარი ზღაპარი კი არაფრით არ უნდა დაკარგო. ყოველი სპექტა­კლის შემდეგ ვეუბნები ბავშვებს - თქვენ ყველას გაქვთ საკუთარი ზღაპარი და ის არასოდეს დაკარგოთ, გულებში შეინახეთ, რომ ბედნიერები იყოთ-მეთქი.

თქვენ გგონიათ, ქალაქის ბავშვებს არ სჭირდებათ ზღაპრები? მათაც ძალიან სჭირდებათ! ქალაქში ხომ თითქმის არაფერი ხდება საინტერესო და ბავშვები ტელეფონებით ცხოვრობენ. ქალაქელი ბავშვებიც მწერენ, ჩამოდი ჩვენთან, თოჯინები ჩამოიტანეო, მაგრამ ვერ მივდივარ.

ინტერნეტის წყალობით შეთავაზებები­ მაქვს ევროპაში, რუსეთშიც, სომხეთშიც; სულ ბოლოს უკრაინიდან მომწერეს, ჩვენთან ჩამოდი, ჩამოიტანე შენი თოჯინები და თეატრს გაგიკეთებთო. მაგრამ არა, ვერ მივდივარ. აქამდე თუ არ წავედი, ახლა როგორღა წავიდე?

მხოლოდ აქ, ჩემს სამშობლოში­ მინდა მქონდეს პატარა თეატრი, სადაც ბავშვებს სპექტაკლებს უფასოდ ვაჩვენებ, უფროსები კი დალევენ ყავას ან ჩაის და ისაუბრებენ ხელოვნებაზე.

- რომელიმე თქვენს ზღაპარს ხომ არ მომიყვებით?
- ფიროსმანი ძალიან მიყვარს, ჩემს თოჯინებში თოჯინა ფიროსმანი ერთ-ერთი­ მთავარი გმირია.

დიდი ხელოვანების თოჯინები ჩემს კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებენ.­ იქ არის მკრტიჩიანი "მიმინოდან", სოფიკო ჭიაურელი, სერგო ფარაჯანოვი.­ მინდა მათ შესახებ ბავშვებმაც იცოდნენ,­ მაგრამ ეს სახელმწიფოს ვერ გავაგებინე.­ რაღაც პროგრამ­ებს აფინანსებენ, მაგრამ...­ თავადაც გავაკეთე ერთი პროექტი, მივყევი, თითქოს ბოლომდეც მივიდა და მიხაროდა, მაგრამ ბოლო საფე­ხურიდან აღარ დაიძრა. ველ­ოდე და ბოლოს კი ნაცნ­ობი გოგონასაგან შევიტყვე, რომ პროექტი ჩემი ეროვნების გამო დაუწუნიათ. არადა, მე რომ ჩემი სამშობლო მიყვარს, ყველას­ ისე რომ უყვარდეს, უსიამოვნებები აღარ მოხდებოდა. თუკი დამინახავს, რომ ვიღაცამ ჩვენსა და ქართველებს შორის ურთიერთობის გაფუჭება სცადა, მაშინვე მითქვამს, საქართველო ომის გასამართი ქვეყანა არ არის, თუ ომი გინდათ, წადით და თქვენ თქვენს ქვეყნებში იომეთ-მეთქი. სანამ ცოცხალი ვარ, არ დავუშვებ, რომ საქართველოს ვინმემ რამე ავნოს. ეს ჩემი სამშობლოა და მე ის ძალიან მიყვარს.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?