რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას გათავისუფლებას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ელოდებიან - კვირის პალიტრა

რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას გათავისუფლებას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ელოდებიან

რუსთავის ციხესთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება ნიკა მელიას მხარდამჭერები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები არიან შეკრებილები.

ისინი ელოდებიან იმას, თუ როდის დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას ნიკა მელია.

როგორც ცნობილია მისი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს იყო საზოგადოების, პარტნიორებისა და მოქალაქეების ბრძოლის შედეგი.

"ნიკა მელიას გამოსვლა იქნება ახალი ბიძგი და ენერგია ამ ბრძოლისთვის", - აცხადებს მინაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.