ონდრეი სოუკუპი: "რუსები გვიყურებენ როგორც უმცროს ძმას, რომელმაც ის უნდა გააკეთოს, რასაც ეტყვიან" - კვირის პალიტრა

ონდრეი სოუკუპი: "რუსები გვიყურებენ როგორც უმცროს ძმას, რომელმაც ის უნდა გააკეთოს, რასაც ეტყვიან"

"კრემლი ჩვენ სუვერენულ ქვეყნად არ განგვიხილავს. მისი გადმოსახედიდან ჩეხეთი არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ მხიარული ჰობიტები, რომლებიც დიდებულ ლუდს ხდიან, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არაა, რა არის ცუდი ან კარგი, ან როგორ ჯობს მოქცევა - ამ ყველაფერს რუსები გვეტყვიან"

რაღაც ყარს ჩეხეთის რესპუბლიკაში -უფრო სწორად, ყარდა, სანამ პრაღამ 18 რუსი დიპლომატი არ გააძევა 2014 წელს ვერტებიცეში ორი სამხედრო ბაზის აფეთქების გამო. პრაღაში თვლიან, რომ აფეთქებების ორგანიზატორები იყვნენ "პეტროვი" და "ბოშიროვი", რუსული სპეცსამსახურების უკვე მსოფლიოში ცნობილი დუეტი, რომელიც 2018 წელს ბრიტანეთში სკრიპალების ოჯახის მოწამვლის საქმეშიც მთავარ ეჭვმიტანილებად ითვლებიან. რუსეთმა ჩეხეთის ბრალდებას "უსაფუძვლო მონაჩმახი" უწოდა და საპასუხოდ 20 ჩეხი დეპუტატი გააძევა, თუმცა მოგვიანებით მოუწია ჩეხური მხარის ულტიმატუმს დაჰყოლოდა, რის შედეგადაც ორივე ქვეყნის საელჩოში დიპლომატთა რაოდენობა შვიდამდე შემცირდა.

რა პოლიტიკური თუ ფინანსური ფასის გადახდა მოუწევს საბოლოოდ კრემლს და როგორია განწყობა ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში, სადაც რუსეთზე ილუზიები აღარავის დარჩა, ამ საკითხზე ჩეხ მწერალსა და ჟურნალისტს ონდრეი სოუკუპს ვესაუბრეთ.

- უნდა ველოდოთ თუ არა ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობის უფრო დაძაბვას, მიუხედავად პრეზიდენტ ზემანის ფაქტორისა, რომელიც მთელ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ ლიდერად ითვლება?

- წლების განმავლობაში ჩეხეთი მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა რუსეთთან ნებისმიერი კონფლიქტისთვის. სწორედ ხისტი რიტორიკისგან თავის შეკავებამ მოიტანა, რომ ვერ შევძელით კრემლის დარწმუნება თავიანთ გიგანტურ საელჩოში, რომელიც ადრე მთელ ჩეხოსლოვაკიას ფარავდა, დიპლომატთა არმია ნაწილობრივ მაინც შეემცირებინა და ეს ყოველივე იმის ფონზე, რომ სულ მცირე უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების ორგანოები დაბეჯითებით ამბობენ, რომ დიპლომატთა ამ მრავალრიცხოვანი არმიის ერთი მესამედი მაინც ჩეხეთში რუსეთის სპეცსამსახურების ჩანერგილია. ასე რომ, რაც მოხდა, ამან ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაჭრა.

მეორე ასპექტია რუსეთის მიდგომა ჩეხეთის მიმართ, რაც რუსეთის მტრულმა დამოკიდებულებამ დასავლეთისადმი უფრო გამოკვეთა. რუსები გვიყურებენ როგორც უმცროს ძმას, რომელმაც უფროსს ყური უნდა დაუგდოს და ის გააკეთოს, რასაც ეტყვიან. ჩვენ იგივე პრობლემა გვაქვს, რაც საქართველოს - ფაქტობრივად, კრემლი ჩვენ სუვერენულ ქვეყნად არ განგვიხილავს. მისთვის ჩეხეთი არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ მხიარული ჰობიტები, რომლებიც დიდებულ ლუდს ხდიან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა, რა არის ცუდი ან კარგი, ან როგორ ჯობს მოქცევა - ამ ყველაფერს რუსები გვეტყვიან. ამბობენ, რა აზრი აქვს ჩეხეთთან საუბარს, უმჯობესია ვესაუბროთ ბერლინს, ლონდონს, პარიზსო.

ორივე ამ ფაქტორმა მიგვიყვანა დღევანდელ რეალობამდე:

როგორც ჩეხეთის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი, ასევე ჩეხი საზოგადოება, ფიქრობს, რომ არც ჩვენ გვიღირს რუსეთთან საუბარი, რადგან მას მხოლოდ ის ესმის, რისი გაგონებაც სურს. ასეთ დიალოგს კი აზრი არა აქვს.

- ტრადიციულად, აჟიოტაჟი გამოიწვია პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, რომელმაც ჯერ სიტუაციაში გასარკვევად ერთკვირიანი დრო მოითხოვა, შემდეგ კი საკმაოდ ორაზროვანი "ვერდიქტი" გამოიტანა - დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ვერტებიცეს აფეთქებებში რუსული კვალი ურევია თუ არაო. ბევრმა ეს რუსული პროპაგანდის წისქვილზე წყლის დასხმად აღიქვა. - სიმართლე გითხრათ, მე უფრო უარესს ველოდი. მის განცხადებაში ორივე მხარისთვისაა "საკბილო"- ერთი მხრივ, რუსებისთვის ხელსაყრელია მისი სიტყვები, რომ ვერ დარწმუნდა, გრუ-ს აგენტები იყვნენ იქ თუ არა. მეორე მხრივ, ზემანმა ასევე განაცხადა, რომ ამის ალბათობა დიდია, ამიტომ სრულ ნდობას უცხადებს ამ საქმის გამოძიებას. წლების განმავლობაში ზემანი პოლიტიკური ტროლინგის ჭეშმარიტი დიდოსტატი გახდა. მარტო სკრიპალის ინციდენტზე ნათქვამი რად ღირს, როცა არხეინად აუწყა მთელ მსოფლიოს, რომ "ნოვიჩოკის" წარმოება ჩეხეთშიც შესაძლებელი იყო, რაც, ტექნიკურად თუ შევხედავთ, ტყუილი არ არის, შესაბამისად, წყლის ამღვრევა მშვენივრად გამოუვიდა. მსგავსი "ფინტი" გააკეთა 2014 წლის გაზაფხულზეც - ჯერ გამოაცხადა, უკრაინას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში ნატოს ჯარები უნდა დაეხმარონო, შემდეგ კი აუღელვებლად დასძინა, ლავროვს ტელეფონით ვესაუბრე და ამ უკანასკნელმა პირობა მომცა, რომ რუსები უკრაინაში ომს არ გააჩაღებენო.

- სოლიდარობის ნიშნად ჩეხეთმა დასავლელ პარტნიორებს სთხოვა, მათაც გაეძევებინათ რუსი დიპლომატები. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გააკეთეს, დასავლეთ ევროპაში კი მხოლოდ შეშფოთების გამომხატველ განცხადებებს დასჯერდნენ. რატომ? - ვფიქრობ, ეს ჩეხური დიპლომატიის დიდი შეცდომა იყო - ასე სპონტანურად მსგავსი მანევრები არ კეთდება. ამას წინასწარი მოლაპარაკება სჭირდება. ევროკავშირში 27 ქვეყანაა და მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ - რუსეთის პრობლემა ყველა მათგანს ერთნაირად არ აწუხებს... ან ფიქრობენ, რომ ეს მათთვის ხელსაყრელი არ არის. სწორედ ამიტომ იყო ნიადაგის მოსინჯვა და წინასწარი მოლაპარაკება საჭირო, სანამ ასეთ განცხადებას გავაკეთებდით.

- ამ მომენტისთვის შეიძლება თქმა, რომ რუსეთმა წააგო როგორც დიპლომატიურ ფრონტზე, ასევე ეკონომიკურზე - "სპუტნიკის" ვაქცინაზე გარიგება ჩაიშალა, "როსატომი" კი დუკოვანის ბირთვული სადგურის გაფართოების მშენებლობაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, რაც რუსეთს დაახლოებით 6 მილიარდი ევროს ოდენობის შეკვეთას დააკარგვინებს. ელოდებით თუ არა "სადამსჯელო" პასუხს კრემლისგან, მათ საფირმო "ასიმეტრიულ რეაქციას"? - გასულ წელს ჩეხურმა ექსპორტმა რუსეთში 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაგრამ ამ თანხის დაახლოებით ნახევარი ბირთვული ენერგიის სფეროში მომუშავე კომპანიებზე მოდის, მათ შორის მთავარი კი თქვენ მიერვე ნახსენები "როსატომია." ასე რომ, ისინი უპირველესად საკუთარ თავს და რუსულ კომპანიებს დააზარალებენ. გახმიანდა ჩეხური ლუდის ემბარგოს იდეაც. 80% იმ ჩეხური ლუდისა, რომელიც რუსულ ბაზარზე იყიდება, ადგილობრივი წარმოებისაა, ჩეხურის კი მხოლოდ ლიცენზია აქვს. ასე რომ, ამაშიც რუსეთი მხოლოდ საკუთარ ბიზნესსექტორს დააზარალებს, და კიდევ იმ ხალხს, ვისაც ლუდის რაიმე გაეგება და თავისთავად ცხადია, რუსულ ლუდს ჩეხური ურჩევნია. საერთო ჯამში, რუსულ ბაზარზე გაყიდული ჩეხური პროდუქცია მთლიანი ჩეხური ექსპორტის მხოლოდ და მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ასე რომ, ამ ორი პროცენტის დაკარგვას როგორმე გადავიტანთ.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში