"ალექსანდრე ზაზარაშვილის დღევანდელი ამერიკული ცხოვრება ჩემი მუსიკალური პროექტის შედეგია" - კვირის პალიტრა

"ალექსანდრე ზაზარაშვილის დღევანდელი ამერიკული ცხოვრება ჩემი მუსიკალური პროექტის შედეგია"

ინტერვიუ ჩაწერილია 2021 წელს

"ალექსანდრე ზაზარაშვილის დღევანდელი ამერიკული ცხოვრება ჩემი მუსიკალური პროექტის შედეგია. უკრაინულ საბავშვო "ვოისამდე" ალექსანდრემ ჩემი მუსიკალური პროექტი "გზა კარნეგი-ჰოლიკენ" გაიარა და გახდა მსოფლიო ტალანტების კონკურსის გამარჯვებული, რის გამოც მას კარნეგი-ჰოლში გამოსვლის მანდატი მიეცა..."

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ქართველი ცხოვრობს და საქმიანობს, მათი უმეტესობა კი წარმატებულია. საოპერო მომღერალი დავით ღვინიანიძე ამერიკაში გასტროლით აღმოჩნდა და ძალიან შეუყვარდა ქვეყანა, სადაც ცხოვრებაზე ყოველთვის ოცნებობდა... 2009 წლიდან კარნეგი-ჰოლში საკუთარი პროექტები ჰქონდა. ამასთან, საქველმოქმედო ფონდ "მსოფლიო ტალანტების" დამფუძნებელი, მისი პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავთ. კონკურსი "გზა კარნეგი-ჰოლისკენ"და დავით ღვინიანიძის სახელობის ვოკალური აკადემიაც მას დაუარსებია. დიდი წვლილი მიუძღვის ამჟამად ამერიკაში მყოფი ახალგაზრდა მომღერლის, ალექსანდრე ზაზარაშვილის წარმატებაშიც... დავით ღვინიანიძე ქუთაისში დაიბადა და ბავშვობაც იქ გაატარა ექიმი დედის, აკადემიკოსი მამისა და უმცროსი დის გვერდით.

- ხშირად ჩავდიოდი ბებიასთან სოფელ როხში. მან შემაყვარა ბუნება და ცხოველები. დედა და ბებო სიყვარულით მზრდიდნენ და დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს სულიერ თუ გონებრივ ჩამოყალიბებაში. ვერ ვიტან გულგრილ დამოკიდებულებას, ასეთი გარემოდან გავდივარ და ვრჩები იქ, სადაც ერთგულება, სითბო და სიყვარულია.

ბავშვობაში ჩემი პრინციპების გატანა მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა რბილი და თბილი ხასიათი მაქვს, ბავშვობაში სიმტკიცით და პრინციპულობით გამოვირჩეოდი. საბავშვო ბაღში 3 წლისა შემიყვანეს და არ მომწონდა იქ სიარული. იმდენი ვიტირე, ფილტვების ანთება დამემართა. ასე გავიტანე ჩემი და მაინც შინ დავრჩი...

- მუსიკა ბავშვობიდან გიტაცებდათ?

- ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი მუსიკის, სიმღერისა და სცენის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა... მშობლები არაფერს იშურებდნენ, რომ ყველა სფეროში გამომევლინა ჩემი ნიჭი და უნარები. თანატოლები ქუჩაში რომ თამაშობდნენ, მე ენციკლოპედიებს ვკითხულობდი, საავტორო გადაცემებს ვგეგმავდი და ხმის სავარჯიშოებს ვასრულებდი. ყოველთვის ვიყავი ხელმძღვანელი, კაპიტანი, ლიდერი - ამან განსაზღვრა კიდეც ჩემი მომავალი ცხოვრება.

- სიმღერა როდის დაიწყეთ? - მშობლები ჩემს პროფესიულ არჩევანს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ამიტომ მირჩიეს, ძირითად პროფესიად მეღვინეობა ან ექიმობა ამერჩია, სიმღერა კი გასართობად მესწავლა. მართლაც, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე და პარალელურად სწავლა კონსერვატორიაშიც დავიწყე. ასე მიწევდა ბრძოლა ორ ფრონტზე - პოლიტექნიკურ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში - რომლებიც წითელ დიპლომზე დავამთავრე.

მინდოდა მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი და კონსერვატორიის პირველ კურსზე სწავლისას ღამეებს ვათენებდი. როცა ოჯახის წევრებს ეძინათ, აჭარის, ქუთაისისა და პირველი არხის ტელევიზიებისთვის გადაცემებს ვამზადებდი. ერთ-ერთი იყო "ტენორი", გადაცემა კლასიკური მუსიკის შესახებ... ჩემი მუსიკალური კარიერა, შეიძლება ითქვას, ქუთაისის ჯაზ-როკანსამბლ "ალიონის" სოლისტობით დაიწყო. მაშინ უკვე ვგრძნობდი, მუსიკის გარეშე, ვერ ვიარსებებდი და გადავწყვიტე, საოპერო ხელოვნებას დავუფლებოდი, რადგან ეს ყველა ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას მომცემდა.

- კარიერული სვლა საიდან დაიწყეთ? - დიდი კარიერული სვლა ბათუმის ოპერის თეატრში მოღვაწეობისას დავიწყე. სოლისტად ჩემმა პედაგოგმა, მუსიკოსმა და კურატორმა ალექსანდრე ხომერიკმა მიმიღო. მაშინ 20 წლის ვიყავი. ბატონი ალექსანდრე მამეცადინებდა, ბინა მომცა... იმ პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე იყო და ბევრ წარმატებულ ხელოვანს ეხმარებოდა (ვსაუბრობ მის როლზე ხელოვნებაში, სხვა დანარჩენი, რაც მისი მმართველობის დროს აჭარაში მოხდა, ჩემთვის მიუღებელია). სწორედ ასლან აბაშიძის დახმარებით დავიწყე აჭარის არხზე საავტორო გადაცემის წაყვანა. 100 ლარს მიხდიდნენ, რაც იმ წლებში ცოტა არ იყო. ენი არსენიძეს კი ჩემს მუსიკალურ "დედად" და მეგობრად მივიჩნევ. არავის აძლევდა ჩემი დაჩაგვრის უფლებას. როგორი მებრძოლიც იყო (საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ციხეშიც იჯდა), ისევე იდგა ჩემ გვერდით.

- რა სიახლეებია თქვენს ცხოვრებაში? - ახლო მომავალში მასშტაბურ ბიზნესპროექტებს ვგეგმავ, მათ შორის, ფილადელფიაში უნიკალურ ზონაში მოეწყობა ულამაზესი ბაღი და საპარკინგე ადგილი 200 მანქანისთვის... ეს იქნება უნიკალური სივრცე ხელოვანებისთვის. უზარმაზარ შენობაში "დავით ღვინიანიძის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი" გაიხსნება, სადაც 2000-კაციანი საკონცერტო დარბაზი მოეწყობა. მომავალ წლებში ასეთი ცენტრების გახსნა იგეგმება ბოსტონში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკში... ასეთია ჩემი მასშტაბური გეგმა შემდეგი ათწლეულისთვის. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გალა-კონცერტს ჩავატარებთ.

- ცნობილია, რომ ახალგაზრდა მომღერალს, ალექსანდრე ზაზარაშვილს გზის გაკვალვაში დაეხმარეთ.... - უკრაინულ საბავშვო "ვოისამდე" ალექსანდრემ ჩემი მუსიკალური პროექტი "გზა კარნეგი-ჰოლიკენ" გაიარა და გახდა მსოფლიო ტალანტების კონკურსის გამარჯვებული, რის გამოც მას კარნეგი-ჰოლში გამოსვლის მანდატი მიეცა. შემდეგ მოხვდა უკრაინულ "ვოისში", სადაც თავი მაქსიმალურად წარმოაჩინა, მაგრამ მისი დღევანდელი ამერიკული ცხოვრება ჩემი მუსიკალური პროექტის შედეგია. მისთვის შექმნილი ცხოვრების პირობები, სწავლისთვის ხელშემწყობი გარემო, ლეგალური დოკუმენტაცია, პრივილეგირებული მდგომარეობა, ადვოკატის მომსახურება თუ ვოკალური გაკვეთილები უზრუნველყოფილია ჩემი მხარდაჭერით. დღემდე მისი მუსიკალური პროდიუსერი ვარ და გრძელვადიანი კონტრაქტი გვაკავშირებს. ალექსანდრეს კარიერული ცხოვრების პერსპექტივა უკავშირდება ფონდ "მსოფლიო ტალანტებს", რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტიც ვარ.

- საქართველოში დაბრუნებას აპირებთ? - საზღვარგარეთ მოღვაწეობით მიღებულ წარმატებას დივიდენდად ვუბრუნებ ჩემს სამშობლოს. გადავწყვიტე, მასშტაბური მუსიკალური კონკურსები და ფესტივალები ჩემს ქვეყანაში უფრო ხშირად გავმართო.

საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, ეს მასშტაბურ პროექტებსაც უკავშირდება. ჩემი ქვეყნის მიწა-წყალი და ხალხი განსაკუთრებულია. ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ და მათთან გატარებული ყოველი წუთი ძვირფასია.