"მაშინ ძალიან მწყინდა ასეთი რაღაცები, ახლა კი ღიმილით მახსენდება" - კვირის პალიტრა

"მაშინ ძალიან მწყინდა ასეთი რაღაცები, ახლა კი ღიმილით მახსენდება"

ბოლო დროს ქალები ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ სუსტი სქესი არ არსებობს. ამის მაგალითია 24 წლის თამარ ლეკვეიშვილი, რომელიც პროფესიით ელექტროინჟინერია და "ენერგოპრო-ჯორჯიაში" მუშაობს.

- სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში გავიზარდე. როგორც ბავშვების უმეტესობა, მეც სხვადასხვა პროფესიაზე ვოცნებობდი, ზოგჯერ ექიმი მინდოდა გამოვსულიყავი, ზოგჯერ - გამომძიებელი, მასწავლებელი, მზარეული, ფოტოგრაფი... როდესაც უკვე პროფესიის არჩევის ზღვარზე დავდექი, უცებ წავაწყდი ენერგეტიკას და საინტერესოდ მომეჩვენა, თან მამა ელექტროინჟინერია. ასე ავირჩიე ქალისთვის უჩვეულო პროფესია - ელექტროინჟინერია და მესამე წელია ამ სფეროში ვმუშაობ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველოში ენერგეტიკას დიდი მომავალი აქვს და დასაქმების კუთხითაც პერსპექტიულია. როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვიცოდი, რომ აქ ბევრ გოგონას ვერ შევხვდებოდი, მაგრამ ამ დარგში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ზრდამ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნა.

- უნივერსიტეტში როგორ შეხვდნენ ასეთ სპეციალობაზე გამოჩენილ გოგოს? - ყოფილა შემთხვევები, როდესაც უთქვამთ, რომ ჯობდა, რომელიმე ქალური პროფესია ამერჩია, თუნდაც ჭრა-კერვა ან კერძების კეთება მესწავლა. მაშინ ძალიან მწყინდა ასეთი რაღაცები, ახლა კი ღიმილით მახსენდება. ისეთი ლექტორებიც გვყავდა, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. ენერგეტიკა სარისკო სფეროა, მაგრამ ამის არასდროს შემშინებია. სახიფათო საქმე მეც მიკეთებია და კიდევ გავაკეთებ...

- რას ეტყვით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას? - ვეტყვი, რომ არ არსებობს კაცისა და ქალის საქმე. უბრალოდ, არის პროფესიები, რომლებიც კაცებმა უფრო მოირგეს და პროფესიები, რომლებშიც ქალები ლიდერობენ, მაგრამ ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც გვიტაცებს და ბედნიერებას გვანიჭებს, მთავარია, არ დავემორჩილოთ სტერეოტიპებს და არ ვიფიქროთ, რომ სადმე ქალს არაფერი ესაქმება.

ხათუნა კორთხონჯია