"ბუბა სულ ებრძოდა უკულტურობას, უსამართლობას, უნიჭობას, ოღონდ ამ ბრძოლის შედეგით თვითონ არასოდეს უსარგებლია" - კვირის პალიტრა

"ბუბა სულ ებრძოდა უკულტურობას, უსამართლობას, უნიჭობას, ოღონდ ამ ბრძოლის შედეგით თვითონ არასოდეს უსარგებლია"

ბევრი რამის გახსენება შემიძლია მასზე სიყვარულით და გულისტკივილით. ჩვენს ძველ ინტერვიუებს გადავავლე თვალი. ერთგან მეუბნება, ყველას მიაჩნია, რომ ვირუსი მას არ მიეკარება, სხვას შეეხება მხოლოდ, მაგრამ ვირუსი დაუნდობელია, მეორე მხრივ კი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვირუსმა ხალხის ამორჩევა იცისო. თითქოს გამართლდა მისი ნათქვამი - თემურ წიკლაურის, ანზორ ერქომაიშვილის, კახი კავსაძის და ჩვენთვის საყვარელი სხვა ადამიანების შემდეგ კორონავირუსმა ბუბა ხოტივარიც ამოირჩია.

"ბუბა ყველასთვის ამოღებული ხმალი იყო"

კოტე ჯანდიერი, მწერალი: - ბუბა იმ საუკუნის ადამიანი იყო. ეგეთები ახლა ძალიან იშვიათად შეგვხვდებიან. იყო აბსოლუტურად ენთუზიასტი, თავის პროფესიაზე, თავის ქვეყანაზე შეყვარებული და ამით პირადი სარგებელი არასოდეს ჰქონია. სულ ებრძოდა უკულტურობას, უსამართლობას, უნიჭობას, ოღონდ ამ ბრძოლის შედეგით თვითონ არასოდეს უსარგებლია. უანგარო, ალალი, ბავშვივით გულუბრყვილო ადამიანი და უნიჭიერესი რეჟისორი იყო. არაჩვეულებრივი ფილმები დაგვიტოვა. აი, ამ სიწმინდისათვის, ხელოვნებისთვის, ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობისთვის იბრძოდა. ვერ იტანდა გათავხედებულ უზნეობას. უმაგისოდ ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისთვის ცხოვრების გაგრძელება. ბუბა ყველასთვის დიდი იმედი იყო, ყველასთვის ამოღებული ხმალი, ვისაც კარგი საქმის გაკეთება უნდოდა არა მარტო ქართული კინოსთვის, არამედ ქვეყნისთვის.

ბუბა დამამახსოვრდება თავისი არაჩვეულებრივი, მგრძნობიარე ხასიათით. თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერი იყო და თუ სადმე რამე მარცვალს ნახავდა ნიჭიერების, იმავე წუთში ხდებოდა მისი მხარდამჭერი. ყველაფერს გააკეთებდა, თან გადაჰყვებოდა სრულიად უცნობ ადამიანს. ეს ნიჭიერი ხალხის თვისებაა.

მახსოვს, მოსკოვში, ლევან თუთბერიძის ფილმის ჩაბარებაზე ვიყავით. მაშინ ფილმის ჩაბარება ცენზურულ ბარიერებთან, უთანხმოებებთან იყო დაკავშირებული, თუმცა განათლებული ხალხი იყო და პირდაპირ გვეუბნებოდნენ, ხომ იცით, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი რაღაც არ გავაო, მაგრამ ბუბა იყო უკომპრომისო. მახსოვს, მეტროში გვეჩხუბებოდა, ამის ამოღება არ შეიძლება ფილმიდანო... ისეთი ემოციური იყო, ხალხი გაჩერდა და გვიყურებდა სამ ქართველს, რაშია საქმეო.

არ უყვარდა გაუთავებელი ქართული ღრეობები. მოდი, გაუმარჯოს დედმამიშვილებსო, იტყოდნენ და გიჟდებოდა. კარგი, გვაცალე, ვქეიფობთ, მაინცდამაინც ვიღაცები უნდა განვიხილოთო, ვეტყოდით ხოლმე. აი, ხვალ აღარ იქნება ეს და მერე ნახავთ თქვენო, გვეტყოდა, თუმცა ძალიან სტუმართმოყვარე იყო, ერთად ყოფნაზე გიჟდებოდა, ოღონდ ეს გაუთავებელი სმა და ნადიმი ხელს უშლიდა საქმეზე, ხელოვნებასა და სამშობლოზე ფიქრში, სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვაში. რაც აღელვებდა, იმაზე უნდოდა ლაპარაკი.

ბოლოს ბუბას სამწუხარო ამბის გამო შევხვდი, მაშინ, როცა გარდაიცვალა მისი უსაყვარლესი ბიძაშვილი გიორგი ოთხმეზური - ჩვენი არაჩვეულებრივი ისტორიკოსი, მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟიშვილი. დამწუხრებულები შევხვდით და დავშორდით და მერე აღარ მინახავს, მხოლოდ რამდენჯერმე ტელეფონით ვისაუბრეთ. ძალიან დამაკლდება და მომენატრება.

"ბუბა დიდი დანაკარგია ჩვენი კულტურისთვის"

თემურ ბაბლუანი, რეჟისორი: - უაღრესად განათლებული, კულტურული და დახვეწილი პიროვნება იყო, ძალიან ნიჭიერი, ჭეშმარიტი პატრიოტი, ქართულ კინომატოგრაფიასა და კულტურაში ერთ-ერთი სასახელო და ცნობილი ადამიანი.

ჩვენი მეგობრობა 40 წელზე მეტს ითვლის. ერთად დავაარსეთ კინოსტუდია "ადამ და ევა". ძალიან სერიოზული პროექტები განვახორციელეთ... ბუბა დიდი დანაკარგია ჩვენი კულტურისთვის.

"დღეს აღარაა ჩემი მეგობარი"

ვალერიან სულაკაური, ჟურნალისტი, სცენარისტი: - მე და ბუბა ერთდროულად ვსწავლობდით. ჩემი საკურსო თემა იყო "დარიალის ჩანახატები", რომლითაც ბუბამ თავისი სადიპლომო ფილმი გადაიღო. ეს ის დრო იყო, როცა ლენინის რომელიღაცა წლისთავი დაემთხვა და ყველაფერი ლენინთან დაკავშირებით უნდა გადაგეღო, ჩვენ კი სხვა გზა ავირჩიეთ და ისეთი საინტერესო ფილმი გამოგვივიდა, საერთაშორისო ფესტივალებზე 12 პრიზი დაიმსახურა. ახლახან მე და ბუბამ ახალი ფილმი დავიწყეთ, "დარიალის დამცველნი". დავიწყეთ გადაღება და აჰა! ალალ-მართალი კაცი იყო, ნაღდი შემოქმედი... თავის ნამუშევარზე ხმამაღლა არასოდეს ლაპარაკობდა. მაშინ საზღვარგარეთ ფესტივალებზე კა-გე-ბეს თანამშრომლებსა და რუსებს უშვებდნენ, ჩვენს ავტორებს კი ახლოსაც არ აკარებდნენ. ერთ-ერთ ფესტივალზე "დარიალის ჩანახატებმა" დიდი პრემია მიიღო.

იმხელა თანხა იყო, 10 "ვოლგა" მოგვივიდოდა. ჩაგვიყვანეს მოსკოვში და კა-გე-ბეს გენერალმა გვითხრა, ხელი მოგვიწერეთო. რაზეო, ვკითხეთ. აი, ეს პრემია რომ მიიღეთო. პრემია რომ თვალით არ გვინახავსო?! - უთხრა ბუბამ. ჩუმად იყავით, თორემ იმ ცასა და ღრუბლებსაც ვეღარ ნახავთ, საიდანაც აქ ჩამოხვედითო. პრიზი, რომელიც ამ თანხას მოჰყვა, ცენტრალური ტელევიზიის კომიტეტის თავმჯდომარეს კაბინეტში ედგა და დაახლოებით 20 მეტრიდან დაგვანახეს, ეს არისო, ახლოს არ მიგვაკარეს, მაგრამ გული არ დაგვწყვეტია. მალევე ბუბამ "ლაზარეს" გადაღება გააგრძელა, მერე სხვებიც მიაყოლა.

ძალიან კარგი ვაჟკაცი იყო და გული მწყდება, რომ ასეთი მეტაფორული აზროვნების კინორეჟისორი გარდაიცვალა. დოკუმენტურ კინოში განსაკუთრებით ძნელია, მეტაფორებს ხორცი შეასხა და ეკრანზე გამოიტანო, მაგრამ ბუბა თავს არ ზოგავდა, ისე მუშაობდა. ნახევარი სიტყვა რომ გეთქვა, მთლიანად იგებდა. თემას რომ მოუყვებოდი, აინთებოდა. ამ "დარიალის დამცველებზე" მითხრა, შენით დავიწყე და შენით დავასრულებ ჩემს კინომოღვაწეობასო.

ერთი კვირის წინ მელაპარაკა. დღეს კი აღარაა ჩემი მეგობარი ბუბა...

"მას დიდი სიკეთე მოჰქონდა ქართული კინოსთვის"

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- ბატონი ბუბა, გარდა იმისა, რომ იყო შესანიშნავი რეჟისორი, ძალიან სერიოზული მოღვაწეც გახლდათ ქართული კინოსი. ის ხელმძღვანელობდა ქართულ კინოაკადემიას. მართალია, ეს პერიოდი უმძიმესია, ვინაიდან კორონავირუსმა ყველაფერი არივ-დარია, მაგრამ ბატონი ბუბა ცდილობდა, ჩვენი კინოაკადემია ნელ-ნელა გამხდარიყო მსოფლიო კინოაკადემიების შესატყვისი. შესანიშნავი ფილმები გადაიღო და უამრავი საერთაშორისო პრემიაც მიიღო მისმა როგორც დოკუმენტურმა, ისე მხატვრულმა ფილმებმა.

სრულიად ახალგაზრდა მუსიკითაც იყო გატაცებული. ნებისმეირი ოპერიდან გიმღერებდა არიას. დირიჟორობაზეც ოცნებობდა, მაგრამ მერე კინორეჟისურა აირჩია. უაღრესად ღვთისნიერი ადამიანი იყო და რამდენიმე ფილმიც გადაიღო რელიგიურ თემებზე: "იოანეს სახარება", "მარკოზის სახარება", რომლებშიც გამოიყენა ირაკლი ფარჯიანის შესანიშნავი ფერწერა. სხვათა შორის, ხშირად თვითონ კითხულობს სახარების ტექსტებს და შესანიშნავადაც. ის უნიჭიერესი ადამიანი იყო, რომელსაც დიდი სიკეთე მოჰქონდა ქართული კინოსთვის.