"ისრაელში ჩვენი ქალაქიც დაიბომბა. მთელი ღამე "კაფსულაში" გავატარეთ. ღვთის წყალობით, ქართველებს შორის არავინ დაზარალებულა" - კვირის პალიტრა

"ისრაელში ჩვენი ქალაქიც დაიბომბა. მთელი ღამე "კაფსულაში" გავატარეთ. ღვთის წყალობით, ქართველებს შორის არავინ დაზარალებულა"

"მთელი ღამე გვესმოდა სირენებისა და სროლის ხმა. სახლები ზანზარებდა... პირველად შევესწარი ასეთ სიტუაციას, თავი კინოში მეგონა"

ქალაქ ლოდში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი - მძიმედ დაშავდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს და, ასევე, ათობით ავტომობილი დაწვეს. როგორც Times of Israel-ი წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. kvirispalitra.ge ისრაელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დაუკავშირდა.

ნინო ბიწაძე, ქალაქი ლოდი: - შოკში ვარ წუხანდელი ღამის შემდეგ. გუშინდელ დღემდე ისრაელის დაბომბვის შესახებ მხოლოდ ინფორმაციებს ვეცნობოდით. ჩვენს ქალაქში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. გუშინ გადმოცემით გავიგეთ, რომ ებრაელებსა და არაბებს შორის რაღაც ინციდენტი მოხდა. საღამოს ქალაქში ნამწვის სუნი დადგა, კვამლიც შეინიშნებოდა. მალევე დაიკეტა მაღაზიები, შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა. სხვა არაფერი გვინახავს. საღამოს უკვე სირენების ხმა გაისმა და ჩვენ თავდაცვით ოთახში ანუ კაფსულაში შევედით. ეს სპეციალური ოთახია, რომელიც განსაკუთრებულად მყარად არის ნაშენები. რკინის კარი და ფანჯრები აქვს. სახლი რომც დაინგრეს, ეს ოთახი მაინც გადარჩება. ვილებსა და ახალ კორპუსებში, ყველგან არის ასეთი კაფსულები. ძველ კორპუსებს ასეთი საშუალება არ აქვთ. ამიტომ იქ მაცხოვრებლებს სხვაგვარი ინტრუქცია აქვთ. სირენის ხმაზე სარდაფში ან კიბის უჯრედის ქვეშ უნდა დაიმალონ. წუხელ მთელი ღამე გვესმოდა სირენებისა და სროლის ხმა. სახლები ზანზარებდა... პირველად შევესწარი ასეთ სიტუაციას, თავი კინოში მეგონა.

- ახლა რა ხდება?

- ახლა ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, ვერც იფიქრებ, რომ წუხელ, მთელი ღამე იბომბებოდა ქალაქი. დილით მაღაზიებიც ღია იყო. ტრანსპორტი არ მუშაობს. ხალხიც მშვიდად არის, თავიანთი ხელისუფლების იმედი აქვს. იციან, რომ მთავრობა მაქსიმალურად გააკეთებს ყველაფერს, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

- და როგორ ხსნიან ამას? - საერთაშორისო სამართლის ნორმებს იცავენ. რასაც ვუყურებ, ვასკვნი, რომ უძლიერესი ქვეყანაა. მე არაბების უბანში ვცხოვრობ. ჩვენი ვილის გარშემო სულ არაბების ვილებია. ეკლესიაც არაბების უბანშია და იქაც ძალიან მშვიდად დავდივართ. უსაფრთხოდ ვგრნობთ თავს. სამი წელია, აქ ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ გუშინ მოხდა ის ცუდი ინციდენტი, რასაც ებრაელებისა და არაბების დაპირისპირება მოჰყვა. ბავშვებმა მორწმუნე ებრაელებს ქვები დაუშინეს. ებრაელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი - დაიჭრა. არაბები, შურისძიების მიზნით, გამოვიდნენ ქუჩაში, მანქანები, მაღაზიები გადაწვეს. სკოლებშიც კი შეყარეს "მოლოტოვის კოქტეილები". ვინაიდან ჩვენს ქალაქში შერეული დასახლებაა და არაბებსა და ებრაელებს გვერდიგვერდ უწევთ ცხოვრება, პოლიციას გაუჭირდა სიტუაციის გაკონტროლება. გუშინ მერმა ჯარის შემოყვანა მოითხოვა. ჩვენ ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯარი უკვე აქ იქნება.

ცირა ხუბულავა, ქალაქი ნათანია: - ქალაქი ნათანია, სადაც მე ვცხოვრობ, ზღვისპირა ზოლია, საკურორტო ზონაა. ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტი ამ ქალაქს არასდროს შეხებია. წუხელ განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მთელი ისრაელი, მათ შორის - ჩვენი ქალაქიც დაიბომბა. ოთხჯერ გაისმა განგაშის სიგნალი. მთელი ღამე "კაფსულაში" გავატარეთ. ღვთის წყალობით, ქართველებს შორის არავინ დაზარალებულა.

- რა მოლოდინია მოსახლეობაში, ხალხი სიტუაციის როგორ განვითარებას ელის? - მე, ზოგადად, ძალიან მშიშარა და ემოციური ვარ. თუმცა თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ძლიერ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობ. ვიცით, რომ სახელმწიფო დაგვიცავს. უძლიერესი თავდაცვა ჰყავს ისრაელს. გუშინ პალესტინიდან წამოსული რაკეტები ჰაერშივე რომ არ გაენადგურებინა ისრაელის თავდაცვას, დღეს აქ მიწაც კი გადამწვარი იქნებოდა! მშვიდად ვარ, ვიცი, რომ სახელმწიფო ჩემს დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

იხილეთ ასევე: რაკეტებით რაკეტებზე ანუ ისრაელში ახალი დიდი ომი დაიწყო?

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)