"თუ ვინმე შემაქებდა, ემოციურად მიხაროდა, თორემ არასოდეს მიფიქრია, რომ რამეს განსაკუთრებულს ვქმნი" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე შემაქებდა, ემოციურად მიხაროდა, თორემ არასოდეს მიფიქრია, რომ რამეს განსაკუთრებულს ვქმნი"

"როცა საქმეში ვარ, იმის იქით ვეღარ ვიხედები..."

ყველა ბავშვის მსგავსად, ისიც ხატავდა. დედამ ჩათვალა, რომ ნიჭი ჰქონდა და საირმის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სკოლაში, ხატვის წრეზე შეიყვანა. 6-7 წელიწადს იარა და, როგორც თავად ამბობს, დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა. მის ჯგუფში იყვნენ ბავშვები, რომლებსაც კარგი ფანტაზია ჰქონდათ, ზოგს - კარგი ტექნიკა. ხანდახან მათი შურდა კიდეც. თუმცა, გავიდა დრო და დიმიტრი რაზმაძემ თოიძის სახელობის ლიცეუმი დაამთავრა ხეზე მხატვრული კვეთის სპეციალობით. დღეს ის მუშაობს ხეზე, ლითონზე, ქვაზე…

დიმიტრი რაზმაძე: - ნამუშევრებს ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებდი, მაგრამ პროფესიად და საქმედ კი არ ვთვლიდი, უფრო - ჰობი იყო. თუ ვინმე შემაქებდა, ემოციურად მიხაროდა, თორემ არასოდეს მიფიქრია, რომ რამეს განსაკუთრებულს ვქმნი. დღემდე ასე ვფიქრობ. სულ პირველად ხესთან ურთიერთობა ბავშვობაში, სოფელში დავიწყე. ჯოხისგან ყველას გამოუთლია რაღაც. მახსოვს, ყოველგვარი უნარ-ჩვევების გარეშე შანდლებს, "ლაგატკებს" ვაკეთებდი, ჩვეულებრივი დანა მქონდა. დედაჩემს შენახული აქვს ის შანდლები, მგონი, 1994 წელი აწერია. რაც შეეხება საჭრეთლით რელიეფურ კვეთას, ეს უკვე სკოლაში ვისწავლე და მერე, ნელ-ნელა ავითვისე ხეზე მუშაობა.

- ჭედურობით როდის დაინტერესდით?

- ჭედურობაზე გადასვლა გამოიწვია ჩემი მეგობრის დაჟინებულმა თხოვნამ თუ მოთხოვნამ. უნდოდა, აქაც მეცადა ხელი. სიმართლე გითხრათ, ის რომ არა, შეიძლება არ გავკარებოდი ჭედურობას. როცა რაღაც საქმეში ვარ, იმის იქით ვეღარ ვიხედები ხოლმე. ეს ცუდია, რა თქმა უნდა. მეგობარმა დამიყოლია, ვცადე და მთელი წელი გამიტაცა ახალმა მასალამ და ახალმა გამოწვევამ. ხისკენ, დაახლოებით, 6-7 წელი არც გამიხედავს და არც სურვილი გამჩენია, ისე ჩავერთე ჭედურობაში.

- ქვასთან მუშაობის გამოცდილება როგორ მიიღეთ?

-პატრიარქმა დაავალა სიონის ტაძრის კარიბჭის მოპირკეთება ჩემს მეგობარს და კოლეგას - იოსებ ანდრიაძეს. მან ჯგუფი შექმნა, სადაც შემთხვევით მოვხვდი. საქმეს ხორცი ვერ შეესხა, იმ ჯგუფმა მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მაშინ ვიმუშავე ქვასთან და ამ კუთხით, პირველი ნაბიჯები გავიარე.

- ყველა მიმართულებაზე ერთდროულად შეგიძლიათ მუშაობა თუ პერიოდები გაქვთ?

- შარშან, მაგალითად, სამივე მასალას შევეხე - ჯერ ჭედურობით დავიწყე, მერე ხეზე გადავედი, ქვაზეც ვიმუშავე. ახლა უფრო კომბინირებული თემა მაინტერესებს. ქვასთან ჭედურობის შერწყმა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ხე და ლითონი შეიძლება, გააერთიანო. ამ მხრივ დიდი ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია, მაგრამ ვცადე და ძალიან მომეწონა. ჩემთან ან ხე არის აქტიური და ლითონი მეორეხარისხოვანი (დამხმარე), ან - პირიქით. ერთ ნამუშევარში ორივეს ერთნაირი დატვირთვა ჰქონდეს, ეგეთი ჯერ არ გამიკეთებია. ვნახოთ, თუ გამიტაცა, გავააქტიურებ ამ ხაზს.

- შეკვეთით კარადა, კომოდი ან მსგავსი რამ გაგიკეთებიათ?

- ძირითადად, რელიგიური თემატიკის ნამუშევრები მაქვს, თუმცა საერო ნივთების შეკვეთა თუ იქნება, ეგეც საინტერესოა. ჯერ არ ყოფილა შემოთავაზება. არის თემები, რაზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგალითად, ბუხრის მოჩუქურთმებაზე. 3-4 წლიანი პერიოდი მქონდა, როცა მხოლოდ სამკაულებს და სასმისებს ვაკეთებდი.

- ქუჩაში ქვის კედლის მხატვრობაც დაგიწყიათ. როგორ დაიბადა იდეა?

- ჩემი დისშვილები ეზოში რომ ჩამყავდა ხოლმე, ერთხელ საღებავები წავიღე, რაღაც დავხატოთ-მეთქი. მინდოდა, ეზოს რუტინული ყოფა გამეხალისებინა. თავიდან მრცხვენოდა, ხალხი იფიქრებს, ვინ არის, რას აკეთებსო? კომპლექსები მქონდა (მეგონა, გიჟად ჩამთვლიდნენ) და დაძაბული ვხატავდი მულტფილმის გმირ კარლსონს. ამას მეორე ნახატი თუ მოყვებოდა, არ მეგონა. ეზოში მოთამაშე ბავშვებს ისე მოეწონათ, რომ აღნიშნეს. მესიამოვნა, ადამიანების კარგი განწყობა დავინახე, ამან სტიმული მომცა, რომ ხატვა გამეგრძელებინა. მაინც ყოველდღე ვამბობდი, აი დღეს და მორჩა. ისე გამოვიდა, რომ 2-3 თვის მანძილზე მთელი ქუჩა მოვხატე. დიდებსაც მოსწონდა და პატარებსაც. ზოგი მანქანას აჩერებდა და იქიდან დამიძახებდა - შენ გაიხარეო. ბევრი უცხო ადამიანი გავიცანი, მოდიოდნენ და მლოცავდნენ. ხალხს ხან შოკოლადი მოჰქონდა, ხან ნაყინი, ერთმა ქუდი მაჩუქა. ეს ყველაფერი სულიერად ძალიან მავსებდა, მუხტი მათგან წამოვიდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე კი არა, იმ ხალხმა გააკეთა ყველაფერი. ეზოში ჩემმა წამოწყებამ ბავშვებს სტიმული მისცა და თავისი ხარჯებით და ინიციატივით, გზის მეორე მხარეს წამოიწყეს იგივე საქმე. ოღონდ, მათთვის საინტერესო პერსონაჟებით, ძირითადად, თანამედროვე მულტფილმების გმირები დახატეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მგონია, მაგ საქმეში.

- ახლა შეკვეთაზე მუშაობთ თუ თქვენი ჩანაფიქრით აკეთებთ რამეს?

- რვა თვეა, შეკვეთაზე ვმუშაობ. თავიდან მუშაობას ჩვეულებრივად იწყებ, ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და მერე უკვე ეშხში შედიხარ. ჩემი ნათესავის შეკვეთას ვასრულებ. ვაკეთებ ანალოღიას - ხატის დასასვენებელ მაგიდას, რომელიც ანჩისხატის ეკლესიაში დაბრძანდება. ეს ადამიანი, ყველგან ვამბობ და ახლაც ვიტყვი, რომ ბოლომდე მენდობა, ამიტომ სრული თავისუფლება მაქვს მხატვრული კონტროლის და დროის თვალსაზრისითაც. ის არ არის დამკვეთი, ჩვეულებრივი გაგებით, დამკვეთი ასე არ იქცევა. აქ ნათესავობის ფაქტორიც მოქმედებს. თუ ჩემ ნამუშევარში რამე კარგია, მიმაჩნია, რომ ეს არის პირველ რიგში, ამ ქალბატონის დამსახურება, მისი ასეთი დამოკიდებულებით. დიდი მადლობელი ვარ დამკვეთის და იმ ჩემი მეგობრის, რომლის სახელოსნოშიც ვმუშაობ, ის ხელს მიწყობს ყველანაირად.

ნანული ზოტიკიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)