"გველგესლამ მთელი ზამთრის ნაგროვები შხამი "გადმომისხა"... - კვირის პალიტრა

"გველგესლამ მთელი ზამთრის ნაგროვები შხამი "გადმომისხა"...

  • მამრი გველგესლას შხამი უფრო ტოქსიკურია, ვიდრე - მდედრის;
  • ნაკბენი რაც უფრო ახლოა გულთან, მით უფრო საშიშია. სახის არეში ან კისერზე ნაკბენიც ძალიან მალე იწვევს სიკვდილს;
  • გველი ტყავის გამოცვლისას ძალიან ვიწრო ადგილში ძვრება, რომ ძველი ტყავი "გაიხადოს".
ახალგაზრდა მეცნიერი, ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი იანქოშვილი ქვეწარმავლების არაერთ სახეობას იკვლევს. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ გველმა მასაც უკბინა, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია - იმავე საქმეს გატაცებით აკეთებს. სწორედ მისგან გაიგებთ, რომ ჩვენში სიცოცხლისთვის საშიში გველი მხოლოდ გიურზა არ არის.

- არსებობს მოსაზრება, რომ გიურზას გარდა საქართველოში შხამიანი გველი არ ბინადრობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ ექვსი სახეობის გველგესლაა სიცოცხლისთვის საშიში.

- საქმე ის არის, რომ სწორედ გიურზას შხამია სასიკვდილო, თუკი მსხვერპლს ვაქცინით არ მივეშველეთ. სხვა გველგესლების შხამი ორგანიზმზე სასიკვდილოდ არ მოქმედებს, თუმცა იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს, რომელთა შემდეგ შეიძლება ანაფილაქსიური შოკი განვითარდეს და ადამიანი გარდაიცვალოს. სვანეთში, რაჭასა და ხევსურეთში, არაერთხელ შევსწრებივარ, კაცს გველგესლა დაუჭერია და მითქვამს, გაუშვი, შხამიანია-მეთქი, მას კი უპასუხია, რას ამბობ, ამ გველს შხამი არა აქვს, არ იკბინებაო. გველგესლას მშვიდობიანი ქვეწარმავლის სახელი იმის გამო აქვს, რომ თუ ზიანს არ გრძნობს, თავად პირველი არავის ერჩის. ხელისგულზეც რომ დაისვა, კბენას არც იფიქრებს.

ჩვენთან ყველაზე მაღლა, დიდ კავკასიონზე, არის დინიკის გველგესლა, ცოტა ქვემოთ, დიდი აბულისკენ - სომხური და დარევსკის გველგესლა. ჯავახეთში, ბირთვისში, ბორჯომში, აბასთუმანში ცხვირრქოსანი გველგესლა ბინადრობს. ჩვენი საამაყო კავკასიური გველგესლა, რომელიც აჭარა-გურიასა და აფხაზეთში გვხვდება, იშვიათი საპოვნელია. საქმე ის არის, რომ შეწყვილების შემდეგ მამალი მიწაში ჩადის და იმალება.

- და მათთან მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს?

- მხოლოდ ფეხის დადგმისას, რადგან გველგესლა სწორედ ამ დროს იკბინება. მკვლევრები გველგესლას კბენით გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის თავიდან ასაცილებლად "დექსამეტაზონს" ვიყენებთ. გარდა ამისა, ბევრი წყლის დალევაა აუცილებელი, რადგან წყალი ორგანიზმიდან შხამს განდევნის.

გველგესლას გარჩევა გიურზასაგან, რომლის შხამს შრატის გარდა არაფერი შველის, ადვილად შეიძლება. გიურზა 2 მეტრამდე იზრდება, გველგესლას ზომა კი 65 სმ-ს არ აღემატება, თუმცა, კბენისას სპეციალისტთან მისვლა აუცილებელია.

- არასოდეს მისაუბრია ადამიანთან, რომელსაც გველმა უკბინა. ალბათ, ამ განცდის აღწერა რთულია.

- დაუდევრობის გამო მიკბინა. ჩვენი ექსპედიცია ფაუნის სხვადასხვა სახეობის აღმოსაჩენად დედოფლისწყაროში მუშაობდა. მე და ჩემი კოლეგები დიდხანს ვეძებდით შხამიან გველს, ბოლოს იმედი რომ გადაგვეწურა და იარაღი ავტომანქანაში ჩავაწყვეთ, სწორედ ამ დროს ექსპედიციის ერთმა წევრმა დაიძახა, აქ გველიაო და მეც თავდაცვის გარეშე გადავხტი. გველი - ვერა, მაგრამ მისი სრიალისას ბალახის შერხევა დავინახე და სადაც, ჩემი აზრით, გველის თავი უნდა ყოფილიყო, შიშველი ხელი სწორედ იქ დავადე. გველი თავით უნდა დაიჭირო, რათა არ გიკბინოს, მე კი, რადგან ქვეწარმავლისთვის ზიანის მიყენება არ მინდოდა, ხელი შედარებით მსუბუქად დავარტყი და თითზე სწორედ ამ დროს მიკბინა... ნახევარი წამის განმავლობაში ვიგრძენი, თითქოს ნემსს ძლიერად მჩხვლეტდნენ, მერე კი თითქოს ძარღვებში რაღაც სითხე შევიდა, თუმცა კბენიდან რამდენიმე წუთში გავიკეთე "დექსამეტაზონი" და დავლიე 4 ლიტრი წყალი, რასაც შინ ამდენივე დავამატე. როგორც წესი, ასეთ დროს არ უნდა იმოძრაო, რომ შხამი ორგანიზმში ნელა გავრცელდეს. ამის შემდეგ გამოცდილ ხალხს ვესაუბრე და გავარკვიე, რომ ჩვენთან გავრცელებული გველგესლების შხამი სისხლს ათხელებს (მანამდე პირიქით მეგონა); გავარკვიე ისიც, რომ მამრი გველგესლას შხამი უფრო ტოქსიკურია, ვიდრე - მდედრისა. ამას დაემატა სეზონიც - ამ დროს გველგესლას მთელი ზამთრის ნაგროვები შხამი უნდა ჰქონოდა, რაც მე "გადმომისხა".

მოკლედ, ნაკბენი თითის შესივება, რაც კბენიდან ნახევარი საათის შემდეგ დამეწყო, პირველივე დღეს მხრამდე ავიდა, მეორე დღეს მკერდის მარჯვენა ნაწილში გადავიდა და ლიმფურ კვანძებშიც სუსტი ტკივილი დამეწყო. ოდნავი შვება მესამე დღიდან ვიგრძენი, ხელის თითების ამოძრავება მხოლოდ მერვე დღეს შევძელი, კბენის ადგილზე ნეკროზმა კი კარგა ხანს გასტანა. მე ველის გველგესლამ მიკბინა და, ყველაფრის მიუხედავად, მისი ნაკბენი მომაკვდინებელი არ აღმოჩნდა, გიურზას ნაკბენისას კი, შრატის გარეშე, სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-5 საათია. ეს იმაზეა დამოკიდებული, ჯანმრთელია თუ არა ადამიანი... ნაკბენი რაც უფრო ახლოა გულთან, მით უფრო საშიშია. სახის არეში ან კისერზე ნაკბენიც ძალიან მალე იწვევს სიკვდილს. ბედნიერი გამონაკლისი გიურზების კბენისასაც არსებობს, რადგან გველი კბენისას შხამს ყოველთვის არ უშვებს - თვითონ სჭირდება და ვერ იმეტებს.

- მართალია, რომ გიურზა საბჭოთა იმპერიამ შემოიყვანა საქართველოში გველის შხამის მოსაპოვებლად?

- არ არის მართალი. გიურზა და ყველა გველგესლა ჩვენი მიწის მკვიდრია. შესაძლოა, ისინი უფრო დიდი ხნის არიან, ვიდრე ჩვენ. შემოსული მხოლოდ აზერბაიჯანული ხვლიკის სახეობაა, რომელიც თბილისში საუკუნის წინ დამკვიდრდა და მშვენივრად ანადგურებს ტარაკნებს. გველგესლები დედამიწის სასიცოცხლო ჯაჭვში თავის განუმეორებელ როლს ასრულებენ, მწერებითა და მღრღნელებით იკვებებიან და ბუნებრივ ბალანსს იცავენ, ქვეწარმავლებით კი ფრინველები იკვებებიან. მაგალითად, ბექობის არწივისთვის სწორედ ქვეწარმავალია საუკეთესო საკვები. ჩვენც იმიტომ ვიკვლევთ ქვეწარმავლებს, რომ ამ ბალანსში მათი როლი და ადგილი ზუსტად განვსაზღვროთ. კვლევისთვის მხოლოდ ქერცლის ან კუდის მცირე ნაწილს ვიყენებთ - იმხელას, რომ ინფექცია არ შეეჭრას, გველს კი ისევ ბუნებაში ვუშვებთ.

- საინტერესოა გველის კანის ცვლა...

- ამას ქვეწარმავალი, ასე ვთქვათ, "ბავშვობაში" აკეთებს, როცა საკუთარი ტყავი აღარ ჰყოფნის, ან კლიმატური ცვლილებების დროს. ტყავის გამოცვლისას ძალიან ვიწრო ადგილში ძვრება, რომ ძველი ტყავი "გაიხადოს".