"სოფლები და ადამიანები" - კვირის პალიტრა

"სოფლები და ადამიანები"

"ე.წ. ჩვეულერბრივი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში სრულიად არაჩვეულებრივები არიან, აღემატებიან ე.წ. ძალიან ცნობილ და ხშირად არაჩვეულებრივებად შერაცხილ ადამიანებს"

სევდის პოეტი, დამარხული სიყვარულის ერთგული ქალი სახელად მეწყინა, ღვთის მლოცველები - ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩვენი რესპონდენტის, გიორგი კეკელიძის პროექტის - "სოფლები და ადამიანები"- მონაწილენი გახდნენ. ჩვენს რუბრიკაში ბატონი გიორგის ამ პროექტზე, დღევანდელობასა და მარადიულ ფასეულობებზე ვისაუბრებთ.

- ალბათ, როდესაც საბიბლიოთეკო მუშაობას დავასრულებ, საკუთარი თავს მთლიანად ფოლკლორისტიკას, კინოსა და ლიტერატურას მივუძღვნი. ე.წ. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში სრულიად არაჩვეულებრივები არიან, აღემატებიან ე.წ. ძალიან ცნობილ და ხშირად არაჩვეულებრივებად შერაცხილ ადამიანებს. ეს იქნება ჩემთვის მთავარი სამიზნე ჯგუფი, რომელთანაც, გარდა იმისა, რომ ვიმუშავებ, დარწმუნებული ვარ, ვიმეგობრებ კიდეც. სწორედ ამის ნაწილია ჩემი პროექტი - "სოფლები და ადამიანები", რომელიც რამდენიმე მიმართულებით იყოფა. პირველი არის უშუალოდ ჩემი, როგორც ფოლკლორისტის, მუშაობა. ვცდილობ, მაქსიმალურად შევისწავლო მათი ყოველდღიურობა და საბოლოოდ ჩემს სადოქტორო ნაშრომში ავსახო, რომელსაც, ალბათ, ასეც ერქმევა - "სოფლები და ადამიანები". რაც შეეხება მეორე განშტოებას, ეს არის ფილმები ნათელა გრიგალაშვილთან ერთად. ეს ჩემი საქმიანობის ძალიან საინტერესო ნაწილია, რადგან პირველად ვცდი საკუთარ თავს, როგორც რეჟისორი. ნათელა შეუდარებელი ფოტოგრაფი, შესანიშნავი ოპერატორი და თანარეჟისორია ამ ფილმებისა. ოთხი ფილმი უკვე გადავიღეთ. ბოლოა "ღვთის მლოცველები". 20-მდე ქალია შეკრებილი და მათ გარშემო უცნაური, სახეცვლილი აურა ტრიალებს. ფილმი ამ ადამიანების პორტრეტებს ხატავს.

- თქვენი პროექტების გამო, ალბათ, ხშირად მოგზაურობთ... - ახლაც ქარელში ვარ. ჩემი მეორე მიმართულება,"ეკვილიბრიუმი", რომელიც გულისხმობს სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას, ძალიან აქტიურ ფაზაშია.

- როგორც ვატყობ, ხანდახან თქვენი ერთი პროექტი მეორესთან არის დაკავშირებული. ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა ორი კურდღლის მადევარი ორივეს იჭერს. - დიდი მადლობა, თუ ასე ფიქრობთ. კი ბატონო, მართლაც თითქოს ორ კურდღელს დავდევ, თუმცა ვერც ერთიც რომ ვერ დავიჭირო, ეს დევნაც დიდი სიამოვნებაა. მუშაობის პროცესი ისეთი საინტერესო მგონია, რომ მაინცდამაინც შედეგს არ მივდევ, თუმცა შედეგებიც, ცხადია, მნიშვნელოვანია. როდესაც სოფლებში ხელმეორედ მიწევს ჩასვლა, ეს ადამიანები გულთბილად მხვდებიან, ამ გულთბილობის მიღმა კი გაკეთებული საქმე ჩანს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს.

- სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ცნობილ პოეტს, ტარიელ ხარხელაურსაც ეწვიეთ. - კი, წიგნები ავუტანე... ის შესანიშნავი პოეტი და დიდი სევდის დამტევი ადამიანია, რომელიც ყოველდღიურობაში გაჯიუტებით უმკლავდება ამ სევდას. მას აქვს განცდა, რომ შრომითა და ლოცვით სავსე ყოველდღიურობა ხიდია საკუთარ შვილთან, რომელსაც ადრე თუ გვიან შეხვდება. ამ ხიდზე, როგორც ამბობს, ყოველ ღამით გადადის, ნახულობს თავის შვილს და მერე უბრუნდება ყოველდღიურ საქმეებს, რომ ამ საქმეებმა გაატანინოს ცხოვრება. ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომელიც მან, როგორც ამბობს, პოეზიით დასძლია. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, პოეზია არის ლოცვის ენა და ამ ლოცვით ის ხმას აწვდენს საკუთარ შვილს. ამბობს, ჩემთვის ლექსი არის ლოცვა, ლოცვა სამშობლოზე, ლოცვა სიყვარულზე და მინდა ჩემი ლექსი ლოცვას ჰგავდესო. ბატონი ტარიელი ცხოვრობს სოფელ სიმონიანთში და ადამიანებს აჩვენებს მაგალითს იმისას, რომ ხშირად ჩვენ მცირედით ვართ უკმაყოფილო და არაფრისგან ვდგამთ დრამას, რომელიც ამგვარი ადამიანების ტრაგედიებთან შედარებით არაფერია. თუ ეს ადამიანები ახერხებენ იყვნენ ძლიერები და ხანდახან - მხიარულებიც კი, ბუნებრივია, სხვებს საწუწუნო ბევრი არ უნდა ჰქონდეთ.

მერე ვიყავი სოფელ ხორხში ქალბატონ მეწყინა ქავთარაძესთან, რომელიც უნიკალური ბიოგრაფიის ადამიანი გახლავთ. ვაპირებ ჩავწერო მისი მშობლების ისტორია, თუმცა მანამდე თქვენ გაგანდობთ. მეწყინას მამა და დედა შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს. მანამდე დედამისი აკვანშივე ყოფილა დანიშნული ადამიანზე, რომელიც მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ძალიან რთულია ამგვარი ტრადიციების ხალხში ახალი სიყვარულის ძებნა, მაგრამ ამ ქალმა ეს მოახერხა და, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვაც კი არ იცოდა, ისევე, როგორც მეწყინას მამამ, დაანახა საზოგადოებას, რომ თავისუფლება და სიყვარული არის უმთავრესი საყრდენი და მას წესები და დათქმები ვერ აჯობებს. სხვათა შორის, მეწყინას დედასთან შეხვედრამდე მეუღლე და შვილი ჰყოლია მეწყინას მამასაც და ორივე წითელას ეპიდემიას უმსხვერპლია... ქალბატონი მეწყინა მესამე შვილი გახლდათ და სოფელმა დაარქვა ეს სახელი, რადგან მესამე გოგო იყო ოჯახში, მაგრამ ეს მახინჯი დამოკიდებულება თვითონ მეწყინამ დასძლია. მას სახელი არ შეუცვლია და ყველას დაანახა, რომ პირიქით, გამიხარდა უნდა ერქვას.

- დაოჯახებული იყო მეწყინა? - არა, ჰყავდა შეყვარებული, რომელიც ავარიაში გარდაიცვალა და მთელი ცხოვრება დამარხული სიყვარულის ერთგული დარჩა.

- კიდევ ვისზე მიამბობთ? - ერთგვარ ქართველ ენტონი ჰოპკინსზე - გურამ გოლიაძეზე. ბატონი გურამისა და მისი მეუღლის ცეკვა, რომელიც გადავიღე და ინტერნეტში გამოვაქვეყნე, ჰიტად იქცა. ისინი უნიკალური სოფლიდან, მაკვანეთიდან არიან. ანზორ ერქომაიშვილიც ამ სოფლიდან იყო. ბატონი გურამი ქორეოგრაფია, მისი მეუღლე, ქალბატონი ნელი კი - მუსიკის მასწავლებელია, სამეგრელოდან გახლავთ. ისინი 81-წლისანი არიან და ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიან ცეკვასა და სიმღერას. მთავარი ის არის, რომ ადამიანებს ყველგან და ყოველთვის ჰქონდათ განცდა, საკუთარი მიცვალებულებისთვის პატივი მიეგოთ. მეც, თქვენც და ყველა ვცდილობთ, ამ უცნაურ ფენომენს, რომელსაც სიკვდილი ჰქვია, რაღაც რიტუალებით გავუმკლავდეთ. სწორედ ეს რიტუალებია ადამიანთა საყრდენი და გაძლების ბურჯი.

- სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველის ბრწყინვალე აღდგომა ვიზეიმეთ ორი ათას ოცდამეერთედ...

- ადამიანები ძალიან მოვიკოჭლებთ, ერთმანეთს ყოველდღიურად ვაკრავთ ჯვარზე. დღევანდელი სამყარო ძალიან მკაცრია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოხატვის ფორმები არ ჰგავს წინა ეპოქების გამოხატვის ფორმებს ლიბერალურ საზოგადოებასა თუ დემოკრატიულ ქვეყნებში. მაინცდამაინც წამება არ არის არაადამიანური მოპყრობა, თუნდაც სოციალური ქსელებით გამოვლენილი სისასტიკე და დაუნდობლობაც მძიმედ ასატანია. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ ძალიან დაუნდობლები ვართ, რაც არაქრისტიანულია და არაადამიანურიც.

ყველას გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. ვფიქრობ ადამიანისთვის - სულერთია, მორწმუნეა ის თუ არა - იმის განცდა, რომ სიკვდილი შეიძლება დაამარცხო, არის მთავარი და ამ განცდაზე დაშენებული სიცოცხლე რაც უფრო მრავალფეროვანი და სხვის სიკეთეზე ზრუნვით აღსავსე იქნება, მით უკეთესი. მრავალ აღდგომას დაესწარით.

მონდომების ხელი

მე ვარ 88 წლის ჟორა გოგრიჭიანი. ხის ოსტატი. ცალი ხელი არ მივარგა, ცალი კიდევ ორს სჯობს, ისე ხელის ამბავს მოგიყვები. გლეხის ოჯახში დავიბადე. ჩემი სოფელი არის ღები. სკოლაში ძალიან გაუჩერებელი ვიყავი, ხელმარჯვე. დანით ვაკეთებდი. თითი არ მქონდა, რომ არ წემეჭრა დანით. ჯოხი რომ ჯოხია, ვინმეს ხელში რომ დევინახავდი, ვამბობდი, ესი რომ ასე გაკეთდეს, უკეთესი იქნება-მეთქი. ნიჭი დამყვა ესეთი. ჰოდა, სკოლიდან წამიყვანეს ფეზეოში. ვიყავი მეათე კლასში. იქაც ვერ მაჩერებდნენ. არ მიყვარდა შახტა, არ მიყვარდა შიგნით შეძრომა, ჰოდა, ექვსი თვე უნდა ვყოფილიყოთ შახტაში, 15 ბიჭი წაგვიყვანეს სოფლიდან და უნდა ესწავლებიოთ იმგენებს იქ, მიწას როგორი დაქანება ქონდა, როგორი ძარღვები - ამისი სპეციალები უნდა გამოვსულიყოთ. მე, როგორც ხელმარჯვე, მჭედლათაც ვმუშაობდი, შახტასაც ვამაგრებდი. ჰოდა, ერთხელ ღამის სმენაში ვიყავი. მნგრეველად ვიყავი მე, ჩემი ამხანაგიც. საფეთქი მასალა შემოგვაკლდა.

სმენაც უკვე მთავრდებოდა. ვფიქრობდით ახლა და ვდაობდით ერთმანეთში, აგვეფეთქებიოს თუ არ აგვეფეთქებიოს. მე ვეუბნებოდი, რომ მოდი ახლა ამას დავანებოთ თავი, ჩავაბაროთ ახალ სმენას. არაო, მაინცდამაინც მოვიტან საფეთქ მასალასო. ახლოს იყო საწყობი, ღიათ იყო, პატრონი არა ყავდა იმას, დამკეტი და მოყარაულე. მე გაჯავრებული ვიყავი, რომ არ დამიჯერა. მოვიდა, მოიტანა საფეთქი. კაფსოლები დადვა ასე. დააწყო. პაჩკა დადვა კაფსოლების. მოვიდა და დაჯდა ჩემს გვერდზე. რაზე ნერვიულობ, კაცოო, ავაფეთქოთო და წავიდეთო. ავდექი და დავიწყე სამზადი. მოვკიდე სამ კაფსოლს - სამი იყო ასაფეთქებელი.

მაინცდამაინც სამივე ავიღე. ბედია ყველაფერი. აქეთკენ შნური მქონდა დაჭერილი. გავუკეთე და რომ აფეთქდა, ამაგდო მაღლა და მაჯახა ზევით და - რა ქენი, ბოდიში, რა ქენი, შენ შობელძაღლო-თქვა?! ააფეთქე-თქვა?! არ შამომყრია გულზე. დამინახა და ვაიო, დაიძახა. იმას შემოსვლია გულზე. დავხედე და სახეზე ხელის ნატეხი ძვლების, ალბათ, და კაფსოლების ნაყარი ქონდა. მეც, სახეზე რაც ნადაღი მაქვს. სულ მაგისგანაა. უკვე თვალებით ვეღარ ვიხედებოდი, სისხლმა მომიარა. მომიყვანეს აქ, ღებში, საავადმყოფოში. საავადმყოფოში ის ექიმი გერმანიში ნამყოფი იყო, არა ქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთვის ოპერაცია გეეკეთიბინოს. გამომწერეს ონში. გამიკეთეს ოპერაცია. სახე მთლიანად შეხვეული მქონდა. ვერ ვიყურებოდი. იმან წამალი გამიკეთა. იმ ექიმმა. გერმანიიდან ჩამოტანილი ქონოდა სახლში და დამიწერა მოწერილობაში, რომ 21 დღე არ მიაკაროთ ხელი თვალებს, არ შეხსნათო. ვიყავი ასე 21 დღე. ვშიმშილობდი. ვერ მაჭმევდნენ. დევიწყე ფიქრი თვითმკვლელობაზე. ი, ბავშვი ვიყავი. უკვე 17 წლის ვიყავი, ბავშვიც აღარ ვიყავი, მაგრამ მაინც... რომ მოვიდა 21 დღე და შემიხსნეს სახე, "გაახილე თვალები", - მეუბნებიან. ვყიპავ თვალებს, მარა ვერ ვახელ. "გაახილე!" - ჩამომყვირიან. კარგად არ მეყურებოდა ყურში და უცებ დავინახე. გამოვიდა თვალები საღი. გამიხარდა. სიკვდილი შემძულდა უცებ. სიცოცხლე დავინახე და შემძულდა. ჰოდა, ხელს ვერ უქნეს ვერაფერი. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა გადავკვეთოთ ნიდაყვში და დანარჩენი გადარჩებაო. დედაჩემმა არ დაანება და ღამე მომიპარა საავადმყოფოდან. წამიყვანა სოფელში და იქ თავისი გაკეთებული წამლებით შეახორცა ხელი დედაჩემმა ვალენტიმ, ვალენტი გავაშელმა. დამაჯენდა ფეჩთან, მარგანცოვკიანი წყლით და თხის ქონით მიმუშავებდა, მიმუშავდება და მომეცა ძალა, მაგრამ მტევანი გამიფუჭდა. ცალი ხელი მაქვს, ცალი ხელით ვშრომობ. ორი ხელია ეს ხელი. შეიძლება სამიც, ან მეტიც. ბედია ადამიანი. ბედი და მონდომება. რომელი უფრო? უფრო მონდომება. მონდომება და მონდომება.

სახლის და სიყვარულის შენების ამბავი

"ადამიანი არის სახლის ძებნა და შენება. მე ვარ ინუსა ირემაძე. 91 წლის. ზოტიდან. ოცდაცხრამეტ წელში კოლექტივი შემოდიოდა აქანე. მამაჩემი და ბიძაჩემი ერთად ცხოვრობდნენ. მერე გეიყვენ და პაწა მიწა დარჩენ. მამაჩემს დარჩა სასიმინდე. ნალიე. დეიწყო ერთი ოთახის კეთება და დიიშალა იი ოთახი. 44 წელში მამაჩემი დააპატიმრეს. ასე, ჩემო ბატონო... და ექვსი დედმამიშვილი ვიყაით. ნალიაში ვიყაით. ნალიაში ვცხოვრობდით. ომი იყო, საჭმელი არ გვქონდა, სასმელი არ გვქონდა. უნდა გეწვალა და გეგეტანა თავი. ჩვენ მთაში გვქონდა სახლი. იი გავყიდეთ. ფუტკარი გავყიდეთ. ყოლიფერი გავყიდეთ. თან მოღალატის შვილები ხართო, გვიძახდნენ. პოლიტიკურზე იყო მამაჩემი. ასლანა გაგონილი გექნება, ბარამიძე, ყაჩაღი. მისი ძმები იყვნენ ჩამოსული აქანა. თავს აფარებდნენ იქინე, ვისაც რომე ჭადი ქონდა და სიმინდი, ამფერ ხალხთან აფარებდნენ. დეიამხანაგეს ხალხი. ამათაც გევიდენ ტყეში და შეიქმნა ერთი ბანდა. მამაჩემს ქონდა პროკლამაცია აღებული. აფერი იმან არ იცოდა პოლიტიკური. იმას უთხრეს, რომ, ა, ბიჯო, უსუფავ, შენ პროკლამაცია, გერმანია გეიმარჯვებს, ჩამუა გერმანია და ჩვენ ვიქნებით ყოლიფერიო. შეიტყუეს ასე და 44 წელში დააპატიმრეს. სხვებიც. ზოგი ციხეში მოკტა. ზოგი გზაზე მოკტა. მამაჩემი მოვდა სახლში, 56 წელში დაბრუნდა. ჩვენც წამევიზარდეთ და დევიწყეთ სახლის მასალის დამზადება. 59 წელში მამაჩემს პარალიჩი მუუხთა. ჩავარდა ლოგინათ. ახლა მასალა მზათ გვქონდა. უსტა რომ მეგვეყვანა, ფული უნდოდა. ჩემით დევიწყე კეთება და ერთ წელში გავაკეთე. მაი იყო მთავარი ამბავი და მაია მთავარი ამბავი. მერე ცოლი მევიყვანე. მაი დიდი ისტორიაა. მოგიყობით."