მრგვალი სოფლები ბედნიერი დანიელებისთვის - კვირის პალიტრა

მრგვალი სოფლები ბედნიერი დანიელებისთვის

ეს კოსმოსური პეიზაჟი კი არა, კოპენჰაგენის მახლობლად, ბრონდბიუში მდებარე გეომეტრიულად იდეალური წრის ფორმის მქონე დასახლებებია. ათეულობით წრიული სოფელი დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, თუმცა სოფლის მეურნეობასთან კავშირი ნაკლებად აქვთ - ყველა აქ მცხოვრები კოპენჰაგენში მუშაობს და საკუთარი ავტომობილიც ჰყავს.

თითოეულ დასახლებას მაღალი და ხშირი მწვანე ცოცხალი ღობე აქვს შემოვლებული, რომელიც თანაბარ, მჭიდრო ბუჩქნარს წარმოადგენს. ასეთივე ღობეები ყოფს ერთმანეთისგან სექტორის ფორმის კარ-მიდამოებსაც. ყოველ სოფელში 15-დან 25-მდე კარ-მიდამოა. სახლები სოფლის წრიული პერიმეტრის ნაპირებზეა განლაგებული. თითოეული სექტორის ფართო ნაწილში მხოლოდ ერთი სახლია თავისი უკანა ეზოთი. სახლების ფართობები 45-დან 50-მდე კვმ-ია. სახლის წინ კი სხვადასხვა დანიშნულების ნაკვეთებია, რომლებიც ცენტრისკენ, ცხადია, თანდათან ვიწროვდება.

სოფლის ცენტრში მდებარეობს"საფიხვნო" - მრგვალი, მოასფალტებული მომცრო მოედანი ავტომობილების გასაჩერებლად. აქვე მეზობლები, ანუ როგორც მათ ხშირად უწოდებენ,"ქალაქელი სოფლელები" თუ"სოფლელი ქალაქელები", ერთმანეთს ხვდებიან საერთო საკითხების გადასაწყვეტად. ცენტრალურ მოედნამდე მისასვლელად დატოვებული ვიწრო გზა გადაკეტილია შლაგბაუმით. ასე რომ, წრიულ სოფელში უცხოთა მოხვედრა მხოლოდ მის მცხოვრებთა სურვილზეა დამოკიდებული.

"წრიული სოფლები" თავდაპირველად დაიგეგმა როგორც"ქალაქი-ბაღნარი". ამისთვის ჯერ კიდევ 1963 წელს გამოიყო 40 ჰექტარი საარენდო-საბაღე მეურნეობებისთვის. იდეის რეალიზაციისთვის შეირჩა ლანდშაფტის არქიტექტორის, ერიკ მიუგინდის იდეა. აღსანიშნავია, რომ ძველად ვიკინგები მრგვალ დასახლებებად აგებდნენ თავიანთ დაცულ პუნქტებს. მათ სოფლებში, რომლებიც გამაგრებულ ფორტებს წარმოადგენდნენ, მცენარეთა ნაკვეთებზე თანაბრად ხვდებოდა მზის შუქი, ხოლო თავად ვიკინგები ერთმანეთს დასახლების ცენტრში ხვდებოდნენ. აქ, ყველაზე დაცულ ადგილას, ჭა იყო.

თითოეული სექტორის ფართო ნაწილში 45-დან 50-მდე კვმ ფართობის მხოლოდ ერთი სახლია უკანა ეზოთი

მიუგინდის იდეაში მთავარი ცოცხალი ღობეები იყო, ცენტრში ტრადიციული ჭა კი პარკირების მოედანმა ჩაანაცვლა. 1964 წელს ჯერ ცოცხალი ღობეებისთვის ბუჩქნარი დარგეს, შემდეგ გზების, ელექტრობისა და წყლის გაყვანა დაიწყეს, სახლების აშენებას კი მომდევნო წლიდან შეუდგნენ.

2002 წლიდან საარენდო ნაკვეთები თანდათან კერძო საკუთრებაში გადავიდა. წესდების მიხედვით, მფლობელს მისი ყიდვა-გაყიდვა შეუძლია მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის შემთხვევაში. ამას დანიელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. როგორც აქაური მცხოვრებნი ამბობენ,"წრიულ სოფელში" მხოლოდ ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ცხოვრება თანაბარ საცხოვრებელ პირობებში.

რამაზ გურგენიძე