"ყველა არასერიოზულს, ბებიამ რომ დაარქვა ექსპერტი, ნუ დაუჯერებთ!" - პასუხები აცრასთან და ვაქცინებთან დაკავშირებულ კითხვებზე - კვირის პალიტრა

"ყველა არასერიოზულს, ბებიამ რომ დაარქვა ექსპერტი, ნუ დაუჯერებთ!" - პასუხები აცრასთან და ვაქცინებთან დაკავშირებულ კითხვებზე

"თუ წელს მაქსიმალურად ავიცრებით, 2022 წელი შეიძლება იყოს "კოვიდის" დასასრულის დასასრულიც კი"

8 მაისიდან ავტორიზებულ კოვიდვაქცინათა სიას მეექვსე ვაქცინა დაემატა. აქამდე ავტორიზებული იყო: "ფაიზერი", "ასტრაზენეკას" ორი ვაქცინა, "ჯონსონ & ჯონსონი", "მოდერნა", ჯანმოს ნებართვა უკვე ჩინურმა "სინოფარმამაც" მიიღო. რიგში დგას მეორე ჩინური ვაქცინა "სინოვაკიც". "კვირის პალიტრის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე უპასუხებს.

- ბატონო პაატა, შეიძლება ითქვას, რომ აცრის მსურველთა საიტზე დარეგისტრირების ისტერია დაიწყო?

- ეს ძალიან კარგია. ადამიანებმა ირწმუნეს, რომ ვაქცინაცია საჭიროა და ძალიან მიხარია. იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ვაქცინაციის დასაწყისში მოხდა, შემცირდა კლინიკების რაოდენობა, სადაც აცრა შეიძლებოდა, ახლა კი ყოველდღე ახალ-ახალი ადგილები იხსნება და ვაქცინაციის პროცესი ბრუნდება იქ, სადაც უნდა ტარდებოდეს - პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

- მაგრამ თბილისში ადგილები თითქმის აღარ არის და ასაცრელად ზოგი ლეჩხუმში მიდის, ზოგი - ქარელში... - ამიტომ ყოველდღიურად ფართოვდება ეს ქსელი და ახალი ცენტრები იხსნება.

- აცრის მსურველთა რიცხვი იმატებს, მაგრამ ეს ტემპი საკმარისია იმისთვის, რომ წლის ბოლოს აცრილთა 65%-ს მივაღწიოთ? - არა, მაგრამ ეს ტემპი გაიზრდება ზაფხულისთვის, როცა აცრისთვის უფრო დიდი სივრცეები მოეწყობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკმარისი იქნება. ახლა დღეში 3-4 ათასი ადამიანი იცრება, ზაფხულში ეს რიცხვი უნდა გავზარდოთ.

- რომელი ვაქცინაა უკეთესი? - როგორც ენტონი ფაუჩიმ თქვა, ის ვაქცინაა ყველაზე უკეთესი, რომლითაც აიცრებით და ეს მეც შემიძლია გავიმეორო.

- ინდური შტამის შემდეგ ყველა შეშინებულია, თურქეთში უკვე დადასტურდა მისი შემთხვევა. ჩვენთანაც უნდა ველოდოთ? - ჩვენთან, საბედნიეროდ, ჯერ არ დადასტურებულა არც სამხრეთაფრიკული, არც ბრაზილიური, არც ინდური შტამები, თუმცა ბრიტანული შტამი, რომელიც პირველად დეკემბერში აღმოვაჩინეთ, უკვე წამყვანი გახდა, ისევე როგორც ევროპაში.

- ინდური შტამის განსაკუთრებულად რატომ ეშინიათ? - რასაც ინდოეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ მედია გადმოსცემს, ძალიან მძიმე საყურებელია. თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობას ასი ათას მოსახლეზე ვიანგარიშებთ და ციფრებს შევადარებთ, დღეს ჩვენთან უფრო მაღალია ავადობა, ვიდრე - ინდოეთში.

- მაშ, რატომ არის იქ ასეთი ისტერიკა? - ინდოეთში პრობლემა ჯანდაცვის სამსახურს შეექმნა. ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ კი ამაზე ორჯერ უარეს სიტუაციას გაუძლო ნოემბერ-დეკემბერში. ახლა მუდმივად ემატება საავადმყოფოები, კოვიდკლინიკური სასტუმროები, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენი სისტემა გაუძლებს (დარწმუნებული ვარ, რომ გაუძლებს), მთავარი ის არის, რომ ადამიანები დაიღუპებიან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ რეკომენდაციები.

უახლოესი მეგობარი დავკარგე, ბუბა ხოტივარი, რომელიც "კოვიდმა" შეიწირა. დიახ, ვიღაც ამ დაავადებას ადვილად გადაიტანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიწირავს ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, მშობლებს, ნათესავებს... რატომ დავკარგეთ ერთმანეთის გაფრთხილების უნარი?! ხომ უნდა ვცადოთ, ერთმანეთს სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ?! მესმის, რომ ყველას უნდა ქეიფი და დროს-ტარება, მაგრამ ხომ არ შეიძლება, გავწიროთ მშობლები, მეგობრები, ახლობლები?! ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა. ხომ ვხედავთ, რომ წინასწარ ვერასდროს განვსაზღვრავთ, ვის როგორ გაურთულდება ეს დაავადება!

მესმის, რომ ზოგს პოლიტიკური მიზნები აქვს და რაც უარესი იქნება სიტუაცია, მისთვის უკეთესია, ზოგს განათლების დეფიციტი აქვს, მაგრამ ახლა ყველას ერთი მიზანი უნდა გვქონდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! სიტყვები არ მყოფნის, ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე და შეიძლება რაღაც არაკორექტულად ვთქვა, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა, ვინც კოვიდრეგულაციებს არღვევს, ჩვენი ქვეყნის მტერია. მას არ უნდა, ქვეყანა განვითარდეს.

- "ასტაზენეკა" და "ფაიზერი" - 55 წლის ზევით, "სინოვაკი" და "სინოფარმი" კი - ნებისმიერი ასაკისთვის. რატომ? - 55 წლის ზევით იმიტომ, რომ ეს პირველი რისკ-ჯგუფი იყო სასიცოცხლო საფრთხით. ზოგიერთმა ქვეყანამ - და მათ შორის ჩვენც, ჩავთვალეთ, რომ 55 წელზე უფროს ასაკში სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე რისკი, რომელიც შეიძლება ვაქცინაციას ახლდეს. ყველაფერი სარგებლისა და რისკის შეფასებით იზომება, რისკი კი ყველაფერს შეიძლება ახლდეს.

- "სინოვაკსა" და "სინოფარმს" შორის რა განსხვავებაა? - ერთნაირი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინებია, თუმცა მწარმოებელია სხვადასხვა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებით კი, ავტორიზაცია ეძლევა არა მარტო ვაქცინას, არამედ - მწარმოებელსაც.

- თითქოს ჩინური ვაქცინა ნაკლებ გვერდით მოვლენას იწვევს. ეს სიმართლეა? - არა, ეს არ არის დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა კვლევების მესამე ფაზაში "სინოფარმმა" მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ის ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ვაქცინაა, ამიტომ არ არის გასაკვირი, ნაკლები გვერდითი მოვლენა ახასიათებდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებთან შედარებით, რომელთა ეფექტიანობა ცოტა მეტია, მაგრამ, სამაგიეროდ, მეტი გვერდითი მოვლენაც იჩენს ხოლმე თავს.

იმედი გვაქვს, რომ ჯანმო "სინოვაკთან" დაკავშირებითაც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით, რადგან კორონა არ გვაცდის. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები უნდა გადავარჩინოთ და რაც მეტს ავცრით, მით მეტი გადარჩება.

- ჩვენთან კიდევ რომელი ვაქცინები შემოვა? - შემოვა ყველა ის ვაქცინა, რომელიც რომელიმე ქვეყანაში მიიღებს მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაციას. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ჩვენთან შემოვა სხვა ქვეყნებში გამოცდილი ვაქცინები. ასეთი ვაქცინები ყოველდღიურად შეიძლება გაჩნდეს მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ გვაქვს წინასწარი მოლაპარაკება ისეთ ვაქცინებზეც, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილა ბაზარზე, მაგრამ ველოდებით, რომ მალე გამოჩნდება.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველ და მეორე აცრას შორის პერიოდში 300 ადამიანი დაინფიცირდა... - აცრის შემდეგ უნდა გავიდეს რაღაც პერიოდი, რომ ადამიანი დაცული იყოს. როცა ადამიანი ინკუბაციურ პერიოდში აიცრება, შეიძლება ავად გახდეს, რადგან ვაქცინა სრულფასოვნად ამოქმედებას ვერ ასწრებს, თუმცა ამ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

- მეორე აცრის შემდეგ როდის უნდა ვიფიქროთ, რომ თავი ქუდში გვაქვს და რამდენი ხნით? - თავი ქუდში ვერასდროს გვექნება, რადგან დედამიწაზე 100%-იანი არაფერი არსებობს, მით უმეტეს - ჯანდაცვაში. ვიღაც მაინც შეიძლება გახდეს ავად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აცრილი აუცილებლად გადარჩება.

- რამდენი ხნით ვართ დაცული? - ეგ ჯერ არავინ იცის, რადგან დრო უნდა გავიდეს. მთავარი ის არის, რომ ვაქცინა ადამიანის სიცოცხლეს იცავს. ამის დასტურია ის, რომ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტია აცრილი, სიკვდილიანობა შემცირდა, ავადობამაც იკლო და ხალხი ნორმალური ცხოვრების რიტმს უბრუნდება.

- აცრამდე ანტისხეულების ანალიზი საჭიროა თუ არა? - არავითარი ანალიზი არ არის საჭირო. ხალხს მხოლოდ ფულს ახარჯვინებენ.

- "კოვიდის" გადატანიდან რამდენ ხანში შეიძლება აცრა? - დღეისათვის საქართველოში მოქმედი წესით, ინფექციის დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ. არის ქვეყნები, სადაც ეს ვადა უფრო მოკლეა და როცა იქნება საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები, ეს ვადა ჩვენთანაც შეიძლება შემცირდეს.

- ორჯერ აცრა რატომ არის საჭირო? - იმიტომ, რომ ჯერჯერობით ყველა აცრის ინსტრუქციაში ასეა. როცა სამეცნიერო მტკიცებულებები დაგროვდება, შეიძლება ზოგიერთი ვაქცინით მეორედ აცრა აღარ იყოს საჭირო. ჯერჯერობით გამონაკლისია მხოლოდ "ჯონსონი და ჯონსონი", რომელიც ჩვეთან არ შემოსულა. მისი ინსტრუქციის თანახმად, ერთი აცრაც საკმარისი იქნება.

- რამდენიმე დღის წინ 2 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩაკეტვას უნდა ველოდოთ? - ე.წ. ჩაკეტვა ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენი მიზანია ადამიანების გადარჩენა. როცა მოქალაქეები სათანადო გონიერებას ვერ იჩენენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, მკაცრი ზომები მიიღოს, ასე რომ, ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.

- ჩემი ახლობელი აიცრა და ურჩიეს, ვინც "კარდიომაგნილს" სვამს, აცრამდე ერთი დღით ადრე და აცრის შემდეგ 1-2 კვირა არ უნდა დალიოსო. ასეა? - ვინც რა წამალს სვამს, ჩვეულებრივად უნდა დალიოს. ზოგი ჩემი კოლეგა მეტისმეტად ფრთხილობს და ისეთ რჩევებს აძლევს ადამიანებს, არც ერთ ოფიციალურ ინსტრუქციაში რომ არ წერია. მესმის, რომ იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, ყველა ცდილობს, თავი დაიზღვიოს, მაგრამ ვიმეორებ - აცრის დროს წამლების მიღება არ იზღუდება.

- ორსულის აცრა სასურველია? - დღეს გამოყენებული ვაქცინების ორსულებთან გამოყენება ჯერჯერობით გამოკვლეული არ არის, ამიტომ სიფრთხილე ჯობია. კვლევების შედეგად უნდა დაგროვდეს მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის ვაქცინა ორსულისთვის აბსოლუტურად უვნებელია, მანამდე კი ჯობს, თავი შევიკავოთ. თუ ექიმია ორსულად და მას ყოველდღე უწევს კოვიდპაციენტებთან მუშაობა, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ აიცრას, მაგრამ თუ ორსული დიასახლისია და მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, ჯობს, არ აიცრას. ერთი სიტყვით, რისკი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

- მართალია, რომ "კოვიდი" მამაკაცურ პოტენციას 6-ჯერ ამცირებს? - ყველა არასერიოზულს, ბებიამ რომ დაარქვა ექსპერტი, ნუ დაუჯერებთ!

- ვინც დაორსულებას გეგმავს, აცრას ურჩევთ თუ ჯობს, არ აიცრას? - ჯერჯერობით არც ამ საკითხზე გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულებები, ამიტომ სანამ ეს მტკიცებულებები გვექნება, ჯობს, ჯერ აიცრან, ორსულობა კი რამდენი კვირის შემდეგ დაგეგმონ.

- თუ ახლანდელ ტემპს შევინარჩუნებთ და გავაუმჯობესებთ კიდეც, შევძლებთ, ვთქვათ, რომ 2022 წელი საქართველოში იქნება "კოვიდის" დასასრულის დასაწყისი? - 2022 წელი შეიძლება იყოს "კოვიდის" დასასრულის დასასრულიც კი, თუ წელს მაქსიმალურად ავიცრებით.