"ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც მოსწავლეს პირდაპირ ვუთხარი, რომ მანქანის მართვას ვერასოდეს ისწავლიდა"
"ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც მოსწავლეს პირდაპირ ვუთხარი, რომ მანქანის მართვას ვერასოდეს ისწავლიდა"
"ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დამწყები მძღოლის მიმართ აგრესიას ქალი მძღოლებიც ავლენენ"

ნონა ახალკაცი
, ერთადერთი ლიცენზირებული ქალი ავტოინსტრუქტორი, თვლის, რომ მანქანა დღეს ფუფუნების საგანი კი არა, მიმოსვლის საშუალებაა, რომ ცუდი მძღოლია ის, ვინც საჭესთან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, კარგი - ის, ვინც ფიქრობს სხვაზეც და საკუთარ თავზეც, ხოლო პროფესიონალი - ის, ვინც საკუთარი თავის გარდა, ფიქრობს არა მარტო სხვაზე, არამედ სხვის მაგივრადაც.

- პროფესიით ეკონომისტი ვარ. ლექციებს ვკითხულობდი სამ საგანში -
მარკეტინგში, მენეჯმენტსა და საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სრულიად განსხვავებული პროფესია ავირჩიე - ახლაც მოსწავლეები მყავს, უბრალოდ, რასაც მაშინ ვასწავლიდი, ის ნაკლებად აინტერესებდათ და არ მისმენდნენ, ახლა კი დაინტერესება მეტია. ბევრს უკვირს, როდესაც იგებენ, რომ ავტოინსტრუქტორი ვარ. ქალბატონებს განსაკუთრებით უხარიათ ეს ამბავი. თუმცა
მამაკაცი მოსწავლეც ბევრი მყავს.

ერთი წყვილი მყავდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.­ პირველივე გაკვეთილზე ცოლმა აშკარად აჯობა ქმარს. მაშინ ვუთხარი, ან შენ გასწავლი მანქანის მართვას, ან მივატოვებ ჩემს პროფესიას და კულინარიაში ვცდი ბედს-მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ამ ბიჭს მანქანის მართვა არ აინტერესებდა, მეუღლის სურვილით სწავლობდა, 4-5 გაკვეთილის შემდეგ კი ერთი სული ჰქონდა, მომდევნო გაკვეთილი როდის დაიწყებოდა.

ყველანაირად ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს­ მანქანა შევაყვარო. გარდა ამისა, ფსიქოლოგიურადაც მოვამზადო მანამდე, სანამ გადატვირთულ უბნებში წავალთ სასიარულოდ. რაც მთავარია, ვცდილობ, ეს ყველაფერი სახალისო იყოს. მაგალითად, გვაქვს ვარჯიშები: "მასპინძელო", "მთვრალი ალუბლები","სურამის ნაზუქები". სახელწოდებებს თვითონ ვიგონებ. ვეუბნები, წარმოიდგინე, რომ ახლა ვართ სურამში,­ ნაზუქებთან გვინდა გაჩერება, მაგრამ გავცდით "სერგოს ნაზუქებს, გავაჩერეთ და უკუსვლით უნდა წამოვიდეთ-მეთქი. ამ ვარჯიშით ვასწავლი ბრმა ზონებში­ ავტომობილების დანახვას, ანუ დიაგონალურად უკან ყურებას."მთვრალი ალუბლების" დროს ავდივართ აღმართზე, ვასწავლი გვერდითა გაბარიტების ვარჯიშებს, საჭის ტრიალს, ხელების განლაგებას და დაახლოებით 500-600 მეტრს ასე, მთვრალებივით გავდივართ. იმავეს ვაკეთებინებ დაღმართზეც, რადგან აქ უფრო რთულია საჭის დამორჩილება, სიჩქარეს დაღმართის დახრაც ემატება და დამწყებისთვის ავტომობილი უმართავი ხდება.

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც მონდომებისა და მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერაფერი უსწავლიათ?
- დიდი მნიშვნელობა­ აქვს, ვინ და როგორ გასწავლის. კარგად ატარო და კარგად ასწავლო, ერთი და იგივე არ არის. 18 წლის განმავლობაში გამოვიმუშავე და წინასწარ ვიცი, რა დროს რა შეცდომას დაუშვებს მოსწავლე. გარდა­ ამისა, სასწავლო ავტომობილში არის დამატებითი­ მუხრუჭის სატერფული და ყველას ვამშვიდებ, ძალიანაც რომ მოინდომოთ, მაინც არავის დავეჯახებით-მეთქი. ვცდილობ, ჩემი ავტომობილი ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და კომფორტული.
ნონა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე გახლავთ. ცხრა მასწავლებელი ჰყავდა და ბოლოს მე ვასწავლე მანქანის მართვა, თანაც ისე კარგად, რომ ჩემს შვილსაც კი ვანდობ ხოლმე. ვიღაცამ შეიძლება ორი კვირა მოანდომოს სწავლას, ვიღაცამ - მეტი, მაგრამ ავტომობილის მართვა ყველას შეუძლია, თუმცა მყავდა მოსწავლე, 50 წლამდე მამაკაცი და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც პირდაპირ ვუთხარი, რომ მანქანის მართვას ვერასოდეს ისწავლიდა.

- თქვენ თვითონ ვინ გასწავლათ მანქანის მართვა.
- მამაჩემს ძალიან უნდოდა ჩემი დის შემდეგ ვაჟი ჰყოლოდა და რაკი კვლავ გოგონა შეეძინა, ეტყობა იმ ყველაფერს, რისი სწავლებაც ბიჭისთვის უნდოდა, მე მასწავლიდა - სროლას, მანქანის მართვას... მართვის მოწმობა 2000 წელს ავიღე,­ რამდენიმე წელიწადში კატეგორიებიც დავიმატე. ახლა ვარ A, B, C და D კატეგორიების მძღოლი. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. ძველი მართვის მოწმობის გამოსაცვლელად მომსახურების სააგენტოში ბოლო დღეს, 14 თებერვალს, მივედი. შევედი შენობაში­ და რას ვხედავ - 200 ადამიანი მაინც დგას რიგში, თან სულ მამაკაცები. ნახევარ საათში გაკვეთილი მქონდა და ვინც პირველი იდგა რიგში, ვთხოვე, იქნებ გამიშვათ, მართვის მოწმობას უცებ შევცვლი-მეთქი. კი ბატონო, ერთადერთი ქალბატონი ხართ, მობრძანდით, თან დღეს სიყვარულის დღეაო. თანამშრომელმა ხმამამაღლა მითხრა, B კატეგორიასთან დაკავშირებით ჩემთან მობრძანდითო და მე ვუპასუხე, A, B, C და D კატეგორიებთან დაკავშირებთ ვარ მოსული-მეთქი. 200 წყვილი თვალი ისე მომაცქერდა, შემრცხვა. ალბათ, ზოგი ფიქრობდა, რა მაგარი ვინმეაო, ზოგი კი - ნეტავ, რა ჯანდაბად უნდაო.

ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ რთულია ოჯახი და საქმე ერთმანეთს შეუთავსო. დილით ადრე ვდგები. ჯერ ჩემს ქალიშვილს ვუმზადებ საუზმეს და სკოლაში ვაცილებ. ამასობაში მეუღლის ჯერიც დგება - მასაც სჭირდება ჩემი ყურადღება. გაკვეთილებს დაახლოებით 9-10 საათიდან ვიწყებ.
ამ პროფესიის წყალობით მრავალფეროვანი სანაცნობო წრე მყავს, სხვადასხვა­ გემოვნებისა და ხასიათის ადამიანები, რომლებთანაც სოციალური ქსელით ვაგრძელებთ მეგობრობას. ყოველთვის ვადევნებ თვალყურს ჩემს მოსწავლეებს. ხშირად გამივლია რომელიმეს ეზოსთან ან სამსახურთან და როცა არ მომწონებია მისი გაჩერებული მანქანა, წერილი დამიტოვებია, მაგალითად, ასეთი: "ნინიკო, საბურავები გაასწორე. ნონა მასწავლებელი". "სმაილებსაც" მივუხატავ ხოლმე.

- როდესაც შესწრებიხართ კაცების ქილიკს, რომ მანქანა და საჭე ქალის საქმე არ არის, როგორია თქვენი რეაქცია?
- მანქანას აქვს ნიშანი, რომ ის სასწავლოა. ზოგს ინსტრუქტორისგან გამოპარული მოსწავლე ვგონივარ, ან პირიქით, ცდილობს, გამეჯიბროს, გამასწროს. ზოგჯერ კი ამ სამკუთხედს რომ ხედავენ, ჩემი მოსწავლეების დაჩაგვრას ცდილობენ. ასეთ სიტუაციაში მინდა, გავამხნევო ხოლმე ახალბედები და რომ დაგვისიგნალებენ, ვეუბნები, ნუ გვისიგნალებთ, ვერ ხედავთ, სწავლობს ბავშვი-მეთქი. ამ დროს მანქანაში 50 წლის კაცი ან ქალი მიზის. ამ სიტყვებზე ყოველთვის ეცინებათ... ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დამწყები მძღოლის მიმართ აგრესიას ქალი მძღოლებიც ავლენენ.

პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ისე იღებ მართვის მოწმობას, მართვა არ იცი. ბევრ ქვეყანაში ექვსი თვე სწავლობენ მანქანის მართვას, ჩვენთან კი შეგიძლია 4-5 გაკვეთილის შემდეგაც აიღო მოწმობა. ამიტომ უშვებენ დამწყები მძღოლები უამრავ შეცდომას, რაც ხშირად ტრაგიკულადაც მთავრდება.

ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები