"იცი, რა ლამაზი იყო ნინო? რომ იცინოდა, თვალებიდან სულ "გაზაფხულები" სცვიოდა" - კვირის პალიტრა

"იცი, რა ლამაზი იყო ნინო? რომ იცინოდა, თვალებიდან სულ "გაზაფხულები" სცვიოდა"

ცნობილი მწერლების მეუღლეები

საინტერესოა, ვინ იყვნენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების მეუღლეები, რომლებმაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავისი მეორე ან სულაც - პირველი ნახევრების შემოქმედებაში, როგორ უყვარდათ და როგორ ურთიერთობდნენ. ამჯერად რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ:

მწერალ გოდერძი ჩოხელს, ძალიან ცუდად რომ ყოფილა, მეგობრისთვის - ნინო ზედელაშვილისთვის თავის მეუღლეზე - ნინო მელაშვილზე უთქვამს: იცი, რა ლამაზი იყო ნინო? რომ იცინოდა, თვალებიდან სულ "გაზაფხულები" სცვიოდა. ჩემი ავადმყოფობით ჩავუქრე ეს თვალებიო... ხმამაღლა, სიტყვებით სიყვარულს არასდროს უხსნიდა, სულ წერილებით ესიყვარულებოდა, თურმე. ერთხელ მოსკოვიდან დღის განმავლობაში, ყოველ 10 წუთში უგზავნიდა დეპეშას რუსული ტექსტით: მე შენ მიყვარხარო! გაუგიჟებია ქართველი ფოსტალიონები - მთელი დღე წინ და უკან დარბოდნენ.

ნინო და გოდერძი უცნაურად ურთიერთობდნენ - წერილებით: ჯერ თუ ნინო დაწერდა წერილს, ის ტოვებდა მათ საერთო მეგობართან - მსახიობ დარეჯან ხაჩიძესთან, ამას გოდერძის საპასუხო წერილი მოჰყვებოდა, რომელსაც ეს უკანასკნელი კვლავ დარეჯანს ჩააბარებდა ნინოსთვის გადასაცემად, ან პირიქით ხდებოდა და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. მოკლედ, თანამედროვე გაგებით, მესიჯობდნენ. ხანდახან გოდერძი მთელ ფურცელს მხოლოდ "ჩემო ნინო, მიყვარხარ"-ით გაავსებდა, ბოლოს კი, თურმე, მიაწერდა: უჰ, რა მაგარი რომანი დავწერეო!

ფიოდორ დოსტოევსკი და ანა დოსტოევსკაია

რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის მეუღლე ანა გრიგოლის ასული დოსტოევსკაია (სნიტკინა) 20 წლის იყო, 45 წლის დოსტოევსკის რომ გაჰყვა ცოლად. მათი სიყვარული საქმიანი ურთიერთობით დაიწყო - მას შემდეგ, რაც ანა მწერალთან მბეჭდავად მოეწყო. სწორედ ანას დახმარებით დაასრულა მან ძალიან სწრაფად თავისი პატარა რომანი - "მოთამაშე"... და ასე გრძელდებოდა მათი თანაცხოვრების განმავლობაში. ანამ იტვირთა საოჯახო ყოფა-ცხოვრების მოწყობა და ფინანსური მხარე, მეუღლის სამუშაო გრაფიკსაც თვითონ ადგენდა, კორექტორიც იყო, ხელნაწერთა გადამწერიც და მბეჭდავიც, საგამომცემლო საქმეც მას ებარა და წიგნების გაყიდვასაც ხელმძღვანელობდა. თქვენ წარმოიდგინეთ, დოსტოევსკიმ აზარტულ თამაშებს თავი რომ დაანება, ესეც ანას დამსახურება გახლდათ.

ჯეიმს ჯოისი და ნორა ბარნაკლი

ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის მეუღლე ნორა ბარნაკლი ბევრი მწერლის მეუღლისგან განსხვავებით, მწყრალად იყო ლიტერატურასთან. ამბობენ, ჯოისის ნაწარმოებებიც კი არასდროს წაუკითხავსო. ყოფილი მოახლე ნორა ბარნაკლი ჯოისთან შეუღლების შემდეგ მხოლოდ საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული და საყვარელ ადამიანს შემოქმედებითი წვისთვის სრულ თავისუფლებას აძლევდა. ქალს რამდენჯერმე უთქვამს: ვერ გეტყვით, გენიოსია თუ არა ჩემი მეუღლე, მაგრამ მისი დარი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულებაო.

სხვათა შორის, ჯეიმს ჯოისის რომან "ულისეში" აღწერილი დღე - 1904 წლის 16 ივნისი მწერლისა და მისი მომავალი მეუღლის, ნორას პირველი პაემნის თარიღი გახლავთ.

მიხეილ ბულგაკოვი და ელენა ბულგაკოვა

რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის მეუღლე ელენა სერგის ასული ბულგაკოვა (ნიურენბერგი, ნეელოვა, შილოვსკაია) ბევრის აღფრთოვანებას იწვევდა. მიხეილისთვისაც და ელენასთვისაც ეს ქორწინება მესამე იყო. ბულგაკოვი არა მარტო დაქორწინდა მასზე, საკუთარი შემოქმედების მუზადაც აქცია. ელენა ბულგაკოვა მიხეილ ბულგაკოვის ნაკარნახებ ნაწარმოებებს იწერდა და ბეჭდავდა, მერე კი რედაქტირებასაც უკეთებდა, მიმოწერასა და თეატრებთან მოლაპარაკებებსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სწორედ მან შემოინახა მწერლის არქივი, მოგვიანებით კი საზოგადოებასაც წარუდგინა. მის უპირველეს დამსახურებად "ოსტატი და მარგარიტას" გამოცემას მიიჩნევენ. სხვათა შორის, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მარგარიტას პროტოტიპი სწორედ ელენა სერგის ასული ბულგაკოვაა.

ნოდარ და ნანული დუმბაძეები

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ქალბატონი ნანული დუმბაძე იხსენებდა: როცა მატერიალური მდგომარეობა გამოგვისწორდა, ნოდარის ფინანსებს მე განვკარგავდი. ძალიან მინდოდა ძვირფასი საყურის შეძენა - ჩემს ყველა ახლობელს ბრილიანტის საყურე ეკეთა. ერთხელაც დავიჩივლე, არც შვილებს, არც მე საყურეები არ გვაქვს-მეთქი და უცებ მიპასუხა, - ნანული, მე უსაყუროდ მომწონხარ და თუ სხვას გინდა, მოეწონო, ფული შენს ხელშია და იყიდე ის საყურეო. ამის შემდეგ როგორღა წავიდოდი საყიდლად და ბრილიანტის გამო ნოდარს როგორ ვაწყენინებდიო?

ალბათ, ერთი ქალიც ვერ დადებს თავს, რომ მისი ქმარი სხვა ქალს არ გაარშიყებია, ამ წყვილმა კი 35 წელიწადს იცხოვრა ერთად და ქალბატონ ნანულის არც მწერლის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ მსგავსი არაფერი გაუგია მეუღლეზე. ქალბატონ ნანულის ძალიან გაუძნელდა უმისოდ ცხოვრება და ნათქვამიც აქვს, - ჩემი ცხოვრება ნოდარის გარეშე არ არსებობს. ხალხს უკვირს, რომ არ ვმღერი. ერთ წვეულებაზე ვიღაცას უთქვამს, რა მოწყენილი ქალიაო. ნოდარის სიკვდილის შემდეგ არც მიმღერია, არც მიცეკვია... მახსოვს, ნოდარს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოში მოსანახულებლად ერთი ქვრივი ქალი ეწვია, ტუჩზე პომადითა და ფერადი ტანსაცმლით. ის ქალი რომ წავიდა, ნოდარი მომიბრუნდა და მითხრა, შენც ამას იზამო! არადა, ლამის მთელი ცხოვრება ისე გავლიე, ფაქტობრივად, სულ შავი სამოსი მეცვა. სურვილიც არ მქონდა, სხვა ფერის შემეძინა. პომადაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არასდროს ვაკეთებდი იმას, რაც ნოდარს არ უყვარდაო.

(სპეციალურად საიტისთვის)