"მის ახლობლებს დღემდე უკვირთ, ცოლად რომ მომიყვანა"
"მის ახლობლებს დღემდე უკვირთ, ცოლად რომ მომიყვანა"
"საჭირო არ გამხდარა, რომ ერთმანეთისთვის "მიყვარხარ" გვეთქვა, - ყველაფერი ნათელი იყო"

მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი ახლახან შეუღლდნენ. გოჩამ ნუკა პირველად ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" შენიშნა და დანახვისთანავე მაგნიტივით მიიზიდა, თუმცა კარგა ხნის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონიათ - უბრალოდ, სოციალურ ქსელში ერთმანეთი მეგობრების სიაში ჰყავდათ, სანამ გოჩამ გამბედაობა არ მოიკრიბა და ნუკას მესიჯი არ მისწერა... რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისთანავე, აეროპორტში მან ნუკას ხელი სთხოვა...
გადავწყვიტეთ, უსაზღვროდ შეყვარებული წყვილისთვის გამოცდა
მოგვეწყო - გაგვერკვია, ერთმანეთს კარგად იცნობენ თუ არა: მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იმავე შეკითხვები დავუსვით...

- სოციალურ ქსელში, პირველად რა მოგწერა მან? თავად რა მისწერე?
ნუკა:
- ამას რა დამავიწყებს?! პირველი, რაც მომწერა და რამაც გამაღიზიანა, ეს ტექსტი იყო: პირსინგების გარეშე უფრო კარგად
გამოიყურებიო. ვუპასუხე - ეს ჩემია. შენ რა გინდა? მიყურე, მიყურე, ვერ მოითმინე და მომწერე-მეთქი (იცინის)?..
გოჩა:
- დაახლოებით ასეთი ტექსტი მივწერე: ლამაზი გოგო ხარ, გაკვირდები. უბრალოდ, პირსინგები რომ მოიხსნა, უკეთესი იქნები-მეთქი. ზრდილობიანად, მეგობრულად, უცბად ამიხსნა, პირსინგების მიღმა როგორი ადამიანი იმალება...

- როდის, როგორ გამოგიტყდა სიყვარულში? თავად როდის გამოუტყდი?
ნუკა:
- ადამიანები ერთმანეთთან "70 საათი" რომ ლაპარაკობთ, ხვდები, რომ ეს უბრალოდ მოკითხვა არაა. სულელი ბავშვები ხომ არ ვართ? გამოტყდომა და მსგავსი რაღაცები არ გვქონია.
გოჩა:
- ყოველდღე ყველანაირ თემაზე ვსაუბრობდით: ჯერ 5 საათის განმავლობაში, შემდეგ - 7, 8... სიტუაცია 24/7-ზე საუბრის სახეს რომ იღებს, უკვე ყველაფერი ნათქვამია. ჩემი აზრით, "სიყვარული" უბრალო სიტყვაა იმ გრძნობასთან შედარებით, რასაც 2 შეყვარებული ადამიანი ერთმანეთის მიმართ გრძნობს. ნუკაც ასე ფიქრობს. საჭირო არ გამხდარა, რომ ერთმანეთისთვის "მიყვარხარ" გვეთქვა, - ყველაფერი ნათელი იყო.

- როდის მიხვდით, რომ თქვენი ურთიერთობა ქორწინებისკენ მიდიოდა?
ნუკა:
- როცა ხელი მთხოვა. ქორწინებას ვგეგმავდით, მაგრამ კონკრეტულად როდის, არ ვიცოდით.უბრალოდ, ამას საქართველოში მისი ჩამოსვლისთანავე (გერმანიაში ცხოვრობდა) არ ველოდი. ინტერნეტში ვიდეოც დევს - ხელი რომ მთხოვა, რა გაოგნებული სახით ვიყურებოდი (იცინის).
გოჩა:
- მასთან საუბრის პირველივე დღიდან მივხვდი: 5-6 საათი ვილაპარაკეთ და ისეთი გრძნობა დამეუფლა, როგორსაც მთელი ცხოვრება ველოდი. ჩემს გულს კუპიდონის ისარი კი არა, გულში დიდი შუბი მოხვდა (იცინის)... ვფიქრობ, რომ ნუკაც მალევე მიხვდა.

- როცა პირადად შეხვდით ერთმანეთს, როგორ გამოიყურებოდა ის? შენ?
ნუკა:
- კრემისფერი "პლაშჩი", შავი შარვალი და მგონი, თეთრი ბოტასი ეცვა. კისერზე ყურსასმენები ეკეთა, თავზე - სათვალე. თმა შეკრული ჰქონდა, მაგრამ ცოტათი გაბურძგნილი იყო (იღიმის)... მე ჯინსის ქურთუკი მეცვა, ყვითელი კაპიუშონით და ყვითელი წარწერებით. წარწერებიანი, კრემისფერი ზურგჩანთა მეკეთა. ასევე, ღია ფერის ჯინსის შარვალი, "ტიგროვი" ბოტასები და შავი ზედატანი მეცვა. თმა გადაწეული მქონდა და პირბადე მეკეთა.
გოჩა:
- მაგას რა დამავიწყებს?! ჯინსის ქურთუკი ეცვა, რომელსაც ქუდი ჰქონდა - ჰუდი იყო, შესაკრავებით... ასევე, შავი ჯემპრი, შავი ფეხსაცმელები და ღია ცისფერი ჯინსის შარვალი ეცვა. მგონი, წელზე კიდევ რაღაც ჰქონდა მოხვეული. პირბადე ეკეთა, რომელიც კარგა ხანს არ მოიხსნა... მე ზოლიანი ზედატანი, კრემისფერი პალტო და თეთრი კეტასები მეცვა.

- გიფიქრია, რომ შეიძლებოდა, პირადად შეხვედრისას ერთმანეთი აღარ მოგწონებოდათ?
ნუკა:
- არა, არა!.. არსებობს რაღაცები, რისი მიხვედრაც წინათგრძნობის და ინტუიციის დონეზე შეგიძლია. გაუცხოების განცდა არ გვქონია - თითქოს სხვა ცხოვრებიდან რეინკარნირებულები ვიყავით. წინა ცხოვრებებშიც უეჭველად ერთად ვიყავით, რადგან თავიდან ბოლომდე ერთნაირები ვართ. ვამბობთ ხოლმე - თითქოს 1 სული ორად გაიყო და მერე ერთმანეთს შეუერთდა-თქო...
გოჩა:
- ასეთ სერიოზულ ნაბიჯს ისე არ გადავდგამდი, რომ მორალურად, ფსიქოლოგიურად ღრმად დარწმუნებული არ ვყოფილიყავი. ნუკაც ასე იყო განწყობილი.

- რამდენ კილოგრამს იწონის ის? შენ რამდენს იწონი?
ნუკა:
- ის - 81-ს. მე რამდენს ვიწონი, არ ვიტყვი, - წონაში მაგარი მომატებული ვარ (იცინის)... კარგი, გეტყვი: 48 კილოს ვიწონიდი, ახლა კი - 55-ს.
გოჩა:
- ეს ჩვენს ოჯახში ყველაზე დაძაბული თემაა. ნუკამ თავისი წონის შესახებ გითხრა? ამას იმიტომ ვაზუსტებ, რომ მერე თავში ტაფა არ მომხვდეს (იცინის)... 55 კილომდე იწონის. მე საქართველოში დაბრუნებამდე 79 კილოს ვიწონიდი, მაგრამ თურმე ნუკას ფანტასტიკური ხელი ჰქონია - უგემრიელეს კერძებს ამზადებს, შესაბამისად, ჩემი წონა დოლარის კურსს დაემსგავსა. გუშინ 81 კილოს ვიწონიდი, დღეს უკვე - 82-ს (იცინის).

- ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?
ნუკა:
- არ ვკამათობთ, არ გვიკამათია...
გოჩა:
- არ ვკამათობთ საერთოდ. შეიძლება, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით მე ან ნუკას მცდარი მოსაზრება გვქონდეს. ერთმანეთს ვუსმენთ. რომლის მოსაზრებაც უფრო ჭკვიანურია, იმაზე ვთანხმდებით.

- ყველაზე ხშირად რის გამო წუწუნებს? შენ რის გამო წუწუნებ?
ნუკა:
- მე სულ წონაზე ვწუწუნებ ხოლმე, ის კი - იმაზე, რომ კარგი მზარეული ვარ, გემრიელ კერძებს ვამზადებ, თავს ვერ იკავებს და ბევრს ჭამს (იცინის).
გოჩა:
- რაც საქართველოში ჩამოვედი, წონასა და ჭამაზე ვწუწუნებთ. რავი, იქნებ დავაბა ან რამე ვიღონო, რომ საჭმელი აღარ მომიმზადოს?! წონაშიც დავიკლებდი... არ მინდა, პუტკუნა ვიყო (იცინის).

- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდა ის? შენ?
ნუკა:
- ის - მსახიობობაზე. ახლაც მსახიობია, ოღონდ - თეატრის არა, უფრო გადაღებებში მონაწილეობს... მე მსურდა, მხატვარი ვყოფილიყავი, რადგან ხატვა ძალიან მიყვარდა.
გოჩა:
- ეჭვი მებადება, რომ ნუკა კულინარობაზე ფიქრობდა, რადგან მართლა შესანიშნავი მზარეულია. მე ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა. თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი. შემდეგ, რაგბის გამო, თავი დავანებე. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მსურდა, მაგრამ საბუთების შეტანა ვერ მოვასწარი და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ეს "ჩემი" არ იყო, თავი დავანებე და რეკლამების, სერიალების გადაღებებში მონაწილეობა დავიწყე. შემდეგ გერმანიაში წავედი, იქ თეატრის სფეროში ჩავერთე...

- ნუკა, შენი მეორე ნახევარი შენმა შვილებმა როგორ მიიღეს?

ნუკა:
- საქართველოში ჩამოსვლამდე ვიდეოზარით საუბრისას "მამას" ეძახდნენ. დღემდე ისეთი ურთიერთობა აქვთ, რომ ბავშვები მე აღარ მკოცნიან და მეფერებიან იმდენს, რამდენსაც მას. რაღაც, ეს არ მომწონს: მე ხომ ეგოისტი დედისერთა ვარ, არა (იცინის)? ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
გოჩა:
- ნუკას შვილებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მანამდეც ვიდეოზარით საუბრისას მათგან ისეთ გულთბილ დამოკიდებულებას, ენერგიას ვიღებდი, რომ მინდოდა, ტელეფონში შევმძვრალიყავი (იცინის). საქართველოში რომ ჩამოვედი, ბავშვები ფეხშიშველები გამოცვივდნენ და ჩამეხუტნენ. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს 24 წლის განმავლობაში შვილები ნანახი არ მყავდა, ეიფორიაში ვიყავი...

- შენამდე რამდენი სერიოზული ურთიერთობა ჰქონია მას? შენ?
ნუკა:
- მას - არც ერთი. მის ახლობლებს დღემდე უკვირთ, რომ ცოლად მომიყვანა (იცინის). ჩემთვის ყველაზე სერიოზული ეს ურთიერთობაა: მივხვდი, რომ თურმე წინათ არასოდეს მყვარებია, - როცა მეგონა, მიყვარდა, თურმე ამ გრძნობასთან შედარებით, რასაც ახლა განვიცდი, ის ყველაფერი უბრალოდ ცხოვრებისეული გამოცდები, სწავლებები იყო, რა...
გოჩა:
- სერიოზული ურთიერთობები არ მქონია. ვფიქრობდი, სიყვარული არ არსებობს-მეთქი, მაგრამ - როგორ არ არსებობს?! სიყვარული შემომეპარა... ნუკას რაც შეეხება, არ მინდა, ამბიციური ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ვიცი, რომ მას ასეთი ურთიერთობა, როგორიც ჩემთან აქვს, არ ჰქონია. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ნუკას ჩემ მიმართ ამხელა გრძნობა აქვს. მადლობა სამყაროს!..

- როგორ ფიქრობთ, თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა ერთმანეთს?
ნუკა:
- ალბათ - 95-96%-ით.
გოჩა:
- 1000%-ით (იცინის)!..

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

Თამარი
14 მაისი 2021 15:15
Ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ
ლეილა
14 მაისი 2021 13:48
იხარეთ შვილებო!
ნუნუ
14 მაისი 2021 12:04
გაუფრთხილდით სიყვარულს! 100 წელი ერთად!

რუბრიკის სხვა სიახლეები