"მეუღლის მშობლებს რომ ვუთხარით, რასაც ვაპირებდით, ეს მათთვის შოკი იყო, მაგრამ იცოდნენ, რა პრობლემების წინაშეც ვიდექით" - კვირის პალიტრა

"მეუღლის მშობლებს რომ ვუთხარით, რასაც ვაპირებდით, ეს მათთვის შოკი იყო, მაგრამ იცოდნენ, რა პრობლემების წინაშეც ვიდექით"

"საქართველოს გარდა, სხვაგან არ მეგულება ადამიანები, რომლებმაც იციან ასე გულღია შეხვედრა და ჭეშმარიტი ურთიერთობის ფასი"

13 წელია, რაც ეკატერინა ბერძენის ოჯახი ემიგრანტია. 5 შვილი ჰყავს. მისი უფროსი გოგონა, ანი სიმღერებს წერს და უკვე კლიპიც გადაიღო, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა. "როცა საფრანგეთში წამოვედით, ანი 6-ის, მეორე გოგონა - ნინი კი 4 წლის გახლდათ. ძალიან გაუჭირდათ აქ ადაპტირება, რადგან ცხადია, საქართველო და ახლობლები ენატრებოდათ. მთელი ერთი წელი, თითქმის ყოველღამე ტიროდა ანი და მსაყვედურობდა, - ეს რა გაგვიკეთეთ, რატომ მივატოვეთ ჩვენი ბებია და პაპა, ჩვენი ეზოო. სათითაოდ იხსენებდნენ სახლში სად რა ჰქონდათ, რაც ჩვენთვის ძალზე მტკივნეული იყო..."

პატარა ანი თურმე, საღამოობით წერდა ლექსებს და ერთხელაც, ასეთი ტექსტი დაუწერია: "საქართველოს სიმღერა,/ გულზე ცრემლად მედება,/ საქართველოს სიყვარული/ გულში აღარ მეტევა". როგორც ეკატერინა ამბობს, - ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ მთელი ოჯახი ტიროდა...

- 2001 წელს გავთხოვდი საყვარელ ადამიანზე. მალევე შეგვეძინა ორი უმშვენიერესი გოგონა - ანი და ნინი. 2008 წელს პირველ კლასში შევიყვანეთ უფროსი შვილი. მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის დროს ყველას გაუჭირდა და ჩვენც, მატერიალური თვალსაზრისით, პრობლემები შეგვექმნა. იმაზეც ვფიქრობდით, რომ ერთი წლის შემდეგ მეორე შვილსაც მოუწევდა სკოლაში წასვლა და ჩვენი ხარჯები თავისთავად გაიზრდებოდა. დავფიქრდით და გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით საფრანგეთში, სადაც ჩემი მული და მისი ოჯახი ცხოვრობდა. მეუღლის მშობლებს რომ ვუთხარით, რასაც ვაპირებდით, ეს მათთვის შოკი იყო, მაგრამ იცოდნენ, რა პრობლემების წინაშეც ვიდექით და მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი. მაშინ მე 21-ის, ჩემი მეუღლე კი 25 წლის იყო. ჩავბარგდით და პატარა ბავშვებთან ერთად გზას დავადექით. ჯერ ჩავფრინდით ბელარუსიაში. იქ დაგვხვდა ქალი, რომელიც გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გადავსულიყავით პოლონეთში და მერე იქიდან რა გზის გავლა მოგვიხდებოდა, საფრანგეთამდე რომ ჩაგვეღწია.

პოლონეთში, სასაზღვრო ქალაქ ბრესტში როგორც კი შევედით, დაგვიჭირეს. არ გვქონდა ვიზა. 70 არალეგალი ერთ პატარა ოთახში მოგვათავსეს და ჩამოგვართვეს ინტერვიუ, თუ რატომ ვითხოვდით თავშესაფარს. მერე ზოგს მისცეს შესვლის უფლება, ზოგს - არა. ამ შემთხვევაში იღბლიანები აღმოვჩნდით და გადაგვიშვეს. თავშესაფარი მოვითხოვეთ. ბანაკში გაგვამწესეს და გაგვაფრთხილეს, პოლონეთი არ დატოვოთ, თორემ დაგიჭერთ და საქართველოში დაგაბრუნებთო. ორი თვე ვიცხოვრეთ იმ ბანაკში.

- როგორ შეეგუვნენ ბავშვები ასე უცებ შეცვლილ ცხოვრების სტილს?

- ვუთხარით, რომ ეს მათი მოგზაურობაა და ვცდილობდით, არ მოეწყინათ. რაღაც ისტორიებს ვუყვებოდით და ისეთ ადგილებში ვასეირნებდით, რომ შეჰქმნოდათ შთაბეჭდილება, თითქოს კარგ დროს ვატარებდით. თუმცა, რომ ხედავდნენ, ბანაკში გვკეტავდნენ და გარეთ გასვლა გვეკრძალებოდა, რომ გაპარვა გვიწევდა ქუჩაში გასასვლელად, ხვდებოდნენ, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ანი მეკითხებოდა, - დედა, სად ვართ? რატომ უკირკიტებთ სულ რუკას? არ იცით, სად მიდიხართ, როგორი გზებით? მგონი, ისიც არ იცით, რას აკეთებთო. როცა ტელეფონით ბებოს და პაპას ელაპარაკებოდა, მათაც შესჩივლა ამის შესახებ (იცინის).

ჩვენ გამო ცხადია, ოჯახის წევრები ღელავდნენ, ამიტომ ჩემი მული ოჯახთან ერთად ჩამოვიდა პოლონეთში. მათ მოძებნეს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ევროპული პასპორტი და გემის ბილეთები აყიდვინეს. ეს იყო საკრუიზო გემი, რომელსაც შვედეთში უნდა გადავეყვანეთ. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ როცა ბილეთები გვიყიდეს, აღმოჩნდა, რომ იმ კაცს ერთი შვილი ჰყავდა ბიჭი და ბილეთშიც ასე ეწერა: ცოლი, ქმარი, გოგო და ბიჭი. ამიტომ, ჩემს უმცროს შვილს ვუთხარი, - ამ მოგზაურობისას შენ ბიჭი უნდა იყო-მეთქი. გაოცდა და გააპროტესტა. ძალიან პრინცესულად გაზრდილი, ბოლოს მაინც დავითანხმეთ. ვუთხარით, რომ ეს თამაში იყო და ჩავაცვით ბიჭივით, დავახურეთ ქუდი. მე ვიცოდი ინგლისური და ესეც დაგვეხმარებოდა როლების მორგებაში. თან ძალიან თინეიჯერულად გვეცვა, ვითომ მართლა სამოგზაუროდ მივდიოდით.

შვედეთში ისე ჩავედით, არავის შევუმოწმებივართ. მერე იქაც მოვითხოვეთ თავშესაფარი. თვე-ნახევარი მოგვცეს ვადა, ამ დროის მანძილზე საოცრად კარგი დრო გავატარეთ, მოგვცეს კარგი საცხოვრებელი ბინა, მაგრამ მერე ქვეყნის დატოვება და პოლონეთში დაბრუნება მოგვთხოვეს. მივედით საქართველოს საელჩოში და წარმომადგენელს ვუთხარით, რომ გვინდა ბელგიის, გერმანიისა და საფრანგეთის გავლით საქართველოში დაბრუნება. მოგვცეს ამის უფლება.

ვიყიდეთ ავტობუსის ბილეთი და ორი დღე მოგვიწია მგზავრობამ საფრანგეთამდე. მძღოლმა, ჩვენს გაფითრებულ და დაძაბულ სახეებს რომ შეხედა, გვანიშნა, უკან გადადითო. გერმანიაში შევისვენეთ. იქ კონტროლიორები ამოდიან ავტობუსში და ყველაფერს ამოწმებენ, რათა არალეგალები იპოვონ. მთელი გზა ვლოცულობდით, რომ არ დავეჭირეთ. ერთ-ერთი შესვენების დროს ავტობუსში ამოვიდა ქალი ყვირილით, ჩანთა მომპარესო. დაურეკეს პოლიციას, რომელმაც ყველაფრის ჩხრეკა დაიწყო. ჩვენამდე ზუსტად ერთი ნაბიჯი აკლდათ, როცა კაცი მოვიდა, ზუსტად ისეთი ჩემოდნით, ამ ქალმა რომ დაკარგა - მეც ასეთი მაქვს და შემშლიაო. აი, ბეწვზე გადავრჩით, აღარ შეუმოწმებიათ ჩვენი პასპორტები და როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ საფრანგეთამდე. ამას ახლა იოლად გიყვებით, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ნერვიულობა გადავიტანეთ. ნამდვილად არ მინდოდა, ჩემს შვილებს თუნდაც ერთი დღე, არალეგალების ციხეში გაეტარებინათ...

- როგორ მოახერხეთ საფრანგეთში თავის დამკვიდრება?..

- აი, რატომღაც სულ დარწმუნებული ვიყავი, რომ საფრანგეთამდე თუ ჩავიდოდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა, არ მოგვიწევდა ქუჩაში ცხოვრება. არადა, ბევრი ოჯახი დარჩა, თავშესაფრის გარეშე. იყო შემთხვევები, როცა მშობლები შვილებთან ერთად, თვეობით ცხოვრობდნენ ქუჩაში, ჩვენ კი ერთი დღეც არ გაგვიტარებია გარეთ. ჩემმა სიძემ გვირჩია, რომელ ადგილას უნდა მივსულიყავით და სად მოგვეთხოვა თავშესაფარი. იმ ბინაში, რომელიც პირველად მოგვცეს, 3 წელი ვცხოვრობდით, შემდეგ დაიწყო წვალება იმ გაგებით, რომ ხშირად გვიცვლიდნენ სასტუმროს. იმ წლებში არალეგალურად ვმუშაობდით - მე ხან ძიძად, ხან ტანისამოს ვაუთოებდი, ბავშვებსაც ვამზადებდი რუსულსა და ინგლისურში... ჩემი მეუღლე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდა, ბავშვები კი სკოლაში დადიოდნენ.

ფრანგულად მხოლოდ "გამარჯობა" ვიცოდი და როცა ინგლისურად ვსაუბრობდი, ეს არ მოსწონდათ. - სადაც ინგლისურად მოგემსახურებიან, იმ ქვეყანაში რატომ არ წახვედითო? - მეუბნებოდნენ... აქ დიდ პატივს სცემენ საკუთარ ენას, კულტურას. ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ ფრანგულის სწავლა. ბავშვებმა მალე დასძლიეს ენის ბარიერი და თავიდან, როდესაც ვიზიტი გვქონდა ჩვენს სოციალებთან ან პედიატრთან გვიწევდა წასვლა, უფროსი გოგონები ყოველთვის თან გვახლდნენ და შეძლებისდაგვარად გვიწევდნენ თარჯიმნობას (იცინის). შედეგად, მე რომ ბავშვობაში ვთამაშობდი "დედობანას" ან "ექიმობანას", ესენი თამაშობდნენ "სოციალობანას", "პრეფექტურობანას", "მესაზღვრეობანას" და ა.შ. მთელი სამი წელი, სანამ ცოტა არ გაიზარდნენ, ანი გვიდგამდა სპექტაკლებს ჩვენს განვლილ გზაზე და ასე გვართობდა.

ჩამოსვლისთანავე ბავშვები მივიყვანეთ საბალეტო სკოლაში, თეატრალურ წრეზე. მათზე უსაბუთობა არ მოქმედებდა - თუ სწავლის სურვილს გამოთქვამ, აუცილებლად შეგიწყობენ ხელს.

- თქვენს უფროს ქალიშვილებს ყველაზე მეტად, რასთან გაუჭირდათ შეგუება?

- ჩემი შვილები ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბავშვები იყვნენ ყოველთვის, გიჟდებოდნენ ადამიანებთან ურთიერთობაზე და აქ "ცივი კედელი" რომ დახვდათ, ამას ვერ ეგუებოდნენ, ძალიან განიცადეს. დაახლოებით ერთი წელი გაუჭირდათ მეგობრების შეძენა. ანი ძალიან მეგობრული იყო ყოველთვის და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული არ იცოდა, სულ ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას. მიდიოდა ბავშვებთან, მაგრამ ვერ აგებინებდა, რისი თამაში უნდოდა და ამასაც განიცდიდა. იყო შემთხვევა, როცა სახლში მოსულს უთქვამს, - დედა, ამას აღარ ჩავიცვამ, სხვანაირი მიყიდე, ბავშვები დამცინიანო... მერე ერთ-ერთ მასწავლებელს დავუკავშირდი (აქ სკოლებში აუცილებლად ჰყავთ ფსიქოლოგები) და ის ძალიან დაეხმარა ბავშვებს ნოსტალგიის, დაძაბულობის დაძლევაში, მერე კი შედარებით მარტივად მიიღეს ყველა სიახლე და ცოტა ხანში ბავშვებთანაც გამონახეს საერთო ენა.

- უკვე საფრანგეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება გაქვთ, არა? - 5 წლის შემდეგ მოგვცეს ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და საბუთის აღებიდან მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა ლეგალურად. მოგვცეს ბინაც, სადაც ახალ ვცხოვრობთ - ვერსალის შატოსთან ახლოს.

- გამოდის, რომ რისკმა გაამართლა...

- მეტ-ნაკლებად შევძელით დასახული მიზნის მიღწევა, ყოველ შემთხვევაში, შვილები ჩვენი არჩევანით კმაყოფილები არიან და ეს გვაბედნიერებს.

- სანამ წახვიდოდით, საქართველოში რას საქმიანობდით? - ჩემი ქმარი მუშაობდა პირადი დაცვის სამსახურში, მე - კერძო ოფისში, მდივან-მენეჯერად. სანამ გავთხოვდებოდი, იურიდიულზე ვსწავლობდი, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ, 2 წელი ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და მეცადინეობას გულს ვერ ვუდებდი. ამიტომ აკადემიური ავიღე. მერე გავთხოვდი და სწავლისთვის ვეღარ მოვიცალე... ბევრ ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც დიასახლისობა იყო.

- საფრანგეთში კიდევ 3 შვილი გააჩინეთ და ახლა მრავალშვილიანი დედა ხართ... - როდესაც პოლონეთში მივფრინავდით, ორსულად ვყოფილვარ. არადა, იმ პერიოდში მიწევდა ბარგებით სიარული, თან სულ ღიმილიანი უნდა ვყოფილიყავი, რათა ბავშვებს განერვიულებული ან დაღლილი არ მოვჩვენებოდი. აქამდე ისე ჩამოვიყვანეთ, სულ ილუზიებით სავსე ამბებს ვთავაზობდით. ახლა ანი ხუმრობით იხსენებს იმ ყველაფერს: დედა, ძალიან მაგარი მატყუარა ყოფილხარ, ვერც ვხვდებოდი, თუ ასე ძალიან გიჭირდაო. თუმცა, ეს არ იყო მავნე ტყუილი... საფრანგეთში ცხოვრებიდან 8 წლის შემდეგ მოვახერხეთ საქართველოში 20 დღით გამგზავრება. სულ სირბილ-სირბილით მოვიარეთ ყველა საყვარელი ადგილი. მახსოვს, საქართველოს აეროპორტში ფილმი "ფესვები" გამახსენდა, რადგან მთელი აეროპორტი ჩვენი საახლობლო წრით, ნათესავებით სავსე იყო. ეს გახლდათ დაუვიწყარი ემოცია. ადგილზე გავქვავდით და ჩემმა მეუღლემ ნაბიჯიც ვერ გადადგა, ყველანი ვტიროდით, ბავშვებიც და დიდებიც. მერე, საფრანგეთში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ისევ ორსულად ვიყავი, ამჯერად - ტყუპზე. მამამთილმა მითხრა, - თვითმფრინავის ადრენალინი ეტყობა, სხვანაირად მოქმედებს თქვენზეო. ჰოდა, ახლა თავს ვიკავებ გადაფრენისგან, მეშინია, ისევ ორსულად არ დავრჩე (იცინის).

ანი ოცნებობს შოუბიზნესის კუთხით აიწყოს კარიერა და უკვე კლიპიც კი გადაიღო თავის სიმღერაზე. ასევე, სწავლობს დიზაინ-მარკეტოლოგიას და სურს საკუთარი სალონი ჰქონდეს. ნინი ცოტა უფრო სერიოზულია, უნდა ადვოკატი გახდეს. სწავლობს ლიცეუმში, რომლის დამთავრების შემდეგ აპირებს უნივერსიტეტში ჩააბაროს. მესამე - ვაჟია და დადის ფეხბურთზე, ჯერჯერობით კარგი მოსწავლეა. ნაბოლარა ტყუპი კი ბაღში დადის. მათაც უყვართ ცეკვა, სიმღერა და უფროს დას ბაძავენ. - თქვენი შვილები, გინდათ თუ არა, ფრანგულ კულტურას ეზიარნენ, მეტად თავისუფლები იქნებიან. ქართველ მამებს უჭირთ ბევრი რამის მიღება. თქვენი მეუღლე როგორ ეგუება ფრანგული ცხოვრების სტილს?

- ჩვენ გვაქვს ერთი კარგი გამონათქვამი: სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო. მეგონა, ჩემს მეუღლეს გაუჭირდებოდა რაღაცების გაგება და სიმართლე გითხრათ, იყო მომენტები, როცა ჩვენს შვილებს რაღაცები ეკრძალებოდათ (მაგალითად, ღამით მეგობართან ერთად სიარული), მაგრამ მერე მივხვდით, რომ აკრძალვებზე მეტად, მეგობრული მიდგომა ჭრიდა და ჩვენც ეს გზა ვარჩიეთ მათთან საურთიერთოდ. არის ნიუანსები, რისი გაგებაც ახლაც გვიჭირს, მაგრამ ვცდილობთ...

ერთი შემთხვევა გამახსენდა: ჯერ კიდევ სასტუმროში, პირველ სართულზე ვცხოვრობდით. ფანჯრის წინ იყო ბუჩქები და იმის იქით - პატარა ეზო, სადაც ბავშვებს სათამაშოდ შესვლა ეკრძალებოდათ, მაგრამ შაბათ-კვირას, როდესაც არც დაცვა იყო და არც სასტუმროს მეპატრონე, პატარები გადადიოდნენ, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ თამაშობდნენ. ერთ დღეს მეზობლის ბავშვმა მთხოვა, ჩემი 3 წლის ლაზარე მასთან ერთად გამეშვა, ის გაცილებით უფროსი იყო და გავაფრთხილე: იცოდე, თუ რამეს დააშავებთ, მოგკლავთ-მეთქი. აქ ასეთი რამის თქმა არ შეიძლება, ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ... მოკლედ, ცოტა ხნის შემდეგ ტირილის ხმა გავიგონე და რომ გავძახე მეზობლის ბავშვს, ლაზარე რატომ ტირის-მეთქი? მითხრა, რომ ბზიკმა უკბინა. სასწრაფოდ დანა ავიღე და ეზოსკენ გავიქეცი. უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა. ვიღაცებმა გამაკავეს, საიდანღაც პოლიციაც მოვიდა, იქიდან ლაზარეს ტირილი მესმოდა და მუდარა, - დედა, ფეხი არ მომაჭრაო. ხალხი გაოცებული მეკითხებოდა, რას აკეთებო და მეც მთელი საათი ვუხსნიდი ამ ხალხს და პოლიციას, რომ დანა შვილის გადასარჩენად, ნაკბენი ადგილიდან ნექტარის ამოსაღებად მინდოდა. ბოლოს ჩემი მეუღლე რომ გამოჩნდა, უამბეს ეს ყველაფერი. იმანაც, - ჰო, ასე იცის ეკამ, როცა ბრაზდება, ასეთი გამოხდომები აქვსო, - იხუმრა. მოკლედ, როცა მიხვდნენ, რომ დანით შვილისთვის ან მეზობლისთვის რაიმეს დაშავებას არ ვაპირებდი, გამიშვეს (იცინის)...

- შეგიძლიათ ისაუბროთ ორ ქვეყანას შორის განსხვავებაზე?

- ფრანგებს ურთიერთობის აწყობა უჭირთ უცხოსთან, მაგრამ როცა შეგიცნობენ და დაგიახლოვდებიან, კარგად განეწყობიან შენ მიმართ და მერე მართლაც ღირსეულ მეგობრობას გაგიწევენ. თუმცა, ძალიან დიდხანს გაკვირდებიან, რათა ახლოს მიგიშვან. ისეთი სიახლოვე არ იციან, როგორც ჩვენ... საქართველოს გარდა, სხვაგან არ მეგულება ადამიანები, რომლებმაც იციან ასე გულღია შეხვედრა და ჭეშმარიტი ურთიერთობის ფასი.

საქართველოში სიხარული ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, აქ კი უფრო, მატერიალურად უზრუნველყოფილი ხარ და გაცილებით ადვილია შენი სურვილების რეალიზება. და ვართ ასე, ორ აუცილებელ უკიდეგანო ხიდს შორის...

- თქვენმა შვილებმა ქართული ხომ იციან? - სახლში ვსაუბრობთ ქართულ-ფრანგულად, პატარებს ქართულად წერა-კითხვას ახლა ვასწავლი. მაქვს "დედა ენის" წიგნი და შეძლებისდაგვარად ვამეცადინებ.

- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ემიგრანტობა აქვთ გადაწყვეტილი? - ვერავის ვერაფერს ვურჩევ, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია და უცხო ქვეყანაში ცხოვრების აწყობა დამოკიდებულია შენს ბრძოლისუნარიანობაზე, მოტივაციასა და გამართლებაზე. ზოგჯერ ვფიქრობ, წარსულში რომ დამაბრუნონ, ყველაფრის თავიდან გავლას შევძლებდი თუ ვერა? ალბათ, ვერ! მაშინ სულ სხვა შემართებით წამოვედით, აი, ტალღა რომ დაგარტყამს და გადმოგაგდებს, იძულებული რომ ხარ, სხვა გზა არ გაქვს და ა.შ. ასე რომ, რჩევის მიცემა რთულია...

- ყველაზე მეტად, რა გენატრებათ? - ქართული ყველაფერი მენატრება: ხე, ყვავილი, სურნელი, ჰაერი, მაგრამ განსაკუთრებით - ურთიერთობები. ჩამოსვლას ვაპირებთ ზაფხულში. ეს საახალწლოდაც გვინდოდა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი დალაგდება და მონატრებული ადამიანების მონახულებას შევძლებთ.

ლიკა ქაჯაია ჟურნალი "გზა"