"სერგო უყურებდა გაოგნებული, ვერ მიხვდა, რა მოხდა, რეზო ჩხეიძიდან დაწყებული, სულ ყველა გაოგნებულები ვიყავით" - კვირის პალიტრა

"სერგო უყურებდა გაოგნებული, ვერ მიხვდა, რა მოხდა, რეზო ჩხეიძიდან დაწყებული, სულ ყველა გაოგნებულები ვიყავით"

"ჯარისკაცის მამა" მოსკოვს უნდა ენახა და დაემტკიცებინა. ჩვენებაზე გენერლები იყვნენ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრიც გახლდათ და რომ ნახეს, ვენახთან მოსულ ოფიცერს ხელს ურტყამს, გენერალს უთქვამს, ეს როგორ შეიძლება, ტანკის ოფიცერს დაარტყა ხელიო, ეს კადრი არ უნდა იყოსო! თავდაცვის მინისტრს უპასუხია, ჯარისკაცის მამა იყო და უფლება ჰქონდაო. ასე გადარჩა ფილმი, თორემ არ გაუშვებდნენ"

89 წლის ალექსანდრე (კუკური) გვასალიას მამაპაპისეულ მიწაზე, ნოქალაქევში სრულიად დაუგეგმავად, შემთხვევით შევხდი. მისი ძმის, ბიჭიკო გვასალიას სანახავად ვსტუმრობდი ოჯახს და ისე მოხდა, რომ ქართული ფილმების ცნობილმა კინოოპერატორმა მიმასპინძლა. რადგან მასთან შეხვედრის შანსი მომეცა,  "ხელცარიელი" რომ წამოვსულიყავი, თავს არასდროს ვაპატიებდი და რამდენიმე შეკითხვის დასმის მერე მივხდი, რომ ჩემს თვალწინ უნიკალურ კინოკადრებს, პერსონებს, ისტორიებს მისი მემატიანე გამიცოცხლებდა.

ალექსანდრე (კუკური) გვასალიამ დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი. სწავლობდა ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

მისი პირველი შეხვედრა დიდ კინემატოგრაფთან 1957 წელს შედგა მშობლიურ სოფელ ნოქალაქევში, სადაც რეჟისორი დავით რონდელი "მამლუქს" იღებდა. ახალგაზრდას რეჟისორის თანაშემწის ადგილი შესთავაზეს და მესამე კურსის სტუდენტმა საბოლოოდ გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა. დაიწყო მუშაობა კინოსტუდიაში, თავდაპირველად - პავილიონის მუშად, შემდეგ საოპერატორო საამქროში-ოპერატორად.

- გზა ქართული ფილმების ოპერატორობამდე... - პირველად დავით რონდელის ფილმის - "მამლუქის" გადაღებაში მივიღე მონაწილება, ერთ ეპიზოდს ნოქალაქევში იღებდნენ და რეჟისორის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. ნოქალაქევიდან გადამღებ ჯგუფს ქალაქ ფოთში გავყევი, ამის შემდეგ ძალიან დავინტერესდი ოპერატორობით, თბილისში 1959 წელს ჩავედი. თავიდან "ქართულ ფილმში" მუშად მიმიღეს, ისე არ გღებულობდნენ და მერე საოპერატორო ტექნიკაში გადავედი, მოგვიანებით - ოპერატორის ასისტენტი გავხდი და ასე, თანდათან მივაღწიე ქართული ფილმების ოპერატორობას. 53 წელი ვიმუშავე "ქართულ ფილმში". 1961 წლიდან ოპერატორის ასისტენტი, ხოლო 1969 წლიდან - ოპერატორი გახლდით. 1970-იანი წლებიდან, როგორც დამდგმელი ოპერატორი, ისე გადავიღე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი.

- ბატონო კუკურ, რას გვეტყვით თანამედროვე ქართულ ფილმებზე? - ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი არიან. ახლა, პრაქტიკულად, "ქართული ფილმი" არ მუშაობს, რასაც იღებენ, იღებენ თავიანთი სახსრებით, "ქართული ფილმი", როგორც ასეთი, ფაქტობრივად, ჩაიძირა.

- რთულია, საკუთარი გადაღებული ფილმებიდან რომელიმე გამოარჩიოთ, მაგრამ მაინც... - მართალს ბრძანებთ, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ "მიზანს", რომელიც სერიული ფილმია (3 სერია)  და გადავიღეთ ფოთში, ჭაობში. პირველი ქართული ვესტერნი იყო, რეჟისორი გახლდათ გენო ხოჯავა. ამ ფილმის პარალელურად გადიოდა  "დათა თუთაშხია", ხალხი ამას უფრო მეტად უყურებდა, კარგად მიიღეს ეს ფილმი, მაგრამ არ უშვებდენ ამ ფილმს,  ძალიან ცუდად მოიქცნენ, გასაგებია, ვინც გააკეთა, მაგრამ არ ღირს ლაპარაკი. ახლახან რამდენჯერმე აჩვენეს.

- არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის გადაღებაში მიიღეთ მონაწილეობა, მსახიობებთან ურთიერთობის რა დეტალებს გაიხსენებთ?

-"ჯარისკაცის მამის" გადაღებაზე მთელი ორი წელი ვმუშაობდით. გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს: კალინინგრადში ვიყავით, იქ დანგრეული ინსტიტუტი იყო, სადაც ვიღებდით ფინალს. შესვენებაზე კიბეებზე იყვნენ ჩამომსხდარნი გერმანელის ფორმაში ვითომ გერმანელები, სერგო ზაქარიაძე იყო მათ ქვემოთ, ავტომატით ხელში. უცებ ვიღაც კაცმა წაართვა ავტომატი სერგოს და ვითომ გერმანელებს დაუპირა სროლა, დაიწყო ყვირილი "ზა სტალინუ, ზა როდინუ!" უცბათ ჩაავლეს ხელი, დაიჭირეს და წაართვეს ეს იარაღი და მერე აღმოჩნდა, რომ ნასვამი იყო, თურმე, გერმანელებს ცოლ-შვილი დაუხვრეტიათ მის თვალწინ და რომ დაინახა "გერმანელები", რადგან  ნასვამი იყო, ვერ მოიაზრა, რას აკეთებდა. ტიროდა ძალიან, სერგო უყურებდა გაოგნებული, ვერ მიხვდა, რა მოხდა, რეზო ჩხეიძიდან დაწყებული, სულ ყველა გაოგნებულები ვიყავით.

აბსოლუტურად ყველა კადრის გადაღებას ვესწრებოდი, მასალას ჩვენ ვაგზავნიდით მოსკოვში. ასევე, საინტერესო ფაქტი მოხდა რიგაში. თვითმფრინავს უნდა დაებომბა გოდერძი მახარაშვილის ტანკი. იპოვეს საბჭოთა კავშირის გმირი, რომელსაც ჰყავდა თავისი "იაკი" და სთხოვეს მას, უთხრეს "ჯარისკაცის მამის" ფილმს ვიღებთო და დაითანხმეს.

ხეივანი იყო და იქ უნდა გადაგვეღო ეს ეპიზოდი. მურაშოვი იყო პიროტექნიკი მოსკოვიდან, ისეთი კაცი იყო დალევა უყვარდა და იმას უნდა გაეკეთებინა ისე, რომ თვითმფრინავი როცა გადაუფრენდა ახლოს ტანკს, გადაფრენის შემდეგ უნდა აფეთქებულიყო, როგორც ბომბი. გადაღება დავიწყეთ და დაუკავშირდნენ მფრინავს, ვიღებთო, წამოვიდა და 25 მეტრ სიმაღლეზე დააჯდა, ვითომ ჩამოყარა ბომბები და სანამ გადაუფრენდა, მანამ აფეთქდა, შეირხა თვითმფრინავი, წავიდა შორს. ვერ გადავიღეთ და რადიოკავშირით ეუბნებიან, ის არ პასუხობს, სადაც ვიღებდით, აეროდრომი ახლოს იყო, დაახლოებით, 30-40 მეტრის სიშორეზე. წამოვიდა და დაჯდა. მფრინავი გვიყვირის რუსულად, - თქვენი დედაო, მივხდით, რომ ეძებდა პიროტექნიკს, რომ გავიხედეთ ისინი მინდვრის ბოლოს ტყისკენ გარბოდნენ.  ასე მოხდა, რა კადრიც უნდა გადაგვეღო, ვერ გადავიღეთ.

- რეზო ჩხეიძესთან, სერგო ზაქარიაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ, გაგვიზარეთ მოგონებები...

- ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთის მიმართ, რეზო ჩხეიძესთან ერთად ვიმუშავე 6 ფილმზე, რეზო იყო ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი.

როცა ზაქარიაძემ მიიღო საბჭოთა კავშირის ლენინური პრემია "ჯარისკაცის მამის" მთავარი როლისთვის, ყველა დაგვპატიჟა, მთელი ჯგუფი, რუსთაველის თეატრში იყო პურმარილი გაშლილი, მთელი თეატრი, მთავრობის წარმომადგენლები, ყველა იქ იყვნენ. სერგომ კარგი ანეგდოტები იცოდა, გვამხიარულებდა, მაგრამ ფილმების გადაღების დროს, შესვენებაზე, დროის უმეტეს ნაწილს როლს უთმობდა, მუშაობდა საკუთარ თავზე, სულ მოძრაობდა, ეპიზოდებს იმეორებდა. მარტო იყო საათობით, ფიქრობდა, როგორ ეთამაშა. წარმოუდგენლად მაგარი პიროვნება იყო. სანამ გადაიღებდნენ "ჯარისკაცის მამას", "ზღვის ბილიკს" იღებდნენ და მანდ მთავარ როლში თამაშობდა, ეპიზოდი იყო ასეთი: ბიჭები ცურავდნენ და ერთ-ერთი იხრჩობოდა, რომელიც სერგოს უნდა გადაერჩინა. გადაღებები  თებერვალში მიმდინარეობდა, ვერ ბანაობდნენ ბიჭები, უჭირდათ, მთვარი გმირი იყო მერაბ თავაძე.  სერგოს არასდროს უთქვამს, რომ ცუდად ვარ და ვერ შევძლებ წყალში შესვლასო.

- როცა "ჯარისკაცის მამის" გადაღება დასრულდა და საბოლოო სახე მიიღო, რა განცდა დაგეუფლათ გადამღებ ჯგუფს?

-  "ჯარისკაცის მამა" მოსკოვს უნდა ენახა და დაემტკიცებინა. ჩვენებაზე გენერლები იყვნენ, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრიც გახლდათ და რომ ნახეს, ვენახთან მოსულ ოფიცერს ხელს ურტყამს, გენერალს უთქვამს, ეს როგორ შეიძლება, ტანკის ოფიცერს დაარტყა ხელიო, ეს კადრი არ უნდა იყოსო! თავდაცვის მინისტრს უპასუხია, ჯარისკაცის მამა იყო და უფლება ჰქონდაო. ასე გადარჩა ფილმი, თორემ არ გაუშვებდნენ. ბატონი სერგო უთქმელი კაცი იყო, ვერ გამოხატავდა აღფრთოვანებას თავის წარმატებებზე, რა თქმა უნდა, უხაროდა, მაგრამ ვერ გამოხატავდა.

ფილმში რუსი მსახიობებიც კარგად თამაშობდნენ. ეპიზოდი რომ არის, მიწურში გადაღებული, ყველას რომ სძინავს და  გოგონა ცეკვავს, მისი გადაღების შემდეგ ზაქარიაძემ იმ გოგოს აკოცა როლის კარგად თამაშისთვის.

- რას გაიხსენებთ სხვა მსახიობებთან ურთიერთობაზე? - კახი კავსაძესთან ვმეგობრობდი. ლომერ ახვლედიანი წასული იყო საზღვარგარეთ და სინჯები მე გავაკეთე "დონ კიხოტის". "ნატვრის ხეშიც" ერთად ვმუშაობდით, მაგარი მსახიობი იყო.

ერთხელ მე და რეჟისორი გენო ხოჯავა მოვდიოდით მანქანით რუსთაველზე, გავჩერდით თეატრთან, კახი კავსაძე იდგა და ინსპექტორმა უთხრა, აქ გაჩერება არ შეიძლებაო, კახიმ სთხოვა, შენი ჭირიმე, 10 წუთი დამითმეო... მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და, - კაცო, გეტყვით რა დამემართაო, ვიყიდე მუქი, რუხი ფერის დრაფის პალტოს ნაჭერი და შევაკერინე ორბორტიანი დრაფის პალტო, ვნატრობდი, როდის იქნება თოვლი, რომ ჩავიცვა და შემოვიდე რუსთაველის თეატრში, ვაჩვენო ხალხს, რა პალტო მაცვიაო. ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა თოვლი, ჩავიცვი პალტო, ალექსანდრეს ბაღით უნდა გამოვსულიყავი, რომ მივსულიყავი თეატრშიო. ამ დროს ბაღში ბიჭები და გოგონები თოვლით თამაშობდნენ, ყურადღება არ მივაქციე ისე ჩავუარეო და უცებ ზურგზე მომხვდა თოვლის მაგარი გუნდაო, ვიფიქრე, ვსიო, ჩემი პალტო არის დასვრილი, გაუბედურებული, შემოვტრიალდი და გავუწყერი ამ გოგო-ბიჭებსო. - რა არის, ბატონო კახი, თოფი ხომ არ გესროლეთ, თოვლის გუნდა გესროლეთო... შევედი თეატრში, გავიხადე პალტო და რას ვხედავ, პალტოს არაფერი სჭირს, აბსოლუტურად სუფთა არისო...ამ ისტორიას ისე მოჰყვა, ვკვდებოდით სიცილით... რეზო ჩხეიძესთან ერთად რომ ვიღებდით ფილმებს, რეზოს ხშირად ურეკავდნენ, ზოგი ვერ ასრულებდა გეგმას და როცა გაბრაზებული იყო, ცხვირსახოცს პირთან მიიდებდა, კახიც აიღებდა ცხვირსახოცს მიიდებდა, რომ ნახავდა, რეზო გაიცინებდა კახიზე... წარმოუდგენლად კარგი პიროვნებები იყვნენ კახიც და რეზოც...

გავიხსენებ სესილიასაც, ერთობლივი ფოტოც გვაქვს გადაღებული. ისე კი, მსახიობებთან გადაღებული ფოტოები თბილისში მაქვს, ველოდები აქეთ როდის ჩამომიტანენ ჩემი ძმისშვილები. სესილიასთან გადაღებული ფოტო აქ მქონდა, ნოქალაქევში და ვერ ვიხსენებ, სად მაქვს შენახული. სულ თვალწინ მიდგას, როგორ ითამაშა მარიტას დატირება, ტალახში ეგდო ამ ხნის ქალი. გოგი გეგეჭკორიც ძალიან კარგად იყო ჩემთან... ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, სასწაული მსახიობები მონაწილეობდნენ "ნატვრის ხეში". თენგიზ აბულაძე იყო შესანიშნავი რეჟისორი და ძალიან თბილი კაცი.

- "ცისფერი მთების" გადაღების დროს ქალბატონი სესილია შეუძლოდ გამხდარა... - სესილიას ჰქონდა შაქარი, თვითონ იკეთებდა ინსულინს, შაქარმა აუწია, დროზე ვერ გაიკეთა ნემსი და ამიტომ გახდა შეუძლოდ...

- ბატონო კუკურ, აქ, ნოქალაქევში, თქვენი სახლის გვერდზე ხის ოდა რომ იდგა, ამბობდნენ, რომ ვერიკო ანჯაფარიძეს ეკუთვნოდა, რა იცით ამ სახლის შესახებ? - სოფიკო იყო აქ წლების წინ, გადაიღო ის სახლი, მაგრამ არ ვიცი, გაასაჯაროვა თუ არა კადრები, დიახ, ვერიკოს სახლი იყო და დაინგრა, თვითონ ვერიკო - არა, მაგრამ სოფიკო იყო ჩამოსული და რომ დამინახა, გადაირია, აქ რა გინდაო? მე ვუთხარი: მე აქ ვცხოვრობ, შენ რა გინდა აქ-მეთქი? ძალიან გახარებული იყო სოფიკო, რომ გადაიღო ამ სახლის კადრები. მე მას ადრე ვუთხარი სახლის შესახებ, როგორც ჩანს, გამორჩა, აქ რომ ჩამოვიდა, მითხრა, რატომ არ მითხარიო და მე გავახსენე, რომ მქონდა ნათქვამი.

- ვერიკოს ეს სახლი კიწიიდან ჩამოიტანა ნაპო ზაქარაიამ ნოქალაქევში. იგეგმებოდა, ეთნოგრაფიული მუზეუმი გაეკეთებინათ. ნაპოს ჰქონდა იდეები, მაგრამ გარდაიცვალა, ის რომ ყოფილიყო ცოცხალი, გააკეთებდა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სახლი 2017 წლის 15 ივნისს გრიგალმა დაანგრია.

(სპეციალურად საიტისთვის)