"ავღანური ჯარი და პოლიცია "თალიბანის",­ "ალ-ქაიდას," "აისისისა" და სხვების შეჩერებას ვერ შეძლებენ" - რა იქნება ავღანეთში ამერიკის ჯარის გასვლის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ავღანური ჯარი და პოლიცია "თალიბანის",­ "ალ-ქაიდას," "აისისისა" და სხვების შეჩერებას ვერ შეძლებენ" - რა იქნება ავღანეთში ამერიკის ჯარის გასვლის შემდეგ

"ყველა ფიქრობს, რომ ამ მყიფე მშვიდობას სექტემბერში ბოლო მოეღება და კიდევ ერთი ომი ხელახალი ძალით იფეთქებს"

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ, ავღანელი მოსახლეობის ის ნაწილი შეაშინა, რომელიც მშვიდობის გარანტად აშშ-სა და კოალიციურ ძალებს მიიჩნევდნენ. CNN-ის სპეციალური კორესპონდენტი, ბრიტანეთში მცხოვრები ავღანელი ჟურნალისტი ნაჯიბულა ქურაიში პერიოდულად ჩადის სამშობლოში და თავისი ხალხის მწვავე პრობლემებს სიცოცხლის ფასად აშუქებს. ის იმ მოსალოდნელ პროცესებზე გვიამბობს, რომელიც შესაძლოა ამერიკის თავდაცვის ძალების გასვლას მოჰყვეს.

- ჩემს ქვეყანაში ხშირად ვერ ჩავდივარ, მაგრამ ახლობლების დახმარებით მუდმივად მაქვს ინფორმაცია. ავღანეთი დიდი ხანია ღვთისგან მივიწყებულ ქვეყნად იქცა. როდესაც უცხოელი კოლეგები მეკითხებიან, როგორ შეიძლება შეიცვალოს რამე ავღანეთში, ვერაფერს ვპასუხობ, რადგან ცვლილებებს განათლება სჭირდება, განათლებას კი "თალიბანი", "ალ-ქაიდა", "ისლამური სახელმწიფო" და ტერორისტული დაჯგუფებების სხვადასხვა განშტოება ებრძვიან. ვერც ხელისუფლება მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს, ძალიან ძლიერია კორუფცია, ნეპოტიზმი, პროფესიონალი კადრების დეფიციტი... წლების განმავლობაში არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განათლების დონისა და სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად მილიონობით დოლარი ჩადო, მაგრამ მნიშვნელოვანი გარდატეხა, ქაბულსა და ახლომდებარე პროვინციებს თუ არ ჩავთვლით, ვერ მოხდა.

ტერორისტების აქტიურობას ემატება სასულიერო პირების უმეცრება, რომლებიც წინააღმდეგი არიან განათლების და ტერორისტებზე არანაკლებ აზიანებენ საქვეყნო საქმეს, ებრძვიან სასწავლო დაწესებულებებს, ქალების განათლებას და მშობლებს შვილებისთვის წერა-კითხვის სწავლებას ცოდვად უთვლიან. თუ ვინმე ასეთ მავნე მოლას შეეწინააღმდეგება, მას მოსახლეობას უმხედრებენ როგორც შარიათის კანონებთან მებრძოლ და ალაჰის ნების წინააღმდეგ წასულ ურწმუნოს, რომელიც არცხვენს მუსლიმანთა დიდ ოჯახს. ამიტომ ის უნდა დაისაჯოს.

წლების განმავლობაში ეს იყო ქვეყანა, სადაც წიგნების ტარებისთვის, ტელევიზორის ჩართვისთვის, ქუჩაში გამოსვლისთვის, ჩაუქოლავთ ქალი, დედა ან მამა, რათა ეს სხვისთვის მაგალითი ყოფილიყო. თუმცა თავად ტერორისტები ძალიან კარგად სარგებლობენ დასავლეთის სიკეთეებით, სწავლობენ ინგლისურს, ფსიქოლოგიას (ადამიანებისთვის გონების ასარევად და მათ გადმოსაბირებლად), ჰყავთ კარგი მანქანები, აქვთ ხარისხიანი იარაღი, არ ზოგავენ ფულს და პროფესიონალ ინსტრუქტორებს ქირაობენ. მართალია ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში მაინც ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს მიღწევები ძალიან მალე დაიკარგება და ქვეყანა ისევ იმ დროში დაბრუნდება, როდესაც "თალიბანი" ხელისუფლების სათავეში მოსვლისთვის იბრძოდა.

- რამდენიმე თვის წინ "თალიბანის" ერთ-ერთ ლიდერს შეხვდით, CNN-ისთვის სპეციალური რეპორტაჟიც მოამზადეთ, "36 დღე "თალიბანთან" ერთად. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ტერორისტული ორგანიზაცია უფრო გააქტიურებას გეგმავს? - დიახ, ოღონდ ეს იყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. ჩემს გუნდთან ერთად მოვამზადე დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არის ინტერვიუ ავღანეთში "თალიბანის" ერთ-ერთ ლიდერთან, მოლა აბდულ გჰანი ბარადართან. მას კატარში შევხვდი და პირველად დათანხმდა დასავლური მედიის წარმომადგენელთან საუბარს. ამისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა, თუმცა ძალზე საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. როგორც მოლა ბარადარი ამბობს, ავღანელებს შორის მომლაპარაკებლად ამერიკელების ჩართვა სულაც არ იყო საჭირო, მათმა შემოსვლამ უფრო დაამძიმა ვითარება, არადა, დაპირისპირებული მხარეები შეძლებდნენ საერთო ენის გამონახვას.

ადამიანი, რომელიც, ალბათ, ათიათასობით თავდასხმისა და ტერაქტის დამგეგმავია, ისე მშვიდად და კეთილად მესაუბრა, ეჭვიც შემეპარა, რესპონდენტი სწორად ავარჩიე თუ არა. ხშირად იმეორებდა, რომ ალაჰის სამსახურშია და ამას მხოლოდ მის გამო აკეთებს. ამბობს, რომ ავღანელების ისტორიის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად ამერიკამ ჯარები უნდა გაიყვანოს.

ჩვენი ინტერვიუ გასული წლის შემოდგომაზე შედგა და რამდენიმე თვეში ბაიდენმა ავღანეთში 20-წლიანი ომის დასრულების შესახებ განაცხადა. მე არ ვიცი, ამ გადაწყვეტილებას უდევს თუ არა საფუძვლად მოლაპარაკება ან შეთანხმება - სხვათა შორის, ავღანეთის ხელისუფლებასა და "თალიბანის" ლიდერებს ხშირად გაუმართავთ ფარული თუ საჯარო შეხვედრები - მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება ავღანეთს სიმშვიდეს ვერ მოუტანს. პირიქით, 20 ან სულაც მეტი წლით უკან დახევს. ისევ რამდენიმე თაობა დაიკარგება ომსა და სისხლში, 10-12 წლის ბიჭები (გოგონებიც) სკოლაში სიარულის ნაცვლად ისევ "კალაშნიკოვებითა" და "შაჰიდის ქამრებით" ირბენენ. ავღანური ჯარი და პოლიცია კი "თალიბანის", "ალ-ქაიდას," "აისისისა" და სხვების შეჩერებას ვერ შეძლებენ.

ამას წინათ ერთ-ერთ პროვინციაში, თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას, სადაც ჩემი ნათესავები მუშაობდნენ, სანამ დამხმარე ძალა მივიდა, 46 კაცი მოკლეს, იარაღი და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.

ასე რომ, ძნელია იმის თქმა, რომ იქ რომელიმე სახელმწიფო უწყება გამართულად იმუშავებს. ეს იცის როგორც ხელისუფლებამ, ასევე დაზვერვის სამსახურმა. ვფიქრობ, ქაბულში, ალბათ, შეათხელებენ ბაზებს, პროვინციებში კი დატოვებენ, ამდენი წლის შრომა, ამდენი ადამიანის სიცოცხლე, ვინც ავღანეთში ტერორისტებთან ბრძოლას შეეწირა, წყალში როგორ უნდა ჩაიყაროს. ავღანეთში სამშვიდობო მისიას მხოლოდ ამერიკის კი არა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ქართველებიც ღირსეულად ასრულებდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ ავღანელი მოსახლეობის ტერორისტების პირისპირ დატოვება მათ სიკვდილისთვის გაწირვას ნიშნავს. მათი დიდი ნაწილი ხომ ამერიკელების სამსახურში იყო, მუშაობდნენ ბაზებში, ამერიკელების დაფინანსებულ საგანმანათლებლო თუ სხვა სამსახურებში.

თუ "თალიბანი" ისევ გაძლიერდება, ასეთ ადგილებში შეაღწევს, ყველას დახოცავს. ამას დემონსტრაციულად გააკეთებს, რათა სხვებმაც დაინახონ "მისი ძალა" და ამის შემდეგ შეშინებული ხალხი სახელმწიფო ინსტიტუტებს თავად შეეწინააღმდეგება, რათა თავის გადასარჩენად ტერორისტებს ერთგულება დაუმტკიცონ...

სავსებით შესაძლებელია თავს დაესხან შეერთებული შტატების ობიექტებს როგორც რეგიონში, ისე დასავლეთსა და თუნდაც აშშ-ის ტერიტორიაზე.

- რა ცვლილებები შეინიშნება მას შემდეგ, რაც ამერიკული ჯარის გაყვანა დაიწყო? - ქაბულსა და მის გარშემო არავის სურს "თალიბანის" დაბრუნება. ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოება დაცულია, მაგრამ აფეთქებები მაინც ხდება, ეს ნიშნავს, რომ "თალიბანს" მაინც აქვს საყრდენი. ამიტომ ამერიკელების გასვლით პანიკა სწორედ დედაქალაქში იგრძნობა. ისინი დიდად არ ენდობიან ხელმძღვანელობას. რაც შეეხება პროვინციებს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ისედაც იყო ორხელისუფლებიანობა, რადგან არაერთ პროვინციას დღემდე "თალიბანი" მართავდა. მათთვის არაფერი შეცვლილა. შეშინებულია იმ პროვინციების მოსახლეობა, რომელსაც ამერიკელებმა წყლის საქაჩები აუშენეს, მშვიდობა დაამყარეს, მუშაობის შესაძლებლობა მისცეს... მართალია, კოალიციური ჯარები მათ შიდა საქმეებში არ ერეოდნენ, მაგრამ ცივილიზაცია კვალს მაინც ტოვებს - ავღანეთში გოგონებისთვის განათლების მიცემის სურვილი და რაც მთავარია, გამბედაობაც გაჩნდა. მაგალითად, თუ ავღანელი მამა ხედავს, რომ მის ქალიშვილს აქვს სკოლის დამთავრების შესაძლებლობა, თავად კი სამსახური და შემოსავალი, არ სჭირდება, რომ მისი 13-14 წლის ქალიშვილი 60 წელს გადაცილებულ ნათესავს ან ახლობელს რამდენიმე სულ ძროხად მიჰყიდოს (ხოლო თუ გოგონა შეეწინააღმდეგება, ქვებით ჩაქოლონ. ასეთი შემთხვევები ხდება უფრო შორეულ პროვინციებში).

მშობელი ამჯობინებს იმუშაოს, შვილები სკოლაში ატაროს და განათლება მისცეს. გარდა ამისა, შემცირდა ტერაქტები, სკოლებზე თავდასხმები. თალიბები ხომ პირდაპირ უხსნიდნენ ცეცხლს სასკოლო ავტობუსებსა და სასწავლო დაწესებულებებს, ნაღმავდნენ გზებსა და იმ შენობებს, სადაც გოგონები დ ქალები იყვნენ, რადგან გოგონებისთვის განათლება "შარიათის კანონების" დარღვევად მიაჩნდათ.

ახლა ბევრმა იცის, რომ სინამდვილეში ჩვენი რელიგია არავის უკრძალავს განათლებას. ამ დროის განმავლობაში ბევრმა ავღანელმა ქალმა მიიღო განათლება, დაიწყო მუშაობა, ამისთვის კი მათ უმძიმესი და სახიფათო გზის გავლა დასჭირდათ. ახლა ეშინიათ, რომ ისევ უკან, სიბნელეში დაბრუნდებიან. მათ არ სჯერათ, რომ "თალიბანი" და ხელისუფლება ოდესმე მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებენ.

ყველა ფიქრობს, რომ ამ მყიფე მშვიდობას სექტემბერში ბოლო მოეღება და კიდევ ერთი ომი ხელახალი ძალით იფეთქებს. როგორც ვიცი, ამის ნიშნები უკვე არის. მაგალითად, პროვინცია ყუნდუზის ადმინისტრაციის სამსახურის თანამშრომლებს ქუჩაში ჯავშნიანი მანქანით გადაადგილებისაც კი ეშინიათ, რადგან იქ თალიბების გავლენა ყოველთვის ძლიერი იყო და არის. ამერიკული არმიის გაყვანა დაწყებულია, მაგრამ მაინც მგონია, სრულად არ გაიყვანენ.