"სიკვდილის ჯინაზე უკან არ დამიხევია... ძალიან ბევრი ხიფათი შემხვედრია, მაგრამ არ ვნებდები" - კვირის პალიტრა

"სიკვდილის ჯინაზე უკან არ დამიხევია... ძალიან ბევრი ხიფათი შემხვედრია, მაგრამ არ ვნებდები"

"სიკვდილის ჯინაზე უკან არ დამიხევია... ძალიან ბევრი ხიფათი შემხვედრია, მაგრამ არ ვნებდები"

მას ხევსურეთის მაჯისცემაზე უდევს ხელი, მისი ყველა ბილიკი იცის და მთის ჰაერი ასულდგმულებს. ამ არემარეში ერთადერთ ექიმს, მესაზღვრეების გარდა, სოფლების მცხოვრებთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე აბარია. ხევსურებმა თავიანთ იმედს "დოხტური" შეარქვეს, სახელით ვინღა მიხსენიებსო, ამბობს და სოფლიდან სოფელში ფეხით უწევს სიარული.

პროფესიით ქირურგი, თერაპევტიცაა, კარდიოლოგიც, ოფთალმოლოგიც და მოკლედ, "ყველაფრის ექიმი". "ახლა ცუდ ამინდს მეწყერი მოჰყვა, გზები ჩამოინგრა, უღელტეხილი ჩაიკეტა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. არა უშავს, ქარაფებსა და საჯიხვეებში მივლია და სოფლიდან სოფელში სიარული არაფერია, არავის ვზარდები", - ამბობს 71 წლის შატილის მკვიდრი ექიმი, მესაზღვრე და პოეტი მიხეილ ჭინჭარაული, რომელსაც იმ დროს შევეხმიანე, როცა პნევმონიანი არდოტელი პაციენტი მოინახულა და შატილში ბრუნდებოდა.

"მადლობა ღმერთს, კორონას ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია"

- შატილი, მუცო, არდოტი, ხონისჭალა, ხომი, ხახაბო, გიორგიწმინდა... უღელტეხილის აქეთ რაც სოფლებია, ყველას ვემსახურები. უმეტესად ფეხით მიწევს სიარული. გზები არა გვაქვს, ამ წვიმამ სულ ჩამოანგრია კლდეები. უფრო ფილტვებისანთებიანები და ჰიპერტონიკები, სულ 50 ავადმყოფი მყავდა. მადლობა ღმერთს, კორონას ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია, მაგრამ გზა როცა გაიხსნება და ხალხი გადმოვა, ვინ იცის, რა იქნება. აქ ერთადერთი ექიმი ვარ, ყველასთან უნდა მივიდე, გავსინჯო. ნიღაბიც მიკეთია და რეგულაციებსაც ვიცავ, მაგრამ მაინც საშიშია. ერთი სიტყვით, ყველაფრის ექიმი ვარ. ადგილობრივი ანესთეზიით რისი გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებ. 45 წელია ექიმი ვარ, ზოგადი ქირურგი, ვმუშაობდი თბილისში, რუსთავში, ბარისახოში, 1999 წლიდან კი შატილში ვარ. იმ წელს ჩეჩნეთიდან დაჭრილები შემოდიოდნენ (ჩეჩნეთის ომის მონაწილეები) და მათ ვმკურნალობდი.

"სიზმარში სულ შატილში ვიყავი... მერე მთებმა მომიტაცეს"

- მესაზღვრედაც ვმუშაობდი, კაპიტნის წოდება მაქვს, ახლა სამოქალაქო პირი ვარ და მესაზღვრეებს ვემსახურები როგორც ექიმი. თუ რამე გაუჭირდებათ, ზამთარში მუცოს მხარეს სულ ფეხით მიწევს სიარული. მთის კაცი ვარ, ნადირობა მიყვარდა და ყველა ქარაფები და ჭიუხი მოვლილი მაქვს, ყველა ბილიკი ზეპირად ვიცი... ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია დამატყდა - 4 ძმა და ერთი და დამეღუპა, მერე პირველი ცოლი და 4 შვილი... ამ ყველაფრის მერე გავხდი ჰიპერტონიკი, გულიც მაწუხებს, ორი სტენტი ჩამიყენეს, ასაკშიც ვარ... სიკვდილის ჯინაზე უკან არ დამიხევია და გავაგრძელე ცხოვრება. შემეძლო კარიერა გამეკეთებინა, ბარად დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ შევეგუე. თბილისს კიდევ არა უშავდა, მაგრამ მთაში გაზრდილ კაცს რუსთავში რა მინდოდა, სუნთქვა მიჭირდა. ვაჟასი არ იყოს, "მე თუ მთის ნიავ არა მცემს, გული ქალებურ ტირისა". სიზმარში სულ შატილში ვიყავი და რაღა სიზმარში ვყოფილიყავი, წამოვედი და სიზმარი ცხადად ვაქციე. მთებმა მომიტაცეს... ახლა ბედნიერი ვარ, ბიჭები მეზრდებიან, კარგი მეუღლე მყავს, ფიცხელაურის ქალი, ელისო, ჩემზე 18 წლით უმცროსია, 2003 წლიდან ერთად ვართ და ვეწევით ჭაპანს. ახალგაზრდობაში რომ დამეწყო წერა, შეიძლება დღეს ცნობილი პოეტი ვყოფილიყავი, მაგრამ ასაკში გავბედე. ორი წიგნი გამოვეცი: "დოხტურიანი" და "მთებში დოხტურის ფიქრები". კობა ჭინჭარაულმა იაქტიურა, რა გინდა, კარგი ლექსებიაო, არ დაიშალა და თავისი ხარჯით გამოსცა 250 ცალი.

"შატილის ტრაგედიისას იქ რომ ვყოფილიყავი..."

- მიხეილს ვინ მეძახის, "დოხტური" შემარქვეს ხევსურებმა. მაშველები ხშირად მეძახიან, ხან ავარიები ხდება, ხან უბედური შემთხვევა, დაჭრა... და სადაც მივსულვარ, ყველა გადამირჩენია.

საშინელება იყო შატილის ტრაგედია. უღელტეხილის იქით სოფელი ბისოა, შატილიდან 40 კილომეტრში, ტურისტები უღელტეხილს რომ გადავიდნენ და ბისოს გასცდნენ, გუდანთან გადაიჩეხნენ, ძალიან ცუდი მოსახვევია. იმ დროს მეც ტურისტები მყავდა, მუცოში ავედით, ის მანქანა ჩვენზე წინ ასულა, გავიცანი ისინი, ზოგს წნევა ჰქონდა, წამალი დავალევინე და იქიდან წამოსულები გადაცვივდნენ ხევში. ბისოში გაჩერებულან, თაფლი უყიდიათ... იმ მოსახვევში მათი "რაფი" ჯერ მუშების მანქანას შეჯახებია და მერე ხრამში გადაშვებულა. როგორც თქვეს, მანქანა მწყობრიდან ყოფილა გამოსული, მძღოლმა მუხრუჭი ვერ დაიჭირა და 17 კაცი შეიწირა. მას მერე ბევრი მირეკავდა, ვეღარ ჩამოვალთ შატილში, შევშინდითო. სულ ვფიქრობ, მე რომ იქ ვყოფილიყავი, იქნებ 1-2 კაცი მაინც გადამერჩინა...

ამ ჩაკეტილ მთებში...

- ხევსურეთის სოფლები დაცლილია, ზოგში თითო-ოროლა კაცია. ახლა გზები გააფართოვეს, მაგრამ ცუდი ამინდები რომ იყო, ისევ ჩამოინგრა, მეწყერი წამოვიდა, მოწყდა კლდეები და უღელტეხილი ჩაიკეტა. თვის ბოლომდე, ალბათ, ვერ გახსნიან. წელიწადში მთელი 7 თვეს ჩაკეტილი ვართ - ზვავები ჩამოდის, გზები ინგრევა, წყალი დიდდება და ანგრევს ყველაფერს... მოკლედ, მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს. დანარჩენი არაფერი გვაკლია - ჰაერიც კარგია, წყალიც და მიწაც. ოქტომბერში, სანამ გზა ჩაიკეტება, ყველაფერს ვიმარაგებთ - მედიკამენტებს, ფქვილს, შაქარს... ჩაკეტილობა ძალიან მოსაწყენია, ერთადერთი, ტელევიზორს თუ ვუყურებთ და იმის ყურებაც აღარ მინდა. გზა ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე არ იხსნება. ამბობდნენ, "კორონამ" სოფელს დაუბრუნა ხალხიო, აქ კი ზაფხულში თუ ჩამოვა ვინმე, პირობები არ არის და ამიტომ. თავდაპირველად სტალინმა და ბერიამ გაასახლეს ხალხი აქედან და დაიცალა სოფლები. მერე ზოგი დედოფლისწყაროში გადავიდა, ზოგი სად... ზოგმა ვერ გაუძლო იქაურ კლიმატს, დაბრუნდნენ და შევარდნაძის დროს, გუდანსა და შატილში სახლები ააშენეს, ჰესებიც... კვირაში ერთხელ ფრენაც იყო ვერტმფრენით. ახლა ორ კვირაში ერთხელ მესაზღვრეები იცვლებიან და მათ ვერტმფრენს ვიყენებთ, სამოქალაქო ფრენა აღარ არის. გზა რომ გაიხსნება, სამარშრუტო ტაქსები დადიან კვირაში სამჯერ. ხალხს უნდა ხევსურეთს დაბრუნება. თუ აქაურობას ყურადღება მიექცევა, დაბრუნდებიან. ბევრს უნდა დანგრეული სახლებისა და კოშკების აღდგენა.

"ქისტმა მითხრა, თქვენმა პროფესიამ გადაგარჩინათო"

- ტურისტების დასახმარებლადაც ხშირად გამოვუძახივარ მაშველებს. ერთხელ აქედან წავიყვანეთ ფეხმოტეხილი ტურისტი, საგზაო უბნის უფროს ბესიკ გოგოჭურთან ერთად. მერე ის მანქანა გუდანში გადავარდა, ბესიკი იქვე დაიღუპა, მე კი სამი ოპერაცია დამჭირდა, ძლივს გადავრჩი. ერთხელ ერთი ქისტი მომიყვანეს ფილტვების ანთებით. ძალიან მძიმედ იყო, ვუმკურნალე და გავუშვი ჯანმრთელი. 4 წლის მერე მეორე ქისტი, რომელიც ჩვენთან მწყემსად მუშაობდა, მეუბნება, მოდი, ექიმო, ერთი ამბავი უნდა გიამბოო. მითხრა, მეგობრებთან ერთად სანადიროდ რომ იყავით, შენმა პროფესიამ გადაგარჩინათ სამივენიო. ქისტების ტერიტორიაზე ვიყავით სანადიროდ, თურმე ქისტებმა დაგვინახეს, ჩაგვისაფრდნენ და ჩვენი დახოცვა გადაწყვიტეს. ისინიც სამნი ყოფილან და თურმე კენჭი ყარეს, რომელმა რომელს უნდა ესროლოსო. მე იმას ვხვდი წილად, ვისაც ადრე ვუმკურნალე - დურბინდით გვაკვირდებოდნენ და ამომიცნო თურმე. დაუყვირია, არ ისროლოთ, ეგ ექიმია, მაგან გადამარჩინაო. გვარად ბორჩაშვილი იყო ის კაცი...

ხიფათით სავსე ამბებს რა გამომილევს. ბარისახოში ვმუშაობდი. სოფელ დათვისში საბჭოს თავმჯდომარის მამა იყო ცუდად, იანვარია და მე და მისი შვილი, ტარიელ არაბული, ავედით მოსანახულებლად. ღამით დავეშვით უკან, დავცურდით მოყინულ ფერდობზე, ლამის დავიხოცეთ და მაშინაც ოპერაციები დამჭირდა. ძალიან ბევრი ხიფათი შემხვედრია, მაგრამ არ ვნებდები... დღემდე დიდი ტკივილით მახსენდება ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი ძმადნაფიცი, დიდი პოეტი და ვაჟკაცი ბიჭი. ეგეც დავკარგე... შემოდგომა იყო, 1-ლი ნოემბერი. პირაქეთა ხევსურეთში იყო გადმოსული, დაიწყო თოვა, სანადიროდ ვიყავით, ის უკან წავიდა, უღელტეხილზე გადავიდა და ხახმატამდე ჩავიდა, რა დროსაც ატყდა ქარი და გაიყინა. ნოემბერში დაღუპული ზურაბი მაისში ძლივს ვიპოვეთ. ბევრი მეგობარი დავკარგე, აღარ მყვანან...

"რითაც შემიძლია, ვემსახურები ჩემს ხალხს"

- ბოლო 15 წელია წვეთი არ დამილევია, უნდა ვიფხიზლო, ადამიანებს ვჭირდები, მათი ჯანმრთელობა ჩემს ხელშია. საჯიხვეები და ქარაფები მაქვს მოვლილი და სოფლიდან სოფელში მისვლას რა უნდა? ერთხელ მუცოსკენ მგლების ხროვა დამესია. კიდევ კარგი, ხე იდგა და ზედ ავძვერი, თორემ 6 მგელს რა გადაურჩებოდა? აქ ზვავიც საშიშია და ნადირიც. ბედნიერებაა, ადამიანებს რომ ეიმედები, შენი სწამთ... პირიქითა ხევსურეთსაც ვემსახურე, შატილსაც, 10 წელი ბარისახოში ვიმუშავე და ესაა ჩემი ჩინიც და ჯილდოც. ისე, ცოტას ვნანობ, კარიერა რომ არ გავიკეთე, ყველა მირჩევდა, მაგრამ არ დავრჩი დედაქალაქში. ექიმებზე დავწერე ასეთი ლექსი: "სულით იყავ მარად წმინდა,/ ქართველ ხალხის მკურნალ-მხსნელი,/ ყველგან ზუსტი ყოფილიყოს, დიაგნოზი შენს მიერი./კეთილსა და კარგ საქმეში/ ღმერთმა მოგიმართოს ხელი/ და სიკვდილის დამარცხებით,/ გესახელოს შენი ერი!"

"ხატ-სალოცავები და ღმერთი თუ გვიშველის"...

- სხვადასხვა არხს რომ ვუყურებ, გული მწყდება, მარტო ერთმანეთის ჭამა მიდის. ხომ შეიძლება ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ გაერთიანდნენ და საქმე აკეთონ, ამდენი უსაგნო ბრძოლა და მაიმუნობა გაგონილა?! ვეღარ ვიტან ამ ტელევიზორსაც, ამათი ყურება აღარ მინდა. თვითონ გაბატონება მოუნდათ, ხალხსა და ქვეყანაზე ვინღა ფიქრობს, ვის ესმის ხალხის?! ხალხმა თავისი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის აგირჩია, მარტო შენი უზრუნველი ცხოვრებისთვის კი არა. ქვეყანას და ხალხს უნდა გამოადგე, მაშინ ხარ კაცი. ხატ-სალოცავები და ღმერთი თუ გვიშველის...