"პატარა, სოფლელმა გოგომ ქართული ენის შესწავლასთან ერთად ქალაქში მარტო და დამოუკიდებლად ცხოვრებაც ვისწავლე"
"პატარა, სოფლელმა გოგომ ქართული ენის შესწავლასთან ერთად ქალაქში მარტო და დამოუკიდებლად ცხოვრებაც ვისწავლე"
"ჩემს სოფელში ქართული ენა ცოტამ იცის, სწორედ ამიტომ ვაპირებ, არა მარტო ჩემი, არამედ - სხვა ეთნიკური უმცირესობების მომავალიც შევცვალო"

"როდესაც გულით გინდა რაღაც, მთელი სამყარო დაგეხმარება შენი ოცნების ასრულებაში " - პაულო კოელიოს ეს ცნობილი გამონათქვამი ჩემს დღევანდელ რესპოდენტს ზუსტად შეეფერება. 19 წლის საიდა მამედოვა ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგოა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, გათხოვების ნაცვლად, განათლების მიღება მოინდომა, უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილით ქართული ენა ისწავლა, თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა და, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად,
ქალაქში თავის დამკვიდრება შეძლო. დღეს საიდა თავისი მეგობრებისთვის - სხვა ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის და, ზოგადად, გოგოებისთვის თვალსაჩინო მაგალითია. ამ მებრძოლ გოგოს თავისი ისტორიის მოსასმენად სოციალურ ქსელში დავუკავშირდი.

საიდა მამედოვა:
- ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ვცხოვრობ თბილისში, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, ვმუშაობ, ვსწავლობ და,
პარალელურად, ორგანიზაცია "წითელი ხიდის" წევრი ვარ, იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ და ქართველი მასწავლებლების დახმარებით სულ მცირე დროში ვისწავლე ქართული ენა, უარი ვთქვი 4+1 პროგრამაზე და ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, ისე, როგორც სხვები აბარებენ.

- რას ნიშნავს ქართული ენა და განათლების მიღება შენთვის?
- ჩემთვის ქართული ენა ყველაფერს, რაც მთავარია, წარმატებას ნიშნავს. როდესაც სწავლის გაგრძელება მოვინდომე, ეროვნულ გამოცდებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი, თუმცა ჩაბარება მაინც შევძელი. სწავლა მსურდა იმიტომ, რომ ვხედავდი, ჩემი თემის ხალხში ენის ცოდნის დონე საკმაოდ დაბალი იყო და, ამის გამო, ხალხს უჭირდა ცხოვრება, სიტუაცია ახლაც ასეა, ჩემს სოფელში ქართული ენა ცოტამ იცის, სწორედ ამიტომ ვაპირებ, არა მარტო ჩემი, არამედ - სხვა ეთნიკური უმცირესობების მომავალიც შევცვალო. განათლება აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. განათლების მიღება კარგ, უზრუნველ მომავალსაც ნიშნავს.

- როგორ მიიღეს ოჯახის წევრებმა შენი გადაწყვეტილება, ჩამოსულიყავი ქალაქში და სწავლა აქ გაგერძელებინა?
- თავიდან გაუჭირდათ, რადგან "გოგო" და "ქალაქი", მათთვის საშინლად ჟღერდა. არ იცოდნენ, როგორ შევეგუებოდი თბილისს, როგორ ვიცხოვრებდი მარტო. ნაწილობრივ ვეთანხმებოდი და მესმოდა მათი. გამოცდებამდე მხოლოდ ორი თვე იყო დარჩენილი, როდესაც ორივე მშობლისგან თანხმობა მივიღე და მხარში დამიდგნენ.

- როგორ მოგწონს თბილისი და როგორ შეეგუე ახალ გარემოს?
- თბილისი ძალიან მომწონს და მიყვარს. ზუსტად ამ ქალაქმა მასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და თავდაჯერებულობა. თავიდან ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდა, არაფერი ვიცოდი და დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა გავერკვიე ყველაფერში, ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს, სულ აქ ვცხოვრობდი და აღარ მეჩვენება ისეთი უცხო და დიდი, როგორიც თავიდან მეგონა. პატარა სოფლელმა გოგომ ენის შესწავლასთან ერთად ქალაქში მარტო და დამოუკიდებლად ცხოვრებაც ვისწავლე.

- ჰიჯაბს ატარებ, რაც ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ უცხოა, გიგრძნია ეს?
- ზუსტად არ ვიცი, განსხვავებულად ვგრძობ თავს თუ გარიყულად, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე ჩემი თავსაფრით - "ჰიჯაბით" თავს ბედნიერად და ამაყად ვგრძნობ, ის ჩემი იდენტობის ნაწილია.

- რას აპირებ სწავლის დასრულების შემდეგ?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განათლებით მომავალში უამრავ სფეროში შევძლებ მუშაობას, მაინც ჩემს მხარეში დავბრუნდები, იქ, სადაც ყველა სირთულე გავიარე. ჩემმა სოფელმა საშუალება მომცა, მიზნები ჩამომეყალიბებინა, მებრძოლა და მეშრომა ჩემი მომავლისთვის. სწავლის დასრულების შემდეგ ჩავალ და იქ დავიწყებ მასწავლებლად მუშაობას.

- როგორია შენთვის იდეალური, თავისუფალი გარემო?
- თავისუფალი და იდეალური გარემო ჯერჯერობით მხოლოდ ჩემს ოცნებებშია, სულ სხვანაირ გარემოზე ვოცნებობ. ისეთზე, სადაც ადამიანები, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური კუთვნილებისა თუ რასისა, არ გაირიყებიან და თავიანთ ქვეყანაში თავს უცხოდ არ იგრძნობენ. ზოგადად, ბევრ რამეს ვოცნებობ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა განვავითარო იმ რაიონის ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, საიდანაც ვარ. ამ სოფლებში ენის ცოდნის, სწავლის, განვითარებისა და განათლების დაბალი დონეა.

გოგონებმა, რომლებმაც ჩემი გზა უნდა გაიარონ ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდეთ, იფიქრეთ მხოლოდ წარმატებაზე, ნუ იდარდებთ იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი ან როგორ მიგიღებენ ისინი. ნუ მისცემთ უფლებას სხვების უარყოფით დამოკიდებულებას ადგილი დაიკავონ თქვენს ცხოვრებაში. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.

(სპეციალურად საიტისთვის)

ჯავახელი
13 მაისი 2021 13:28
"კარგი ერთი"-ს ამ ასპექტში ვეთანხმები, თუმა ჰერეთის თემა საქართველოს და აზერბაიჯანის მტავრობების გადასაწყვეტია, ხოლო საიდას წარმატებას ვუსურვებ, და როგორც ამ ქვეყნის შვილს მას აქვს ყველა უფლება იცხოვროს და ემსახუროს ქვეყანას!
ალექსანდრე
08 მაისი 2021 12:21
სამაგალითო გოგონაა! წარმატებები!
აუცილებელია ყველა საუბრობდეს იმ სახელმწიფო ენაზე, სადაც ცხოვრობს.
მით უმეტეს, თუ ეს ქვეყანა შენი ს ა მ შ ო ბ ლ ო ა !
(ძია-ს! საქართველოში არავინ არავის ზღუდავს!!! ისწავლე, განათლდი, იმუშავე...)
ნატი
08 მაისი 2021 01:33
არცერთს

რუბრიკის სხვა სიახლეები