"ებრაელ და არაბ ექიმებთან ერთად, ჩვენი ექიმები ცეცხლის წინა ხაზზე იმყოფებიან" - რას ჰყვება საქართველოს ელჩი ისრაელში ქართველების მდგომარეობაზე
"ებრაელ და არაბ ექიმებთან ერთად, ჩვენი ექიმები ცეცხლის წინა ხაზზე იმყოფებიან" - რას ჰყვება საქართველოს ელჩი ისრაელში ქართველების მდგომარეობაზე
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუკი ამგვარი დაპირისპირების ფაქტები გაიზრდება, შეიძლება, მთელი ისრაელის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ სერიოზული პრობლემის წინაშე"

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახლდა. მათივე ცნობით, ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც დაშავებულია 4 ადამიანი.

დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვი და სამი ქალია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პალესტინელების სამიზნეს "რამონის" საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის ბენ
გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა და თვითმფრინავების დასხდომა ბენ გურიონის აეროპორტის ნაცვლად "რამონის" აეროპორტში ხდება.

ისრაელში არსებულ ვითარებასა და იქ მყოფი ქართველების მდგომარეობაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ისრაელის სახელმწიფოში, ბატონ ლაშა ჟვანიას ვესაუბრეთ:

- წუხელ რთული ღამე იყო მთელი
ისრაელის ტერიტორიაზე, მათ შორის, ისრაელის ცენტრში. თელ-ავივი, პეტახ ტიკუა, ბათ-იამი, ლოდი, რიშონ ლე სიონი - ეს ქალაქები მუდმივად იბომბებოდნენ. მართალია, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მისი აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერია, მაგრამ რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა საცხოვრებელ უბნებში, არიან დაშავებულები. ბევრი არ დაღუპულა, თუმცა საკმაოდ არიან დაშავებულები, ათეულობით ადამიანი მაინც. გუშინ, საღამოს გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, რომელიც იყო დაცულ ოთახში, მაგრამ ამ პერიოდისთვის ამ ოთახში არ ჰქონდათ სრულყოფილად მოწყობილი ინფრასტრუქტურა - ჩამოხსნილი ჰქონდათ რკინის სპეციალური, ტყვიაგაუმტარი კარი. ამის გარდა, ზოგადად, ვითარებას ამძიმებს ქალაქ ლოდში, ბათ-იამში, აკოში და ხაიფაში არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება. აკოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არის საავადმყოფოში მიყვანილი ერთი ებრაელი, რომელიც არაბებმა სცემეს, ხოლო ბათ-იამში, ლოდსა და იერუსალიმში არიან ებრაელების მიერ ნაცემი არაბები, რომლებიც, ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. აქ დაილეწა არაბების მაღაზიები, კუთვნილი ქონება, სახლებსაც კი ესროდნენ ქვებს. ამას სჩადის ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ ეს მცირე ნაწილი, სამწუხაროდ, ამ სამი დღის განმავლობაში ქმნის ამინდს საზოგადოებაში და მთლიანად - სახელმწიფოში. ესენი არიან ექსტრემისტული მიმართულების ადამიანები, რომლებისთვისაც შემწყნარებლობა, ალბათ, არც არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ერთ დღეში საზოგადოების წინააღმდეგ ასეთი რადიკალური ზომებისთვის მიემართათ.

სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ისრაელში ძალიან ბევრი ქალაქია, სადაც შერეული მოსახლეობა ცხოვრობს. რეალურად, გუშინ ლოდსა და ბათ-იამში პოლიციას სიტუაციის კონტროლიც კი გაუჭირდა. არადა, ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი არც იყო გამოსული. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუკი ამგვარი დაპირისპირების ფაქტები გაიზრდება, შეიძლება, მთელი ისრაელის მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ სერიოზული პრობლემის წინაშე.

- რას გვეტყვით ისრაელში მცხოვრები ქართველების შესახებ, როგორ არიან? ალბათ, ბევრი გეხმიანებათ?
- ქართველები სრულიად ემორჩილებიან კანონებს. შეძლებისდაგვარად, ყველასთან გვაქვს კავშირი. ყოველ შემთხვევაში, თუკი ვინმეს რამე პრობლემა ექმნება, განსაკუთრებული რამ შეემთხვევა, საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება არავის უჭირს. ძირითადად, სჭირდებათ კონსულტაციები ისრაელიდან გამგზავრებასთან დაკავშირებით. ნაკლებადაა ისეთი საკითხები, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს. თუ მსგავსი შემთხვევაა და საკითხი დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს, ამ საკითხებს აუცილებლად დაუყოვნებლივ ვწყვეტთ. მაგალითად, სადეპორტაციო პატიმრები გვყავდა, მოვახერხეთ და დღეს ვუშვებთ საქართველოში. დანარჩენად, ცხელი ხაზის მობილურის ნომრები აბსოლუტურად ყველამ იცის, ბევრჯერ გამოვაცხადეთ, სამი ნომერია: 0526919092 - დავით ჩაჩავა; 0528888513 - მიხეილ ბაბლუანი; 0548620270 - ნინო ჩანტლაძე.

თუ იმწამს ვერ უპასუხა თანამშრომელმა, სმს-ის გაგზავნა შეუძლიათ და მას აუცილებლად ნახავს ადრესატი. ხანდახან ღამის სამ საათზეც კი რეკავენ და ჩვენი თანამშრომლები მაშინაც პასუხობენ.
საერთოდ, კრიზისულ ვითარებაში ქართველებს სოლიდარობის საოცარი უნარი გვაქვს. როდესაც აქ მცხოვრებმა ქართველებმა იციან, რომ 5 ადამიანი ერთდროულად 15 ათასს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს, ერთმანეთს თავადაც აწვდიან ინფორმაციებს. ამიტომაცაა, რომ ერთი და იმავე შეკითხვით ნაკლებად გვირეკავენ. მით უმეტეს, რომ კომუნიკაცია სოციალური ქსელებითაც ძალიან გამარტივებული გვაქვს და რამე საკითხით დაინტერესებულებს "ფეისბუკ"-გვერდზეც შეუძლიათ კითხვა მოგვწერონ და იქაც, შეძლებისდაგვარად, დაუყოვნებლივ ამომწურავ პასუხს იღებენ. სხვა რა ვთქვა? აქ მცხოვრები ქართველების - საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას შეგნების უმაღლესი დონე აქვს. ჯერ ერთი, თითოეულს ახასიათებს - სოლიდარობა, ასევე - შეგნება, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან თითოეული ზედმიწევნით ასრულებს რეკომენდაციებს, მოთხოვნებს და იცავს უსაფრთხოების ზომებს. ერთმანეთს მოუწოდებენ და ამხნევებენ, ჩვენც გვამხნევებენ და ამით საოცრად კარგი ემოციები მოდის. ეს ჩვენც გვაძლევს მუშაობის სტიმულს, რადგან აქ მყოფი ქართველების დიდი უმრავლესობის სრულ თანადგომას ვგრძნობთ. არაფერს ვაჭარბებ. მართლაც ძალიან მადლობლები ვართ ჩვენი მოქალაქეების, ძალიან მაღალი შეგნებით არიან.

- რა სასიამოვნოა ამის მოსმენა... და საამაყოც! ამ მწვავე სიტუაციაში ქართველების ამგვარი ქცევის კონკრეტულ მაგალითსაც ხომ არ გვიამბობთ?
- საბრძოლო მოქმედებების პირველივე დღიდან იყო ზარები ერთმანეთში მათთვის, ვინც აშკელონში და აშდოდში ცხოვრობენ. ლოდში, სადაც ახლა არეულობა არის, გვაქვს "ქართული სახლი". იქ შეიძლება 5-6 ადამიანის განთავსება - ღამის გათევა. სახლს ტყვიაგაუმტარი ოთახიც აქვს. გვიან ღამით აშკელონიდან დარეკეს, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყო ქალი, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გამო დარდობდა. მას შევთავაზეთ ქართულ სახლში თავის შეფარება და მიიღო ჩვენი შეთავაზება, მაგრამ შემდეგ ლოდშიც პრობლემები შეიქმნა. პირველი დღის საომარი მოქმედებების პანიკურმა მდგომარეობამ რომ გადაიარა და ადამიანებიც გაერკვნენ, უსაფრთხოებისთვის როგორ მოქცეულიყვნენ, ამ ქალმაც დაინახა, რომ ლოდიდან ადამიანების, რეზიდენტების ევაკუაცია არ ხორციელდებოდა და გადაიფიქრა იმ სახლის მიტოვება. ქართველები ერთმანეთს მუდმივად თავაზობდნენ, ჩემთან წამოდი, აქ უფრო უსაფრთხოდ, დაცული იქნებიო. ვისაც სურდა, გადაადგილებულიყო ერთი ქალაქიდან ან საცხოვრებლიდან მეორეში, მიდიოდნენ კიდეც.

ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩვენი - ქართველი ექიმების ყოფნა. ქალაქ აშკელონის ბარზილაის საავადმყოფოში ამ წუთებში 10 საქართველოს მოქალაქე, ქართველი ექიმი-ანესთეზიოლოგი იმყოფება. ბარზილაის საავადმყოფო კი სულ რამდენიმე კილომეტრშია ღაზადან. ეს საავადმყოფო ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა. მასში ერთი სარეანიმაციო-საანესთეზიო განყოფილებაც კი არ არის ქართველის გარეშე. ყველა დაშავებულ-დაჭრილი ადამიანი, ვინც აშკელონის და ღაზას სექტორის დასახლების ქალაქებიდან შედის საავადმყოფოში, ქართველი ექიმების ხელში არიან. ებრაელ და არაბ ექიმებთან ერთად, ჩვენი ექიმები ცეხლის წინა ხაზზე იმყოფებიან.

- ქართველები, თანაც არა მარტო მამაკაცები, ისრაელის ჯარშიც ხომ მსახურობენ?
- დიახ, ქართველი ებრაელების გარდა ისრაელის ჯარში ქართველი, ქრისტიანი ქართველებიც მსახურობენ. ერთ-ერთი აშკელონის ქვედანაყოფშია და ძალიან ახლოსაა ღაზას სექტორთან. ერთი ქართველი სამხედრო გოგონაც არის საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში.

- ყველას მშვიდობას გისურვებთ, ქართველებსაც, ებრაელებსაც და არაბებსაც, სრულიად ისრაელს. უფალმა გაგაძლიეროთ!

(სპეციალურად საიტისთვის)

ქართველი
13 მაისი 2021 23:37
უდიდეს.... უდიდეს, პატივს ვცემ ლაშას
მეგობრებთან ერთად 2-3 ჯერ ვარ ისრაელში ნამყოფი და ..................
მაგარზე მაგარი ქართველია.....
ღმერთმა გაუმარჯოს
liza
13 მაისი 2021 21:29
ნეტავ წამოვიდნენ ქართველები, სიცოცხლეს ვერანაირი ფული ვერ გადაწონის. თან წარმომიდგენია რა დღეში არიან ისინი იქ, და მათი ოჯახები აქ, ომის ეს საშინელება აგვისტოს ომში გამოვიარე. მტრისას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები