"საშინელ სტრესში ვართ უკვე მეორე წელია და როგორ შეიძლება, ეს მდგომარეობა ადამიანმა ნორმალურად გადაიტანოს?.." - კვირის პალიტრა

"საშინელ სტრესში ვართ უკვე მეორე წელია და როგორ შეიძლება, ეს მდგომარეობა ადამიანმა ნორმალურად გადაიტანოს?.."

შიში ადამიანის ცხოვრების თანამგზავრია და ამ გრძნობისგან დაცული ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი არ არიან. მაგალითად: ნაომი კემპბელს პანიკური შიში აქვს მიკრობების მიმართ, ნიკოლ კიდმანს პეპლების ეშინია, ანჯელინა ჯოლის სიმაღლის შიში აქვს, ხოლო უაინონა რაიდერს - წყლის... რადგან მამაკაცებს თავიანთ ფობიებზე საუბარი უჭირთ, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რისი შიში აქვთ ცნობილ და წარმატებულ ქართველ ქალებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ლია მუხაშავრია, ადვოკატი:

"მივხვდი, რომ ადამიანი საკუთარ შიშებს თავად უნდა შეებრძოლოს. ძალიან მიკვირს, რომ უამრავ ადამიანს გველების შიში აქვს, რაც მე არ მახასიათებს. ქვეწარმავლებს ყოველთვის ინტერესით ვათვალიერებდი, ახლაც შემიძლია, ხელში ავიყვანო. სოფელში ვცხოვრობ, ეზოშიც მხვდებიან და არ ვერჩი, რადგან ვიცი - დასავლეთ საქართველოში შხამიანი გველები არ არიან..."

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:

"ბავშვობიდან მომყვება სიმაღლის შიში, რის გამოც უცნაური სიზმრები მქონდა: სიზმარში ხშირად კლდოვან ადგილას ვიდექი და წინ უზარმაზარი უფსკრული ჩანდა. ეს შიში რომ დამეძლია, სიმაღლეს თანდათან ვეჩვეოდი: პარაშუტით გადმოხტომაც კი ვისწავლე. კარგა ხანს მე-16 სართულზე ვცხოვრობდი და ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია, ყველაზე მაღალ მწვერვალზე დავდგე და უშიშრად გადმოვიხედო..."

მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:

"ყველაზე მეტად ვირთხის მეშინია, ოღონდ, ყველანაირი ვირთხის - რომ დავინახავ, ცუდად ვხდები! ამიტომ, ზაზუნაც კი არ არის ჩემთვის მოსაფერებელი ცხოველი: ხომ ვიცი, რომ უწყინარია, მაგრამ მაინც მაშინებს. 90-იან წლებში ვერტმფრენით ბევრი მიფრენია, არ მეშინოდა, მაგრამ ახლა, მშვიდობიანობის დროს, სიმაღლის შიში დამეწყო. აფხაზეთის ომიდან ხმაურის შიშიც გამომყვა: ფეიერვერკის ხმა რომ მესმის, არ მსიამოვნებს..."

ლიზა ვადაჭკორია, ტელეწამყვანი:

"ამ ერთ წელიწადში კორონავირუსის შიში უამრავ ადამიანს გაუჩნდა. ჩემი აზრით, ეს არასწორი პროპაგანდის ბრალია: უარესი სიტუაცია იქნებაო - გვაშინებენ, ნაცვლად იმისა, რომ დაგვამშვიდონ. საშინელ სტრესში ვართ უკვე მეორე წელია და როგორ შეიძლება, ეს მდგომარეობა ადამიანმა ნორმალურად გადაიტანოს?.."

სევდია უგრეხელიძე, იურისტი, პოლიტიკოსი:

"იცით, რისი მეშინია?.. ხომ შეიძლება, მოულოდნელად მოხდეს რაღაც ცუდი, რაზეც ადრე არ მიფიქრია?! შეუცნობელი მომავლის შიში სხვებივით, მეც მაქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე