"უფლის გზით სიარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა..." მოგზაურობა წმინდა მიწაზე - კვირის პალიტრა

"უფლის გზით სიარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა..." მოგზაურობა წმინდა მიწაზე

"გაცოცხლებული სახარების" ავტორი სტრიქონებს შორის თავადაც ხშირად ევედრება უფალს - უფალო, რასაც ვხედავ და განვიცდი, იმის აღწერა შემაძლებინეო! და მან შეძლო: მან სახარება "გააცოცხლა" ისეთი ძალით, რომ ჩვენც მის კვალდაკვალ მივდივართ, ვხედავთ მართალთა ნაფეხურებს და ვთრთით მათ განცდათა გამო"

"კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს გაზეთის საშობაო ნომერში დახვდება "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორის, ლალი გუნთაიშვილის "გაცოცხლებული სახარება" - წიგნი, რომლის სახელის წარმოთქმა სიყვარულივით მარტივი და უბრალოა, მაგრამ წაკითხვა სულისშემძვრელი, რადგან ეს პატარა წიგნი იმ მარადიულ განცდასა და იმედს იტევს, რითაც ჩვენ მოვევლინეთ ამ სამყაროს: ნებსით თუ უნებლიე შეცოდებანით და მათ გამო სინანულით. იმ სიხარულსა და სულის ფორიაქს, რომელთან ერთადაც ამ წიგნის ავტორი იერუსალიმში, წმინდა მიწაზე გამოგზაურებს. უამრავჯერ შეგიძრავს სულს იესო ქრისტეს თანადროულობაში დაბრუნებით. და არა მარტო იესო ქრისტესი, არამედ თითოეული იმ წმინდანის მიდევნებით, რომელთა ნაბიჯებს ჩვენს გადასარჩენად იესო ქრისტეს მოვლინება უნდა მოჰყოლოდა.

როგორ მოხდა, რომ მოგზაურობა წმინდა მიწაზე ასე სულისშემძვრელად გადმოიცა? ალბათ, დამეთანხმებით, რომ აქ ბევრს დაუდგამს ფეხი, ბევრის სული შეძრულა წმინდანთა დიდების შეგრძნებით, მაგრამ იშვიათს თუ დაურქმევია საკუთარი სულის მოძრაობისთვის სახელი, იშვიათად თუ მისწვდენია იმ სიტყვებს, რომლითაც ნათელს ფერი არ შეეცვლებოდა.

"გაცოცხლებული სახარების" ავტორიც ხომ სტრიქონებს შორის თავადაც ხშირად ევედრება უფალს - უფალო, რასაც ვხედავ და განვიცდი, იმის აღწერა შემაძლებინეო! და მან შეძლო: მან სახარება "გააცოცხლა" ისეთი ძალით, რომ ჩვენც მის კვალდაკვალ მივდივართ, ვხედავთ მართალთა ნაფეხურებს და ვთრთით მათ განცდათა გამო.

როგორ მოხდა ეს? ჩემი აზრით, ამ წიგნის ავტორს სხვათა განცდების დანახვის უნარი ბუნებითვე ჰქონდა მინიჭებული. ის არა მარტო გულმართალი და ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელსაც კალამი უჭრიდა და "კვირის პალიტრა" მალე აქცია ანგარიშგასაწევ გამოცემად, არამედ ის იყო ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანის ტკივილისა და განცდათა აღქმის საოცარი უნარი ჰქონდა; ჰქონდა სიყვარულის ის ნიჭი, რომლითაც სხვისი სადარდებლის ამოცნობა და გაზიარება, მერე კი მალამოდ დადება შეეძლო. ამის მოწმე იყვნენ მისი ახლობლები და მეგობრები. და არა მარტო ისინი - ნებისმიერი, ვისაც ქალბატონ ლალი გუნთაიშვილთან შეხება ჰქონია.

ამ წიგნის ავტორი მუდამ მზად იყო უპოვართათვის ხელის გასაწოდებლად, განსაცდელში ჩავარდნილის წამოსაყენებლად, უმცირესი სიკეთის დასანახავად, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ეძებდა და პოულობდა იქ, სადაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ეს იყო ის ნიჭი, რომლითაც აუცილებლად გარწმუნებდა, რომ ნებისმიერი დაცემის შემდეგ წამოდგომა მოდის, ნებისმიერი ტკივილის შემდეგ - სიმშვიდე და სიხარული, რადგან უფალი მუდამ შენ გვერდითაა.

ქალბატონი ლალი ამ ყველაფერში იმაზე მეტად იხარჯებოდა, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ ადამიანს შესწევს ძალა - ადამიანური სისუსტის გამოჩენა მისთვისაც ხომ ბევრად უფრო იოლი იყო, ვიდრე ყველას სატკივრის გაზიარება. ალბათ, ამიტომაც წავიდა ძალიან ადრე - "კვირის პალიტრის" პირველი რედაქტორი, "გაცოცხლებული სახარების" ავტორი, ამ წიგნის დაწერიდან მეოთხე წელს გარდაიცვალა, კვლავ წმინდა მიწის ხსენებაში - რა პატარა ყოფილა ეს ადგილები და რამხელა მადლს იტევსო, და მადლიერებით უფლისადმი იმ ტკივილებისთვის, რომელიც მას მიენიჭა. ამბობდა, როდესაც წმინდანთა ცხოვრებას ვკითხულობ, საკუთარი ტკივილები მავიწყდება, ჩემი ტკივილები მათ ტკივილებთან რა შესადარებელიაო.

სანაცვლოდ მან უამრავი ადამიანის თვალსა და გულში დაიდო ბინა და გააჩინა ცრემლი, განცდა იმისა, რომ მისნაირები იშვიათად იბადებიან. ეს თავადაც მომისმენია მათგან, ვინც ლალი გუნთაიშვილს პირადად არ იცნობდნენ, მაგრამ "კვირის პალიტრას" კითხულობდნენ, მის პირველ რედაქტორზე სხვების მონათხრობით გაეგოთ.

და როდესაც ასეთი ადამიანი იბადება, ის რაღაცნაირად უფრო ხელშესახებს ხდის ადამიანურ განცდებს. ისე, როგორც "გაცოცხლებულ სახარებაში" - ის წმინდანებიც ხომ პირველად ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მაცხოვართან ერთად ისინიც ხომ ჩვეულებრივად დადიოდნენ წმინდა მიწაზეD და შენც მათ ნაბიჯს ამ წიგნის ავტორის დამსახურებით თრთოლით მისდევ. აკვირდები, როდის გამოჩნდება იესო, რომელმაც უნდა გადაგარჩინოს, და რომელსაც სწორედ იმიტომ გაწირავენ, რომ მხსნელია.

რა შეიძლება იყოს იმ იმედზე დიდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, იესოს ვუყვარვართ და შეგვინდობს. შეგვინდობს იმგვარად, რომ თუ ჩვენ გოლგოთაზე ასვლისას ზურგზე უმძიმესი ჯვარი დავადეთ, თავად მაინც ხელში აყვანილს დაგვატარებს განსაცდელისას, ოღონდ კი მივუახლოვდეთ, ოღონდაც კი დავინახოთ და შევიყვაროთ.……

ამიტომ ახლა, როდესაც "გაცოცხლებული სახარება" შემოვა ჩვენს ოჯახებში, ამ წერილსაც იმ იმედით, იმ ლოცვით და გადარჩენის იმედით დავამთავრებ, რომლითაც ავტორი "გაცოცხლებულ სახარებას" ამთავრებს: "შემოქმედო ღმერთო, დაუსაბამოო, არ დაგვამორჩილო მაცდურებასა და ბოროტებას, გვიმრთელე სინდისი, იხსენ დიდი განსაცდელის წინ მდგარი ჩვენი ერი და ქვეყანა, მკრეხელობისაგან დაგვიცევ,G განგვამტკიცე რწმენაში და მოგვმადლე მოტევება ცოდვათა. წინ ხომ შენი განკითხვის ჟამი გვიდგას. ყოველივესთვის გმადლობ, უფალო".

ეთერ ერაძე