"ყველაფერი ხდება, მაგრამ ასე "ხმამაღლა", "გაშლილად" მსგავსი წიგნის მსოფლიოსთვის ჩვენება ნამდვილი სკანდალი, სენსაცია იყო" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ხდება, მაგრამ ასე "ხმამაღლა", "გაშლილად" მსგავსი წიგნის მსოფლიოსთვის ჩვენება ნამდვილი სკანდალი, სენსაცია იყო"

კრისტი ყიფშიძის ლიტერატურული გემოვნება

კრისტი ყიფშიძეს მიაჩნია, რომ წიგნების კითხვა ადამიანმა ზღაპრებით უნდა დაიწყოს. თავად ზღაპრები დღემდე ძალიან უყვარს, თუმცა ბავშვობაში ისეთ ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც კითხულობდა, რომლებიც მისი ასაკისთვის ნაადრევად მიიჩნეოდა.

- 8-9 წლის ვიყავი, როცა ბიბლიოთეკაში შევედი, ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი" ავიღე და კითხვა დავიწყე. მახსოვს, დედამ მითხრა, - ეს ნაწარმოები შენთვის ჯერ ძალიან ადრეაო. მეწყინა - პატარა არ ვარ, ამის კითხვა შემიძლია-მეთქი. მართლაც ჩვეულებრივად წავიკითხე, გავიგე... სხვათა შორის, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, მაგრამ როგორ ვიცხოვროთ, ამას წიგნიდან ვიგებთ. სწორედ ხალხური ზღაპრები ძალიან ნამდვილია - ანბანივითაა. ამიტომ წიგნების კითხვა ყოველთვის ზღაპრებით უნდა დავიწყოთ. ადამიანს რაც მეტი ზღაპარი გექნება წაკითხული, მით უკეთესი... დღემდე ჩვევად მაქვს: ღამით თუ რამე არ წავიკითხე, ვერ ვიძინებ: ტელეფონით ინტერნეტში შევდივარ და რამე ინფორმაციას, სტატიას ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებზე რას გვეტყვით? - ეკრანიზაცია იშვიათად მომწონს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია შოდერლო დე ლაკლოს "სახიფათო კავშირები". მისი ბევრნაირი ეკრანიზაცია არსებობს. 3-4 მინახავს. ამ წიგნის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ეკრანიზაცია გლენ კლოუზის, ჯონ მალკოვიჩის, მიშელ პფაიფერის და უმა თურმანის მონაწილეობითაა გადაღებული. ჯერ წიგნი წავიკითხე, შემდეგ ფილმი ვნახე. როცა გავიგე, ეს ფილმი გამოვიდა, ძალიან დავინტერესდი: ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა ამ ნაწარმოების გადაღება... შედევრად მიმაჩნია! მსახიობების საოცარი დასია, კოსტიუმები და რეჟისურაც სასწაულია... შექსპირის უკვდავი პიესის - "რომეო და ჯულიეტას" ეკრანიზაციაზეც (ფრანკო ძეფირელის რეჟისორობით გადაღებული) იმავეს თქმა შემიძლია. საერთოდ, შექსპირის შემოქმედება ჩემი ერთ-ერთი საყვარელია, "რომეო და ჯულიეტა" კი - კინოშედევრი. როცა ფილმს ვუყურებ, ზუსტად ის ემოცია მეუფლება, რაც წიგნის კითხვისას... ვლადიმირ ნაბოკოვის "ლოლიტა" ჯერ წავიკითხე, შემდეგ კი ეკრანიზაცია ვნახე. მგონი, ძალიან კარგადაა გადაღებული - ჯერემი აირონსის მიერ განსახიერებული ჰუმბერტი შთამბეჭდავი და ზუსტია. საერთოდ, "ლოლიტა" რომ გამოვიდა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ნაბოკოვმა "ლოლიტას" წერისას "შავი" მასალა ღუმელში შეაგდო, მაგრამ ნაწერი ცოლმა გადაარჩინა. ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, მაგრამ ასე "ხმამაღლა", "გაშლილად" მსგავსი წიგნის მსოფლიოსთვის ჩვენება ნამდვილი სკანდალი, სენსაცია იყო, თან - იმ პერიოდში...

რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემთვის რუსული ლიტერატურა ძალიან ახლოს იყო. წინათ ბავშვებს შორის ერთგვარი შეჯიბრებასავით არსებობდა - ვის უფრო საინტერესო და იშვიათი წიგნი ჰქონდა წაკითხული. ეს ჯანსაღი შეჯიბრებაა. შემდეგ ერთმანეთს წიგნებს ვათხოვებდით ხოლმე... მახსოვს, ჩვენს სკოლაში ბიბლიოთეკა იყო, რომელშიც, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებული გახლდით. ასევე, ჩემს სახლთანაც იყო პატარა ბიბლიოთეკა, რომლის ბარათიც მქონდა... ძველი შენობა იყო. იქაურობის სუნი მიყვარდა... იქიდან წამოღებული წიგნები ჩემთვის საინტერესო იყო. მეორე ქუჩაზე ვიდეოთეკა ფუნქციონირებდა. მახსოვს, დაახლოებით 8 წლის ვიყავი, როცა მამამ შინ ვიდეომაგნიტოფონი მოიტანა. ჩემთვის დიდი ბედნიერება გახლდათ, რომ შემეძლო, როცა მომინდებოდა, ვიდეომაგნიტოფონი ჩამერთო და ფილმი მენახა, რადგან წინათ, სულ ორიოდე ტელეარხი გვქონდა, - გასართობი ტელეპროგრამით განებივრებულები არ ვიყავით... ალბათ ის პერიოდი იმ მხრივ კარგი იყო, რომ ცოტა, მაგრამ ყველაფერი ხარისხიანი გვქონდა, ახლა კი ყველაფერია და ადამიანმა უკვე აღარ იცი, რა აირჩიო, რა ნახო... მაგალითად, გუშინ პედრო ალმოდოვარის ბოლო ფილმით - "ადამიანის ხმა" (ჟან კოქტოს პიესა) ძალიან ვისიამოვნე... ჟურნალის მკითხველებს არ "დავასპოილერებ" და ამ ფილმის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი...

- ე.წ. სამაგიდო წიგნი გაქვთ? - მახსოვს, 2003 წელს ჩემი მეგობარი ლონდონიდან ჩამოვიდა და პატარა ბროშურა მაჩუქა, რომელშიც ბედნიერების შესახებ სხვადასხვა ციტატაა თავმოყრილი. მითხრა: - მინდა ასეთი ბედნიერი იყო, როგორიც ეს წიგნიაო. ერთი პერიოდი, როცა სადმე სამოგზაუროდ მივდიოდი, ეს წიგნი თან დამქონდა. ძალიან მიყვარს!.. საერთოდ, ციტატები გვეხმარება, ოღონდ - სწორად უნდა გავიგოთ... ისინი უბრალოდ არ იწერება - ბრძენი, ჭკვიანი, გამოცდილი ხალხი წერს... ბატონი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ძალიან დამწყდა გული. გასულ კვირას, მისი წიგნებიდან ციტატებს ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში წერდა... ყველა ციტატა ათასი პროცენტით მართალი, ნამდვილი იყო! ასეთი ციტატებით თუ ვიცხოვრებთ, ვიხელმძღვანელებთ, მართლა კარგი იქნება... შემიძლია ვთქვა, რომ წიგნი ყველაფერს მირჩევნია, რადგან ფილმისგან განსხვავებით, კითხვისას აღწერილის ვიზუალიზაციას ადამიანი თავად ახდენ. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა პერსონაჟი შემიყვარდა. მასთან ერთად განვიცდიდი, ვნერვიულობდი... ისეთი პერსონაჟებიც ყოფილან, რომლებსაც ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა (იცინის)... ფანტაზიის უნარი ძალიან განვითარებული მაქვს. კითხვისას "ვხედავდი", წიგნის გმირებს როგორ ეცვათ, როგორ გამოიყურებოდნენ... მაგალითად, დეტექტიური ნაწარმოებებიდან აგათა კრისტის შემოქმედება ძალიან მომწონს, რუსული ლიტერატურიდან - დოსტოევსკის, პუშკინის შემოქმედება, ქართულ ლიტერატურას რაც შეეხება, პოეზია ძალიან მომწონს, ბევრი საყვარელი ავტორი მყავს. განსაკუთრებულად ვაჟა-ფშაველას, ტერენტი გრანელის, გალაკტიონის ნაწარმოებები და, რა თქმა უნდა, "ვეფხისტყაოსანი" მიყვარს, ფრანგი ავტორებიდან ემილ ზოლას წიგნები მომწონს... ძალიან მიყვარს ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". სხვათა შორის, მეხუთე კურსის სტუდენტი გახლდით, როდესაც სადიპლომო სამუშაოდ შემთხვევით, სწორედ ეს ნაწარმოები შემხვდა. გამიხარდა, რადგან კარგად ვიცნობდი... პიესების კითხვაც მიყვარდა...

- რომელიმე წიგნმა თქვენს მსოფლმხედველობაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ხომ არ მოახდინა?

- ჩემ მიერ წაკითხულმა ყველა წიგნმა ცოტ-ცოტა ზეგავლენა მოახდინა. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი წამიკითხავს, რადგან საერთოდ, რაც უკვე გაკეთებული მაქვს, არასოდეს მაკმაყოფილებს, - მეტი შემიძლია, მეტის წაკითხვა მინდა... ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ - ცხოვრებაში ასეთი მიდგომა მაქვს და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები (მხოლოდ წიგნების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას არ ვგულისხმობ).

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესოა? - უი, არ ვიცი (იცინის). ალბათ ვიღაცისთვის საინტერესოა... ჯერ იმდენი არ მიცხოვრია, რომ ამაზე ვიფიქრო, - მიმაჩნია, წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო და კარგი ამბავი მელოდება...

- წერა გიცდიათ? - მიცდია. 20-22 წლისამ ფილმისთვის სინოფსისი დავწერე. ახლა ვნანობ, რომ გადავაგდე. მართალია, წერა აღარ გამიგრძელებია, მაგრამ ცოტა ხნის წინ პატარა ესკიზივით დავწერე: დიდი სურვილი მაქვს, ჩემი მონაწილეობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღო, ოღონდ - მთავარი გმირი გოგონა მოდელი არ იქნება - შეიძლება, მოცეკვავე იყოს. მინდა ფილმში მისი ცხოვრება და ხასიათი წარმოვაჩინო. ესკიზის სახით უკვე მაქვს, მაგრამ გადაღებისთვის ჯერჯერობით მზად არ ვარ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ უნდა გადავიღო. ჩემი შექმნილი პერსონაჟის განსახიერება მინდა. ფილმში პერსონაჟის ყოფა კი არ იქნება ასახული, არამედ ხასიათის სიღრმეების ჩვენება მსურს. ჩაფიქრებული მაქვს, რომ ფილმის ბოლოს მთავარი გმირი ყველაფერს ცეკვით გადმოსცემს, მოჰყვება...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"