"ჩემ თვალწინ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო... საქართველოდან შვილი მწერდა, დედა, ხომ არ მოკვდები, თავს ხომ უშველიო?" - კვირის პალიტრა

"ჩემ თვალწინ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო... საქართველოდან შვილი მწერდა, დედა, ხომ არ მოკვდები, თავს ხომ უშველიო?"

"27 წელია, აქ ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე გახლავართ და მსგავსი რამ არ მახსოვს. რა უნდათ, რატომ არ ისვენებენ?"

11 მაისის საღამოს პალესტინამ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. იერიშებზე პასუხისმგებლობა იკისრეს პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა: "ჰამასმა" და ისლამურმა "ჯიჰადმა". ჩვენ ისრაელში მცხოვრებ ქართველებს დავუკავშირდით.

ლელა ჭანკოტაძე, ჟურნალ "გზის" კორესპონდენტი ისრაელში: - სამი დღის წინ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, დაიწყო აშკელონის დაბომბვა, რომელიც ქართველი ებრაელებით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. უფრო ხშირად სწორედ ამ ქალაქზე ხორციელდება საჰაერო იერიშები. ხშირად მიკითხავს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რატომ არ გადმოდიან საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილებში? მაგრამ უსაზღვროა ამ ხალხის პატრიოტიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიძლიერის და სიხშირის დაბომბვა პირველად მოხდა, ქალაქი მაინც მომზადებული შეხვდა ამ დარტყმას. მე ვუსმინე ინტერვიუს აშკელონის ვიცემერთან - სოფია ბეილინასთან. ეს ქალი ამოვიდა ბუნკერიდან და ხალხს ეხვეწებოდა, დაერეკათ ცხელ ხაზზე და ეთხოვათ ნებისმიერი სახის დახმარება. მოუწოდებდა თანამოქალაქეებს, არ მორიდებოდნენ იმას, რომ ყველა საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიემართათ მერიისთვის.

მთელ ქალაქში გაიხსნა როგორც კერძო, ასევე, რაკეტსაწინააღმდეგო მუნიციპალური თავშესაფრები, სადაც გადაჰყავდათ დაბომბვის დროს ქუჩაში დარჩენილი ადამიანები. სამწუხაროდ, ბომბი დაეცა სკოლას და საცხოვრებელ სახლს, არის მსხვერპლიც. მაგრამ ამ ქალაქმა მაინც გმირულად გაუძლო შეტევას. ორი დღის შემდეგ "ჰამასმა" და ისლამურმა "ჯიჰადმა" გააფართოვა დაბომბვის არეალი და განგაშის სიგნალები აშდოდშიც გაისმა.

- აშდოდში ბევრი ქართველია, არა?

- კი, ვინაიდან აშდოდიც ქართველი ებრაელებით დასახლებული ულამაზესი ქალაქია, ისრაელში სამუშაოს საძიებლად ჩამოსული ჩვენი თანამოქალაქეები სწორედ ამ ქალაქში ცდილობენ დასახლებას. აშდოდის დაბომბვა ჩემთვის უკვე იყო ნიშანი, რომ არც დანარჩენი ქალაქები იქნებოდა დაცული. თან, პალესტინელი ისლამისტები აცხადებდნენ, რომ შემდეგი დარტყმა იქნებოდა უფრო გაფართოებული და მასშტაბური.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ლუდში, სადაც კომენდატის საათის გამოცხადება გახდა საჭირო. თან ბენგურიონის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს და ამიტომ სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს არის ქალაქი დიდი არაბული მოსახლეობით. ისრაელის არაბებშიც ძალიან დიდი განსხვავებაა. მათმა ერთმა ნაწილმა ისწავლა და მაღალანაზღაურებადი სამსახურები იშოვა ისრაელში, მეორე ნაწილი - გამდიდრდა და ულამაზესი ვილები წამოჭიმეს, მაგრამ არის მესამე ნაწილი, რომელიც არ ერიდება ესკალაციას. სწორედ მათ მოუწყვეს ნამდვილი ჯოჯოხეთი ლუდის ებრაულ მოსახლეობას. იერიში მიიტანეს მერიის შენობაზე, ჩამოხსნეს ისრაელის სახელმწიფო დროშა და ააფრიალეს პალესტინის სახელმწიფო დროშა.

ახლა ისრაელში მთავარი კითხვაა: რა იქნება ხვალ? ჯერჯერობით დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს ბენგურიონის აეროპორტი. ისრაელმა საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. ცნობილია, როგორი წარმატებით იცავს ქვეყნის მოსახლეობას ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა - რკინის გუმბათი, მაგრამ გასული ღამე ისეთი რთული და სისხლიანი აღმოჩნდა ისრაელისთვის, ჭრილობების მოშუშება იოლი არ იქნება.

საქართველოს საელჩომ ისრაელში გაავრცელა განცხადება და მოგვიწოდა სიფრთხილისკენ. მე ვცადე მათთან დაკავშირება. მინდოდა, დამეზუსტებინა, რა დახმარების გაწევა შეეძლოთ, მაგრამ დაკავშირება ვერ მოვახერხე.

მალვინა კევეში, ქალაქ ლოდის მკვიდრი:

- აქაური არაბები შევარდნენ სალოცავებში ("ბეით კნესეთი") და დალეწეს იქ ყველაფერი. ამას მოჰყვა "დათიმებსა" (მორწმუნე ებრაელები) და არაბებს შორის დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ცემა-ტყეპაში. ლოდში 2014 წლის დიდი ომის დროსაც არ ყოფილა არეულობა. რაკეტები დაგვიშინეს. მეგონა, ვერ გადავრჩებოდით. 27 წელია, აქ ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე გახლავართ და მსგავსი რამ არ მახსოვს. რა უნდათ, რატომ არ ისვენებენ? ისინი ხომ ებრაელებზე უკეთესად ცხოვრობენ. მე თელ-ავივში, სავაჭრო ცენტრში ვმუშაობ და ყველაზე დიდი მაღაზიები მათ ეკუთვნით. ჩემს სადარბაზოშიც ცხოვრობს ერთი არაბი ოჯახი. მშვენივრად ვურთიერთობთ, მაგრამ აღარ ვიცი, ეს თბილი გამარჯობა სანდოა თუ არა. რაც არეულობა დაიწყო, თვალს გვარიდებენ. წუხელ, მეზობლებმა მთელი ღამე კიბეზე გავათენეთ, რადგან ჩვენი ბინა ისეთი ძველია, რომ თავშესაფარი არა აქვს. ვერ გამოვიდა ეს არაბი ოჯახი. კარი ვერ გააღეს. ენით არ შეიძლება აღწერა, რა ხდებოდა. გვეშინოდა, მაგრამ იმდენი ბავშვი იყო ჩვენ გვერდით, შიშს როგორ შევიმჩნევდით. ჩახუტებულები ჰყავდათ მშობლებს თავიანთი პატარები და ვიდექით ასე, ღმერთის იმედად. რატომ? მე მართლმადიდებელი ვარ. ჩვენი წმინდა გიორგის ტაძარი არაბულ უბანშია მოქცეული. ჯერ არ ვიცი, იქ რა ხდება. იმედი მაქვს, ჩვენს ტაძარს არ შეეხებიან.

ნინო აქიმიძე, ქალაქი ლოდი:

- აქაურობა ცეცხლის ალში იყო გახვეული. ებრაელების სახლებში ყრიდნენ ქვებს, ცეცხლმოკიდებულ და ფეთქებად ნივთებს. ამბობენ, რომ ქუჩებში პირდაპირ მანქანებიდან ესროდნენ ხალხს. ჩემს კორპუსს არ აქვს არც თავშესაფარი და არც ბომბგამძლე ოთახი. ამიტომ კიბეზე გამოვდიოდით. იცით, რა დღეში იყვნენ ებრაელი ბავშვები? არ შეიძლება წარმოდგენა. როგორც ჩემი დამსაქმებელი გვეუბნება, ამაღამ უარესი გველოდება, რადგან ისრაელმა პალესტინის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა დაიწყო. ძალიან ვნერვიულობ და შეშინებული ვარ. ესენი მაინც მიჩვეულები არიან, ჩვენ რატომ გვაქვს ასეთი მძიმე ცხოვრება?..

ანა ყიფშიძე, ქალაქი პეტახტიკვა:

- დაბომბვა რომ დაიწყო, აფთიაქში ვიყავი, მოხუცისთვის წამლები ვიყიდე. გაისმა - აზაკ (საგანგაშო სიგნალი), მაგრამ ისეთი ძლიერი და გამაყრუებელი, რაც მანამდე არ გამიგია. რა უნდა მექნა? სახლში ორი მოხუცი მელოდებოდა. არც დავფიქრებულვარ, ისე გამოვედი აფთიაქიდან. აქაური დროით 20:45 იყო. ჩემ თვალწინ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო...

გაჩერებული ავტობუსების ქვეშ იწვა შეშინებული ხალხი. ქუჩა პანიკამ მოიცვა. ზოგი სახლებიდან საღამურებით და ფეხშიშველი გამორბოდა. ზოგიც სახლში შევარდნას ცდილობდა. შოკისმომგვრელი იყო იმის დანახვა, როგორ ჰყავდათ ბავშვები ჩახუტებულები და როგორ ცდილობდნენ ხელებით მათთვის თავები დაეფარათ. ყველა მხრიდან ისეთი წივილ-კივილი ისმოდა, დაბნეული გავჩერდი და არ ვიცოდი, რა მექნა. ქალები გარბოდნენ და თან მიყვიროდნენ, შენობაში შედიო. რამდენიმე არაბიც იდგა ჩემ გვერდით. ისინიც ცდილობდნენ, ცხადია, გადარჩენას. ისეთი ძალა მომეცა, გადავჭერი გზა და გავიქეცი. ჩემს თავზე ცა სულ წითელი იყო. შემთხვევით გამოიარა ტაქსიმ, რომელიც სახლში ბრუნდებოდა, აღარ მუშაობდა. შევეცოდე და გამიჩერა. მითხრა: მივხვდი, რომ ძალიან გიჭირდა, ისე გადმომიხტი წინ და არ შემეძლო, არ გამეჩერებინაო. გზაში რაკეტების ნამსხვრევები ჩვენს ირგვლივ ეცემოდა. მაინც მივედი მოხუცებთან. ძალიან შეშინებულები იყვნენ. მთელი ღამე ბუნკერში გავათენეთ. ჯოჯოხეთური ღამე იყო. ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემი შვილის მდგომარეობა. საქართველოში ტელევიზიით გადასცემდნენ დაბომბვის კადრებს, უყურებდა ამ ამბავს და მწერდა: დედა, ხომ არ მოკვდები, თავს ხომ უშველიო? როგორი მძიმე ბედისწერა გვაქვს, ალბათ, ამ წლების კვალი მთელი ცხოვრება გაგვყვება...

ნინო გიორგაძე, ქალაქი თელ-ავივი:

- ოთხი წელია, რაც ისრაელში ვარ. სულ იყო ასეთი შეტაკებები, მაგრამ თელ-ავივზე თავდასხმას ძნელად ბედავდნენ. საელჩომ მოგვიწოდა, არ გახვიდეთ სახლებიდანო, მაგრამ გავრისკეთ და გავედით სამუშაოდ. დაახლოებით, ცხრა ხდებოდა, სარაკეტო იერიში რომ დაიწყო. ჭურვები და ნამსხვრევები წვიმასავით მოდიოდა. განათდა ცა. გადაწითლდა ყველაფერი. სახლის დალაგება დამთავრებული მქონდა და გამოვდიოდი ქუჩაში. ჩამავლო მეპატრონემ ხელი, გამაქანა "ბუნკერში". მხოლოდ წამიერად დავინახე, რომ სეტყვასავით მოდიოდა ბომბები. ბუნკერში აღარაფერი ჩანდა, მაგრამ მეგონა, იქიდან ცოცხლები ვერ ამოვიდოდით. საგანგაშო სიგნალის დასრულების შემდეგ, ათი წუთი არ გვაქვს ქუჩაში გასვლის უფლება, მე კი მინდოდა სახლში გაქცევა. ჩემი მეგობარი მარტო იყო და ვიცოდი, შეეშინდებოდა. არ გამომიშვეს, გადაირივნენ, აქ მოვიდეს შენი მეგობარიცო. ეგონათ, მშიერი ვიქნებოდი. ხომ იცოდნენ, რომ მთელი დღის ნამუშევარს არაფერი მექნებოდა ნაჭამი. მეხვეწებოდნენ, არ მოგერიდოს, ჭამეო. უზომოდ მადლიერი ვარ ამ ხალხის. საათ-ნახევრის შემდეგ გავიქეცი სახლში. განკითხვის დღე იყო. ჩემი მეგობარი გავარდნილა გარეთ, რადგან დამცავი ოთახი არ გვქონდა. იწვა ხის ქვეშ. დახოხავდა, თურმე, ერთი ხის ძირიდან მეორისკენ. ხმამაღლა "მამაო ჩვენოს" ლოცულობდა, ბოლოს შიშისგან ხმა ჩაუწყდა.

ჩვენს საელჩოს უდევს ინფორმაცია, რომ არავინ არაა დაშავებული, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი გოგოები ავტობუსების ქვეშ იწვნენ და დაიჭრნენ. ერთი წუხელვე გამოუშვეს საავადმყოფოდან, მეორე ხელისა და წელის არეშია დაჭრილი. ვურეკავთ ახლა და არ გვპასუხობს. ეს რაც ჩვენ ვიცით, რაც არაა ცნობილი? ზოგი გაგვკიცხავს, ფულის გამო თავს წირავენო, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავთ. დამშვიდდება აქაურობა და ისევ წავალთ სხვისი სახლების დასალაგებლად. პირადად მე, ჩვიდმეტ ოჯახში ვმუშაობ. მადლობა მათ, რომ დამასაქმეს. სხვა რა ვთქვა.

პ.ს. ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა და აცხადებს, რომ მისი დაზიანება მსუბუქია. "მსუბუქად დაშავებული არის ერთი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან, მას ჩაუტარდა ხელის დამუშავება და საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაუშვეს. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია "პალიტანიუსის" გადაცემა "აქტუალურ თემაში".

პ.ს. ისრაელის მოსახლეობას და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მშვიდობას ვუსურვებთ.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)