"რასაც ვამბობ, ამას ემიგრანტები გამიგებენ, ასეთია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ უფლის..." - კვირის პალიტრა

"რასაც ვამბობ, ამას ემიგრანტები გამიგებენ, ასეთია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ უფლის..."

ქალბატონი ლეილა შატაკიშვილი-გაგნიძე წლებია, ემიგრაციაშია: 2006-დან 2013 წლამდე საბერძნეთში ცხოვრობდა, მერე კი სამუშაოდ იტალიაში მოუხდა წასვლა. ამბობს, რომ ეს ურთულესი გზაა, რომელზეც მხოლოდ ფიზიკურად დგახარ, მაგრამ სული, გონება და ფიქრი სამშობლოში დატოვებულ შვილებთანაა. თუმცა, ის არასდროს წუწუნებს; მუდამ პოზიტიურად განწყობილი, ამბობს, რომ უფლის მადლობელია ყველაფრისთვის, რაც ღმერთმა არგუნა...

ქალბატონი ლეილა ჯგუფ "ემიგრანტების სამზარეულო - Profumo Della Passione"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ეს ჯგუფი კი ხშირად გვანებივრებს კულინარიული რეცეპტებით და სამზარეულოსთან დაკავშირებული კურიოზებითაც. ქართველ ქალბატონს ნახელავს ხშირად უქებენ და მოუწოდებენ, მიატოვოს "თავისი" მოხუცი, რომელსაც (და არა მარტო მას, მისი ოჯახის წევრებსაც) გემრიელობებით ანებივრებს და გახსნას რაიმე კულინარიული დაწესებულება...

ლეილა შატაკიშვილი-გაგნიძე:

- კულინარიით ძალიან პატარა ასაკიდან დავინტერესდი. დაახლოებით, 6 წლისა ვეზიარე ტკბილ გარემოს. მახსოვს, მეზობლისგან რეცეპტს ჩავიწერდი, მერე სახლში ცომს მოვზელდი და ცომიანი ჯამით ისევ იმ მეზობელთან გავრბოდი, რომ შეემოწმებინა, იყო თუ არა საკმარისი სისქის (იღიმის)... 8 წლის, უკვე მეზობლებსაც ვუცხობდი ნამცხვრებს, ოღონდაც ვინმეს ეთხოვა და არ მეზარებოდა.

ახლაც ასე ვარ, შუაღამეს შემიძლია წამოვდგე, მოვზილო, გამოვაცხო და მოვრთო. რა ვქნა, არ ვიღლები სამზარეულოში ფუსფუსით.

- ხშირად გიქებენ კულინარიულ რეცეპტებს...

- ცოტა არ იყოს, მერიდება, როდესაც მაქებენ, მაგრამ ჩემი რეცეპტით კმაყოფილები რომ მწერენ და მიგზავნიან თავიანთი ნახელავის ფოტოებს, აი, ეგ კი ძალიან მახარებს და მაბედნიერებს.

რასაც დიდი სიყვარულით და მონდომებით მოამზადებ, ყველაფერი გამოგივა. ცომს რომ ვზელ, თან ველაპარაკები, ვეფერები, მართლა გულსა და სულს ვდებ თითოეული ნამცხვრის თუ სადილის მომზადებისას. ღუმელში შებრძანებამდე აუცილებლად პირჯვარს გადავწერ ხოლმე.

- იტალიელ ბაბუას და მისი ოჯახის წევრებსაც ანებივრებთ გემრიელობებით?

- კი და კმაყოფილები არიან. იცით, იტალიურ კერძზეც კი უკითხავთ, როგორ მოამზადეო? ყოველთვის ვცდილობ, ლამაზად გაფორმებული მივართვა სადილი, თვითონაც ისეა უკვე მიჩვეული, რომ მეუბნება, სურათი გადაუღეო. სწყინს, თუ უბრალო კექსსაც ისე გავჭრი, რომ არ დაინახოს, როგორი იყო მთლიანობაში. ხშირად ვუცხობ შუს, ნაპოლეონს, ქადას. ყოველ დაბადების დღეზე ვუცხობ დიდ ლამაზ ტორტს, მოდიან შვილები და კმაყოფილები რჩებიან. იტალიელები მივაჩვიე სილამაზეებს (იცინის). ქართული საჭმელებიდან ძალიან უყვარს ტოლმა, ხაჭაპური, ხშირად მაცხობინებს ღვეზელებს... ჩემს ბერძენ ბებოს კი ძალიან უყვარდა ბადრიჯანი ნიგვზით, ხაჭაპური და ნაირნაირი შიგთავსით ღვეზელები, ლობიანი.

- კურიოზების დედოფალი ვარო, ამბობთ ხოლმე... - ასეა. უნივერსიტეტში რომ მოვეწყვე, უკვე ორი შვილის დედა ვიყავი. მეუღლის ოჯახმა დიდი წვეულება გამართა: უხაროდათ, რომ დიპლომიანი რძალი ეყოლებოდათ. იმ დროს, მოგეხსენებათ, ყველაფერს სახლში ვამზადებდით, შინ ვიხდიდით წვეულებებს.

გავამზადე "ბლინჩიკის" ცომი და საცერში რომ უნდა გადამეწურა, მთლიანად ჭურჭლის ნიჟარაში ჩავასხი...

ერთხელაც დიდი ტორტი გამოვაცხვე წვეულებისთვის და... ჩავარდა. ეს ჩავარდნილი ბისკვიტი დავანაწევრე, ფეხიან ჭიქებში გადავანაწილე და თუ რამე მქონდა სახლში, არაფერი დავზოგე, ყველაფერი შიგ მოვათავსე. მერე სხვა ტორტიც გამოვაცხვე, მაგრამ ეს ვისღა ახსოვდა, კალმით და ფურცლებით დამდევდნენ, - ბოკალში რაც არის, იმის რეცეპტი ჩაგვაწერინეო...

აქ, იტალიაში ხომ ნუღარ იკითხავთ, თითოეული ნამცხვრის მომზადება კურიოზთანაა დაკავშირებული და ვწერ კიდეც ჯგუფში. "ფეისბუკ"-ვარსკვლავი გავხადე "ჩემი პაპა", რომელსაც მოვიხსენიებ, როგორც ყმაწვილს... ხან ანთებულ და გახურებულ ღუმელს ავეფარები და ხან გამორთულში ვასრულებ ნამცხვრის ცხობას, ხან ამოფუებული ცომი რამდენჯერმე ჩაზელვით სულ გადამრევია, ხანაც ღამის თერთმეტი საათიდან შევდგომივარ ჩემს საყვარელ საქმეს. რასაც ვამბობ, ამას ემიგრანტები გამიგებენ, ასეთია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ უფლის...

- ყველაზე გემრიელი სამზარეულო რომელ ქვეყანაში აქვთ?

- ყველაზე კარგი სამზარეულო იმ ქვეყნისაა, სადაც შევიგრძენით გემოების თამაში, ანუ ჩვენი, მშობლიური და მას ვანიჭებ ყოველთვის უპირატესობას. თუმცა, ძალიან მომწონს ბერძნული და იტალიური სამზარეულოც. იტალიის სამხრეთში ვარ და ყველა იტალიელი აღიარებს, რომ ამ მხარეში ყველაზე გემრიელად ამზადებენ. სამხრეთელებს აქვთ განსაკუთრებული ზეითუნის ზეთი, აგრეთვე, აქ განთქმულია სამხრეთული ხელით ნაკეთი პასტის ერთ-ერთი სახეობა - ორეკეტები, კიდევ - ტარალები, როგორც ტკბილი, ასევე - მარილიანი, სხვადასხვა სანელებლით; ცხვება საუკეთესო პანცეროტები და ფოკაჩა. სხვათა შორის, მე სადაც ვიმყოფები, ტურისტული ქალაქია - პატარა, ლამაზი და ზღაპრული ალბერობელო.

თითქოს მსუბუქია იტალიური სამზარეულო. კი, მიირთმევენ და ეთაყვანებიან მაკარონს, მაგრამ მასთან ერთად აუცილებლად დიდი რაოდენობით ბოსტნეულს ჭამენ, რათა ორგანიზმი არ დაამძიმონ.

ეს რაც შეეხება სადილებს, ხოლო დესერტებსა და ნამცხვრებზე საუბრისას სულ ბერძნული სამზარეულო მახსენდება და ძალიან მენატრება.

- რომელიმე იტალიური პიცის გამოცხობას ხომ არ გვასწავლით?

- დიდი სიამოვნებით! პიცა ხომ ვითომ ადვილია გამოსაცხობად, მაგრამ მასაც აქვს თავისი მომზადების ტექნიკა. შეშაზე გამომცხვარს ვერაფერი შეედრება.

გეტყვით უადვილეს რეცეპტს პიცა "მარგარიტასი".

მოსამზადებლად საჭიროა: 1 კილო ფქვილი, 600 მლ თბილი, ოთახის ტემპარატურის წყალი, 25 გრ მარილი, 1 ჩ/კ შაქარი. მხოლოდ 5 გრ ნედლი საფუარი და 20 მლ ზეთი (ან შეიძლება არც დაამატოთ).

მომზადების წესი: ცომი უნდა ზილოთ და თან შიგადაშიგ გადაკეცოთ, "მიტყიპოთ" კიდევაც 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, დაასვენოთ ერთი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. ცომი გავყოთ 5 გუნდად, ამოვაგუნდავოთ კარგად, დავაფაროთ ცელოფანი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავასვენოთ 6 საათით, შემდეგ გავაბრტყელოთ შუაგული, გავუკეთოთ გვერდები, მოვასხათ 2 ს/კ პომიდვრის სოუსი, მარილით და ბაზილიკოთი შეზავებული, ზემოდან დავადებთ ბაზილიკოს რამდენიმე ფოთოლს, მოვაყრით ყველს, დიდ ნაჭრებად დაჭრილს და არა - გახეხილს (იტალიაში იყენებენ Fior Di Latte), მოვასხამთ ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთს და ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 5-8 წუთის განმავლობაში.

მოკლედ, ეს ცომი კარგია სხვადასხვა პიცის დასამზადებლად, გასაფორმებლად კი თქვენი გემოვნების მიხედვით, ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება, ერთი გამონაკლისით: პიცას არ სჭირდება მაიონეზი!

- თქვენებული ნაპოლეონის რეცეპტს რამდენიმე ქალბატონი თავის ბიზნესში იყენებს და - წარმატებულადაც...

- ნაპოლეონი მართლაც ისეთი რამაა, რაც დროს და მოდას ნამდვილად უძლებს.

თქვენც გაგიმხელთ რეცეპტს:

ვიყენებ 200-გრამიან ჭიქას! დაგვჭირდება ჭიქა-ნახევარი გადადუღებული და გაცივებული წყალი (თუ ცოტა ასცდა ნახევარ ჭიქას, არაა ტრაგედია).

ერთი კვერცხის გული, მარილი, ჩაის კოვზის წვერით ლიმონმჟავა, 3 ს/კ არაყი (ეცადეთ არაყს მძაფრი სუნი არ ჰქონდეს), 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი, 2 ს/კ ძმარი და 6-7 ჭიქა ფქვილი (ჭიქა გაავსეთ პირამდე და გადაუსვით ხელი ზედმეტ ფქვილს). ფქვილს ერთიანად ნუ ჩაყრით, ნელ-ნელა ამატეთ. უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და იმ წუთის გაცრილი. ფქვილის გარდა, ყველაფერი მოვათავსოთ ჯამში და ჩანგლით გავთქვიფოთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვამატოთ ფქვილი ნელ-ნელა!

ცომი უნდა ვზილოთ ენერგიულად, ნახევარი საათი მაინც. ერთადერთი ცომი, რომელსაც ზელვის დროს არ ვეფერები და ვცემ გამეტებით, არის ნაპოლეონის. გულში კი ვუხდი სულ ბოდიშებს, მაგრამ (იცინის)... ასეა საჭირო, თვითონაც კარგად იცის ეს. ახეთქეთ ცომი სიმაღლიდან და თან ზილეთ (სერიოზულად ვამბობ, ხუმრობად არ მიიღოთ).

ცომი გამოდის, დაახლოებით, 1 კილო და 100 გრამიდან.

გაყავით სამ ნაწილად. გუნდები დაასვენეთ 10-15 წუთით, ოთახის ტემპერატურაზე.

დაგვჭირდება სულ 500 გრამი მარგარინი. ის უნდა იყოს რბილი, ოთახის ტემპერატურის, რომ კარგად წაესვას ცომს. მარგარინი გავყოთ 9 თანაბარ ნაწილად.

ვაბრტყელებთ ცომის ერთ გუნდას და ვუსვამთ მარგარინის მეცხრედ ნაწილს, ვკეცავთ, ვათავსებთ ცელოფანში და ვინახავთ მაცივარში 40 წუთით. მეტხანს თუ გააჩერებთ, არა უშავს, მაგრამ ნაკლებ ხანს - არა, უნდა დაისვენოს ცომმა.

ასე ვაკეთებთ სამივე გუნდას.

დავასვენებთ მაცივარში 40 წუთით და ხელახლა ვუსვამთ მარგარინს. ამ პროცესს ვიმეორებთ სამჯერ. გამოცხობის წინ დაჭრით თქვენთვის სასურველ ზომაზე. საქართველოში დიდად ვჭრიდი, აქ პატარა ნამცხვრები მოსწონთ, რას გაუგებ ამ ევროპელებს...

ღუმელი ყოველვის უნდა იყოს წინასწარ გახურებული და საცხობი ფორმა, რომელზეც დაჭრილი ნაპოლეონის ცომს მოათავსებთ, უნდა იყოს ცივი.

მაშასადამე, თავიდან ვაცხობთ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და როცა დაასრულებს აწევას, მერე უნდა დავუწიოთ, რათა კარგად გამოშრეს.

ჩემი ნაპოლეონები ისეთი მსუბუქია, გეგონება არაფერი გიჭირავს ხელში.

რა თქმა უნდა, ნაპოლეონის მოზელვა არაა ადვილი პროცესი, მაგრამ არ უნდა შეუშინდეთ.

და კიდევ ერთი რჩევა ჩემგან: არასოდეს დაკრემოთ ნაპოლეონი წინასწარ, დაკრემეთ გამასპინძლებამდე ცოტა ხნით ადრე.

აბა, თქვენ იცით, წარმატებები...

- აღდგომის დღესასწაული ვიზეიმეთ და ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. ემიგრანტები ახერხებთ ამ დღის აღნიშვნას?

- ჩემო კარგო, ამ ვირუსმა ორ ნაწილად გაყო ჩვენი ცხოვრება - კორონამდე და კორონისას. უფალმა ინებოს და ბედნიერი მომავლის დასაწყისი იყოს ამ წლის აღდგომის დღესასწაული. ემიგრანტებს, ვისაც რისი საშუალება გვქონდა გაგვეკეთებინა, იმას ვამზადებდით, შემდეგ ვიკრიბებოდით და ასე კიდევ ერთ ბრწყინვალე დღესასწაულს ვხვდებოდით ემიგრანტულად, ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

პასკისა და წითელი კვერცხის ჩათვლით, ჩვენი, ემიგრანტების სუფრა ყოველთვის ქართულია, ქართული გემოებით გაჯერებული და საქართველოს მონატრებით სავსე.

- პასკის განსაკუთრებული რეცეპტიც ხომ არ გაქვთ? მართალია, დიასახლისებმა უკვე მოამზადეს სააღდგომოდ, მაგრამ მისი გამოცხობა მაინც მთელი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

- რომ გითხრათ, ყოველ წელს ვამზადებ პასკას-მეთქი, მოგატყუებთ. როგორც მიხერხდება ამ ემიგრანტობის დროს, იმის მიხედვით ვიქცევი. დავწერ მხოლოდ ინგრედიენტებს და მომზადების წესი თითქმის ერთნაირია ყველა პასკისთვის, მთავარია სიყვარული, სითბო, მოთმინება, დრო და უგემრიელესი პასკაც მზადაა.

მოსამზადებლად საჭიროა: 10 კვერცხი, 1,2 კგ შაქარი, 2,5-3 კგ ფქვილი, 400 გრ კარაქი, 100 მლ ზეთი (ყოველთვის მაქვს ლიმონის სურნელით, ჩემი მომზადებული), 1 ლ რძე, 300 გრ ქიშმიში (ნახევარი თეთრი, ნახევარი მუქი), 150 გრ ცუკატი სურვილის მიხედვით, 3 შეკვრა ვანილი, ლიმონიც ცედრა, დარიჩინი, ილი, ჯავზი (სათითაოდ 0.5 ჩ/კ), მიხაკი 1,4 ჩ/კ, 1 ჩ/კ მარილი, 4 ჩ/კ საფუარი.

თუ ფერის მიცემა გნებავთ, დაამატეთ ცოტა შაფრანი ან კურკუმა. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ 60 მლ კონიაკი.

მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.

- ცუდია, რომ სამზარეულოზე ასე შეყვარებულს, სულ სხვა რამის კეთება გიწევთ...

- ჩემი ნატვრა იყო, ემიგრანტობამდეც და ახლაც იმას ვოცნებობ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პატარა, მყუდრო გარემო შევიქმნა, სიყვარულით ვამზადო და გულის ფანცქალით ველოდო ქართველი მომხმარებლის შეფასებას. იმედია, ეს ოცნება ამიხდება...

სხვათა შორის, ჯგუფ "ემიგრანტების სამზარეულო Profumo Della Passione"-ს წყალობით, რომელიც 2016 წლის დასაწყისში შეიქმნა, ცოტათი ვიკმაყოფილებთ ამ დანაკლისს. ჯერ მხოლოდ ხუთი წლის "ვართ" და 119 300 წევრს ვითვლით. ჯგუფის შექმნის მიზანი იყო ემიგრანტებისთვის, და არა მარტო მათთვის, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გაცნობა, ახალბედა ემიგრანტებისთვის დახმარების გაწევა. ასე ჩამოვყალიბდით ერთ დიდ და თბილ ოჯახად. ჯგუფს ვუძღვებით ათი ადამიანი და აქ ნამდვილად იგრძნობა ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. როგორც საკუთარ ოჯახში, ისე ვფუსფუსებთ, გვაქვს ძალიან შინაურული და ნამდვილი ოჯახური გარემო შექმნილი.

და ბოლოს, სრულიად საქართველოს და ყველა ქრისტიანს, ჩემს ემიგრანტებს მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ყველა საქმე ვაკეთოთ სიყვარულით და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)