"ლევანმა გაცნობიდან ერთ კვირაში იუმორით მითხრა, - მოდი, ჰარმონიული ოჯახი შევქმნათო. გამეცინა და დავთანხმდი. ორი კვირის შემდეგ დავქორწინდით" - კვირის პალიტრა

"ლევანმა გაცნობიდან ერთ კვირაში იუმორით მითხრა, - მოდი, ჰარმონიული ოჯახი შევქმნათო. გამეცინა და დავთანხმდი. ორი კვირის შემდეგ დავქორწინდით"

14 წლის გოგონა იყო, როცა რეჟისორმა და მსახიობმა მამამ ლერმონტოვის "მასკარადის" გადაღებაზე წაიყვანა. ეს იყო სატელევიზიო სპექტაკლი, ეპიზოდებს თანამიმდევრობით იღებდნენ და ყოველი სცენის წინ რეპეტიციები მიდიოდა. მისთვის საინტერესო აღმოჩნდა მსახიობებთან მუშაობის პროცესი და გადასაღებ მოედანზე თავი შესანიშნავად იგრძნო. მასობრივ სცენებში მონაწილეობდა კიდეც, გრძელი კაბაც ჩააცვეს... მანანა კოზაკოვა იმ გადაღების დროს მიხვდა, რომ მსახიობის პროფესია ძალიან შეუყვარდა.

ჟურნალისტი თუ მსახიობი

- სკოლის წლებში წერა ძალიან მიყვარდა. როცა რაღაც მნიშვნელოვანს წავიკითხავდი ან რაიმე ისტორია ზეგავლენას ახდენდა, მაშინ ვწერდი - მომწონდა აზრების დაფიქსირება. იმდენად ხშირად ვწერდი და ისეთი გატაცებული ვიყავი, რომ ვიფიქრე კიდეც, არჩევანი ჟურნალისტის პროფესიაზე შემეჩერებინა. როცა ცნობილი მსახიობის შვილი ხარ, ყველას ჰგონია, რომ შენც მსახიობობა გინდა და ამიტომ პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ჩემმა ახლობელმა, რეჟისორმა გოგი მარგველაშვილმა და ბებიაჩემმა მითხრეს: დაფიქრდი, შენ ჟურნალისტობა არ გინდა და თავს ნუ იტყუებო. ერთ დღესაც მივხვდი, ისინი სიმართლეს ამბობდნენ და სინამდვილეში, მართლაც მსახიობობა მინდოდა.

ბებიას მოსახელე

- ნაწილობრივ ბებიას გაზრდილი და აღზრდილი ვარ. სახელი მის პატივსაცემად დამარქვეს. ბებია მეან-გინეკოლოგი იყო, მაგრამ ხელოვნება ძალიან უყვარდა. მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. დღე არ გავა, რომ რაღაც მომენტში არ გავიხსენო. თეატრსა და საერთოდ ხელოვნებას მან მაზიარა. სკოლის არდადეგებზე დაგეგმავდა, ვთქვათ, რუსთაველის თეატრის რომელ სპექტაკლებზე უნდა წავსულიყავით და წინასწარ ბილეთებს აიღებდა. მერე სხვა თეატრში მივდიოდით და ასე გრძელდებოდა. მისი დამსახურებაა, რომ ეს პროფესია ავირჩიე. ბებია მუშაობდა, თან საოჯახო საქმეებსაც უძღვებოდა. ერთხელ ცხრა ქალი ამშობიარა და სახლში რომ დაბრუნდა, ფეხზე ძლივს იდგა. დაღლილობის მიუხედავად, რადგან შემპირდა, სპექტაკლზე მაინც წავედით... ბებია კარგად კერავდა. მახსოვს, კარნავალისთვის ბოშური კაბა შემიკერა და დიდ ღელვაში ვიყავით, საღამო როგორ ჩაივლიდა. კერვის ნიჭი არ გამომყვა, ჩემდა სამარცხვინოდ, ღილსაც ვერ ვაკერებ, მაგრამ ქსოვა კარგად ვიცი.

რთული დროის მიუხედავად

- 90-იანი წლების სტუდენტი ვარ, რთული და საშიში დრო იყო - ვერსად წახვიდოდი, კაფეები არ არსებობდა, არც სხვა რამ გასართობი. ჯგუფში ყველა ვმეგობრობდით, სულ ერთად ვიყავით, ღამეებსაც ვათენებდით და გაუთავებლად ვსაუბრობდით. ლექციების შემდეგ აუდიტორიაში ვიკრიბებოდით, მერე ძირითადად მაია ლომიძესთან ან დათო დარჩიასთან სახლში მივდიოდით. ახალგაზრდობა თავისთავად არის გართობა და ხალისი. ჩემი მოსკოველი და-ძმის დედა მიყვებოდა, თუ რა კარგ დროს ატარებდნენ ლენინგრადის ბლოკადის დროს. ბავშვები რომ არ გაყინულიყვნენ, მუდმივად თამაშობდნენ, თან დედაც რაღაც ახალ თამაშებს იგონებდა და ასე ერთობოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვირთხებსაც ჭამდნენ და სხვა საშინელებებიც ხდებოდა, იმ დროს მაინც კარგად იხსენებდა. ეს არის ბავშვობისა და ახალგაზრდობის დამახასიათებელი ნიშანი. ჩემი სტუდენტობის დროსაც ირგვლივ არაფერი იყო, მაგრამ თვითონ ახალგაზრდობა არსებობდა. ხალისიანები ვიყავით, ჩვენი პროფესია გვიყვარდა, სპექტაკლებზე დავდიოდით - ხან კიბეზე ვისხედით, ხან დარბაზში. მსახიობებისა თუ რეჟისორების ნამუშევარზე ვმსჯელობდით, ვაფასებდით - რა მოგვეწონა, რა - არა. ვსწავლობდით, პროფესიულად ვიზრდებოდით და დროც სიცილ-კისკისში გადიოდა.

"იმ გემოს გახსენებაც არ მინდა"

- მე და ლევანმა ერთმანეთი გავიცანით და ერთ კვირაში იუმორით მითხრა, - მოდი, ჰარმონიული ოჯახი შევქმნათო. გამეცინა და დავთანხმდი. ორი კვირის შემდეგ დავქორწინდით. ლევანს ცოლად რომ გავყევი, ძალიან რთული წლები იდგა. მაშინ პროდუქტები საერთოდ არ იშოვებოდა. კვერცხის ფხვნილისა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოსული ერბოს საშინელი გემოს გახსენებაც არ მინდა. იმ ჰუმანიტარულ დახმარებას ჰქონდა წარწერა - "არ იყიდება", თუმცა ზოგი მაინც ყიდდა. ვინაიდან არაფერი იყო, ლევანი ასეთ რამეს თხზავდა: წყალში აურევდა ფქვილს, მარილს დაამატებდა და მასას მოხარშავდა. ამას ე.წ. ერბოსთან ერთად მივირთმევდით. აი, ამგვარ კერძს მოიგონებდა და ვთვლიდით, რომ კარგად ვიყავით.

ექსტრავაგანტური საქციელი

- ლევანი ადამიანებს სახეზე ვერ იმახსოვრებს. კაცი, რომელსაც იცნობს, შეიძლება ათჯერ გაახსენო. ახსოვს, ვთქვათ, 30 წლის წინ წაკითხული წიგნი, მაგრამ ცნობადობის მხრივ ცუდი მეხსიერება აქვს. ამიტომ გარკვეული ნიშანი შემოვიღეთ - მას მაჯაზე ხელს ვკიდებ, რაც ნიშნავს, რომ იმ ვიღაცას იცნობს და უნდა მოემზადოს შესახვედრად. ერთხელაც, კოჯორში ვართ. სტუმრად მოვიდა დედაჩემის მეგობარი, არაჩვეულებრივი ქალი, რომელიც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ლევანი მას არ იცნობს. მინდა წარვუდგინო და ხელი იმიტომ მოვკიდე, მან კი ჩათვალა, რომ ნაცნობი ქალბატონია. გაექანა ამ ქალისკენ, კედელთან მიაყენა, ლოყაზე უჩქმიტა, დიდი სიყვარულით მოიკითხა. ქალი გაოგნებული დგას, ვერაფერს ამბობს. ლევანს ასეთი არგუმენტი ჰქონდა: იფიქრებდა, მედეას როგორი ექსტრავაგანტური სიძე ჰყოლიაო.

ცუდი სიტყვები

- ერთ-ერთ რეპეტიციაზე ლევანი ძალიან გაბრაზდა და ყველას გვეჩხუბა. ჩვენ ჩუმად ვართ, ის კი ყვირის: დაიმახსოვრეთ, თქვენ არ სჭირდებით თეატრს, ის თქვენ უნდა გჭირდებოდეთ და საერთოდ, ამ პროფესიას თავი დაანებეთ... ყვირის და დროდადრო უწმაწურ სიტყვებსაც ამბობს. სიჩუმეა, ისე ვართ შეშინებული, ბუზის გაფრენა ისმის. ჩემი შვილი პატარაა, იქვე ზის და ხატავს. ლევანი ცუდ სიტყვას იტყვის, ეს ბავშვი ამოიხედავს და გაბრაზებით ამბობს, - "ცუდი სიტყვები!" მანამდე არ გვაქცევდა ყურადღებას. როგორც კი ლევანი რამეს ცუდს იტყვის, ისევ გამოიხედავს და მკაცრი ტონით იმეორებს: "ცუდი სიტყვები", თან ხატვას აგრძელებს. თინათინს ბავშვობიდან არ უყვარდა ასეთი გამოთქმები. ეს რამდენჯერმე გამეორდა და უცბად ყველას სიცილი აგვიტყდა. ასე მშვიდობიანად დასრულდა იმ ჩხუბის ამბავი.

ონისეს ინგლისური

- ონისე ონიანი გულისხმიერი ადამიანია. საზღვარგარეთ როცა ვართ, თუკი ვინმე რამის ყიდვას აპირებს, ყველა მას სთხოვს დახმარებას. ისიც დაუზარელია, თუმცა ინგლისური არ იცის. მაღაზიაში ყველას წაჰყვება, ზომებს დაათვალიერებს, გაშლის-გამოშლის და ასე კომპეტენტურად იქცევა. ერთხელ ტექნიკურმა რეჟისორმა ნინო ჟორჟოლიანმა სთხოვა: ქურთუკი ვნახე, რომელიც პატარაა და ვერ ვუხსნი, რომ ერთი ზომით დიდი მინდა და ნეტავ, თუ აქვთო? ონისე, რა თქმა უნდა, დაეხმარა. მივიდნენ მაღაზიაში და გამყიდველს ქართულად მიმართა: მოდი აქ, გოგო და ქურთუკზე უთითებს - "ზის იზ პატარა, აი ვონთ დიდი". რაც მთავარია, იმან გაიგო და მოიტანა დიდი ზომა... ონისე ყველაფერს თავისებურ ენაზე ხსნის. გასტროლზე ვიყავით და ერთ-ერთი სპექტაკლისთვის სალათის ფურცლები იყიდა. ვეკითხები, როგორ აუხსენი-მეთქი? რა ვიცი, რაღაცნაირად გავაგებინეო.

სიცილი სცენაზე

- ყველა მსახიობი დამეთანხმება, რომ სცენაზე სიცილი უზომოდ ტკბილია. ამავე დროს, ეს არაპროფესიულია, მაყურებელმა რა დააშავა?! ყველანაირად უნდა ეცადო, რომ თავი შეიკავო. სპექტაკლი "ტარტიუფი" მიდის. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, სხვებმა იცოდნენ, ბესო ბარათაშვილი პარიკით გამომეცხადა. ამ სპექტაკლს პარიკი სწორედაც შეეფერება, მაგრამ ამგვარ სიურპრიზს არ ველოდი. ბესო ისე სასაცილოდ და კომიკურად გამოიყურებოდა, რომ ერთი სული მქონდა, გულით გამეცინა. ცრემლები მომაწვა, ვიხრჩობოდი, საკუთარ თავს ვბწკენდი, რათა სიცილი არ დამეწყო. იმ მომენტში ისეთი სახე მქონდა, რომ სხვებს ეცინებოდათ ჩემზე.

ერთხელ, ცხვირში "გრუზი" (სიმძიმე) მომხვდა. როცა სცენაზე რაღაცას მაღლა სწევენ, მის საპირწონედ ტვირთია დაკიდული. შემთხვევით თავი მოვატრიალე და მაშინ მომხვდა, მერე გაქანდა ინერციით და მეორედაც მომხვდა. რომ ამბობენ, თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდაო, მართლაც ასე დამემართა, რაც რეალურად დავინახე კიდეც. სიმწრისგან ცრემლები მომდიოდა და თან მეცინებოდა. რა იყო სასაცილო?.. მაგრამ სიცილი ამიტყდა.

ნანული ზოტიკიშვილი ჟურნალი "გზა"