ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პატრიარქი ეხმაურება - კვირის პალიტრა

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პატრიარქი ეხმაურება

წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი.

ილია მეორე მიმართვაში მოუწოდებს მოსახლეობას შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

„წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

„ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ! “, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"