"სიზმარში ვნახე, რომ თასი მოვიგეთ!.. ახალკაცს ამაზე გაეცინა..." - რას ჰყვებოდა "დინამოს" ექიმი 13 მაისზე [+ VIDEO] - კვირის პალიტრა

"სიზმარში ვნახე, რომ თასი მოვიგეთ!.. ახალკაცს ამაზე გაეცინა..." - რას ჰყვებოდა "დინამოს" ექიმი 13 მაისზე [+ VIDEO]

ანზორ გაბიტაშვილი: სიზმარში ვნახე, რომ თასი მოვიგეთ!.. ახალკაცს ამაზე გაეცინა... [+ დაუვიწყარი VIDEO]

13 მაისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. "დინამო თბილისი" თასების თასის მფლობელი გახდა! ამ დღიდან კი 40 წელი გავიდა.

"ლელომ" მკითხველს არქივიდან საინტერესო ინტერვიუ შესთავაზა. ანზორ გაბიტაშვილმა, "დინამოს" ლეგენდარულმა ფიზიოთერაპევტმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თავის დროზე 13 მაისთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიები გაიხსენა... დინამოს უეფას თასზე უნდა ეთამაშა

- ბევრს არც ახსოვს, რომ იმ გათამაშებაში თბილისის "დინამო" შემთხვევით მოხდა. ჩვენ საბჭოთა კავშირის თასი 1979 წელს მოვიგეთ, გათამაშებაში კი 1980 წლის გამარჯვებულს უნდა ეთამაშა. მოსკოვის ოლიმპიადის გამო, თასის ფინალი დაგვიანებით, 9 აგვისტოს გაიმართა. იმ წელს ფინალში კიდევ ერთხელ გავედით, თასების მფლობელთა თასის კენჭისყრა კი უკვე გამართული იყო და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის "დინამო" ტურნირში წინასწარ წარადგინა. ამიტომ, "დინამო" 1980 წლის შემოდგომაზე ჩაერთო თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანა...

უცნაური სიზმარი

- სანამ ფინალში გავიდოდით, ერთ-ერთ ეტაპზე, მერვედფინალში, ირლანდიაში "უოტერფორდს" ვხვდებოდით. 1980 წლის 22 ოქტომბერია. თამაშის წინა დღეს ვნახე სიზმარი, რომ იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ მანქანას, "მერსედესს" მაძლევდნენ საჩუქრად - "დინამომ" ევროპის თასი რომ აიღო, გეკუთვნითო. არ მინდა, "ვოლგა გაზ-24" მომეცით-მეთქი. ეს სიზმარი ნოდარ ახალკაცს მოვუყევი. გაეცინა, ევროპიდან თასს ვინ წამოგვაღებინებსო?!. მაშინაც დიდი "მაიმუნობები" ხდებოდა. მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და დიუსელდორფში გამგზავრებამდე დიღმის ბაზაზე ვთქვი - ფინალის ბურთი უნდა მოვიპარო-მეთქი. თამაში რომ დამთავრდა, ნოდარმა ხელი მკრა - ანზორ, მიდი, მსაჯს ბურთი წაართვიო! მეც მეტი რა მინდოდა - მოედანზე შევვარდი და რიკარდო ლატანცის ხელიდან გამოვგლიჯე. ამ ბურთს დღემდე ვინახავ. მასში ბევრჯერ შემომთავაზეს საკმაოდ დიდი ფული, მაგრამ ის უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული, რადგან ამ ბურთით საქართველომ ბედნიერება მოიპოვა.

სიზმარი სხვა კუთხითაც ამიხდა. ფინალის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულებს მართლა "ვოლგა გაზ-24" დაგვირიგეს თავის ფასში. მისი გაყიდვით კი ახალ მანქანასაც იყიდდი და ბინასაც - ეს იყო ჩვენი შეღავათი.

ქართული ფეხბურთი ძალიან დაეცა

- მაშინ "დინამოში" და, საერთოდაც, ფეხბურთს ღარიბი ოჯახების შვილები თამაშობდნენ. მათ სახელიც სწყუროდათ და მონდომებაც ჰქონდათ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ამის ბრალია, მაგრამ ახლა ფეხბურთზე სიარული ისეთი ძვირი სიამოვნება გახდა, რომ ღარიბები იქით იშვიათად იხედებიან, მდიდრები კი ვერ თამაშობენ.

ნოდარ ახალკაცი საუკეთესო იყო!

გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო: