"ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, როდესაც მოსკოვში იგებდნენ, რომ საქართველოში მივდიოდით გვეუბნებოდნენ, თქვენ საბჭოთა კავშირის იტალიაში მიდიხართო" - კვირის პალიტრა

"ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, როდესაც მოსკოვში იგებდნენ, რომ საქართველოში მივდიოდით გვეუბნებოდნენ, თქვენ საბჭოთა კავშირის იტალიაში მიდიხართო"

"დიდი კრეატიულობით არ გამოვირჩევი, თუმცა მიყვარს, როდესაც ჩემს სამოსს თვითონ ვიგონებ, ეს ერთგვარი გასართობია თავისუფალ დროს"

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში სულ რამდენიმე ქალი პოლიტიკოსი გვყავს, ქართველი ქალბატონები კი მათ ჩაცმულობას, სტილსა და გემოვნებას ყოველთვის აკვირდებიან. ამჯერად საზოგადოება პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილის ჩაცმის სტილითა და გემოვნებით დაინტერესდა. რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსმა ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ ესკიზების ხატვა მოსწონს და საკუთარი შექმნილი სამოსი ხშირად აცვია. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ქალბატონ სალომეს დავუკავშირდით და პოლიტიკის მიღმა, სტილსა და გემოვნებაზე ვესაუბრეთ:

- მუდამ კარგად გამოიყურებით, სად იმოსებით და როგორ არჩევთ სასურველ სამოსს?

- ვერ გეტყვით რომ სამოსს განსაკუთრებულად ვარჩევ, ამის დრო არასდროს მრჩება. ზოგადად, ჩაცმის კლასიკური სტილი მომწონს და წლების განმავლობაში შესაბამისი გარდერობი ჩამომიყალიბდა. ერთი ასეთი თავშესაქცევი მაქვს, როდესაც თავისუფალ დროს ვპულობ, მე თვითონ ვიგონებ სამოსს, მიყვარს დიზაინის შექმნა, ბებიაჩემი ამას "ფასონების მოგონებას" ეძახდა.

- აქტიური პოლიტიკური ცხოვრება გაქვთ, სამოსის შესაქმნელად, დასახატად დრო თუ გრჩებათ?

- სიმართლე გითხრათ, ახალი სამოსის შესაქმნელად დრო იშვიათად მაქვს. ერთი წელი იქნება, რაც ჩემს გარდერობს ახალი არაფერი შემატებია, დრო ვერ გამოვნახე. ზოგადად, ეს საქმიანობა ჩემი ჰობია, მეხმარება, ტვინი ახალ რაღაცაზე რომ გადავრთო და განვიტვირთო. ადამიანმა ფანტაზიას გასაქანი უნდა მისცეს. დიდი კრეატიულობით არ გამოვირჩევი, თუმცა მიყვარს, როდესაც ჩემს სამოსს თვითონ ვიგონებ, ეს ერთგვარი გასართობია თავისუფალ დროს.

- ცნობილია რომ ხატავთ, როდის დაიწყეთ ხატვა, რა ასაკიდან??

- დიდი ხანია, ვხატავ. სტუდენტობის დროს, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, გატაცებული ვიყავი ფემინიზმით და მიმაჩნდა, რომ მოდაზე საუბარი და ამ სფეროთი დაინტერესება ზედაპირულობის მაჩვენებელი იყო და ქალები, რომლებიც მოდაზე ლაპარაკობდნენ, ზედაპირულები იყვნენ. ცხოვრებაში პირველად, მეც დავინტერესდი მოდის დიზაინით და აღმოვაჩინე, რომ მოდა და დიზაინი საინტერესო, კრეატიული გატაცებაა.

- ვინ არის მოდის სფეროში თქვენი ინსპირაციის წყარო?

- ვერ ვიტყვი, რომ საყვარელი დიზაინერი მყავს, ბევრი საუკეთესო არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად ივ სენ ლორანი მომწონს. მის სამოსს განსხვავებული არქიტექტურული აგებულება აქვს და ყველაზე საინტერესოდ სწორედ მის ხელწერას მივიჩნევ.

- რას გვეტყვით ქართველებზე, თუ გყავთ გამორჩეული ქართველი დიზაინერი?

- დრო არ მრჩება, რომ მათ საქმიანობას თვალი მივადევნო, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბევრი კარგი, ნიჭიერი დიზაინერი გვყავს, ზოგი უფრო ცნობილი, ზოგი - ნაკლებად მაგრამ, აშკარაა, რომ ქართველებს ამ მიმართულებით განსაკუთრებული ნიჭი აღმოგვაჩნდა. მოდის ინდუსტრიაში ქართველებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. ვფიქრობ, საჭიროა ამ ნიჭს მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ. კარგი იქნება, თბილისის ცენტრალურ ადგილას  ქართველი დიზაინერების მოდის სახლი აშენდეს, მსგავსი "მოდის სახლი" კიევში მაქვს ნანახი, მარტო უკრაინელი დიზაინერების დიდი შოპინგცენტრი იყო და თბილისსაც მოუხდებოდა მსგავსი ადგილი.

- რას ფიქრობთ ქართველი ქალების ჩაცმულობაზე?

- ქართველ ქალებს გამორჩეული სტილი ჰქონდათ და დღემდე აქვთ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც საბჭოთა კავშირის დროს მოგზაურობდა, ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკაში მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენი ქალბატონების განსხვავებული სტილი მუდამ იგრძნობოდა. ქართველი ქალბატონების ჩაცმულობა ყოველთვის გამოირჩეოდა საბჭოთა რეალობისგან, სხვაგან ყველაფერი ნაცრისფერი და ერთფეროვანი იყო.

ერთმა ჩემმა ნაცნობმა, რომელიც მოსკოვში ჟურნალისტად მუშაობდა, მითხრა, როდესაც მოსკოვში იგებდნენ, რომ საქართველოში მივდიოდით გვეუბნებოდნენ, თქვენ საბჭოთა კავშირის იტალიაში მიდიხართო. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე მივხვდით, როგორც ევროპაში იტალია ითვლება მოდის ცენტრად, ისე იყო საქართველო საბჭოთა კავშირის დროსაც, ჩვენი ქვეყანა სტილისა და გემოვნების თვალსაჩინო მაგალითი იყო.

- ხატვა თქვენი ჰობია, კიდევ რამე ჰობი თუ გაქვთ, რაც ჩვენმა მკითხველმა ჯერ არ იცის?

- თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, კორონავირუსამდე ვცურავდი და სანამ პოლიტიკური კრიზისი დაიწყებოდა, ვახერხებდი თხილამურებზეც რომ მესრიალა. ასევე, თავისუფალ დროს ვცდილობ, მაქსიმალურად ვიკითხო, კითხვა მამშვიდებს.

(სპეციალურად საიტისთვის)