"არანაირი ხელშეწყობა არ მქონია, ბავშვობიდან სიღარიბეში გავიზარდე, აკადემიაში ჩაბარებისას არც მოვმზადებულვარ... ჩემი წარმატებებით ვერ დავაინტერესე ჩემი ქვეყანა"
"არანაირი ხელშეწყობა არ მქონია, ბავშვობიდან სიღარიბეში გავიზარდე, აკადემიაში ჩაბარებისას არც მოვმზადებულვარ... ჩემი წარმატებებით ვერ დავაინტერესე ჩემი ქვეყანა"
ბევრი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული კარიკატურისტი, ყველასთვის ცნობილი ნიკოლოზ კემულარია, იგივე კემო, კიდევ ერთი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისი ნიჭიერებისთვის არც ხელმოკლე ოჯახში გაზრდას შეუშლია ხელი და არც იმ ფაქტს, რომ საქართველოში სათანადო დაფასება ვერ მიიღო. თავის საქმეს სიყვარულით აკეთებს, კონკურსში მონაწილეობა 3-4 წუთში "მოხაზული" ნახატით მიიღო. "სხვათა შორის, ნამუშევრების მიღების ბოლო დღე იყო და როგორც კი გადავგზავნე, მიღებაც შეწყდა", - ამბობს კემო. ალბათ ბევრისთვის უცნობია ის ფაქტიც, რომ კემო ქართული იუმორის
ენციკლოპედიაშიც კი არის შესული, ისეთ ბუმბერაზ ადამიანთან ერთად, როგორებიც არიან: ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, იპოლიტე ხვიჩია და სხვები.

- მოგვიყევით ამერიკული კონკურსის შესახებ...
- იანვარში შემომთავაზეს მსოფლიო მხატვარ-კარიკატურისტთა გაერთიანებაში გაწევრება, სადაც 7 500 რეგისტრირებული მხატვრიდან, 400-მდეა გაერთიანებული. რეგისტრაციისას არ იყო საქართველოს განყოფილება და
ჩემ გამო დაამატეს ეს სექცია, რაც ჩემთვის დიდი სტიმული და სიხარული გახლდათ. ამის მერე ჩავერთე შიდაკონკურსებში და მესამე ადგილი დავიკავე. ამ წარმატების აღსანიშნავად პატივი მცა იქაურმა ხელმძღვანელობამ და მომდევნო კონკურსის მთავარი თემა ჩემი პორტრეტის დახატვა გახლდათ: 30-მდე მხატვარმა შეასრულა ჩემი კარიკატურული ნახატი და სასაცილო ის გახლდათ, რომ ამ კონკურსში მე ვერც ერთი ადგილი ვერ ავიღე (იცინის)... მომდევნო კონკურსზე მეორე ადგილი დავისაკუთრე და ისე გამოვიდა, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში ორჯერ მოვხვდი მსოფლიო სამეულში. კონკურსში მონაწილეობდნენ მხატვრები მთელი მსოფლიოდან... ვფიქრობ, ასეთ კონკურსებში რაც უფრო მეტი ქართველი ჩაერთვება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის...


- იმ ემოციაზე გვიამბეთ, რაც გამარჯვების დროს განიცადეთ?
- საბედნიეროდ, ბევრჯერ გამოვცადე გამარჯვება. საოცარი გრძნობაა, როდესაც მსოფლიო სამეულში მოხვდები და შენი პატარა ქვეყნის სახელს მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენ. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩვენთან წარმატებულ ადამიანებს ყურადღება არ ექცევათ, ეს ცუდად მოქმედებს მოტივაციაზე.


- როგორ ფიქრობთ, კემო არის დღეს წარმატების მწვერვალზე?
- როგორც მოგახსენეთ, ბევრჯერ მხვდა წილად გამარჯვება საზღვარგარეთ; ბევრ თანამედროვე, უძლიერეს მხატვართან მაქვს ურთიერთობა, ბევრჯერ ვასახელე ჩემი ქვეყანა, ცნობილ გამოცემებთან ვითანამშრომლე, როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენთან, ქართული იუმორის ენციკლოპედიაშიც კი ვარ შესული, ისეთ ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან: ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე, აკაკი კვანტალიანი, იპოლიტე ხვიჩია და ა.შ. თუმცა, კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. უამრავი მიზანი მაქვს, მაგრამ აქ ძალიან რთულია დასახული მიზნების განხორციელება...


- ხართ თუ არა ბევრად დაფასებული და წარმატებული საზღვრებს გარეთ, ვიდრე საკუთარ სამშობლოში?
- დიახ, სამწუხაროდ ასეა... მე ვფიქრობ, სამშობლო იგივე ოჯახია. როდესაც შვილი წარმატებული გვყავს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ მისი პოტენციალი. სამწუხაროდ, მე არანაირი ხელშეწყობა არ მქონია, ბავშვობიდან სიღარიბეში გავიზარდე, აკადემიაში ჩაბარებისას ფასიანზე მოხვედრა არც კი განიხილებოდა, არც მოვმზადებულვარ. მეორე კურსიდან უკვე ორ გამოცემასთან ვთანამშრომლობდი და საკუთარ თავს ვიფინანსებდი. აკადემიაში კი უფასოზე ვსწავლობდი და სტიპენდია მერიცხებოდა, 50 ლარი. მაშინდელი 50 ლარი კარგი ფული იყო (იცინის). მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ იმავდროულად, დიდი გულისტკივილი მაქვს. უზომო შრომის, გამარჯვებებისა და წვალების შედეგია, რომ დღეს ცოცხალი ვარ და შემოსავალი მაქვს, შეკვეთები ძირითადად, საზღვარგარეთიდანაა...


- საქართველოში შესაძლებელია თუ არა თქვენი პროფესიით ოჯახის შენახვა და რა პრობლემების წინაშე დგანან მხატვრები?
- ბევრს ვფიქრობ ამაზე და ალბათ, ჩემი გამარჯვებებისა და წარმატების დამსახურებაა, რომ ვცხოვრობ და ჩემი საქმიანობით ვარჩენ ოჯახს.

თითქმის არასდროს მიწევს იმის დახატვა, რაც გულით მინდა; შეკვეთების შესრულება უნდა მოვასწრო, რადგან ესაა ჩემი შემოსავლის წყარო... სულ ვამბობ, რომ უნდა არსებობდეს თავისუფალი სივრცე, სადაც ყველა მხატვარი შეძლებს გამოფენის მოწყობას; უნდა არსებობდეს დაწესებულებები, სადაც მხატვრები იმუშავებენ და საკუთარ შემოსავალს თავისი საქმიანობით გამოიმუშავებენ. სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, მანამდე არ ეშველება ამ დარგს ჩვენს ქვეყანაში.

- ძალიან პოპულარული ხართ ემიგრანტებში. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?
- სასიამოვნოა ამის მოსმენა, თბილისშიც ბევრი მცნობს და ეს წამახალისებელია ჩემთვის.


- როგორია საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი კარიკატურისტი?
- ხშირ შემთხვევებში, იუმორი კურნავს და აშუშებს პრობლემებს. მსიამოვნებს გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, ყველაზე მეტად კი მიწასთან ურთიერთობა მომწონს. პატარა ბოსტანი მაქვს და წვრილფეხობას ვუვლი. ეს ის საქმეა, სადაც ყველაზე მეტად ვარ თავისუფალი ფიქრში, ახალი იდეების ჩასახვასა და პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. ჩემთვის ეს არის სიმშვიდის კერა.

- თქვენს გეგმებზეც მოგვიყევით...
- მაქვს შემოთავაზება დისნეიდან და თუ იმ პოზიციაზე მოვხვდი, რაც გულით მინდა, ეს დიდი ნახტომი იქნება ჩემს კარიერაში. კონკურსებში მონაწილეობას არ ვწყვეტ, რაც მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითადად, ონლაინ ტარდება ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ირანში. მიზნად დავისახე, რომ რადგანაც ჩემი წარმატებებით ვერ დავაინტერესე ჩემი ქვეყანა, ამიერიდან იქნებ გამარჯვებების რაოდენობამ მაინც დააინტერესოს ვინმე და მიაქციონ ყურადღება მხატვრობის ამ ჟანრს...

ფიქრია რობაქიძე
ჟურნალი "გზა"

ნანა
03 მაისი 2021 21:43
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!
უბრალო
03 მაისი 2021 21:33
ძალიან კარგი კაცი ჩანხარ, მაგრამ ქვეყანას ნუ ადანაშაულებ რაა. შენი ქვეყანა შენ, მე, და ჩვენისთანებმა უნდა გავაძლიეროთ, და არა პირიქით.
nika
03 მაისი 2021 16:48
ყოჩაღ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები