"ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა 16 მაისს აპირებს ჩაატაროს აქცია - დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს, 10-15 კაცს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა 16 მაისს აპირებს ჩაატაროს აქცია - დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს, 10-15 კაცს"

ლევან ვასაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში, აქციას გამართავს. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის ჩატარებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში მათი მოძრაობის წარმომადგენლების პრეზენტაციაც გაიმართება.

,,ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აპირებს 16 მაისს ჩაატაროს საჯარო აქცია. აქციის ადგილად გვინდოდა პარლამენტის წინ, თუმცა იქ პერმანენტული კარვების ქალაქია გაშლილი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს "ნაცებმა" და "ქოცებმა". ხალხში ტყუილად არ არის გაჩენილი ტერმინი - ნაცქოცები და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს ორი ძალა თეატრალურად ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ერთმანეთის მკვებავია. ჩვენ ძალიან დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს 10-15 კაცს, თუმცა ასობით თანამოაზრე გვყავს. ეს არიან პოლიტიკური ექსპერტები, იურისპუდენციის და ეკონომიკის ექსპერტები. დომხალში გაუსვრელი და პატიოსანი ხალხი, რომელთაც საქართველოში დიდი ავტორიტეტი აქვთ. ზეგიდან მოგზაურობას დავიწყებ საქართველოში, დავიწყებ მესტიიდან, მერე ზუგდიდი, სენაკი, გურია, ქართლ-კახეთი. 16 მაისამდე რამდენსაც მოვასწრებ, ვივლი", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მისივე განცხადებით, მათი გუნდის პოზიციია, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას უნდა დაუბრუნდეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს საპრეზიდენტო მმართველობას, ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ძლიერი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ ის გადაიქცეს ისეთ ტირანად, როგორადაც იქცა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, თუ არ გაქვს ასეთი ინსტიტუტი, მაშინ გარანტირებულად გაქვს ის ქაოსი, რომელშიც ჩვენმა მრჩეველებმა შეგვაგდეს ახლა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.