"სამდღიანი ქორწილი გვქონდა... როდესაც ჩემი ქორწილისთვის დედა და ძმა ჩამოვიდნენ, კულტურული შოკი მიიღეს" - კვირის პალიტრა

"სამდღიანი ქორწილი გვქონდა... როდესაც ჩემი ქორწილისთვის დედა და ძმა ჩამოვიდნენ, კულტურული შოკი მიიღეს"

"ჰგონიათ, აქ ყველა უკიდურეს გაჭირვებასა და სიბინძურეში ცხოვრობს. საპირფარეშო თუ გაქვსო? - მკითხეს ერთხელ. - სამი საძინებელი მაქვს და თითოეულს თავისი სააბაზანო აქვს-მეთქი"

თამარ ლაშაური 2017 წლიდან ინდოეთის დედაქალაქ დელიში ცხოვრობს. მას ამ ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, იქაური ადათ-წესებისა და რამდენიმე წლის წინ შექმნილი ქართულ-ინდური ოჯახის შესახებ ვესაუბრეთ.

თამარ ლაშაური:

- ეპიდემიამ უცებ იფეთქა და მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა მანამდე ინდოეთმა შეძლო, ერთ წელზე მეტხანს სიტუაცია ეკონტროლებინა - თავიდანვე ჩაკეტეს საზღვრები და ლოკდაუნი გამოაცხადეს. გარეთ ვერ გადიოდა ვერავინ. ალბათ ნახეთ კადრები, როგორ ურტყამდა პოლიციელი ფეხებში კაცს, რომელმაც რეგულაციები დაარღვია და არ დაემორჩილა. ჯარიმებიც იყო დაწესებული. 3 თვეზე მეტხანს ვიყავით ჩაკეტილები, მერე თითქოს ყველამ დაივიწყა კორონას არსებობა, დაიწყეს დიდი ქორწილების გადახდა, აღარ ჰქონდათ შიში. აქ 2-3-ათასკაციანი ქორწილები იციან. არადა, სახელმწიფომ 50 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა. აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღესასწაულს. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა დაამძიმა მდგომარეობა. გარდა ამისა, ხალხი პანიკაშია. ჰგონიათ, ჰაერის უკმარისობა "კოვიდის" გამო აქვთ და საავადმყოფოებში გარბიან, სინამდვილეში კი პანიკური შიში იწვევს ამ უკმარისობას, სპაზმს. უყურებენ კადრებს, ესმით, რომ მათ საახლობლოში ვიღაც გარდაიცვალა და ეშინიათ. საავადმყოფოებს აღარ აქვთ იმდენი ადგილი, რომ ყველა დააწვინონ და ვისაც რეალურად სჭირდება, მათ ვეღარ ეხმარებიან.

გუშინ გავედი ქუჩაში და გამიკვირდა, რომ ახლაც არ იცავენ ელემენტარულ რეგულაციებს, ნიღბები წესების დაცვით არ უკეთიათ, ზოგისთვის კვლავ არ არსებობს კორონა. ფერმერები გაიფიცნენ, უკვე 6-7 თვეა, არც ერთი მათგანი არ ატარებს პირბადეს და უცნაურია, მაგრამ არავინ არ დაინფიცირებულა, ძალიან მიკვირს. ვიცი ოჯახი, სადაც კაცს დაუდასტურდა, აპარატზე იყო შეერთებული, მის მეუღლეს კი, რომელსაც სიმსივნე აქვს, საერთოდ არ შეხვდა, არც შვილს. ესეც აუხსნელია ჩემთვის. აქ ბევრია ისეთი დასახლება, სადაც ღატაკი ხალხი ცხოვრობს. მათ საერთოდ არ უკეთიათ პირბადეები და ასეთ დასახლებებშიც არ არის მოდებული ვირუსი. შეიძლება მაღალი იმუნიტეტი აქვთ. რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს ვაქცინაცია ადგილობრივი ვაქცინითაც და შემოტანილითაც. პირველი მაისიდან 18 წლიდან ზემოთ ახალგაზრდებიც შეძლებენ უფასო ვაქცინაციას. ნებაყოფლობითია, არავის არ აიძულებენ. ინდოეთშიც იყო შემთხვევები, რომ აიცრნენ, მაგრამ მაინც დაინფიცირდნენ. 100%-იან გარანტიას არავინ გაძლევს, თუ აიცრები, "კოვიდი" აღარ შეგხვდება, ოღონდ თუ შეგხვდება, ადვილად გადაიტან.

ჯერჯერობით ვაქცინის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე, თორემ ისე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემს მეგობარს აქვს კერძო საავადმყოფო და იღებს კოვიდპაციენტებს. მისგან ვიცი, რამდენად რთული სიტუაციაა შექმნილი. ჰქონდათ ისეთი მომენტები, როდესაც ჟანგბადი ეწურებოდათ და უნდა აერჩიათ, რომელი პაციენტი გადაერჩინათ. ექიმისთვის ძალიან რთული გადასაწყვეტია, ერთი ადამიანი გაწირო და მეორე გადაარჩინო. პრობლემა ჟანგბადის ნაკლებობაა, სწორედ ამ მიზეზით იღუპება ხალხი. ისეთი შეშინებულია ხალხი, ჟანგბადის ბალონებს იმარაგებს, იქნებ დაგვჭირდესო. ამან შექმნა დეფიციტი. ბევრი წამალი, რომელიც პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკვე აღარ იყიდება აფთიაქებში. არსებობს ასეთი რელიგიური მიმდინარეობა - სიქიზმი, რომელიც შემწყნარებლობას ქადაგებს. განთქმულები არიან ქველმოქმედებით და ბევრ რამეში ეხმარებიან მოსახლეობას, გაჭირვებულებისთვის უფასოა კვება, შექმნილ რთულ სიტუაციაში უანგაროდ აძლევენ ჟანგბადის ბალონებს მათ, ვისაც სჭირდება... "ინსტაგრამზე" ბევრი მიმდევარი მყავს და მეც აქტიურად ვარ ჩაბმული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაში, თუ ვის რა სახის დახმარება სჭირდება.

რაც შეეხება ვირუსისადმი ხალხის დამოკიდებულებას, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს: ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება, ზოგი თვლის, რომ პანდემია მალე დასრულდება, ინდოეთს ისეთი რთული პერიოდები გადაუტანია და ესეც გაივლის 10-15 დღეშიო... უფრო ოპტიმისტები არიან. მეც ასეთი ვარ, მაინც იმედის თვალით შევყურებ ხვალინდელ დღეს. საქართველოში მოსახლეობა სულ სამი მილიონია, ინდოეთში კი, მარტო დელიში, 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს! ამდენ ინფიცირებულს უბრალოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება... ხომ ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ მაინც მუშაობს ყველაფერი. მომსახურების სფერო მაღალ დონეზეა. მოსამსახურეც კი ყველასთან მიდის, არ ფიქრობს, რომ დაინფიცირების შიშით არ მოვიდეს შენთან და არც თვითონ უშვებ, რომ აუკრძალო მუშაობა.

- თამარ, რას საქმიანობდით, ვიდრე ინდოეთში საცხოვრებლად წასვლას გადაწყვეტდით?

- თბილისში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის განხრით. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ინდოეთი. ბევრს ვკითხულობდი ამ ქვეყნის შესახებ, გავეცანი ინდურ კულტურას და უფრო და უფრო მინდოდა, ოდესმე აუცილებლად დამეთვალიერებინა ეს ქვეყანა. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს ბავშვური გატაცება გადამივლიდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ასე არ იქნებოდა. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და 2016 წელს, მეგობრებთან ერთად, პირველად ჩამოვედი როგორც ტურისტი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სიტყვებით ვერ აღვწერ. მეუბნებოდნენ, შენ სხვანაირი წარმოდგენა გაქვს და რომ ჩახვალ, არ მოგეწონება, აი, ნახავ, სულ სხვანაირი დაგხვდება იქაურობაო. ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორიც მეგონა. ეს ქვეყანა ძალიან კონტრასტულია - უკიდურეს სიღარიბესაც ნახავ აქ და საოცარ სიმდიდრესაც, მაგრამ არ შემიმჩნევია შური. ღარიბმა იცის, რომ ასეთი ცხოვრება ერგო. ინდოელს სჯერა რამდენჯერმე დაბადების და, შესაბამისად, იმის, რომ ახლა თუ პატიოსნად იცხოვრებს, შეიძლება შემდეგ ცხოვრებაში თვითონ იყოს მდიდარი.

- პირველი ჩამოსვლისას რამ გაგაკვირვა, თუ გახსოვს?

- იმდენი რამ ვიცოდი ინდოეთის შესახებ, რომ მგონი, არაფერი გამკვირვებია. დედამ და ჩემმა ძმამ კი, როდესაც ჩემი ქორწილისთვის ჩამოვიდნენ, ნამდვილად მიიღეს კულტურული შოკი. რა ხდება, ყველა რატომ ასიგნალებს ან ყველა მანქანა რატომაა მორთულიო? - უკვირდათ. მართლაც ძალიან ხმაურიანია აქაურობა.

- ინდოელი მეუღლე გყავთ, საინტერესოა, თქვენც 3000-კაციანი ქორწილი გქონდათ? - (იცინის) არა, ჩვენ შედარებით პატარა ქორწილი გვქონდა, სამდღიანი. პირველ დღეს მეჰენდის ცერემონია ტარდება, ხელებს რომ გიხატავენ ახლობლები. ეს საღებავი ხელებს აგრილებს და ამშვიდებსო, ასე ფიქრობენ, და როცა პატარძალი აფორიაქებულია, დააწყნარებსო. თუ გამუქდა, ბედნიერი ცხოვრება გექნებაო... ქმრის სახელის პირველ ასოს წერენ ამ მოხატულობაში და უნდა იპოვო. დილის 6 საათზე ცერემონია გურუდვარაში ტარდება, რადგან რელიგიური დატვირთვა აქვს, საღამოს კი წვეულებაა. სტუმრები მოდიან, ძალიან ცოტა მაგიდა და სკამია, ყველა ცეკვავს, მოლხენა ძალიან უყვართ. საერთოდ, ქალები უფრო ჩაკეტილები არიან, მამაკაცები - მეტად გახსნილები, უფრო დაგეხმარებიან, გვერდით დაგიდგებიან. ხშირად მეკითხებიან, რითი განსხვავდებიან ქართველი კაცებისგან ინდოელებიო? ქართველი კაცები გრძნობებს არ გამოხატავენ. ევროპელს - არა, მაგრამ არაბს, იაპონელს, ჩინელს თუ გაჰყევი, რატომღაც თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება ფულის გამო მიიღე, რაც არასწორია. აქაურებმა სხვანაირად იციან გრძნობების გამჟღავნება. დღეში ასჯერ გეტყვის ინდოელი, რომ უყვარხარ, მუდმივად ცდილობს, გაგახაროს, სიურპრიზი მოგიწყოს. ზუსტად ისეთი რომანტიკულები არიან, როგორებიც ფილმებში ჩანან. შეიძლება, მართლაც გიმღერონ ქუჩაში, ისე, როგორც ფილმებშია. დასანანია, რომ საზოგადოება ძალიან აგრესიულად არის განწყობილი "იუთუბზე" ნანახი ზოგიერთი ვიდეოს გამო. ჰგონიათ, აქ ყველა უკიდურეს გაჭირვებასა და სიბინძურეში ცხოვრობს. საპირფარეშო თუ გაქვსო? - მკითხეს ერთხელ. - სამი საძინებელი მაქვს და თითოეულს თავისი სააბაზანო აქვს-მეთქი. დიახ, როგორც უკვე გითხარით, აქ არის განსაკუთრებით გაჭირვებული ფენა. პატარა, ფერადოვნად მოხატული ქოხები აქვთ. სახლების წინ გამოაქვთ ჩაი, ბოსტნეული და ვაჭრობენ, ასე გააქვთ თავი. ვისაც ასეთი ქოხიც არა აქვს, მას ქუჩაში სძინავს, მოწყალებას ითხოვს.

- თქვენს მომავალ მეუღლეს სად შეხვდით? - ჩემი მეუღლე, ანანდ კარაჯი, გადამღებ ჯგუფში მუშაობდა. 2017 წელს მომღერალთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში კლიპის გადასაღებად. როგორც აღვნიშნე, "ინსტაგრამზე" ბევრი მიმდევარი მყავს და სწორედ მისი საშუალებით დამიკავშირდნენ. პირველად იყვნენ საქართველოში და მე ვეხმარებოდი ადგილების შერჩევაში. მაშინ ინდოეთში დამპატიჟა. ჩავედი, შევხვდი მის მშობლებს, დავბრუნდი საქართველოში, რადგან იმ წელს სწავლას ვამთავრებდი და დიპლომი მქონდა ასაღები. მერე უკვე თვითონ ჩამოვიდა და დავქორწინდით კიდეც. პირველად ქორწილი, სხვათა შორის, საქართველოში გვქონდა. გვყავს 2 წლის ბიჭი, ბრაიანი, რომელიც საქართველოში დაიბადა. ჩემს მეუღლეს ძალიან მოეწონა, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვაქვს ერთმანეთთან ახლობლებს, მეგობრებს, გაუკვირდა სუფრის მრავალფეროვნებაც (ინდოეთში მაქსიმუმ 2-3 სახეობის კერძი მოამზადონ), სადღეგრძელოების ტრადიციაც, მანამდე არაფერი იცოდა ამის შესახებ. პირველი ჩამოსვლისას თბილისის ძველი უბნები დავათვალიერებინე. არქიტექტურით მოხიბლული დარჩნენ თვითონაც და მისი კოლეგებიც, მეორედ ჩამოსვლისას კი რამდენიმე კუთხე ვაჩვენე.

- როგორ მიგიღოთ მისმა ოჯახმა და საინტერესოა, რა ვალდებულება აკისრია ინდოეთში რძალს ოჯახის სხვა წევრების მიმართ?

- ჩემი ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება. იცოდნენ, რომ ყოველთვის მინდოდა ინდოეთში ცხოვრება. რა თქმა უნდა, რთულია შორს ყოფნა, ძალიან მენატრებიან და მათაც ენატრებათ ჩემი შვილი, მაგრამ კორონამდე წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდიოდი საქართველოში. ინდოელებს არ უყვართ სხვა ეროვნების რძალი, მაგრამ ისე ვიყავი როლებში შეჭრილი, ვერც აღიქვამდნენ, აქაური რომ არ ვიყავი. ჩვენი ბიჭი ხომ მოგწონს, როდის გინდა ქორწილი დავგეგმოთო? - მეკითხებოდნენ. შეუღლების შემდეგ ცალკე საცხოვრებლად გადმოვედით. ანანდს ჰყავს და-ძმა და მშობლები. ერთმანეთს ძირითადად, დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე სტუმრობენ. ისე ხშირად არა, როგორც ჩვენ ვიცით. რაც შეეხება რძლის ვალდებულებებს, ესეც ინდივიდუალურია: ზოგი ბედნიერია იმით, რომ მთელი დღე სახლი ალაგოს, დედამთილს დღეში ხუთჯერ ჩაი გაუმზადოს და ა.შ. ეს იმაზეა დამოკიდებული, შენ როგორ შეხედავ ამ ყველაფერს. ჩემი მეგობარი ახლახან გათხოვდა, მუშაობს ოფისში, მაგრამ საღამოს რომ ბრუნდება, თვითონ ამზადებს სადილს, მიიჩნევს, რომ ეს მისი მოვალეობაა. აქ მაინც ასეთი დამოკიდებულებაა დედამთილების მხრიდან, - აი, რძალს მოვიყვან და დავისვენებო, ამიტომ თვლიან, რომ უნდა დასხდნენ, დაიჭირონ ტელევიზორის პულტი და რძალს დაავალონ საოჯახო საქმეები. ტრადიციულ ოჯახებში დღესაც შემორჩენილია, რომ ქალი თავის სახეს არ გამოაჩენს არც მაზლთან, არც მამამთილთან, სახე დაფარული უნდა ჰქონდეს, სირცხვილია, ვინმემ დაინახოს.

- ამჟამად რას საქმიანობთ? - ამ ბოლო დროს დავინტერესდი ვიზაჟით და გავიარე მაკიაჟის კურსები საკმაოდ ცნობილ ვიზაჟისტთან. აქ მაკიაჟი ძალიან ძვირია, მით უმეტეს, როდესაც პროფესიონალი ხარ და კარგი ხელი გაქვს. სამხატვრო მაქვს დამთავრებული და ეს ძალიან დამეხმარა ახალი პროფესიის დაუფლებაში. გარდა ამისა, როგორც მოდელი, ვმონაწილეობ გადაღებებში, ხშირად მიკავშირდებიან კოსმეტიკური ბრენდები და მიღებენ რეკლამებში.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"