ყველაფერი ჩინური ვაქცინებისა და ინდური შტამის შესახებ - კვირის პალიტრა

ყველაფერი ჩინური ვაქცინებისა და ინდური შტამის შესახებ

"ჟურნალ Andrology-ს ახალი მონაცემებით, "კოვიდ-19" დაახლოებით 6-ჯერ ზრდის მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის განვითარების რისკს"

საქართველოში ჩინეთის სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანია SinoPharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომლისთვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერჯერობით ავტორიზაცია არ მიუნიჭებია. რა არის ამჟამად ცნობილი ჩინური ვაქცინის შესახებ, რა გვერდითი მოვლენებით ხასიათდება და მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ის ნებადართული, ამის შესახებ სამედიცინო მიმომხილველი, პროფესორი და საერთაშორისო ექსპერტი ალექსანდრე პაპიტაშვილი გვესაუბრება.

- SinoPharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტმა და კომპანია "სინოფარმმა" ტრადიციული ტექნოლოგიის გამოყენებით შეიმუშავეს. ვაქცინამ ავტორიზაცია ჩინეთში 2020 წლის დეკემბერში მიიღო. ეს არის ინაქტივირებული (ანუ მოკლული ვირუსის) ვაქცინა. ასეთი ვაქცინები, როგორც წესი, არ იძლევა ყველაზე ძლიერ იმუნიტეტს და შეიძლება დროდადრო დამატებითი დოზა დასჭირდეს. ამიტომ "სინოფარმის" ვაქცინაც ორ დოზად უნდა გაკეთდეს 21-დან 28 დღემდე შუალედით. ვაქცინის შენახვა საჭიროა მხოლოდ -2-დან -80C ტემპერატურაზე, რაც ამარტივებს მის ტრანსპორტირებას. როგორც ჩინეთში აცხადებენ, "სინოფარმისა" და "სინოვაკის" (იმავე მეთოდით შექმნილს) ვაქცინებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არა აქვთ. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია სიცხე, ქავილი და ინიექციის ადგილის სიწითლე. პოტენციური გვერდითი მოვლენები მოიცავს ასევე გულისრევას, დიარეასა და ალერგიას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ძილიანობას. ეს სიმპტომები, ძირითადად, თავისთავად ქრება და მკურნალობას არ საჭიროებს.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სადაც დეკემბერში დაიწყო აგრესიული ვაქცინაციის კამპანია, "სინოფარმით" ვაქცინირებულთა მცირე რაოდენობამ გამოიყენა მესამე დოზა მას შემდეგ, რაც ანტიგენის ტესტმა ცხადყო, რომ მათ არასაკმარისი იმუნიტეტი აქვთ. მსოფლიოს მასშტაბით უკვე 40 მილიონამდე კაცია აცრილი "სინოფარმით". ჩინეთის გარდა, მას იყენებენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, ეგვიპტეში, პაკისტანში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს ორივე ჩინური ვაქცინის შეფასების პროცესი.

ჯერჯერობით მხოლოდ "სინოფარმს" აქვს გამოქვეყნებული ოფიციალური დეტალური მონაცემები. 2020 წლის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ გასცა "სინოფარმის" ვაქცინის ბაზრისთვის რეგულარულად მიწოდების ნებართვა და იმავდროულად, მწარმოებელმა გამოაქვეყნა მონაცემები მისი ეფექტიანობის შესახებ: კომპანიის მონაცემებით, ეს 79%-ს აღწევს...

- შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ, რა არის ცნობილი ჩინური ვაქცინების შესახებ?

- "სინოფარმი": ტესტირების მესამე ეტაპი 10 ქვეყანაში ჩატარდა. ვაქცინა დაფუძნებულია ინაქტივირებულ (მოკლულ) კორონავირუსზე. ე.წ. მოკლული ვაქცინა ქიმიური აგენტის მიერ ინაქტივირებული ვირუსია, რომელიც ბიორეაქტორში იზრდება. ეს ვაქცინა შეიცავს ვირუსის ყველა მოლეკულას. ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი უძველესი და საიმედო გზაა. ეს ტექნოლოგია გამოყენებულია, მაგალითად, დიფტერიის, ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად. "სინოფარმის" ვაქცინამ სერტიფიცირება პირველად ჩინეთში გაიარა. ტესტები ჩატარდა მსოფლიოს ათ ქვეყანაში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, პერუში, სერბეთში, მაროკოში, არგენტინაში, იორდანიასა და პაკისტანში. დღეისთვის, ჩინეთის გარდა, ვაქცინა დამტკიცებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სერბეთში წარმოებისთვის. პერუს კვლევები 2020 წლის დეკემბერში მას შემდეგ შეჩერდა, რაც ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთ მოხალისეს ნევროლოგიური ჰიენ-ბარეს სინდრომი განუვითარდა.

"სინოვაკი": "სინოვაკ ბიოტექსის" ვაქცინაც (CoronaVac) დაფუძნებულია ინაქტივირებულ SARS-CoV-2-ზე. მისი ტესტირების მესამე ეტაპი 2020 წლის ივლისში დაიწყო და ის არაერთ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის ბრაზილიაში, ინდონეზიაში, ბანგლადეშსა და თურქეთში. მწარმოებელს ჯერ არ გამოუქვეყნებია ოფიციალური სრული მონაცემები ამ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, თუმცა ბრაზილიიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მან ეფექტიანობის სხვადასხვა დონე აჩვენა - 50,65%-დან 83,5%-მდე. ინდონეზიის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, მისი ეფექტიანობა 65%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატი არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც დასავლური mRNA ვაქცინები, ის მაინც უფრო შედეგიანია, ვიდრე გრიპის ვაქცინები, რომელთა ეფექტიანობა 30-60%-ია. უკრაინამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება CoronaVac ვაქცინის მიწოდებაზე, ახლა ტაილანდიც გეგმავს, დაინტერესდნენ მალაიზია და სინგაპურიც. ვაქცინამ ჩინეთში უკვე მიიღო გამოყენების ნებართვა. Sinovac Biotech-ი იმედოვნებს, რომ გაზრდის მის ეფექტიანობას დოზებს შორის ინტერვალის გახანგრძლივებით, ან შესაძლოა მე-3 დოზის გამოყენებით.

CanSino Biologics-ი: შემუშავებულია პეკინის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ის ადენოვირუსული ვექტორული ვაქცინაა. მისი მოქმედება იმავე ტიპისაა, რაც აქვს შვედურ-ბრიტანულ ვაქცინას, რომელიც AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავეს. "CanSino Biologics"-ის ვაქცინით პირველად ჩინელი ჯარისკაცები აცრეს.

როგორც ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიულმა მრჩეველთა ჯგუფმა განაცხადა, "სინოვაკისა" და "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შუალედურმა ანალიზმა აჩვენა მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა, მაგრამ სპეციალისტებს მეტი მონაცემი სჭირდებათ. ამასთან, აღინიშნა, რომ ექსპერტებს არა აქვთ სათანადო მონაცემები ვაქცინების გავლენის შესახებ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე. კვლევის მონაცემების გამჭვირვალობისა და ჩინურ ვაქცინებზე მთავრობების მიერ ნებართვების არარსებობამ დაბადა კითხვა, იცავს თუ არა ჩინეთი წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, "სინოფარმის" ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ დასკვნების სხვაობა განპირობებულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების დამოუკიდებლობით.

- რამდენად ემუქრება საქართველოს კორონავირუსის ინდური შტამი?

- 2021 წლის 24 მარტს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოვლენილია ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მაჰარაშტრას ნიმუშების ანალიზმა ცხადყო, რომ 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, გაიზარდა E484Q და L452ღ მუტაციებით სინჯების პროპორცია. ასეთი მუტაციები უზრუნველყოფს ინფექციის გაზრდას. ეს მუტაციები აღმოაჩინეს 15-20% ნიმუშებში და ისინი არ ემთხვევა კორონავირუსის არც ერთ ადრე ჩამოთვლილ ვარიანტს. კლასიფიცირებულია როგორც კორონავირუსის ვარიანტები.

ინდოეთის ხელისუფლების გენომის კონსორციუმმა, რომელიც დეკემბერში შეიქმნა, ინდოეთში გამოავლინა კორონავირუსის 771 სახეობა, რაც შემაშფოთებელია ინფექციის გაზრდილი გადაცემის გამო. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, "მათ შორის 736 ნიმუში დადებითია დიდი ბრიტანეთის შტამის მიმართ, 34 ნიმუში დადებითი იყო სამხრეთ აფრიკის შტამის მიმართ, 1 კი დადებითი აღმოჩნდა ბრაზილიური ხაზის შტამის მიმართ. ამ ვარიანტების ნიმუშები გამოვლენილია 18 შტატში".

ამასთან, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსს ორმაგი უჩვეულო მუტაცია აქვს. ის ნაპოვნი იქნა spike პროტეინის საკვანძო ადგილებში, ვირუსის იმ ნაწილში, რომელიც ადამიანის უჯრედებში შეიჭრა. ლაპარაკია კორონავირუსის 484 და 452 მუტაციების კომბინაციაზე. გარდა ამისა, ინდოეთის შტატებში - ქერალა, ანდრა-პრადეში და ტელანგანა დაფიქსირდა კორონავირუსის 440 ვარიანტი, რომლებიც ადრე 16 სხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, დანიაში, სინგაპურში, იაპონიასა და ავსტრალიაში დაფიქსირდა.

5 აპრილს ორმაგი მუტაციის კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიის შტატში. როგორც ვირუსოლოგებმა აღნიშნეს, ასევე დაფიქსირდა კიდევ შვიდი შემთხვევა და არსებობს ინდური შტამის ინფექციაზე ეჭვი. ეპიდემიოლოგიისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კორონავირუსული საკონსულტაციო კომიტეტის წევრის მაიკლ ოსტერჰოლმის თქმით, კორონავირუსის რამდენიმე ახალი შტამის გამო შტატებში პანდემიის მეოთხე ტალღა უკვე შეიმჩნევა. მან ეს ტენდენცია იმით ახსნა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის რამდენიმე ახალი სახეობა გამოჩნდა, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

- არსებული ვაქცინები თუ არის ეფექტიანი ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ?

- ეპიდემიოლოგების თქმით, ეფექტიანია. შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისის თანახმად, კორონავირუსის ინდური შტამის პირველი შემთხვევა შვეიცარიაშიც დაფიქსირდა. მანამდე გენომისა და ინტეგრაციული ბიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ვინოდ სკარიამ განაცხადა, რომ მეცნიერებმა აღმოსავლეთ ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც, ინდოელი ეპიდემიოლოგის პროფესორ მადჰუკარ პაის თქმით, სამმაგი მუტაციაა და შეიძლება უფრო სწრაფად გავრცელდეს.

- საჭიროა თუ არა ვაქცინაცია მათთვის, ვინც Covid-19 უკვე გადაიტანა?

- პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსის ახალი ინფექციის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ, აქვთ მაღალი დონის იმუნური პასუხი mRNA ვაქცინის ერთი დოზის მიღების შემდეგ, მაგრამ ვაქცინის მეორე დოზით ისინი მცირე სარგებელს მიიღებენ. კვლევის შედეგები ამყარებს ჰიპოთეზას, რომ ვაქცინის ერთი დოზა შეიძლება იყოს საკმარისი, რათა ჩამოყალიბდეს საკმარისი იმუნიტეტი იმ პირებში, რომლებმაც გადაიტანეს ეს ინფექცია.

ჟურნალ Science Immunology-ს კვლევებში, რომელშიც 44 მოხალისე მონაწილეობდა, გამოყენებულ იქნა ვაქცინები: BioNTech / Pfizer და Moderna. მათ შორის 11-ს ჰქონდა ანამნეზში "კოვიდ-19"-ის ინფექცია. ადრე არანამკურნალევი კვლევის მონაწილეებს არ განუვითარდათ სრულფასოვანი იმუნური პასუხი ვაქცინის მეორე დოზის გამოყენებამდე, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინის ორმაგი ინიექციის მნიშვნელობა.

კვლევაში ასევე შეისწავლეს გვერდითი მოვლენები 32 მონაწილეს შორის, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ Covid-19. ანალიზმა აჩვენა, რომ მათ სისტემური გვერდითი ეფექტებით (ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, დაღლილობა, მიალგია), მოგვიანებით აჩვენეს შრატში ანტისხეულების უფრო გამოხატული დონე. ავტორები ვარაუდობენ, რომ ანთებითი და სისტემური გვერდითი მოვლენები ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება მიუთითებდეს უფრო ძლიერ იმუნურ პასუხზე.

- კიდევ რა გართულებები შეიძლება წარმოშვას Covid-19-მა დაავადებულ პაციენტებში?

- ჟურნალ Andrology-ს ახალი მონაცემებით, "კოვიდ-19" დაახლოებით 6-ჯერ ზრდის მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის განვითარების რისკს. ამასთან, ერექციული დისფუნქციით უკვე დაავადებული მამაკაცები 5-ჯერ მეტი ალბათობით ინფიცირდებიან "კოვიდ-19"-ით. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასაკი, დიაბეტი, გაცხიმოვნება და მოწევა ზრდის მამაკაცებში "კოვიდ-19"-ით დაინფიცირების რისკს. სპეციალისტების აზრით, იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ ერექციული დისფუნქციის საწყისი სიმპტომები, გათვალისწინებული უნდა იქნეს საკარანტინო ზომები ან ტესტი SARS-CoV-ზე, რადგან კოვიდმა შეიძლება გამოიწვიოს მისი უფრო მძიმე ფორმა.

- კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირება ნიშნავს თუ არა ნორმალურ ცხოვრებას?

- თუ ადამიანთა საკმარის რაოდენობას განუვითარდება იმუნიტეტი ინფექციური დაავადების მიმართ (ვაქცინაციის გზით ან ინფექციის შემდეგ), მოსახლეობაში დაავადების გავრცელება ბევრად ნელდება. ეს იწვევს კოლექტიური თავდაცვის არაპირდაპირი მექანიზმის ჩამოყალიბებას მათთვისაც კი, ვისაც ჯერ კიდევ არა აქვთ იმუნიტეტი. მაგრამ თუნდაც კოლექტიური იმუნიტეტის არსებობის პირობებში, დაავადების ადგილობრივი აფეთქებები მაინც შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ინფექციის შემცველი კრიტიკული ეტაპია, იმუნიტეტი მხოლოდ ერთი დიდი განტოლების ნაწილია. ვირუსი განაგრძობს პოპულაციაში მიმოქცევას კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შემდეგაც. იმუნიტეტის შენარჩუნება მუდმივი ბრძოლაა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ. ამიტომ ყოველწლიურად ახლდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები, ხოლო დიფტერიის ვაქცინა რევაქცინაციას 10 წლის შემდეგ მოითხოვს. 2019 წელს იმავე მიზეზით დაფიქსირდა წითელას აფეთქებები - არავაქცინირებულმა პირებმა უფრო დაუცველი გახადეს მოსახლეობა ინფექციის გავრცელების მიმართ. ექსპერტებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დანამდვილებით თქვან, რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი SARS-CoV-2-ის მიმართ. მტკიცებულებების თანახმად, ეს მხოლოდ 6-8 თვეა. სავარაუდოდ, იმუნიტეტის შესანარჩუნებლად დამატებითი ვაქცინაციის ზომები იქნება საჭირო.