"საგზაო უსაფრთხოების კანონის შეცვლა აუცილებელია!" - კვირის პალიტრა

"საგზაო უსაფრთხოების კანონის შეცვლა აუცილებელია!"

საქართველოში 2005 წლიდან დღემდე 30 ათასზე მეტი მოპედი შემოიყვანეს, თუმცა, კანონმდებლობა ჯერ არც ერთ მათგანს არ შეხებია, ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც კი მოპედის მძღოლი ქვეითად მიიჩნევა, არ მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი, რის გამოც შსს მონიტორინგს ვერ ახერხებს და ვერც სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებს.

"დღეს სკუტერის მძღოლები არაერთი საგზაო შემთხვევის მაპროვოცირებელნი და უშუალო მონაწილენი არიან", - ამბობს ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი, "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.

- პარლამენტში კანონპროექტის ორი მოსმენა გაიმართა და მესამე მოსმენაზე წარადგინეს, ამასთან, შსს-მ განაცხადა, რომ ეს საკითხი დასაჩქარებელია! საგზაო უსაფრთხოების კანონის შეცვლა აუცილებელია. ფუნდამენტურია სკუტერების თემა. ამიერიდან ყველასთვის სავალდებულო იქნება მართვის მოწმობა, მიუხედავად იმისა, მათი სკუტერი დაბალკუბატურიანია თუ არა.

ადრე 50-კუბატურიანისთვის არაფერი იყო საჭირო, ახლა კი ასეთი სკუტერით მოსიარულეს კატეგორიის მართვის მოწმობა დასჭირდება. ასევე ყველას დასჭირდება სახელმწიფო ნომერი. ამ პროექტის შემუშავებაში მეც ვმონაწილეობდი. წლების წინ, სანამ მოპედებისა და სკუტერების თემა გააქტიურდებოდა, ვამბობდი, რომ თუ მართვის მოწმობას არ მოვითხოვდით, მათ სანომრე ნიშნები მაინც უნდა ჰქონოდა, რათა იდენტიფიკაცია შეგვძლებოდა. ცხადია, ისინი საგზაო მოძრაობის წესებსაც უნდა იცავდნენ, არადა, ზოგი საპირისპირო მიმართულებით დაქრის, ზოგიც შუქნიშანს არაფრად აგდებს... რაც დრო გადის, ამ ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება და საგზაო შემთხვევებიც მატულობს. რადგან 50-კუბატურიანზე ნაკლები მოცულობისას არც სანომრე ნიშანი სჭირდება და არც - მართვის მოწმობა, მძლავრკუბატურიანებიც სიტუაციით სარგებლობენ, რადგან საპატრულო პოლიცია მათ ექსპერტიზას ვერ ჩაუტარებს.

- ამ პრობლემის მოგვარება ადვილი არ იქნება. ქალაქში ამდენი მოპედია, მათი პატრონები კი მიჩვეული არიან უნომროდ და მართვის მოწმობის გარეშე სიარულს... - ვფიქრობ, ძალიან დაგაგვიანეთ. ეს თავიდანვე რომ გაკეთებულიყო, ახლა ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა. მესმის, რომ ბევრისთვის მოპედებით სიარული შემოსავლის წყაროა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. ძნელია ისეთი კანონის მიღება, რომელიც ერთ ადამიანს მაინც არ ავნებს ფინანსურად. ეს ინიციატივა არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელია. ვისაც უნდა, სკუტერი ჰყავდეს და ამით შემოსავალი ჰქონდეს, კეთილი ინებოს და, სულ მცირე, საგზაო მოძრაობის წესები მაინც ისწავლოს, მით უმეტეს, რომ კატეგორიის მისაღებად მხოლოდ თეორიული ნაწილია სასწავლი. არც წესებს იცავენ, სწრაფად უნდათ სიარული, რადგან ზოგი კურიერია და ეჩქარება, ზოგს სიჩქარე მოსწონს, შედეგად კი უამრავი ავარია ხდება.

პანდემიამდე კანონი პარლამენტმა განიხილა, მაგრამ მერე ეს საკითხი შეჩერდა, პანდემიის პერიოდში კი ქალაქში სკუტერების რაოდენობამ იმატა და ახლა ქაოსი გვაქვს.

- ტექდათვალიერებაც დასჭირდებათ? - ჯერჯერობით მოტოტრანსპორტის ტექდათვალიერება საჭირო არ არის და ეს ცალკე განსახილველი საკითხია. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, მათი ტექნიკური დათვალიერებაც აუცილებელი გახდება.

- მოპედით მოსიარულეებს საპატრულო ჯარიმები დაეკისრებათ? - დიახ. რადგან მართვის მოწმობები ექნებათ, ყველა დარღვევისთვის პასუხი ზუსტად ისევე მოეთხოვებათ, როგორც ავტომობილებით მოსიარულეებს. ყველა მძღოლი დაადასტურებს, რომ სკუტერების პატრონები ძალიან ცუდად დადიან, მაგრამ ამ ადამიანებისთვის არავის მოუთხოვია კარგად მართვა, არც არანაირი პასუხისმგებლობა დაუკისრებიათ. სწორედ ამიტომ, ვისაც როგორ უნდა, ისე დადის.

- როდის ელოდებით მესამე მოსმენას და კანონის ამოქმედებას? - რადგან ამ საკითხით შს მინისტრი დაინტერესდა, თანაც თვითონ არის კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ვფიქრობ, კანონი მალე ამოქმედდება.