"თუ მყავს კარგი მოდელი, ნიჭიერი გუნდი და ვარჩევ მოდის შესაბამის გარემოს, ფოტოგადაღება შესანიშნავად წარიმართება" - კვირის პალიტრა

"თუ მყავს კარგი მოდელი, ნიჭიერი გუნდი და ვარჩევ მოდის შესაბამის გარემოს, ფოტოგადაღება შესანიშნავად წარიმართება"

"2004 წელს მე და ჩემმა მეგობარმა სტილისტმა ერიკ ფაურიმ ერთობლივად შევიმუშავეთ კონცეფცია, რომ შეგვექმნა სიურრეალისტური ისტორია მოდაზე მექსიკის უდაბნოში. გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა სირაქლემის ჩონჩხი და ბამბუკის დიდი გალია. ყველაზე რთული მუზეუმიდან სირაქლემის ჩონჩხის გამოტანა იყო..."

მექსიკელი ფოტოგრაფის რამეს კსელხუანცის ფოტოები მექსიკური კულტურისა და ხელოვნების ერთობლივი ნაზავია. ცნობილი მოდური გამოცემების გარდა რამესი დიორის მოდის სახლის ფოტოგრაფია. პროექტის - The Reflected Eye: Fashion through the Lens of the Photographer - ფარგლებში, რომელიც გასული 100 წლის განმავლობაში ყველაზე გავლენიან მოდის ფოტოგრაფებს აერთიანებს, რამესი თავის კარიერასა და კრეატიული ფოტოს შექმნის სირთულეებზე საუბრობს.

- ფოტოგადაღებისას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, გადაღების სწორად დაგეგმვა, გუნდის შექმნა და მოდელი, რომელთანაც უნდა იმუშაო. ასევე მნიშვნელოვანია სტილი და ადგილი. თუ მყავს კარგი მოდელი, ნიჭიერი გუნდი და ვარჩევ მოდის შესაბამის გარემოს, ფოტოგადაღება შესანიშნავად წარიმართება. თუმცა ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას პრობლემა, მაგალითად, შეიცვალოს ამინდი. ამ დროს უნდა შეგეძლოს სირთულეებთან გამკლავება, რომ ფოტოები კარგი გამოვიდეს.

- ვინ არის თქვენთვის ინსპირაცია? - ფოტოგრაფები, მხატვრები, რეჟისორები. ფოტოგრაფებიდან ერვინ ბლუმენფელდი, რიჩარდ ავედონი, მელვინ სოკოლსკი, მარიო ტესტინო, ანი ლებოვიცი, სებასტიან სალგადუ. მხატვრებიდან სალვადორ დალი, რენე მარგრიტი, რემედიოს ვარო.

2004 წელს მე და ჩემმა მეგობარმა სტილისტმა ერიკ ფაურიმ ერთობლივად შევიმუშავეთ კონცეფცია, რომ შეგვექმნა სიურრეალისტური ისტორია მოდაზე მექსიკის უდაბნოში. გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა სირაქლემის ჩონჩხი და ბამბუკის დიდი გალია, ერთ-ერთი ფოტოსთვის კი დავგეგმეთ, რომ ჩვენი მოდელი 40-ჯერ დაგრძელებულ თმას მოირგებდა. სამი თვე დასჭირდა მომზადების პროცესს. ყველაზე რთული მუზეუმიდან სირაქლემის ჩონჩხის გამოტანა იყო - უსაფრთხოების გარანტად მუზეუმში ჩემი მანქანა დავტოვე. უდაბნოში პატარა სასტუმროში დავბინავდით, რომელიც გადასაღები მოედნიდან ორი კილომეტრის დაშორებით იყო. დილას 4:30-ზე ვდგებოდით, რომ გათენებამდე მოგვესწრო მუშაობა, რადგან მერე სიცხისგან შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. მთელი ჩვენი აღჭურვილობა ხელით მიგვქონდა ყოველი გადაღების წინ. ეს ამბავი ჩემთვის განსაკუთრებულია, ფოტოები კი, როგორც მხატვრული ფოტოგრაფიის ნიმუშები, სხვადასხვა გალერეაში გამოიფინება.

- როგორი ფოტოს გადაღებაზე ოცნებობთ? - ჩემი ცხოვრების სტილია მოგზაურობა, მუშაობა, ნიჭიერი ადამიანების გაცნობა. ახლახან ალექსი ლუბომირსკის შევხვდი და ნამიბიაში ანჯელინა ჯოლისთან ერთად მოგზაურობის შესახებ მომიყვა. მან ის Harper's Bazaar-ის 2017 წლის ოქტომბრის ნომრისთვის გადაიღო. ისეთი ემოციებით ჰყვებოდა ამ გადაღებების პროცესს უდაბნოში, ანჯელინასა და ლეოპარდებთან ერთად, მეგონა, მეც იქ ვიყავი. ასეთ პროექტებზე მართლაც ვოცნებობ.

- თქვენ მონაწილეობთ პროექტში The Reflected Eye - Fashion Through the Lens of the Photographer, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში მოდის ფოტოგრაფიაზე მოგვითხრობს. რა შეიცვალა საუკუნის განმავლობაში ფოტოგრაფიაში? - ფოტოხელოვნება ძალიან ბევრი ასპექტით შეიცვალა. ტექნოლოგიები და სტილი ყველაზე მთავარია. მე მომწონს ეს ცვლილებები, სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ფოტოგრაფებისა და დიზაინერებისგან კი, როგორც ფოტოგრაფი, დღემდე ვსწავლობ. აი, აქედან წარმოიშვა იდეა, მოდის ფოტოგრაფიის ისტორიაზე შექმნილიყო დოკუმენტური მასალების ერთიანი ბაზა, ონლაინგამოფენის ფორმატი კი - ყველასთვის ხელმისაწვდომი. ახალი ტექნოლოგიები მეტ შესაძლებლობას იძლევა და წარსულში დაუძლეველ სირთულეებს ამარტივებს.

- როგორ შეცვალა პანდემიამ თქვენი ყოველდღიურობა? - ძირითადად, სახლში ვმუშაობ, რასაც აქამდეც ვაკეთებდი, თუმცა პანდემიამ სრულიად წამართვა მოგზაურობის შესაძლებლობა. სახლში მუშაობამ სარგებელიც მომიტანა, რადგან სხვადასხვა პროექტში ჩავერთე, დოკუმენტური მასალებზე დაყრდნობით გამოფენების მოწყობაც დავიწყე.

- ახლა რა პროექტზე მუშაობთ? - 6 თვეა The Reflected Eye Exhibition-ზე ვმუშაობ, რომელიც მოდის ფოტოგრაფიას ეძღვნება. დოკუმენტური მასალის შექმნის იდეა ბუნებრივად გაჩნდა. დიდი პატივია ამ პროექტში მონაწილეობა ისეთ ფოტოგრაფებთან ერთად, როგორიც არიან ერვინ ბლუმენფელდი და მელვინ სოკოლსკი.

2017 წელს Harper’s Bazaar-ი 150 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სპეციალურად იუბილესთვის ანჯელინა ჯოლიმ მისალოცი წერილი ქალთა უფლებებს მიუძღვნა და ფოტოსესია ნამიბიაში გაიმართა. ჯოლის პროექტი The Breadwinner-ი სწორედ ამ თემაზეა - 11 წლის ავღანელი გოგონა ბიჭის ტანსაცმელში გამოეწყობა და თალიბანის კონტროლირებად ტერიტორიაზე შედის, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა და სკოლაში სიარული, ეს პატარა გოგო კი ოჯახის რჩენის მიზნით მუშაობას იწყებს. ფოტოსესია, რომელიც ნამიბიაში გაიმართა, ადამიანების უფლებებსა და გარემოს დაცვას მიეძღვნა. ფოტოსესიის ავტორია ალექსი ლუბომირსკი.