"რა უფლება მაქვს, სიკეთე არ გავაკეთო? მით უფრო, ჩემი შვილის სახელით..." - კვირის პალიტრა

"რა უფლება მაქვს, სიკეთე არ გავაკეთო? მით უფრო, ჩემი შვილის სახელით..."

"არ შემიძლია იმის აღწერა, მაშინ მე და ჩემი ცოლი რას განვიცდიდით. აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, მხოლოდ ის მინდოდა, მასთან ერთად საავადმყოფოში ვყოფილიყავი. თანხას ხან ნათესავები, ხანაც ამხანაგები გვაწოდებდნენ. შემოწირულობაზე ჩემი შვილის მეგობრები კარდაკარ დადიოდნენ. ერთი-ორჯერ მეც მივედი სრულიად უცნობ კაცთან და ისეთი სიკეთე დავინახე, მათ წინაშე დაჩოქება მომინდა..."

სამყარო მარადიული და ერთიანია, ჩვენ კი ამ მარადიულობასა და ერთიანობას ვუკავშირდებით. მარადიულობასთან ყველაზე ნათელი კავშირი სიკეთეა - მზის სხივი, რომელიც ყველაფერს ანათებს. ჭიათურელ მეპურეს, მამუკა ბუზალაძეს იმქვეყნად თავისი 19 წლის თორნიკე ჰყავს - ულამაზესი ბიჭი, რომლის გამოსაჯანმრთელებლად 7 წლის წინ მამამ ყველაფერი იღონა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მერე კი, ერთ დღეს, თონეში მისულმა სუფთა ფურცელზე დიდი ასოებით დაწერა: `დღეს პური უფასოა. არ მოგერიდოთ~, ფურცელი თონის ფანჯარაში გამოდო და ხალხს დაუწყო ლოდინი. ასე გაჩნდა მამის თვალზე შვების ცრემლი და იმედი, რომ ყველაზე შორეულ ქვეყანაში ყველაზე საყვარელი ადამიანისთვის ზრუნავ.

- ბატონო მამუკა, თქვენმა უფასო პურმა ლამის მთელ ჭიათურას გაუთბო გული, იმის მიუხედავად, რომ ბევრი მოერიდა აღებას - დაე, ჩემზე გაჭირვებულმა აიღოსო. ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ მომიყევით თქვენს ვაჟზე...

- 1994 წელს, იმ ცივსა და ბნელ წლებში ტყუპი ვაჟი შემეძინა - თორნიკე და თამაზი, ორივე ჯანმრთელი, ოღონდ ექიმებმა თორნიკეზე გვითხრეს, შეიძლება კოსმეტიკური ოპერაცია დასჭირდეს, ცალი სათესლე ჯირკვალი არ აქვს ჩამოსულიო. ოპერაციიდან გამოსულმა ექიმებმა გვითხრეს, სათესლე ჯირკვალი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ პრობლემა არ არის, ბავშვი ჯანმრთელია, ჩვეულებრივად იცხოვრებსო. თურმე მუცელში ჰქონდა და სწორედ მისგან განვითარდა სიმსივნე.

- დაუჯერებელია...

- არ არის დაუჯერებელი. მაშინ ხეირიანად ექოსკოპიაც არ მუშაობდა, მით უფრო - რეგიონებში... მერე თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო - ჩემი ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ. თან არცთუ ცუდად, მერე თორნიკემ რაგბიზე გადასვლა გადაწყვიტა. იქაც ყოჩაღი აღმოჩნდა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ამზადებდნენ, მაგრამU უბედურება სწორედ ამ დროს დაგვემართა - მუცლის ტკივილი დაეწყო და ექოსკოპიაზე მივიყვანეთ.

როგორც კი ექიმმა სურათს შეხედა, სახე შეეცვალა. გაფითრებულმა მითხრა, აქ ისეთი კისტაა, სასწრაფოდ თბილისში უნდა წაიყვანოთო. ახლა რომ ვფიქრობ, და მის სახეს ვიხსენებ, ვხვდები, მან ყველაფერი კარგად დაინახა, მაგრამ შევეცოდე და არ მითხრა - თორნიკეს მთელ მუცელში სიმსივნე ჰქონდა მოდებული...

ჩემს შვილს ყველაფერი გავუკეთეთ, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. არ შემიძლია იმის აღწერა, მაშინ მე და ჩემი ცოლი რას განვიცდიდით. აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, მხოლოდ ის მინდოდა, მასთან ერთად საავადმყოფოში ვყოფილიყავი. თანხას ხან ნათესავები, ხანაც ამხანაგები გვაწოდებდნენ. შემოწირულობაზე ჩემი შვილის მეგობრები კარდაკარ დადიოდნენ. ერთი-ორჯერ მეც მივედი სრულიად უცნობ კაცთან და ისეთი სიკეთე დავინახე, მათ წინაშე დაჩოქება მომინდა.

ერთ-ერთი ორგანიზაციის მენეჯერმა 15.000 ლარი რომ მომაწოდა, კინაღამ ჩავიკეცე. რა გაგიკეთო ამის სანაცვლოდ-მეთქი, ვკითხე. შენი არაფერი მინდა, ოღონდ თავად გაჭირვებული თუ ნახო სადმე, ხელი გაუწოდე, მწყურვალი თუ ნახო, წყალი დაალევინეო. ეს სიტყვები დღესაც ისე ჩამესმის, როგორც მაშინ და როგორ შეიძლება, სიკეთე არ გავაკეთო?! შვილი რომ ავად მყავდა, წელიწად-ნახევარი არ მიმუშავია, არც ქირა გადამიხდია, მაგრამ მეპატრონეს ერთხელ არ უთქვამს, ფული მჭირდება და შენ თუ არ შეგიძლია მუშაობა, სხვას მივაქირავებო...

ჰოდა, მე რა უფლება მაქვს, სიკეთე არ გავაკეთო? მით უფრო, ჩემი შვილის სახელით... ერთ დღესაც ადრე მოვედი თონეში, თორნიკეს სურათები გადავათვალიერე და უფასოდ პურის გაცემაც სწორედ მაშინ გადავწყვიტე - შვიდი წელია, ჩემი შვილი ამქვეყნად აღარ არის, მაგრამ მისი სახელით გავცემ სიკეთეს, რომ იმქვეყნად ჩემი შვილიც დაპურებული და გახარებული მეგულებოდეს, მაგრამ დავინახე, ზოგიერთმა წარწერა რომ დაინახა, უკან გაბრუნდა, მოერიდათ... ისეთებსაც კი უკან მივდევდი, ვინც ვიცი, რომ პურს ვერ ყიდულობს, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, შენ როგორ მოგაკლოთ, ვიცით, რომ გიჭირსო. მართლაც არ მილხინს, დედა ავადმყოფი მყავს, მაგრამ სიკეთეს წინ ვერაფერი დაუდგება. იმ დღეს ბიჭებს 12 პური უნდოდათ და უფასოდ არაფრით არ წაიღეს. ვეხვეწე, ამას ხომ ჩემი შვილის სახელზე ვაკეთებ, წადით და შესანდობარი თქვით-მეთქი, მაგრამ არ ქნეს - ჩვენ არ გვიჭირს, ეგ პური მათ მიეცი, ვისაც უჭირს, ჩვენ კი შენი შვილის შესანდობარს ისედაც ვიტყვითო.

სანამ ვიცხოვრებ, ამ სიკეთისთვის უფლის მადლობელი ვიქნები და მეც იმდენ მადლს გავიღებ სხვებისთვის, რაც შემიძლია, მერე კი ჩემს შვილთან ბედნიერი წავალ... ამაზე უკეთ ხომ ვერც უფლის, ვერც ხალხისა და ვერც თორნიკეს წინაშე ვალს ვერაფრით მოვიხდი.