აღვირახსნილი ბიზნესი?! - კვირის პალიტრა

აღვირახსნილი ბიზნესი?!

"როდესაც შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალური დოკუმენტაცია მივიღე, სადაც დათვლილი იყო 18 მილიარდზე მეტი, იმდენად გავოცდი, ბანკირებს ვკითხე, იქნებ რამე მეშლება-მეთქი. ამხელა ციფრმა ისინიც გააოგნა..."

"მესამე ტალღის წინაშე ვართ და სახმელეთო სამორინეები, სლოტკლუბები გაიხსნა... დღეს ეპიდცენტრი სახმელეთო სლოტკლუბებშია", - გვეუბნება სამოქალაქო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე, რომელიც პერიოდულად ატარებს მონიტორინგს სამორინეებში.

- ამ გაგანია პანდემიაში სამორინეები გაიხსნა. თბილისამდე ჯერ ბათუმში გაიხსნა, როცა სავაჭრო ობიექტები ამუშავდა. წარმოიდგინეთ, პანდემია და სათამაშო ბიზნესი... ამაზე ლაპარაკი არც ჯანდაცვის სამინისტროს სურს, არც მთავრობას, არც მედიას, არც საზოგადოებას. სანამ ხმას არ ავიმაღლებთ, მანამდე სახელმწიფო არაფერს მოიმოქმედებს.

სათამაშო ბიზნესი კვლავაც არ არის რეგულაციურ ჩარჩოებში მოქცეული, ის აბსოლუტურად თავისუფალია. როდესაც შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალური დოკუმენტაცია მივიღე, სადაც დათვლილი იყო 18 მილიარდზე მეტი, იმდენად გავოცდი, ბანკირებს ვკითხე, იქნებ რამე მეშლება-მეთქი. ამხელა ციფრმა ისინიც გააოგნა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ ბიზნესთან. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს გულით სურდა კანონპროექტის გატანა, მაგრამ პარლამენტმა მას ბეტონი გადაასხა - არც განუხილავს. ეს ყველაფერი მოქალაქეობრივი ცნობიერების ძალიან დაბალ დონეზე მიუთითებს. მოქალაქე შეშინებული და დათრგუნვილია, მას ეს მისი დამოკიდებულების პრობლემა ჰგონია, არადა, სახელმწიფოს უუნარობის ბრალია. მას არა აქვს ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც დაიცავს მოქალაქეს სათამაშო ბიზნესში ჩართულობისგან, მეტიც, მას პიარს უკეთებს სახელმწიფო. რა გამოდის, სახელმწიფომ მოქალაქეს უთხრა, სულ არ მაინტერესებო, უგულებელყო ადამიანის სიცოცხლის უფლება, ერს შრომის რეალიზების, განათლებისა და გამრავლების უფლება წაართვა. სათამაშო ბიზნესს საქართველოში გავლენიანი ლობისტები ჰყავს.

- იცით, კონკრეტულად ვინ ლობირებს? - ლობისტები პარლამენტში არიან, მოწვევიდან მოწვევაზე გადადიან და შავი დიპლომატებით დადიან, თორემ ისკო დასენის არც ინიციატივა გამიგონია, არც საპარლამენტო წინადადება. რამდენი ისკო დასენი და მულტიმილიონერი პარლამენტარი გვყავს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ლობირებენ სათამაშო ბიზნესს. ამ ბიზნესს მფარველები უფრო ზევითაც ჰყავს. დეპუტატი ჩვეულებრივი პაიკია. ეს არ არის საქართველოს ფული, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოხმარდება. ეს ფული, სავარაუდოდ, ოფშორულ ზონებში, სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ჩვენი სათამაშო ბიზნესის მფლობელთა ნახევარზე მეტი უცხოელია.

- მიზეზებზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც ჟონავს ინფორმაცია, რომ სუიციდის შემთხვევებმაც იმატა... - დიახ, ყოველ კვირას. ეს არის პრობლემა, რომელზეც ყველა დედამ, მეუღლემ, დამ განგაშის ზარს უნდა შემოჰკრას. რაჭაში აზარტული თამაშების გამო ამ 2-3 თვის განმავლობაში 7 თვითმკვლელობა დაფიქსირდა. შსს ამას არ ახმაურებს, რადგან 115-ე მუხლი ძალიან ადვილად გამოსაყენებელია, საქმეს კვალიფიკაცია არ ეძლევა, ის სააშკარაოზეც აღარ გამოაქვთ.

ახალი გზები, სკვერები და 30-სართულიანი შენობები არ ნიშნავს სახელმწიფოს. სახელმწიფო არის საზოგადოება. ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია იწყებს კამპანიას "ილაპარაკე და გადარჩები", რაზეც სუიციდის შემთხვევის გახშირებამ გვიბიძგა. მეუფეს უკვე შევუთანხმდით და როგორც კი დაიშვება მუნიციპალური ტრანსპორტი, დავიწყებთ აქტიურ კამპანიას.

"ილაპარაკე და გადარჩები" იქნება სლოგანი, რომელიც გადაარჩენს ჩვენს თაობას, ოჯახებს, დედებს ძაძებისგან. ისინი, ვინც სათამაშო ბიზნესს აპიარებინებენ, ჩვენთან მოვიდნენ და სიცოცხლე გავაპიაროთ, ადამიანებს მომავალი გავუპიაროთ.

- როგორია სათამაშო ბიზნესში მოზარდების ჩართულობის სტატისტიკა? - კანონის სიკეთე ჩვენამდე თუ არ მოვიდა, რამდენიც გინდა, იმდენი მიიღე. გასულ წელს სწორედ ასეთი კანონი მიიღეს - ბავშვის უფლებათა კოდექსში შევიდა მუხლი, რომელშიც ლაპარაკია აზარტული თამაშების ანტირეკლამურ კამპანიებზე. ამ მაცდურ რეკლამებს, რომლებიც ყველა ტელეგადაცემის დროს რამდენჯერმე მეორდება (5 წუთში 6 სათამაშო ბიზნესის რეკლამა გადის), მოზარდების ფსიქიკა იოლად ემორჩილება. კვლევის შედეგებში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, შემზარავი სტატისტიკაა, რაც ჩვენი მოზარდების ამ ბიზნესში მაქსიმალურ ჩართულობაზე მიუთითებს.

ესენი არიან 14-დან 17 წლის ჩათვლით მოზარდები. თამაშობს ვაჟების 11%, ხოლო გოგონათა 8%. 10% ფსონს დებს ინტერნეტში სპორტსა და ცხოველებზე, აქედან 2% გოგონაა. სათამაშო ფეისაპარატებით ვაჟების 9% თამაშობს, ხოლო გოგონათა 1%; ლატარიას ბავშვების 7% თამაშობს, პოპულარულია კამათელიც. სტატისტიკის თანახმად, ვაჟების 20% და გოგონების 5% უკვე სისტემატური მოთამაშეა. კვლევის დროს გამოჰკითხეს 4000 მოზარდი და 12%-ია უკვე დამოკიდებული, ლუდომანი.

მოთამაშეთა საერთო რიცხვი 800 0000 აჭარბებს. გამოდის, დაავადებული თაობა მოდის. ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ჩვენი არაერთგზის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ეს საკითხი მთავრობაში დააყენოს. უმოქმედოა ჯანდაცვის, განათლების სექტორი, საჯარო რეესტრიც, სადაც ვითხოვთ მოთამაშეთა მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, სადაც გაიშიფრება, ვინ იქნება იქ დამრეგისტრირებელი პირი. ჩვენი ინფორმაციით, ბატონმა ვანო მაჭავარიანმა შეიმუშავა ახალი კანონპროექტი. მართალია, მასში შავი ხვრელები არის, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მოზარდების რეგისტრაციის მაქსიმალურად შეზღუდვას ითვალისწინებს.

ამას წინათ უცხოეთიდან მომწერა ერთმა, არის საიტი, ლუდბოქსები, სადაც მოზარდები ერთობიანო. ბავშვი, რომელიც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, ტელეფონთან, მიჯაჭვულობა გარდაუვალია, მით უმეტეს, როცა ონლაინსწავლებაა. ლუდბოქსები იმდენად ვერაგული რამ ყოფილა (თურმე ქართველი ბლოგერები არიან, რომელთაც უცხოური საიტებიდან შემოაქვთ ანიმაციები, მომხიბლავი თამაშები ფსონებით), არაერთი ბავშვი ჩაითრია, უკვე ასიათასობით გამომწერი ჰყავთ. ეს კატასტროფაა. მშობლებს შვილები გაგვექცნენ და ტელეფონებსა და კომპიუტერებს მიეჯაჭვნენ. ქართველი ბლოგერები ბავშვების გაუბედურების ხარჯზე დიდ ფულს შოულობენ.

- პანდემიის დროს გახსნილ სამორინეებზე რას იტყვით?

- პანდემიის დროს გადარიცხულმა მილიონებმა აღმაშფოთა. ონლაინსაიტებზე თვეში 100 მილიონი ლარი ირიცხება. წარმოიდგინეთ, მესამე ტალღის წინაშე ვართ და სახმელეთო სამორინეები, სლოტკლუბები გაიხსნა. თვითონ მოთამაშემ დამირეკა, წამობრძანდით, ნახეთ, ვარკეთილში რა ხდებაო. მივედი და დასაჯდომი კი არა, დასადგომი ადგილიც არ იყო, ზოგს პირბადე მაჯაზე ეკეთა, თანამშრომელ გოგონას პირბადე არ ეკეთა, ბარმენ ქალსაც. მამაკაცები და ქალები გვერდიგვერდ სხედან სათამაშო მაგიდასთან, სადაც 2 მეტრი კი არა, 10 სანტიმეტრიც არ არის დაშორება. რუსთავის სამორინეშიც იგივე სურათი დამხვდა...

პანდემიის დროს, თუ გვსურს ბიზნესის ჯანსაღად ოპერირება, დაავადების ეროვნულმა ცენტრმა და უწყებათაშორისმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ სამორინეებში კლიენტების ხალვათობა, სახმელეთო სლოტკლუბებში ცენზი უნდა დააწესონ, ვინ შევა და ვინ გამოვა. არ შეიძლება 150 კაცი ერთად იყოს დახურულ სივრცეში, სადაც არ არის ვენტილაცია და საშინელი სიგარეტის კვამლი დგას. ეს ხომ "სლოტკლუბ-კლასტერია", უამრავი დაინფიცირდება. ტრანსპორტი რომ ამუშავდება, დედები მოვიყრით თავს და ოფიციალურ წერილს შევიტანთ დაავადების ეროვნულ ცენტრში, საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც კურირებს და აკონტროლებს პანდემიას. დღეს ეპიდცენტრი სახმელეთო სლოტკლუბებშია და ამას ყურადღება უნდა მიექცეს. თუკი ის დაგვიშალეს, რომ თითო კაციც ვერ გავედით ახლობლების საფლავზე, რა პრივილეგიები აქვთ კაზინოებს?