აფხაზეთი და ცხინვალი СпутникV-ს პირისპირ - კვირის პალიტრა

აფხაზეთი და ცხინვალი СпутникV-ს პირისპირ

"მესაზღვრეებისგან მოგვისმენია, სანამ დროა, მოასწარით და საქართველოში აიცერითო. იმედია, ქართულ მხარეს გადასვლას მოვასწრებთ. გვეუბნებიან, რომ საჯარო სამსახურებში, მათ შორის "ენგურჰესზე", ვერ იმუშავებენ ის პირები, ვინც აცრილი არ იქნება. არადა, გალელების უმეტესობა იქ მუშაობს..."

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან Спутник V-ს პირველი პარტია ჩავიდა - სოხუმში 6 500 დოზა, რომელიც აფხაზური მედიის ცნობით, ქალაქის სასწრაფო დახმარების ცენტრის საწყობში სპეციალური კონტეინერებით, 18 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება. როგორც აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა იუწყება, პირველად აიცრებიან სამედიცინო პერსონალი და სახელმწიფო და ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება, თუმცა როდის დაიწყება პირველი ეტაპი, ჯერ დადგენილი არ არის.

ვინ ენდობა Спутник V-ს?

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, რუსული ვაქცინის აფხაზეთში შეტანა შესაძლებელი გახდა მოსკოვში ასლან ბჟანიას ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებებით. თუმცა აფხაზები სოცქსელში წერენ, რომ "საქართველოსკენ უკვე დაიძრა სანდო ვაქცინის მსურველთა არმია და ახლობელი ქართველების დახმარებით რიგში ჩაეწერნენ. მით უფრო, რომ ხელისუფლება ეპიდვითარების გამწვავების შემთხვევაში ენგურის ხიდზე საზღვრის ჩაკეტვას აპირებს. იციან, ბევრი გადავა ქართულ მხარეს და რუსული ვაქცინის პირველი დოზაც რომ ვერ მოიხმარონ, მოსკოვთან უხერხულობა შეექმნება", - წერენ აფხაზები.

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკიას განცხადებით, მოსახლეობის ვაქცინაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოხალისეები ჯერ არც პოლიტელიტაში გამოჩენილან და არც იმ ახალგაზრდულ ფრთაში, რომელიც კრემლის მხარდამჭერია. წახნაკიას თქმით, რუსული ვაქცინის შემდეგი პარტიის ჩამოტანა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აითვისებენ 6 500 დოზას.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ Спутник V-ს უვარგისობაზე ატეხილი მითქმა-მოთქმა "პოლიტიკური პროცესებით არის განპირობებული". სხვები ამ ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვით უყურებენ.

"რამდენიმე წლის წინ ჩემი ნათესავი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, რომელსაც სოხუმის დაცემის დროს მაშინდელი მთავრობის ქართველი წევრების ტყვედ აყვანაში დიდი წვლილი მიუძღვის, ოჯახმა სამკურნალოდ მოსკოვში წაიყვანა. მას მწვავე ბრონქიალური ასთმა აქვს. მოსკოვში უთხრეს, რომ ვეღარაფერს უშველიდნენ და ჯობდა ბოლო დღეები თავის ქვეყანაში გაეტარებინა. სოხუმში დაბრუნებისთანავე კომაში ჩავარდა. მისმა დამ იბრძოლა და რეანიმობილით თბილისში გადაიყვანა. გონზე რომ მოსულა და ქართული საუბარი გაუგონია, კინაღამ ფანჯრიდან გადამხტარა, მაგრამ ქართველ ექიმებს დაუმშვიდებიათ, ჩვენ პაციენტს ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთო. უმკურნალეს და ფეხზე დააყენეს, თანაც სოხუმში უძვირესი აპარატი გამოატანეს, რაც სპაზმური შეტევის დროს სუნთქვას გაუიოლებდა.

რამდენიმე წლის წინ ძლიერი წვიმების დროს ქალაქის ქუჩები დაიტბორა და დენი ავარიულად გაითიშა. ეტყობა, ძლიერი ნესტისგან მორიგი სპაზმური შეტევა დაემართა, დენი არ იყო, ვერც გენერატორი უშოვეს, აპარატს რომ ემუშავა, და უჰაერობისგან გაიგუდა... ამის შემდეგ მეტყვით, რომ საქართველოში არ წავიდე და აქ ბრმად გავიკეთო რუსული ვაქცინა?! შესაძლოა რუსული "სპუტნიკი" მართლაც იცავს ვირუსისგან, მაგრამ განწყობა ბევრ რამეს განაპირობებს და ამიტომ ისევ საქართველოში გადასვლას ვამჯობინებ. თუ გზას ჩაკეტავენ, ენგურზე ფონს მოვძებნით და გავრისკავთ გადასვლას", - წერს აფხაზი ირმა ლორია.

ვინ აიცრა რუსული ვაქცინით

"Спутник V" მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში უკვე შეიტანეს და 3 მილიარდამდე კაცი უკვე აიცრა.(?!) მის 91,6%-იან ეფექტიანობას ვრცელ სტატიას უძღვნის სამედიცინო ჟურნალი The Lancet-ი", - წერს აფხაზური მედია. აფხაზების ნაწილის აზრით, "Спутник V"-ს ეფექტიანობას მსოფლიო არ აღიარებს და ამიტომ რუსეთმა აფხაზეთში გაასაღა.

ამირან გულია, სოხუმი:

"რამდენიმე ექიმმა მითხრა, ყველა ფეხს ვითრევთ, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გაიკეთოს, ალბათ, სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს მოუწევთ გარისკვა. თავს იმით იმშვიდებენ, შესაძლოა ვირუსისგან არ დაგვიცავს, მაგრამ მომაკვდინებელიც არ იქნებაო. ყველამ იცის, რომ თავად რუსი პოლიტელიტა უცხოურ ვაქცინებს სხვადასხვა ქვეყანაში იკეთებს... ზღვის სეზონი კარს არის მომდგარი, მესამე ტალღა კი დაიწყო და თუ აცრები არ ჩატარდება, რუსი ტურისტები არ შემოვლენ, ეს კი ისედაც შიმშილის ზღვარზე მისულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყამს. მით უფრო, რომ აღდგომას ხალხს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ შეუწყვეტია, კარგად მოილხინეს და ეს ინფიცირებულთა სტატისტიკასაც დაეტყო - დღე-ღამეში ასობით შემთხვევაა. გვყავს გარდაცვლილებიც. შარშან რუსეთმა საველე კოვიდჰოსპიტალი გახსნა, ხალხიც შედარებით ფრთხილობდა და ვირუსს როგორღაც გავუმკლავდით. მოსახლეობის ნაწილს კარგა ხანს არ სჯეროდა ვირუსის არსებობის. ბევრი პირბადეს არც ახლა ატარებს, სადეზინფექციო ხსნარზე ლაპარაკიც ზედმეტია. რამდენისგან მომისმენია, იქნებ გავცივდი, საავადმყოფოში მისვლის კი მეშინია, იქ არ ავიკიდო ვირუსიო... რუსული ვაქცინით აცრა სარისკოა, მაგრამ ოპოზიცია ნებას არ მისცემს ჩვენს ხელისუფლებას ვაქცინები საქართველოდან შემოიტანოს".

გენო ნანბა, აფხაზეთის მკვიდრი:

"მოსახლეობა ამბობს, საცდელი ბაჭიები არა ვართ, ჯერ ჩვენი პოლიტელიტა აიცრას და მერე ვნახოთო. ვიცი, რომ ექიმებიც თავს იკავებენ "სპუტნიკით" აცრისგან - ზოგმა "ალიბი" რომ ჰქონოდა, შაქრიანი დიაბეტის ყალბი ცნობა გააკეთა, ზოგს თრომბი "აქვს". ჯერ იცდიან, აინტერესებთ, რა შედეგი ექნება სხვას. ჯერჯერობით "პირველი მერცხლებიც" არ გამოჩენილან. სიმართლე რომ ვთქვა, არც მინდა ექიმებმა რომ აიცრან. ისედაც ძალიან ცოტა ექიმი გვყავს... არც ვაქცინის შემნახველ კარადას ვენდობით, რადგან დენი ხშირად ქრება და საჭირო ტემპერატურას როგორ შეინარჩუნებენ. გაგვაცნონ იმ 60 ქვეყნის სია, სადაც "სპუტნიკი" შეიტანეს, მათი სამედიცინო ისტორიები, ვინც აიცრა და თავს კარგად გრძნობს, ოღონდ კრემლმა კი არა, სანდო მედიამ".

გალში რუსულ ვაქცინას ელიან

გალში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ვინმე აცრილი არ იქნება, "ენგურის საზღვარზე მიმოსვლის პრობლემა შეექმნება".

კესო, გალის რაიონი:

"მესაზღვრეებისგან მოგვისმენია, სანამ დროა, მოასწარით და საქართველოში აიცერითო. იმედია, სანამ ჩვენამდე მოაღწევს, ქართულ მხარეს გადასვლას მოვასწრებთ. გვეუბნებიან, რომ საჯარო სამსახურებში, მათ შორის "ენგურჰესზე", ვერ იმუშავებენ ის პირები, ვინც აცრილი არ იქნება. არადა, გალელების უმეტესობა იქ მუშაობს.

ცხინვალში ვაქცინაცია დაიწყო

აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში უკვე პირველი მოხალისე, ჟურნალისტი კოსტა კოშტე აიცრა. ოსური მედიის ცნობით, "ყველა მსურველს ექიმები სატურაციასა და წნევას შეუმოწმებენ, ერთი დღით ადრე კი ყველა საჭირო კვლევას ჩაუტარებენ". ე.წ. ჯანდაცვის უწყების თანამშრომლის თამარ სანაკოევას თქმით, ოცი მსურველიდან ანტისხეულები მხოლოდ ექვსს არ აღმოაჩნდა და მათ აცრიან.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რუსული ვაქცინის ეფექტიანობა იქაურებსაც ეეჭვებათ.

- როგორც ქართველები, ასევე ოსების ნაწილი ქართულ მხარეს გადასვლას აპირებენ "ფაიზერითა" და "სინოფარმით" ასაცრელად. საჯარო სამსახურებში, ალბათ, მოუწევთ "სპუტნიკით" აცრა, სხვა გზა არ ექნებათ. თუმცა ბიბილოვის ადმინისტრაციამ თადარიგი უკვე დაიჭირა და ქართულ მხარეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. რუსული ვაქცინის ათვისება მისთვის პრესტიჟის საქმეა, ამიტომ რუსული "სპუტნიკის" ეფექტიანობაზე დიდი კამპანიის წამოწყებას გეგმავს.