ჰომეროსი - ადამიანი, რომელმაც საუკუნეებით გაუსწრო დროს - კვირის პალიტრა

ჰომეროსი - ადამიანი, რომელმაც საუკუნეებით გაუსწრო დროს

სიმართლე რომ ითქვას, "50 წიგნის" პროექტის ფარგლებში "ოდისეას" მოხვედრა ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა... არა, ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ ჰომეროსი არ უნდა ყოფილიყო 50 ავტორს შორის.უბრალოდ, გამიკვირდა, რომ მკითხველთა რეიტინგში (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პროექტისთვის ნაწარმოების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი მკითხველთა ხმების რაოდენობა იყო) "ოდისეამ" ბევრად გაუსწრო "ილიადას" - იქნებ საგულისხმო და ჩვენი დროისათვის ნიშანდობლივი ფაქტიც იყოს: თანამედროვე მკითხველს ტროას ომის ამბებთან, ანუ ნამდვილ ისტორიასთან მეტად მიახლოებულ "ილიადას", რომელიც მთავარი გმირების სიკვდილით, მარცხითა და უბედურებით მთავრდება, "ნაკლებსარწმუნო", მაგრამ საბოლოოდ მაინც მიზანს მიღწეული ოდისევსის მოგზაურობა ურჩევნია.

ისე კი, ცოტად თუ ბევრად გათვითცნობიერებული მკითხველისთვის, ჰომეროსის ჩვენამდე მოღწეული ორივე პოემის შინაარსი ცნობილია და ასეც რომ არ იყოს, ტროადან მშობლიური ითაკისაკენ გამგზავრებული ოდისევსის ათწლიანი მოგზაურობის ამბავი, "ილიადაში" აღწერილი მოვლენებისაგან დამოუკიდებლადაც, დღემდე ისევე გვიზიდავს, როგორც ათასწლეულების წინანდელ მკითხველსა თუ მსმენელს.

რადგან "ორივე პოემა" ვახსენეთ, აქვე ისიც ვთქვათ, რომ დღემდე არსებობს მკვლევართა ნაწილის აზრი, რომლის მიხედვითაც "ილიადასა" და "ოდისეას" ავტორს აგრეთვე ეკუთვნის სხვა პოემები ტროას ომზე; ამას გარდა, პოემები ოიდიპოსსა და მის ვაჟებზე... მეორენი კი (მკვლევართა ასევე ძალიან მცირე ნაწილი) პირიქით - სულაც უარყოფენ, რომ "ილიადა" და "ოდისეა" ერთი კაცის დაწერილია...

თვით ჰომეროსის პიროვნებაც საიდუმლოებით არის მოცული (და არა მხოლოდ იმიტომ, რომ 28 საუკუნის წინ ცხოვრობდა; ბერძნებს უფრო ადრინდელ მოღვაწეებზეც კი აქვთ ზუსტი ცნობები) - მისი სიბრმავეც კი ლეგენდად მიაჩნიათ და ამტკიცებენ, ეს მითი "ოდისეაში" პერსონაჟის - ბრმა მომღერალ დემოდოკეს არსებობის გამო შეიქმნა ჰომეროსის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგო.

კიდევ ერთი საიდუმლო: სმირნა, ქიოსი, კოლოფონი, სალამინა, როდოსი, არგოსი, ათენი - ეს ის ქალაქებია, რომლებიც დღემდე ეცილებიან ერთმანეთს ჰომეროსის მშობლიური ქალაქის წოდებას.

KvirisPalitra.Geასეა თუ ისე, ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება - მკითხველიც და ლიტერატორიც, ბერძენიც და ამერიკელიც, ძველიც და ახალიც, - უეჭველია: ჰომეროსის ამ ორმა პოემამ საფუძველი დაუდო თანამედროვე ლიტერატურას! არც მანამდე და არც მას შემდეგ, მთელი ეპოქების განმავლობაში, ადამიანის გონებას არ შეუქმნია ისეთი ლიტერატურული ძეგლი, რომელიც სრულიად გასაგები (სხვა საქმეა მოწონება-არმოწონება, გემოვნებაზე არ დაობენ) იქნებოდა ყველა "მიმართულების" მკითხველისათვის.

რაც მთავარია, ანტიკური ლიტერატურის სხვა, "მოსაწყენი" ნიმუშებისაგან განსხვავებით, ჰომეროსი პირველი იყო, ვინც "ილიადაშიც" და "ოდისეაშიც" ოცწლიანი ამბებიდან სწორედ ის პერიოდი ამოარჩია და შემოგვთავაზა, რომელიც ყველაზე მეტად "გითრევს", რომელშიც, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ყველაზე მეტია ე.წ. "ექშენი". აბა, გაიხსენეთ: ტროას ომი, პოემის მიხედვით (ეს ბერძნული მითებითაც დასტურდება) ათ წელიწადს გაგრძელდა, ჰომეროსის "ილიადას" სიუჟეტი კი მხოლოდ ამ ომის უმნიშვნელოვანეს 51 დღეს ეხება, დაწვრილებით კი სულაც უმთავრესი 9 დღეა აღწერილი.

ასევეა "ოდისეაშიც": ათწლიანი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ "ცნობას გვაწვდის" ავტორი, ხოლო უშუალოდ ამბავი 40-დღიან პერიოდს ეხება, რომლისგანაც დაწვრილებით ისევ და ისევ 9 დღის შესახებ მოგვითხრობს.

"თანამედროვე ლიტერატურის ფუძემდებლად" რომ მოვიხსენიეთ ჰომეროსი, ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი იქნებ ესეც იყოს: ანტიკურ ლიტერატურაში - მითები იქნება ეს თუ "ავტორიანი ნაწარმოებები", არასოდეს ყოფილა ასე გამოყოფილი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები საერთო ამბიდან, იქ, როგორც წესი, იწყება დაბადებიდან და მთავრდება სიკვდილით, თანამედროვე რომანში კი თავიდანვე შემოდის პერსონაჟი, "უჩვენოდ მომხდარი" წარსულის ამბებით და წიგნის დამთავრების შემდეგაც, ისევ "დამოუკიდებლად" განაგრძობს ცხოვრებას - სწორედ ამ "უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის წინა პლანზე წამოწევას" მიიჩნევენ ლიტერატურის ისტორიკოსები ჰომეროსის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციად.

იმ ფაქტს, რომ ჰომეროსმა საუკუნეებით გაუსწრო დროს, ისიც ადასტურებს, რომ 800 წლის შემდეგაც კი (!) ყველაზე დიდ რომაელ პოეტად აღიარებული ვირგილიუსის ყველაზე დიდი შედევრი "ენეიდაც", სხვა არაფერია, თუ არა "ოდისეას" (პირველი 6 წიგნი) და "ილიადას" (მეორე 6 წიგნი) "გადამღერება".

ცხადია, აქ "ოდისეას" შინაარსის მოყოლას აზრი არა აქვს, მით უმეტეს, რომ მკითხველი მომავალ ორშაბათს მიიღებს წიგნს "კვირის პალიტრასთან" ერთად, მხოლოდ ერთს ვიტყვით, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველის საყურადღებოდ: წაიკითხეთ ეს უდიდესი წიგნი, წაიკითხეთ და გაიაზრეთ წაკითხული იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ 2800 წლის წინ მცხოვრები ადამიანის ნაფიქრალს ეცნობით, რომ ისეთი იდეალები, როგორიცაა: მეგობრობა, სიყვარული, მამაშვილობა, პატრიოტიზმი, მოვალეობის გრძნობა, ღირსება... არ ხუნდება და სანამ კაცობრიობა იარსებებს, ათჯერ მეტი დროც რომ გავიდეს, ასევე უნდა დარჩეს - ჩვენ, ადამიანები მოვალენი ვართ ეს მუდმივი ღირებულებები უკვდავვყოთ...

კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს: არავის დამსახურებას არ ვაკნინებთ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ "ოდისეა" ლექსადაც არის ქართულად თარგმნილი, სარედაქციო ჯგუფმა გადაწყვიტა, ზურაბ კიკნაძისა და თამაზ ჩხენკელის ბრწყინვალე პროზაული თარგმანი შეეთავაზებინა მკითხველისთვის, რომელიც უფრო სრულად წარმოაჩენს ამ დიდი ლიტერატურული ძეგლის ღირსებებს.

სამწუხაროდ, ბატონი თამაზი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა... სწორედ მის ხსოვნას ვუძღვნით ამ გამოცემას.