გიორგი ელიავა - რეპრესირებული მიკრობიოლოგი, რომლის დამსახურებითაც საქართველო კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - კვირის პალიტრა

გიორგი ელიავა - რეპრესირებული მიკრობიოლოგი, რომლის დამსახურებითაც საქართველო კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია

1922 წელს მიკრობიოლოგ გიორგი ელიავას ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თავადვე იყო. 1927 წლიდან ის თსუ-ს ჰიგიენის, ხოლო 1929 წლიდან - მიკრობიოლოგიის კათედრებს განაგებდა. 1934 წელს მისი თაოსნობით შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგური გაიხსნა. 1936 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად ელიავა იყო. ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად სფეროს ბაქტერიოფაგების კვლევა და ფაგოთერაპია წარმოადგენდა.

გიორგი ელიავას სურვილი იყო, საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეექმნა. მან ეს ჩანაფიქრი თითქმის განახორციელა, თუმცა 1937 წელს მასიური რეპრესიები დაიწყო და მიკრობიოლოგი დაადანაშულეს იმაში, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ის, 1937 წლის 22 იანვარს ლავრენტი ბერიას პირადი განკარგულებით დაიჭირეს, რამდენიმე თვიანი წამების შემდეგ კი დახვრიტეს. დაჭერის შემდეგ განადგურდა მის შესახებ არსებული ყველა მასალა და ისტორიული მნიშვნელობის წერილი. მხოლოდ 90-იან წლებში რეპრესირებულთა არქივების გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი დეტალები ელიავას საქმეზე.

"ჩანაწერები არქივიდან“

"ელიავა, გიორგი გრიგოლის ძე (1892-1937), რეპრესირებული.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გადაწყვეტილებით, 1937 წლის 23 იანვარს გიორგი ელიავა და მისი მეუღლე დააპატიმრეს. მას ბრალი წაუყენეს ქვეყნის ღალატში, საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშური ქსელის შექმნასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1937 წლის 9 ივლისს გიორგი ელიავას სამხედრო კოლეგიამ ( სამეულმა) გამოუტანა განაჩენი - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 10 ივლისს.

1937 წლის 3-5 აპრილით დათარიღებული, 40 გვერდიანი დაკითხვის ოქმი მოსკოვში ინახება.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას, როგორც ნივთმტკიცებულება, ამოღებული იყო საფრანგეთის რუქები.

ელიავასთან ერთად დაკავებული იქნა მისი მეუღლე, ოპერის მომღერალი ამელია ვოლ- ლევიცკაია - ელიავა, რომელიც მეუღლის განაჩენის აღსრულებიდან რამდენიმე დღეში დახვრიტეს.

სრული ქონების კონფისკაციის შემდეგ, ერთადერთი ქალიშვილი განნა (ჰანნა) ელიავა დაექვემდებარა ჯერ დაკავებას, შემდეგ კი ხუთი წლით გადასახლებას ყაზახეთში“.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

გიორგი ელიავას შვილიშვილის, ნატალია დევდარიანის მოგონებებიდან ამონარიდი:

"1937 წლის 22 იანვარი. კარზე ზარის ხმა გაისმა. იმ საღამოს დედას ხელის სათხოვნელად ნიშნობაზე უნდა მოსულიყვნენ... ორი კაცი მთავარი შემოსასვლელიდან შემოვიდა, ორიც - ეზოდან. მშობლების დაპატიმრების შემდეგ ჰანნა მარტოდმარტო დარჩა, მაგრამ აპრილში ისიც დააპატიმრეს. სამივე ორთაჭალის ციხეში ჰყავდათ. ერთ ღამეს დედა და ქალიშვილი ერთ საკანში აღმოჩნდნენ. ამელიამ საპირფარეშოში გაზეთის ნაგლეჯი იპოვა, რომელშიც დასახვრეტთა სია იყო დაბეჭდილი. სიაში გვარი ელიავაც ეწერა. იმ დღეს ჰანნამ დედა უკანასკნელად ნახა.“

1937-1938 წლები ისტორიაში "დიდი ტერორის“ სახელწოდებით შევიდა. ამ პერიოდში მხოლოდ ორნახევარმილიონიან საქართველოში 29 051 ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოში ამ პროცესს პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. რეპრესირებულთა შორის არიან ცნობილი ქართველი მეცნიერები, მხატვრები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები: პაოლო იაშვილი, აკაკი შანიძე, გოგლა ლეონიძე, ალეკო იშხნელი, გერონტი ქიქოძე, შალვა დადიანი, სერგო კლდიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი და ა.შ.

ამ ადამიანებს დღეს საბჭოთა დროის პოლიტიკური ტერორის მსხვერპლად მოიხსენიებენ და მათი საფლავები დღემდე უცნობია.

გიორგი ელიავას შესახებ ისტორიული ცნობები მოგვაწოდა - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, კვლევისა და განვითარების ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიურ მეცნიერებაათა ნინო ჭანიშვილმა - (სურათი ნინო ჭანიშვილის და ეწერება ყველა ეს რეგალია)

1892 წლის 13 იანვარს საჩხერეში ელისაბედ წერეთლის მამულში ექიმ-თერაპევტ გიგო ელიავას ვაჟი გიორგი გიგოს ძე ელიავა დაიბადა. მამას იმედი ჰქონდა, რომ გიორგი მის გზას გააგრძელებდა, თუმცა 17 წლის ახალგაზრდამ 1909 წელს ოდესაში არსებულ ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ჩააბარა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

მეორე კურსზე სტუდენტურ-რევოლუციურ გამოსვლაში მონაწილეობისთვის, გიორგი ელიავა გარიცხეს და მეფის რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებელებში ჩაბარება აეკრძალა. გიორგიმ სწავლა დეიდების დახმარებით თავისუფალი მსმენლის სტატუსით შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძო. 1912 წელს დანიელი მიკრობიოლოგის ჰანს კრისტიან იოხიმ გრამის ლექციას დაესწრო და გადაწყვიტა, ცხოვრება მიკრობიოლოგიური კვლევებისთვის დაეკავშირებინა. მესამე კურსის დახურვის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, გიორგი ჟენევაში ვეღარ დაბრუნდა და დეიდებმა ამჯერად მოსკოვში, ლომონოსოვის უნივერსიტეტში გაგზავნეს, სადაც უკვე ბაქტერიოლოგიის სპეციალობას ეუფლებოდა. დამთავრებისთანავე გიორგი ელიავა 1916 წელს ჯერ ბათუმში მდებარე ტრაბზონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის, შემდეგ კი, თბილისის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ დანიშნეს.

1880-1890 წლები მიკრობიოლოგიაში დიდი აღმოჩენების პერიოდი იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო კვლევები მუცლის ტიფის, ქოლერისა და ტუბერკულოზის გავრცელების შესაჩერებლად.

ფრანგმა მიკრობიოლოგმა და ქიმიკოსმა ლუი პასტერმა, თანამოაზრეებთან ერთად, 1888 წელს პარიზში გახსნა პასტერის ინსტიტუტი, სადაც მიმდინარეობდა მუშაობა ციმბირის წყლულის, ქათმის ქოლერის, დიფტერიისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციების მეთოდოლოგიის შექმნაზე. პასტერის ინსტიტუტში იმ პერიოდში მოღვაწეობენ მეცნიერები: ემილ დიუკლო - კვლევები ზოგად მიკრობიოლოგიაში; შარლ შამბერლანი - კვლევები მიკრობიოლოგიასა და ჰიგიენაში; ილია მეჩნიკოვი - მიკროორგანიზმების მორფოლოგიური კვლევები; პიერ პოლ ემილ რუ - მიკროორგანიზმების კვლევების სასწავლო კურსი დამწყები მეცნიერთათვის.

1918-1921 წლებში ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვაქცინებისა და შრატების მიმართულებით ცოდნის ასამაღლებლად პარიზში პასტერის ინსტიტუტში გაგზავნა. აქ მან ფრანგი კოლეგებისგან შეიტყო მეცნიერ ფელიქს დერელის შესახებ, რომელიც მიიჩნევდა, რომ არსებობდა ბაქტერიოფაგის ფენომენი, თუმცა მას ვერ ამტკიცებდა. გიორგი ელიავამ მისი თეორია ცდებით გაამყარა და ყველა დაარწმუნა, რომ ფელიქს დერელი მართალი იყო.

გიორგი ელიავას შვილიშვილის, ნატალია დევდარიანის მოგონებებიდან:

გიორგიმ ბაქტერიოფაგის ფენომენი ტრაბზონის ლაბორატორიაში აღმოაჩინა. ფლორა დათესა და მიკროსკოპში აკვირდებოდა. მოულოდნელად ლაბორატორიის დატოვება მოუხდა, დაბრუნებულს კი მიკროსკოპის შუშა სტერილურად სუფთა დახვდა.

როდესაც გიორგი ელიავა ჩავიდა პასტერის ინსტიტუტში და ცდა გაიმეორა და ორ დღეში იგივე სურათი მიიღო,ინსტიტუტის დირექტორმა, პიერ პოლ ემილ რუმ ფელიქს დერელს წერილი გაუგზავნა, რომლითაც შეატყობინა, რომ ქართველმა მეცნიერმა მისი თეორია დაამტკიცა. ფელიქს დერელი პასტერის ინსტიტუტში ჩავიდა, გიორგი გაიცნო და დაიწყო მათი თანამშრომლობისა და მეგობრობის პერიოდი.

პიერ პოლ ემილ რუ და ფელიქს დერელი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერის მიმართ, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შვილივით უყვარდათ.

გიორგი ყველას ხიბლავდა თავისი მხიარული, ენერგიული, მეგობრული ხასიათით. ის სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე ენას და შესანიშნავად უკრავდა როიალზე.

ნინო ჭანიშვილის მონათხრობიდან:

1921 წელს, პარიზში სწავლის დროს, გიორგი ელიავამ საქართველოში არსებული არეულობების შესახებ შეიტყო.

პასტერის ინტიტუტმა შესთავაზა კათედრაზე დარჩენილიყო და სამეცნიერო კვლევები გაეგრძელებინა. მაგრამ ახალგაზრდა, 29 წლის მიკრობიოლოგი სიტყვებით "მე ვჭირდები ჩემს ქვეყანას“ ბათუმში გემით დაბრუნდა.

პასტერის ინსტიტუტის დირექტორის, პიერ პოლ ემილ რუს გადაწყვეტილებით, გიორგი ელიავას ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიისთვის 100 000 ფრანგული ფრანკის ღირებულების რეაქტივები, მასალები და აუცილებელი აპარატურა გამოატანეს. 40 დიდი ყუთით და დიდი მიზნებით ელიავა ბათუმის პორტში ჩამოვიდა.

იგივე გემით, პატარა შვილთან ერთად საქართველოს დატოვებას გეგმავდა პოლონელი მომღერალი ამელია ვოლ-ლევიცკაია. გიორგი ელიავამ თავისი სათაყვანებელი ქალის გადაწყვეტილების შესახებ პორტში შეიტყო, ცოლობა სთხოვა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, თბილისში უკვე დაქორწინებული დაბრუნდა.

გიორგი ელიავამ 1922 წელს დააარსა ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. ინსტიტუტი ვაქცინების, შრატების, ბაქტერიოფაგებისა და ფაგოთერაპიის მიმართულებით მუშაობდა. ახალგაზრდა მეცნიერს და ბაქტერიოფაგიის ფენომენის ერთ-ერთ აღმომჩენ, კანადელ მეცნიერ ფელიქს დერელს გადაწყვეტილი ჰქონდა ინსტიტუტის ბაზაზე მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი შეექმნა. ეს იდეა დერელსა და ელიავას პარიზში პასტერის ინსტიტუტში მუშაობის დროს გაუჩნდათ. თბილისში დაბრუნების შემდეგ, დიდი მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნით ელიავამ ლავრენტი ბერიას მიმართა, რომელმაც ეს იდეა დაიწუნა. გიორგიმ ახლობლის დახმარებით წერილი სტალინს გადასცა, რის შემდეგაც მოსკოვიდან ჩამოვიდა დეპეშა - "გაეწიოს ყველანაირი დახმარება". ამ ფაქტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია გააღიზიანა. მისი ნების წინააღმდეგ, გიორგის სამეცნიერი კვლევითი ცენტრის შესაქმნელად თბილისის გარეუბანში (ამჟამინდელი გოთუას ქუჩა) 17 ჰექტარი მიწა გამოუყვეს. ფართობზე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად თანამშრომლებისთვის საცხოვრებლებიც უნდა აეშენებინათ. ბერიას გაღიზიანებას ისიც იწვევდა, რომ რეპრესიების პირველი ტალღის დაწყების დროს ელიავა სახალხო კომისარიატში ხშირად მიდიოდა და სხვადასხვა დაკავებულის გამო ნაცნობებს საყვედურობდა - "ეს რისთვის დაიჭირეთ, ხომ იცით, სამშობლოს მტერი არ არის“-ო. ელიავა განსაკუთრებულად ზრუნავდა რეპრესირებულთა ოჯახის წევრებზე. მათ ინსტიტუტში ასაქმებდა, რომ ქონების კონფისკაციის შემდეგ შემოსავლის გარეშე არ დარჩენილიყვნენ.

ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ხანდაზმული თანამშრომლები იხსენებდნენ, რომ ლაბორატორიაში ყველაზე დაბალ პოზიციებზეც კი დიდგვაროვნები მუშაობდნენ.

ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც ინსტიტუტის ტერიტორიაზე აშენდა, დერელის სახელობის სადგური იყო. ინსტიტუტის პროექტი ძალიან მასშტაბური იყოს სხვადასხვა ნაგებობებით, ლაბორაოტორიული ფართობებით, საჯინიბოებით.

1933-1935 წლებში დერელი რამოდენიმეჯერ ესტუმრა საქართველოს, ჯამში დაახლოებით 18 თვე გაატარა თბილისის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში. დერელის წინადადებითა და უშუალო მითითებებით, ბაქტერიოფაგის გამოყენება ინფექციური დაავადების სამკურნალოდ დაიწყეს. მეცნიერს განზრახული ჰქონდა, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულიყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება 1937 წლის ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების გამო შეცვალა, საფრანგეთში დაბრუნდა და სტალინის პირადი წერილობითი თხოვნის მიუხედავად, საქართველოში არასდროს დაბრუნებულა.

გიორგი ელიავა ოჯახთან ერთად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სხვა საერთაშორისო თუ ეროვნული ინსტიტუტები ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ზრდის გამო ბაქტერიოფაგებს ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ და ხელს უწყობენ კვლევებს ფაგების გამოყენების ეფექტურობის შესასწავლად.

რა უცნაურიც უნდა იყოს, 100 წლის წინ აღმოჩენილი ბაქტერიოფაგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ფაგოთერაპიას კი მომავლის მედიცინას უწოდებენ.

გიორგი ელიავას წყალობით საქართველო თავისი გამოცდილებით მსოფლიოსთვის ისევ საინტერესო და აქტუალურია.